რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
▪ დაახლოებით წელიწად-ნახევარში მეხიკოს ქუჩებში 82 გადაგდებული ახალშობილი იპოვეს; მათგან 27 მკვდარი იყო „უნივერსალი“ (მეხიკო).
▪ კალიფორნიის ორი ნაციონალური პარკის გამოქვაბულებში ფაუნის შესწავლის შედეგად ცხოველთა 27 ახალი სახეობა აღმოაჩინეს. „ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, თუ რა ცუდად ვიცნობთ ბუნებას ჩვენ გარშემო“, — ამბობს ნატურალისტი ჯოელ დესპანი, აღნიშნული ნაციონალური პარკის თანამშრომელი „სმითსონიენი“ (აშშ).
▪ მსოფლიო მოსახელობის 20 პროცენტს არა აქვს საკმარისი სასმელი წყალი, 40 პროცენტს კი ჰიგიენის დასაცავად — ელემენტარული პირობები „მილენიო“ (მეხიკო).
▪ ბრაკონიერები ყოველწლიურად მხოლოდ სერენგეტის ეროვნულ პარკში 20 000-დან 30 000-მდე ცხოველს ხოცავენ „დეილი ნიუზი“ (ტანზანია).
▪ ბარსელონაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 16 წლის მოზარდებს შორის 3-დან 1 რეგულარულად ეწევა კანაფს „ვანგუარდია“ (ესპანეთი).
ბაქტერიები ოფისში
არიზონის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგებმა შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქის ოფისებში ბაქტერიების რაოდენობა შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ „ყველაზე მეტად დაბინძურებული იყო 5 რამ (ჩამოთვლილია თანამიმდევრობით): ტელეფონი, მაგიდა, ონკანის სახელური, მიკროტალღოვანი ღუმლის სახელური და კლავიატურა“, — ნათქვამია გაზეთში „გლოუბ ენდ მეილი“. ამ ცნობის თანახმად, „საოფისე მაგიდაზე, საშუალოდ, 100-ჯერ მეტი ბაქტერია იყო, ვიდრე სამზარეულო მაგიდაზე და 400-ჯერ მეტი, ვიდრე უნიტაზზე“.
„მხოლოდ სიტყვით არის ქრისტიანი“
ფილიპინელებს აზიაში ერთადერთ „ქრისტიანებს“ უწოდებენ. მაგრამ იქ ჩატარებულ ევანგელისტური ეკლესიის კრებაზე ეპისკოპოსმა ეფრემ ტენდერომ თქვა: „უმეტესობა ჩვენგანი მხოლოდ სიტყვით არის ქრისტიანი და არა საქმით“. „მანილა ბიულეტენში“ აღინიშნა, რომ ეს ეკლესიის წინამძღოლების ბრალი იყო; ისინი მრევლს არ „აცნობდნენ ბიბლიას და მის ჭეშმარიტ ფასეულობას“. როგორც ამბობენ, ზოგ ეკლესიაში პოლიტიკაზე უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე ბიბლიაზე.
ადამიანები და ცხოველები ერთმანეთს საჭმელ-სასმლის მოპოვებაში ექიშპებიან
„ამბობენ, რომ სომალში, სადაც გვალვა ჩვეულებრივი მოვლენაა, ბაბუინები და აფთრები ხშირად თავს ესხმიან დასახლებულ პუნქტებს“, — ნათქვამია ნაირობში გამომავალ გაზეთში „აღმოსავლეთ აფრიკა“. ერთხელ ბაბუინებსა და მწყემსებს შორის წყლისთვის გამართულ ბრძოლაში რამდენიმე ბაბუინი მოკვდა და რამდენიმე მწყემსი დაშავდა. ამბობენ, რომ მაიმუნების ჯგუფი ჩასაფრებულია „გზაჯვარედინებსა და ხიდებთან“, რათა გაძარცვონ სატვირთო მანქანები, რომლებსაც საკვები ადგილობრივ ბაზრებში მიაქვს. „ხშირად დაინახავთ გაქცეულ მაიმუნს ბანანის მტევნით ან [დიდი] საზამთროთი ხელში“, — დასძენს იგივე გაზეთი.
ნაოსნობა გავლენას ახდენს ამინდზე ზღვისპირეთში
როგორც ერთი გერმანული გაზეთი იუწყება, გემების ხშირი მიმოსვლა გავლენას ახდენს ამინდზე ზღვისპირეთში (Kölner Stadt-Anzeiger). მაქს პლანკის სახელობის საზღვაო მეტეოროლოგიის ინსტიტუტმა (ჰამბურგი) შეისწავლა ინგლისის არხის თავზე არსებული ღრუბლების მასა. მათ დაინახეს, რომ სანაპიროს გასწვრივ ღრუბელი ადრინდელთან შედარებით უფრო თხელი იყო, წყლის ზემოთ კი — სქელი, რასაც გემების მიმოსვლა განაპირობებდა. ფიქრობენ, რომ გემების გამონაბოლქვში შემავალ ნაწილაკებზე წყლის კონდენსირება ხდება, რაც ზრდის ღრუბლის მასაში წყლის წვეთების შემცველობას. აღნიშნულ გაზეთში ნათქვამია: „გასული 50 წლის განმავლობაში გემების მიერ საწვავის მოხმარება ოთხჯერ გაიზარდა“.