არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ელის ქრისტიანობას?

რა ელის ქრისტიანობას?

რა ელის ქრისტიანობას?

გააერთიანებს ქრისტიანული რწმენა ოდესმე ყველას თუ არსებობას შეწყვეტს? არის ქრისტიანობა სინათლე ბნელი ქვეყნიერებისთვის თუ დაკარგა თავდაპირველი სახე? ამ კითხვებზე პასუხი ადამიანებს დიდი ხანია აინტერესებთ.

მარტივი მაგალითით იესომ ცხადყო, რომ მას შემდეგ, რაც ის ქრისტიანობას საფუძველს ჩაუყრიდა, საქმეში სატანა ჩაერეოდა (მათე 13:24, 25). ამდენად ის, რომ ქრისტიანობამ საუკუნეების განმავლობაში სახე იცვალა, მხოლოდ სოციალური მოვლენა არ არის. ამით სატანის ბოროტი განზრახვა განხორციელდა. დღეს ქრისტიანული ეკლესიები წარსულში დაშვებულ შეცდომებს იმეორებენ და შედეგებსაც იმკიან (2 კორინთელები 11:14, 15; იაკობი 4:4).

ფარული თავდასხმა ქრისტიანობაზე

იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მის სწავლებებს დაამახინჯებდნენ. მან თქვა: „ზეციერი სამეფო ჰგავს კაცს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის მინდორში. როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში სარეველა ჩათესა და წავიდა“. მსახურებმა ბოროტის საქმეების შესახებ ბატონს აცნობეს და გამარგვლის ნებართვა ითხოვეს. მათდა გასაკვირად, ბატონმა უპასუხა: „არა, რადგან გამარგვლისას სარეველასთან ერთად შემთხვევით ხორბალიც არ ამოგლიჯოთ. მკამდე ერთად იზარდონ. მკის დროს კი მომკელებს ვეტყვი, ჯერ სარეველა მოაგროვონ და ძნებად შეკრან დასაწვავად და მერე მოაგროვონ ხორბალი ჩემს ბეღელში“ (მათე 13:24—30).

იესომ ახსნა, რომ კაცი, რომელმაც მინდორში ხორბალი დათესა, თავად იესო იყო, თესლი კი ჭეშმარიტ ქრისტიანებს განასახიერებდა. მტერი, რომელმაც სარეველა ჩათესა, არის ეშმაკი. სარეველათი წარმოდგენილია ურჩი, განდგომილი ადამიანები, რომლებიც იტყუებიან, რომ ღვთის მსახურები არიან (მათე 13:36—42). მოგვიანებით მოციქულმა პავლემ დეტალურად ახსნა, როგორ მოხდებოდა ეს ყველაფერი. მან თქვა: „ვიცი, ჩემი წასვლის შემდეგ შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები და არ დაინდობენ სამწყსოს; თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები“ (საქმეები 20:29, 30).

ქრისტიანული სწავლების დამახინჯება

შესრულდა იესოს და პავლეს წინასწარმეტყველებები? უდაოდ. პატივმოყვარე მამაკაცები იესოს მიერ ჩამოყალიბებულ კრებას დაეპატრონნენ და თავიანთი მიზნების განსახორციელებლად იყენებდნენ მას. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ“ (იოანე 15:19). ეს ძალაუფლების მოყვარული მამაკაცები სახელმწიფოს მმართველებთან გაერთიანდნენ და ეკლესია სახელმწიფოს დაუქვემდებარეს; ამგვარად ეკლესიამ დიდი სიმდიდრე და ძალაუფლება იგდო ხელთ. ეკლესიები „უკუღმართად ილაპარაკებდნენ“. მაგალითად, ისინი ხალხს, ასწავლიდნენ, გაეღმერთებინათ თავიანთი ქვეყანა და თავი გაეწირათ მისთვის. ეს ეგრეთ წოდებული ქრისტიანები მონაწილეობდნენ ჯვაროსნულ ლაშქრობებში და ხოცავდნენ მათ, ვინც ურწმუნოდ მიაჩნდათ. ისინი ომში მიდიოდნენ და კლავდნენ მოძმეებს, ანუ თავიანთი რელიგიის მიმდევრებს. ისინი არ იცავდნენ ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს და არ ავლენდნენ მოყვასის სიყვარულს (მათე 22:37—39; იოანე 15:19; 2 კორინთელები 10:3—5; 1 იოანე 4:8, 11).

ნათელია, რომ ეკლესიები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე საკუთარ თავს ქრისტიანულს უწოდებდნენ, მხოლოდ გარეგნულად იყვნენ ასეთები. როგორც წინა სტატიებიდან დავინახეთ, სწორედ ამით აიხსნება ეკლესიების დაყოფა სექტებად, პოლიტიკაში ჩარევა და მათ მიერ ღვთის კანონის უგულებელყოფა. ეს არის უვარგისი ნაყოფი იმ ყალბი ქრისტიანობისა, რომელიც ეშმაკმა „ჩათესა“. რა ელის ცრუ ქრისტიანობას? როგორც იესომ თავისი მაგალითით დაგვანახვა, ის მრევლის სიმცირის გამო კი არ შეწყვეტს არსებობას, არამედ მას ღმერთი გაასამართლებს და გაანადგურებს.

ჭეშმარიტი ქრისტიანობა სიბნელეში ანათებს

იესოს მაგალითიდან ვიგებთ, რომ ცრუ ქრისტიანობის „სარეველას“ შეგროვებამდე და განადგურებამდე კიდევ რაღაც უნდა მოხდეს. საუკუნეების მანძილზე ცრუ ქრისტიანობის „სარეველა“ იმდენად გამრავლდა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანობის „ხორბალი“ თითქმის შეუმჩნეველი გახდა. იესოს სიტყვების თანახმად, ხორბლისა და ღვარძლის გამოცალკევება მკის დროს, ანუ „ქვეყნიერების წყობის აღსასრულის“ დროს მოხდებოდა. მან დასძინა: „იმ დროს მართალნი თავიანთი მამის სამეფოში მზესავით გაანათებენ“ (მათე 13:39—43). ფაქტები ცხადყოფს, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ჩვენ ვცხოვრობთ „ქვეყნიერების წყობის აღსასრულის“ პერიოდში (მათე 24:3, 7—12). შესრულდა იესოს წინასწარმეტყველების ეს ნაწილი?

ჭეშმარიტი ქრისტიანები გამოეყვნენ ქრისტიანული სამყაროს „სარეველას“. იეჰოვას მოწმეები ‘მზესავით ანათებენ’ და სხვებს ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, გაცნობაში ეხმარებიან. ისინი აფასებენ ღვთის კანონებს. უფრო მეტიც, ისინი, ვინც იეჰოვას მოწმეები ხდებიან, ცხოვრებაში სერიოზულ ცვლილებებს ახდენენ, რათა ბიბლიაში მოცემულ ქრისტიანულ პრინციპებს დაემორჩილონ.

იეჰოვას მოწმეები თავიანთ შეხვედრებზე ადამიანებს უფასო ბიბლიურ განათლებას სთავაზობენ და არა — გართობას. ისინი მათ მეგობრობასა და სიყვარულს სთავაზობენ, რასაც წმინდა წერილებიდან სწავლობენ. მათ სწამთ, რომ ღმერთი დედამიწას სამოთხედ გადააქცევს და იქ თავმდაბალ ადამიანებს დაასახლებს, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა. სანამ ეს მოხდება, ღმერთმა დედამიწა უნდა გაწმინდოს ცრუ რელიგიისგან, რომელსაც ბიბლია დიდ ბაბილონს უწოდებს. ბიბლიის წინასწარმეტყველების თანახმად, იეჰოვა მალე რადიკალურ ცვლილებებს მოახდენს (მათე 5:5; გამოცხადება 18:9, 10, 21).

მას შემდეგ, რაც კაცობრიობა გათავისუფლდება ცრუ რელიგიის მაცდუნებელი გავლენისგან, ჭეშმარიტი ქრისტიანული თაყვანისმცემლობა გააერთიანებს დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს. რა შესანიშნავი მომავალი ელის ჭეშმარიტ ქრისტიანობას, რომელსაც იესომ ჩაუყარა საფუძველი! დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა და რელიგიები, რომლებიც განხეთქილებას თესავენ, აღარ იარსებებს.

[სურათი 7 გვერდზე]

„მოვიდა მისი მტერი [და] ხორბალში სარეველა ჩათესა“ (მათე 13:25).

[სურათები 8, 9 გვერდებზე]

გულთბილად გიწვევთ იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში, სადაც შეგიძლიათ უფასოდ მიიღოთ ბიბლიური განათლება.

[სურათი 9 გვერდზე]

„მერე მოაგროვონ ხორბალი ჩემს ბეღელში“ (მათე 13:30).