არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ეკლესიები კრიზისს განიცდიან

ეკლესიები კრიზისს განიცდიან

ეკლესიები კრიზისს განიცდიან

ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის უამრავი კულტურული მსგავსებაა. ხანდაზმულ მოსახლეობას ახსოვს დრო, როცა მათთვის მხოლოდ ერთი რელიგია, კათოლიციზმი არსებობდა. XVI საუკუნეში ესპანელმა კონკისტადორებმა კათოლიციზმი ძალის გამოყენებით დაამკვიდრეს. ბრაზილია კათოლიკური პორტუგალიის კოლონია იყო. ეკონომიკური მხარდაჭერისა და ოფიციალურ რელიგიად აღიარების სანაცვლოდ, კათოლიკური ეკლესია 400 წლის მანძილზე მხარში ედგა მთავრობებს.

მაგრამ 1960-იან წლებში ზოგი კათოლიკე მღვდელი მიხვდა, რომ მმართველი ელიტის მხარდაჭერა მათ ხალხის კეთილგანწყობას დააკარგვინებდა. ამიტომ ღარიბთა დასახმარებლად მათ კამპანია წამოიწყეს. ისინი ხელს უწყობდნენ ეგრეთ წოდებული განმათავისუფლებელი თეოლოგიის გავრცელებას. ეს მოძრაობა დაიწყო ლათინურ ამერიკაში და გამოდიოდა სიღარიბის წინააღმდეგ, რომელშიც მრავალი კათოლიკე ცხოვრობდა.

მიუხედავად იმისა, რომ სამღვდელოება სხვადასხვა პოლიტიკურ მოძრაობაში მონაწილეობდა, მილიონობით ადამიანმა ზურგი აქცია კათოლიციზმს და სხვა ქრისტიანული მიმდინარეობებით დაინტერესდა. მომრავლდა ისეთი მიმდინარეობები, სადაც ღვთისმსახურების დროს ტაშითა და საგალობლებით ძლიერ ემოციებს გამოხატავენ. ზოგიერთი ეკლესიის ღვთისმსახურება როკ-კონცერტს დაემსგავსა. დანკენ გრინი თავის წიგნში წერს: „ლათინურ ამერიკაში ევანგელისტური მიმდინარეობა დაყოფილია უამრავ ეკლესიად. ამ ეკლესიებს თავიანთი პასტორი ჰყავთ. ხშირად, როცა მრევლის რაოდენობა იზრდება, მრევლის ნაწილი ახალ ეკლესიას ქმნის“ („Faces of Latin America“).

ევროპელები ზურგს აქცევენ ეკლესიებს

1600 წელზე მეტი ხნის მანძილზე ევროპის უმეტეს ნაწილს ქრისტიანები მართავდნენ. დღეს რა გავლენით სარგებლობს რელიგია ევროპაში? 2002 წელს სოციოლოგმა სტივ ბრუსმა თავის წიგნში „ღმერთი მოკვდა — დასავლეთის სეკულარიზაცია“ დიდი ბრიტანეთის შესახებ თქვა, რომ იქ „XIX საუკუნეში ჯვრისწერის გარეშე ქორწილი წარმოუდგენელი იყო“. თუმცა 1971 წელს ინგლისელთა მხოლოდ სამოცმა პროცენტმა დაიწერა ჯვარი, 2000 წელს კი — მხოლოდ 31-მა პროცენტმა.

ლონდონში გამომავალი გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ რელიგიური მიმომხილველი წერს: „ძირითადი კონფესიები — ანგლიკანური, კათოლიკური, მეთოდისტური და გაერთიანებული რეფორმირებული ეკლესიები, თანდათანობით კარგავენ თავიანთ გავლენას“. ის სხვა მონაცემებსაც იშველიებს და ამბობს, რომ „დღეს ღვთისმსახურებას მოსახლეობის მხოლოდ ორი პროცენტი ესწრება, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ 2040 წლისთვის დიდ ბრიტანეთში ეკლესიები დაიხუროს“. ჰოლანდიასაც იმავეს უწინასწარმეტყველებენ.

„ბოლო ათწლეულებია, რაც ჩვენი ქვეყანა საგრძნობლად წუთისოფლისეული გახდა. სავარაუდოა, რომ 2020 წლისთვის მოსახლეობის 72 პროცენტი არც ერთი რელიგიის წევრი აღარ იქნება“, — აღნიშნულია ჰოლანდიის ერთ-ერთი სახელმწიფო დაწესებულების მიერ მოწოდებულ ცნობაში (Dutch Social and Cultural Planning Office). გერმანიის ერთი ინტერნეტ-გაზეთი იუწყება: „ადრე ნუგეშს ეკლესიებში, სამსახურსა და ოჯახში ეძებდნენ, ახლა კი ბევრი გერმანელი ჯადოქრობასა და ოკულტიზმს მიმართავს.  . . . მრევლის სიმცირის გამო ქვეყანაში ეკლესიები იხურება“.

იმ ევროპელებს, რომლებიც ეკლესიაში დადიან, მაინცდამაინც ღვთის ნების გაგება არ აინტერესებთ. „იტალიელები რელიგიას თავიანთი ცხოვრების წესს არგებენ“, — ნათქვამია ერთ ცნობაში. ერთი იტალიელი სოციოლოგი ამბობს: „მღვდლის ნათქვამიდან მხოლოდ იმას ვიღებთ, რაც გვაწყობს“. იმავეს თქმა შეიძლება ესპანელ კათოლიკეებზეც; მათთვის რელიგიაზე მნიშვნელოვანი მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვაა, და ყველაფრის მიღება დღესვე სურთ.

ეკლესიების სწავლებები დღეს რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც ქრისტე და მისი მოწაფეები ასწავლიდნენ და ასრულებდნენ. იესომ არ დააფუძნა ისეთი რელიგია, სადაც ადამიანი თვითონ აირჩევდა, რას შეასრულებდა და რას — არა. მან თქვა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, ყოველდღე ატაროს თავისი წამების ბოძი და გამომყვეს“. იესო ასწავლიდა ადამიანებს, რომ ქრისტიანული პრინციპებით ცხოვრება მსხვერპლსა და ძალისხმევას მოითხოვს (ლუკა 9:23).

ეკლესიები იზიდავენ ხალხს ჩრდილოეთ ამერიკაში

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კანადაში რელიგიის მიმართ ადამიანებს სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ. მათგან განსხვავებით, შეერთებულ შტატებში რწმენას სერიოზულად ეკიდებიან. საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი მთავარი ორგანიზაციების მონაცემებით, შეერთებულ შტატებში გამოკითხულთა 40 პროცენტი ამბობს, რომ ყოველკვირა დადის ეკლესიაში, თუმცა სინამდვილეში, ამას დაახლოებით 20 პროცენტი აკეთებს. ამერიკელთა 60 პროცენტზე მეტს სწამს, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა. ისინი ერთ რელიგიაში დიდხანს ვერ რჩებიან; ბევრი ადვილად იცვლის რელიგიას. თუ მქადაგებელი ხალხის კეთილგანწყობას კარგავს, ის მრევლსაც ემშვიდობება და კარგ შემოსავალსაც.

ზოგი ეკლესია სწავლობს ბიზნეს-მეთოდებს, რათა უფრო მეტად მიიზიდონ ხალხი. ფირმებთან კონსულტაციებში ეკლესიები ათასობით დოლარს იხდიან. ერთ ცნობაში ციტირებული იყო კმაყოფილი პასტორის სიტყვები: „ამისთვის ფულის დაბანდება ღირდა“. ეკლესიები, რომლებსაც ათასობით მრევლი ჰყავთ, ფინანსურად იმდენად წარმატებულნი არიან, რომ მათ „უოლ-სტრიტ ჯორნელისა“ და „ეკონომისტის“ ყურადღება მიიპყრეს. ამ პუბლიკაციების თანახმად, ეს დიდი ეკლესიები ადამიანებს სთავაზობენ ერთდროულად როგორც ფიზიკური, ისე სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ეკლესიის მომსახურებაში შედის რესტორნები, კაფეები, სილამაზის სალონები, საუნები და სპორტული დარბაზები. გარდა ამისა, ისინი ხალხს იზიდავენ თეატრალური წარმოდგენებით, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრებით და თანამედროვე მუსიკით. მაგრამ რას ასწავლიან ისინი?

გასაკვირი არაა, რომ „კეთილდღეობის სახარება“ ქადაგების მთავარ თემად იქცა. სამღვდელოება მრევლს მოუწოდებს, გულუხვი შესაწირავი გაიღონ ეკლესიისთვის, რათა ფული და ჯანმრთელობა არ მოაკლდეთ. რაც შეეხება მორალს, სამღვდელოება ამბობს, რომ ღმერთი შემწყნარებელია. ერთი სოციოლოგის სიტყვებით, „ამერიკაში ეკლესიები ხალხს კი არ განსჯიან, არამედ ამშვიდებენ“. ცნობილი რელიგიები მრევლს სთავაზობენ რჩევებს წარმატების მისაღწევად. ბევრს იზიდავს ისეთი არატრადიციული ეკლესიები, სადაც თითქმის არ განიხილება რელიგიური სწავლებები, რომლებიც ხშირად კამათს იწვევს. სამაგიეროდ, პოლიტიკურ საკითხებს იქ ნათლად და დაწვრილებით განიხილავენ. ბოლოდროინდელი შემთხვევები ცხადყოფს, რომ პოლიტიკაში ჩარევამ ზოგ მღვდელს რეპუტაცია შეულახა.

განუახლდათ ადამიანებს რელიგიისადმი ინტერესი ჩრდილოეთ ამერიკაში? 2005 წელს ჟურნალ „ნიუსუიკში“ ნათქვამი იყო, რომ სხვა რიტუალებთან ერთად პოპულარული გახდა „ღვთისმსახურება, რომლის დროსაც ყვირიან, გული მისდით და ფეხებს აბაკუნებენ“. იგივე ჟურნალი დასძენს, რომ „ყველაფრის მიუხედავად, ეკლესიებში მრევლის რაოდენობა მკვეთრად არ გაზრდილა“. გამოკითხვების თანახმად, ყველაზე სწრაფად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც არც ერთ რელიგიას არ მიეკუთვნებიან. ზოგი ეკლესიის მრევლი სხვა ეკლესიებიდან წამოსული მრევლის ხარჯზე იზრდება. ფაქტია, რომ ბევრმა მიატოვა ტრადიციული რელიგიები.

როგორც დავინახეთ, ლათინურ ამერიკაში ეკლესიები იყოფა, ევროპაში ისინი მრევლს კარგავენ, ხოლო შეერთებულ შტატებში მრევლის შესანარჩუნებლად ისინი გართობასა და ამქვეყნიურ სიამეს სთავაზობენ ხალხს. არსებობს გამონაკლისებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეკლესიები კრიზისს განიცდიან. ნიშნავს ეს იმას, რომ ქრისტიანობა კარგავს გავლენას?

[ჩარჩო/სურათი 6 გვერდზე]

„დიდი არჩევანი“

საფრანგეთში კათოლიკური ეკლესიის ეროვნული დასაქმების ცენტრის დირექტორი ამბობს: „ვხედავთ, რომ ადამიანები რელიგიაში ირჩევენ იმას, რაც სურთ. ისინი ეკლესიის მომსახურებით სარგებლობენ; თუ ეკლესია არ მოსწონთ, ტოვებენ მას და სხვაგან გადადიან“. ექსეტერის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის პროფესორმა გრეის დეივიმ ევროპული რელიგიების გამოკვლევისას დაწერა: „ადამიანები, უბრალოდ, იღებენ სხვადასხვა რელიგიიდან იმას, რაც მოსწონთ. მათ შეუძლიათ აირჩიონ რელიგია ისევე, როგორც ცხოვრების წესი და ნებისმიერი სხვა რამ“.

[სურათი 4, 5 გვერდებზე]

ეკლესიის შესასვლელთან გაკეთებული წარწერა (ნეაპოლი, იტალია).

[საავტორო უფლება]

©Doug Scott/age fotostock

[სურათი 4, 5 გვერდებზე]

მექსიკაში მრავალმა ზურგი აქცია კათოლიკურ რელიგიას.