არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კაკაბი სამოთხის სტუმარი

კაკაბი სამოთხის სტუმარი

კაკაბი სამოთხის სტუმარი

მე და ჩემი მეგობრები ჰავაის კუნძულ მაუიზე წასვლას ვგეგმავდით. განსაკუთრებით ჩვენ მზის ამოსვლის ნახვა გვინდოდა ვულკან ჰალეაკალას მწვერვალიდან, რომელიც ზღვის დონიდან 3 055 მეტრზეა. გვითხრეს, რომ ამის ნახვა ღირდა. თუმცა დილის ორ საათზე უნდა ავმდგარიყავით და კუნძული გადაგვეკვეთა კაპალუადან, სადაც ღამეს ვათევდით. შემდეგ მანქანით უნდა ავსულიყავით მთის ციცაბო ფერდობზე. გვეგონა, რომ ჩვენ გარდა ასე ადრიანად არავინ იქნებოდა, მაგრამ ვცდებოდით. ჩვენ მანქანების გრძელ რიგში აღმოვჩნდით, რომლებიც ნელა მიუყვებოდნენ მთის მწვერვალისკენ მიმავალ მიხვეულ-მოხვეულ გზას. მწვერვალზე საკმაოდ გრილოდა; საბედნიეროდ, საბნები გვქონდა წამოღებული.

ექვსი საათისთვის ასობით ადამიანს მოეყარა თავი და მოთმინებით ელოდა მზის ამოსვლას. ისინი ფოტოაპარატებით ხელში იდგნენ, რომ ეს ამაღელვებელი სანახაობა დაეფიქსირებინათ. ყველას გული დაგვწყდა, როცა მოულოდნელად კრატერის თავზე ღრუბლები გამოჩნდა. სამწუხაროდ, ნანატრი სურათების გადაღება ვერ შევძელით. თუმცა რა გასაკვირი იყო, რომ წყნარი ოკეანის მთებზე ღრუბლები გამოჩენილიყო. სხვა გზა არ გვქონდა, უნდა დავლოდებოდით, რომ მზეს ღრუბლები გაეფანტა. უცებ ჩვენ თვალწინ საოცარი ხედი გადაიშალა: კრატერის პირას უამრავი საცალფეხო ბილიკი გადიოდა. ესე იგი ყველაფერი დაკარგული არ იყო.

მოულოდნელად უცნაური ხმა შემოგვესმა — გაბმული კაკანი. ამ ხმას კაკაბი გამოსცემდა. ეს ლამაზი ფრინველი ევრაზიის კონტინენტზე გვხვდება. მისი ლათინური სახელწოდებაა Alectoris chukar.

გამრავლების პერიოდში ის, ძირითადად, მიწაზე ბუდობს. როცა დაგვინახა, მან გაფრენას გაქცევა ამჯობინა.

როგორ მოხვდა ეს ფრინველი მაუიის ულამაზეს კუნძულზე? ეს კუნძული მისი სამშობლო არ არის, ის ევრაზიიდან შემოიყვანეს. ჩრდილოეთ ამერიკაში მათ სპეციალურად ამრავლებენ და ბუნებაში უშვებენ, რომ ადამიანებმა ინადირონ მათზე. თუმცა მზის ამოსვლა ვერ ვნახეთ, კმაყოფილები ვიყავით, რომ ამ ფრთხილ ფრინველს მაინც შევავლეთ თვალი (გამოგზავნილია).