ყველას სურს, ჯანმრთელი იყოს!
ყველას სურს, ჯანმრთელი იყოს!
დაახლოებით 2 700 წლის წინათ ღვთის წინასწარმეტყველმა დაწერა, რომ დადგებოდა დრო, როცა ავადმყოფობა აღარ იქნებოდა. ამ წინასწარმეტყველებამ ჩვენამდე მოაღწია და მისი წაკითხვა ღვთის ძველი დროის წინასწარმეტყველ ესაიას ხელნაწერებში შეგვიძლია. მან თქვა: „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“. „მაშინ ბრმებს თვალები აეხილებათ და ყრუებს ყურები გაეხსნებათ; მაშინ კოჭლი ირემივით იხტუნებს და მუნჯის ენა სიხარულით შესძახებს“ (ესაია 33:24; 35:5, 6). ასეთი მომავალი სხვა წინასწარმეტყველებებშიც არის აღწერილი. ბიბლიის ბოლო წიგნი „გამოცხადება“ საუბრობს დროზე, როცა ღმერთი მოსპობს ტკივილს (გამოცხადება 21:4).
შესრულდება ეს დანაპირები? დადგება ოდესმე ისეთი დრო, როცა აღარ იარსებებს ავადმყოფობა და ყველას კარგი ჯანმრთელობა ექნება? უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ხალხის უმრავლესობას უკეთესი ჯანმრთელობა აქვს, ვიდრე წინა თაობებს ჰქონდათ; მაგრამ უკეთესი საუკეთესოს არ ნიშნავს. ავადმყოფობა დღესაც ტანჯავს ადამიანებს. იმის გაფიქრებაც კი, რომ შეიძლება ავად გავხდეთ, შიშის მომგვრელია. მწარე რეალობაა, რომ დღესაც კი ვერავინ გაექცევა ამა თუ იმ სახის ფიზიკურ ავადმყოფობასა თუ ფსიქიკურ მოშლილობას.
რა ფასად უჯდებათ ადამიანებს ავადმყოფობა?
ჯანმრთელობის გაუარესებას თან სდევს მრავალი პრობლემა. დღითი დღე იზრდება მკურნალობის საფასური. მაგალითად, გასულ წელს ევროპაში ავადმყოფობის გამო 500 მილიონი სამუშაო დღე გაცდა; მსგავსი მდგომარეობაა მთელ მსოფლიოში. შრომის ნაყოფიერების შემცირება და მკურნალობის ხარჯების ზრდა მძიმე ტვირთად აწვება ეკონომიკას, რაც ყველას თავსატეხს უჩენს. მუშახელის ავადმყოფობის გამო საწარმოებსა და სახელმწიფოს დამატებითი ხარჯების გაღება უწევს. კომპენსაციის მიზნით საწარმოები თავიანთ პროდუქციაზე ფასებს ზრდიან და სახელმწიფო — გადასახადებს. ვინ ზარალდება ამით? ცხადია, თქვენ!
სამწუხაროდ, ღარიბი ადამიანი ვერ ისარგებლებს სათანადო (ან ნებისმიერი სახის) სამედიცინო მომსახურებით. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა განვითარებად ქვეყნებში, სადაც მილიონებს იშვიათად ან საერთოდ არ მიუწვდებათ ხელი კვალიფიციურ მკურნალობაზე. მდიდარ ქვეყნებშიც კი ზოგს დიდი ძალისხმევის ფასად უჯდება ქვეყანაში არსებული სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა. მაგალითად, შეერთებულ შტატებში 46 მილიონს არა აქვს ჯანმრთელობა დაზღვეული.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ავადმყოფობა მხოლოდ ფინანსური ტვირთი არ არის. უფრო მძიმეა ემოციური ტვირთი, რაც უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანს აწევს; მძიმე ასატანია ქრონიკული დაავადებით გამოწვეული ტკივილები, სერიოზულად დაავადებულთა ყურება და საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული სასოწარკვეთილება.
იმის იმედი, რომ ავადმყოფობა აღარ იარსებებს, ადამიანის გულს მალამოდ ედება! ყველას უნდა, კარგი ჯანმრთელობა ჰქონდეს! რაც უნდა დაუჯერებლად გვეჩვენებოდეს, ბევრს სწამს, რომ ეს დრო ნამდვილად დადგება. ზოგს იმის იმედი აქვს, რომ დროთა განმავლობაში ახალი გამოგონებების წყალობით ყველანაირი დავადების მოსპობა გახდება შესაძლებელი. მათ კი, ვინც ბიბლიას ენდობა, უძველესი ბიბლიური წინასწარმეტყველებების სწამთ და იმ დროს ელიან, როცა ავადმყოფობა მოისპობა. ვინ მოსპობს ავადმყოფობას — ადამიანი თუ ღმერთი? რას გვიქადის მომავალი?