„არავითარი სექსი ქორწინებამდე!“
„არავითარი სექსი ქორწინებამდე!“
გასულ წლებში ახალგაზრდებს შორის პოპულარული გახდა ქალწულობის აღთქმა ლოზუნგით „არავითარი სექსი ქორწინებამდე“. ასეთი დამოკიდებულება შეესაბამება ბიბლიაში მოცემულ კანონებს (1 კორინთელები 6:18; ეფესოელები 5:5). მაგრამ საეჭვოა, რამდენად ასრულებენ ისინი ამ აღთქმას. ერთი გამოკითხვის თანახმად, ახალგაზრდების დაახლოებით 60-მა პროცენტმა აღთქმის დადებიდან ერთ წელიწადში დაარღვია ის.
საინტერესოა, რას გულისხმობენ ახალგაზრდები „ქალწულობის დაცვაში“. შარლინ ჯიანეტმა და მარგარეტ საგარეზმა თავიანთ წიგნში დაწერეს: „ექსპერტების აზრით, ბევრი ახალგაზრდა ქალწულობის შენარჩუნების მიზნით ორალურ და ანალურ სექსს მიმართავს. მათთვის სექსი მხოლოდ სქესობრივი აქტია“ („Boy Crazy“).
ასეთი შეხედულება ფართოდ არის გავრცელებული. ათასზე მეტი მოზარდის გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ასიდან 98-ს ორალური სექსი სქესობრივ აქტად არ მიაჩნია. გამოკითხვის ჩამტარებელმა დასძინა: „დაფიქრდით, ხომ შეიძლება თქვენს შვილსაც მსგავსი შეხედულება ჰქონდეს“.
მათ, ვინც ბიბლიის ნორმებით ცხოვრობს, ესმით, რომ ორალური და ანალური სექსი თავისთავად სექსია. ბიბლია გვეუბნება, რომ ‘მოვერიდოთ სიძვას’ („მოიშორეთ სექსუალური უზნეობა“, „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“), რომელიც მოიცავს ყველა სახის უკანონო სქესობრივ კავშირს (1 თესალონიკელები 4:3).