მიძინებული გოლიათის მახლობლად ცხოვრება
მიძინებული გოლიათის მახლობლად ცხოვრება
ვულკანები ადამიანებისთვის დიდი ხნის მანძილზე იდუმალებით იყო მოცული. საუკუნეების განმავლობაში ვულკანი შეიძლება უმოქმედო იყოს, შემდეგ კი მოულოდნელად გაიღვიძოს და შიშის მომგვრელ სანახაობად იქცეს. თვალის დახამხამებაში მას შეუძლია მიწასთან გაასწოროს სოფლები და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს.
უდავოა, ვულკანები საშიშია. ბოლო სამი საუკუნის მანძილზე მათ ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. ადამიანთა უმეტესობა ამ მიძინებული გოლიათებისგან მოშორებით ცხოვრობს. მაგრამ მილიონობით ადამიანს მოქმედ ვულკანებთან უწევს ცხოვრება. მაგალითად, ეკვადორის დედაქალაქ კიტოსთან ახლოს, ჩრდილო-დასავლეთით, მდებარეობს ვულკანი პიჩინჩა. მთა პოპოკატეპეტლი, რომელიც აცკეტების ენაზე მბოლავ მთას ნიშნავს, მეხიკოდან 60 კილომეტრით არის დაშორებული. ისეთი დიდი ქალაქები, როგორიცაა ოკლენდი (ახალი ზელანდია) და ნეაპოლი (იტალია) ვულკანის კალთაზე მდებარეობს. მილიონობით ადამიანი იმის შიშით ცხოვრობს, რომ ერთხელაც მიწის გრუხუნს გაიგებენ და მიძინებული გოლიათი გაიღვიძებს.
საშიში გოლიათი
უკვე 3 000 წელია, რაც ნეაპოლის მოსახლეობა მთა ვეზუვის მახლობლად ცხოვრობს. ის ნეაპოლიდან 11 კილომეტრითაა დაშორებული. ვეზუვის გარეთა კონუსის ნაშთია უძველესი მონტე-სომის რკალისებრი ზვინული. ვეზუვი დედამიწაზე არსებული საშიში ვულკანებიდან ერთ-ერთია. მისი ძირი ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს, ამიტომ ის გაცილებით დიდია, ვიდრე გარეგნულად ჩანს.
ვეზუვს დიდი ხნის ისტორია აქვს. ის სულ მცირე 50-ჯერ ამოიფრქვა. აქედან ყველაზე ცნობილი ამოფრქვევა ახ. წ. 79 წელს მოხდა; მან მიწასთან გაასწორა პომპეი და ჰერკულანეუმი. 1631 წელს ამოფრქვევის შედეგად დაახლოებით 4 000 ადამიანი დაიღუპა. ამ დროიდან დაიწყეს სიტყვა „ლავის“ გამოყენება. ის მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „ლაბი“, რაც დაცურებას ნიშნავს. ეს მნიშვნელობა მას კარგად მიესადაგება, რადგან ლავა ვეზუვის ციცაბო ფერდობებზე „ჩამოცურდა“.
ვეზუვი კვლავაც მოქმედი ვულკანია. 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ის მოკავშირეთა ჯარს ფერფლის ამოფრქვევით შეხვდა. მახლობელი ქალაქები, მასა და სან-სებასტიანი, ფერფლით დაიფარა, ასევე ცნობილი ფუნიკულიორი, რომელზეც ხალხური სიმღერაც კი შეიქმნა.
დღეს ნეაპოლელები, როგორც ჩანს, არ უშინდებიან ვულკანთან ცხოვრებას. ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების ნახვისას ტურისტები აღფრთოვანებას ვერ მალავენ. მაღაზიებსა და კაფეებში ყოველთვის ხალხმრავლობაა; ნეაპოლის ყურე სავსეა თეთრიალქნიანი ნავებით. მთა ვეზუვი დღემდე იზიდავს ადამიანებს. მნახველთათვის ის საშიში გოლიათი კი არა, კეთილი მასპინძელია.
ოკლენდი — ვულკანების ქალაქი
ოკლენდი (ახალი ზელანდია) საპორტო ქალაქია. იქ მრავლადაა ვულკანური კონუსი. 48 პატარა ვულკანის მიდამოებში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ვულკანების ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნა ველები, სადაც დღეს ორი ნავსადგურია. ახლომდებარე კუნძულებიც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გაჩნდა. ყველაზე კარგად მოჩანს კუნძული რანგიტოტო, რომელიც 600 წლის წინ წარმოიქმნა და ვეზუვის მსგავსად სიმეტრიულია. ამ კუნძულის წარმოქმნის დროს ახლომდებარე მაორელთა სოფელი ფერფლში ჩაიმარხა.
ოკლენდის მოსახლეობა შეეჩვია ვულკანებთან ცხოვრებას. დღეს ვულკან მაუნგაკიკის კონუსზე არის პარკი და წვრილფეხა საქონლის ფერმა. ის ქალაქ ოკლენდის ცენტრში მდებარეობს. ზოგიერთი ვულკანის ადგილას ახლა ტბები, პარკები და სპორტული მოედნებია. ერთი ვულკანის ადგილას კი
სასაფლაოა. ლამაზი ხედების გამო ბევრი ვულკანის ფერდობზე ცხოვრებას ამჯობინებს.პირველად ოკლენდის ტერიტორიაზე მაორელები დასახლდნენ, სულ რაღაც 180 წლის წინ კი — ევროპელები. როგორც ჩანს, მათ ნაკლებად აღელვებდათ ამ ადგილის ვულკანური წარმოშობა. მათ ნახეს, რომ ტერიტორია დაუსახლებელი იყო, ზღვასთან ახლოს მდებარეობდა და მიწაც ნაყოფიერი იყო. ვულკანური ნიადაგი ყველგან ნაყოფიერია. მაგალითად, ინდონეზიაში ბრინჯის საუკეთესო მოსავალი იმ რეგიონებში მოდის, სადაც მოქმედი ვულკანებია. შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილის ის რეგიონები, სადაც დიდი მოსავალი მოდის, ძირითადად, ვულკანური წარმოშობისაა. თუ ხელსაყრელი პირობები იქნება, ვულკანის ამოფრქვევიდან დაახლოებით ერთ წელიწადში ლავით დაფარულ მიწაზე შეიძლება მცენარეები აღმოცენდეს.
გაფრთხილების საშუალებები
ცხადია, რომ ვულკანთან ცხოვრება საშიშია. მაგრამ მეცნიერებს შეუძლიათ დააკვირდნენ მიწისძვრებისა და ვულკანების აქტივობას. მაგალითად, შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური თვალყურს ადევნებს მსოფლიოში არსებულ მოქმედ ვულკანებს. მათ შორის არის ნეაპოლისა და ოკლენდის ვულკანები, სადაც საგანგებო შემთხვევებისთვის გათვალისწინებულია სამოქმედო გეგმა. კოორდინატთა დადგენის 24-საათიანი გლობალური სატელიტური სისტემის და სეისმომეტრების საშუალებით, მეცნიერებს შეუძლიათ დააფიქსირონ მაგმისა და მიწისქვეშა დამდნარი ქანების მოძრაობა.
ვეზუვზე მუდმივი დაკვირვება წარმოებს. რისკის თავიდან ასაცილებლად, იტალიის ხელისუფლებამ შეიმუშავა გეგმა ისეთ ძლიერ ამოფრქვევასთან გასამკლავებლად, როგორიც 1631 წელს მოხდა. ექსპერტები ამბობენ, რომ მათ შეუძლიათ გააფრთხილონ საშიშ ზონაში მცხოვრებნი და ვულკანის ამოფრქვევამდე ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონ.
ოკლენდს მეცნიერები მონოგენური ვულკანების წარმოშობის ადგილს უწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ ჩამქრალი ვულკანი აღარ ამოიფრქვევა; ახალი ამოფრქვევა შეიძლება სრულიად სხვა ადგილას მოხდეს. ექსპერტები ამბობენ, რომ ამოფრქვევის წინამორბედია მიწისძვრები, რომლებიც შეიძლება რამდენიმე დღე ან კვირა გაგრძელდეს. ასეთი გაფრთხილებები ადამიანებს საშუალებას აძლევს, უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ.
ნუ მოადუნებთ ყურადღებას
ვულკანებზე დაკვირვება მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ამ გაფრთხილების ყურად ღება. 1985 წელს არმეროს (კოლუმბია) ხელისუფლების წარმომადგენლები გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ მოსალოდნელი იყო ვულკან ნევადო დელ რუისის ამოფრქვევა. მთის გუგუნი 50 კილომეტრის დაშორებით ისმოდა, რაც აშკარად მიანიშნებდა, რომ ვულკანი ამოფრქვევას აპირებდა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობას მოუწოდებდნენ, სიმშვიდე შეენარჩუნებინათ. ცოტა ხანში ქალაქი ტალახის ნაკადმა წალეკა, რასაც 21 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
თუმცა ასეთი კატასტროფა იშვიათად ხდება, მეცნიერები ამოფრქვევებს შორის პერიოდს შემდგომი გამოკვლევებისა და მომზადებისთვის იყენებენ. ამდენად, მუდმივი დაკვირვება, სათანადო მომზადება და საზოგადოების გათვითცნობიერება იცავს იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომლებიც მიძინებულ გოლიათთან ახლოს ცხოვრობენ.
[ჩარჩო/სურათი 16 გვერდზე]
მზად იყავით!
მომზადებული ხართ სტიქიურ უბედურებასთან შესახვედრად? დაადგინეთ, რა საშიშროება არსებობს იმ მხარეში, სადაც ცხოვრობთ. წინასწარ მოილაპარაკეთ ოჯახის წევრებმა, სად შეიკრიბებით საგანგებო შემთხვევის დროს და ვის შეატყობინებთ თქვენს ადგილსამყოფელს; ასევე, ხელთ უნდა გქონდეთ საკვები, წყალი, პირველადი მოხმარების საგნები, ტანსაცმელი, რადიო, წყალგაუმტარი ფარანი და რამდენიმე ელემენტი. დარწმუნდით, რომ რამდენიმე დღის მარაგი გაქვთ.
[სურათი 15 გვერდზე]
დამთვალიერებლები ვეზუვის მთავარ კრატერთან.
[საავტორო უფლება]
©Danilo Donadoni/Marka/age fotostock
[სურათი 15 გვერდზე]
ნეაპოლი (იტალია), მთა ვეზუვის ფონზე.
[საავტორო უფლება]
© Tom Pfeiffer
[სურათი 15 გვერდზე]
ახ. წ. 79 წელს მომხდარი ამოფრქვევის შედეგად პომპეისა და ჰერკულანეუმის განადგურება (მხატვრის ფანტაზია).
[საავტორო უფლება]
© North Wind Picture Archives
[სურათი 16 გვერდზე]
რანგიტოტო, ერთ-ერთი ვულკანური წარმოშობის კუნძული ოკლენდში.
[სურათები 16, 17 გვერდებზე]
ზემოთ და მარჯვნივ: მთა პოპოკატეპეტლი, მექსიკა.
[საავტორო უფლება]
AFP/Getty Images
Jorge Silva/AFP/Getty Images
[საავტორო უფლებები დაცულია 14 გვერდზე]
USGS, Cascades Volcano Observatory