არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როდესაც ავადმყოფობა აღარ იქნება!

როდესაც ავადმყოფობა აღარ იქნება!

როდესაც ავადმყოფობა აღარ იქნება!

მრავალს იმის იმედი აქვს, რომ მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ზეცაში ასულები გათავისუფლდებიან ტკივილისა და ავადმყოფობისგან. ამ საყოველთაო მრწამსის საპირისპიროდ, ბიბლია გვაძლევს იმედს, რომ ადამიანები დედამიწაზე იცხოვრებენ სამოთხეში (ფსალმუნი 37:11; 115:16). ის გვპირდება, რომ ადამიანებს ექნებათ სრულყოფილი ჯანმრთელობა, იქნებიან ბედნიერნი და მარადიულად იცხოვრებენ.

რა არის ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზი? როგორ მოისპობა ავადმყოფობა დედამიწაზე? ამ კითხვებზე ბიბლია გვპასუხობს.

ავადმყოფობის ნამდვილი მიზეზი. პირველ ადამიანებს, ადამსა და ევას, ღმერთმა სრულყოფილი ჯანმრთელობა მისცა (დაბადება 1:31; მეორე კანონი 32:4). ისინი დედამიწაზე მარადიული ცხოვრებისთვის იყვნენ შექმნილი, და ეს შესაძლებლობა მანამ არ დაუკარგავთ, სანამ ნებაყოფლობით არ წავიდნენ ღვთის წინააღმდეგ. დაუმორჩილებლობის შედეგად მათმა ორგანიზმმა დაავადებისადმი გამძლეობა დაკარგა (დაბადება 3:17—19). ღვთის მმართველობის უგულებელყოფით მათ შემოქმედთან, სრულყოფილი სიცოცხლის წყაროსთან, ურთიერთობა გაწყვიტეს. ისინი არასრულყოფილები გახდნენ. შედეგად, როგორც ღმერთს ჰქონდა ნათქვამი, ისინი ავადმყოფობასა და სიკვდილს ვერსად გაექცეოდნენ (დაბადება 2:16, 17; 5:5).

ღვთის წინააღმდეგ წასვლის შემდეგ ადამსა და ევას თავიანთი შთამომავლობისთვის მხოლოდ არასრულყოფილების გადაცემა შეეძლოთ (რომაელები 5:12). როგორც წინა სტატიაში იყო მოხსენიებული, დღეს მეცნიერები აღიარებენ, რომ ადამიანებს აქვთ მემკვიდრეობითი დეფექტები, რაც ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს. საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ მეცნიერთა ჯგუფმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ ასეთი დასკვნა გააკეთა: „ბიოლოგიურად გარდაუვალია ის, რომ სიცოცხლის დასაწყისშივე ორგანიზმში იწყება პროცესები, რომლებიც საკუთარი თავის განადგურებისკენ არის მიმართული“.

ადამიანთა მცდელობა ამაოა. მეცნიერებამ დაავადებებთან ბრძოლაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მაგრამ ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზის გაგება მეცნიერებისთვის იმდენად რთულია, რომ ბოლომდე ვერ წვდებიან მას. ეს გასაკვირი არ არის ბიბლიის შემსწავლელებისთვის, რომლებმაც იციან ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვები: „იმედს ნუ დაამყარებთ წარჩინებულებზე, ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაგანაც არ არის ხსნა“ (ფსალმუნი 146:3).

მაგრამ ბიბლიის სიტყვების თანახმად, „რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, ღვთისთვის შესაძლებელია“ (ლუკა 18:27). იეჰოვა ღმერთს შეუძლია მოსპოს ავადმყოფობის მიზეზი. ის განკურნავს ყველა ჩვენს სნეულებას (ფსალმუნი 103:3). ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვა აღგვითქვამს: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4).

რისი გაკეთება გმართებთ. იესო ქრისტემ აღნიშნა, თუ რისი გაკეთება გვმართებს, რომ ვიცხოვროთ ქვეყნიერებაში, სადაც ავადმყოფობა აღარ იქნება. მან თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

ღვთის პიროვნებასა და მისი ძის, იესოს, სწავლებებს ბიბლიით ვეცნობით. ღვთის სიტყვაში მოცემულია პრაქტიკული რჩევები, რომლებიც გვეხმარება, უკვე დღეს ვიცხოვროთ უკეთესად. გარდა ამისა, ღმერთი თავის მორჩილ მსახურებს ჰპირდება ისეთ ქვეყნიერებაში ცხოვრებას, სადაც არავითარი ტკივილი აღარ იარსებებს. დიახ, ღმერთი აღგვითქვამს მომავალს, როდესაც „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24).

[ჩარჩო/სურათები 11 გვერდზე]

გაწონასწორებული თვალსაზრისი ჯანმრთელობაზე

ბიბლია მოგვიწოდებს, დავაფასოთ სიცოცხლე. იეჰოვას მოწმეები ამას ითვალისწინებენ და ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ისინი თავს არიდებენ ისეთ მავნე ჩვევებს, როგორიცაა: ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება და სიგარეტის მოწევა. ღმერთი თავისი თაყვანისმცემლებისგან ჭამა-სმაში ზომიერების გამოვლენასაც მოელის (იგავები 23:20; ტიტე 2:2, 3). მსგავსი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, სათანადო დასვენებასა და ვარჯიშთან ერთად, მრავალ ფიზიკურ უძლურებას აგარიდებთ. დაავადების შემთხვევაში კი დახმარებისთვის სანდო სპეციალისტებს უნდა მიმართოთ.

ბიბლია ადამიანს ასწავლის, იყოს აზრიანი და „კეთილგონიერი“ (ტიტე 2:12; ფილიპელები 4:5). დღეს მრავალი კარგავს წონასწორობას და მკურნალობის მეთოდების ძიებაში იმდენად არის ჩაფლული, რომ ამას სულიერობა ეწირება. ზოგი მკურნალობის ისეთ საეჭვო მეთოდს იყენებს, რომელიც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. სხვები სახსრებსა და დროს მკურნალობის ისეთ მეთოდებსა და წამლებში ხარჯავენ, რომლებიც არაეფექტურია და შეიძლება საზიანოც კი იყოს.

დღეს სრულყოფილი ჯანმრთელობა არავის აქვს. იმ დროის მოლოდინში კი, როდესაც ავადმყოფობა აღარ იარსებებს, ბიბლიური სიბრძნე და კეთილგონიერება დაგვეხმარება, გაწონასწორებულები ვიყოთ კარგი ჯანმრთელობის ძიებისას.