არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შევეწინააღმდეგო ჰომოსექსუალიზმისკენ მიდრეკილებას?

როგორ შევეწინააღმდეგო ჰომოსექსუალიზმისკენ მიდრეკილებას?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ შევეწინააღმდეგო ჰომოსექსუალიზმისკენ მიდრეკილებას?

„12 წლის ვიყავი, როცა სკოლაში ერთი გოგონა მომეწონა. მტანჯავდა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლებოდა ლესბოსელი ვყოფილიყავი“ (ანა *).

„მოზარდობის დროს ვგრძნობდი, რომ მამაკაცები მიზიდავდა. გულის სიღრმეში ვხვდებოდი, რომ ეს არაბუნებრივი გრძნობა იყო“ (ოლეფი).

„ორჯერ ვაკოცე მეგობარ გოგონას. თუმცა ბიჭები მომწონდა. ვფიქრობდი, ბისექსუალი ხომ არა ვარ-მეთქი“ (სარა).

დღეს არსებულმა შემწყნარებლურმა დამოკიდებულებამ მრავალ ახალგაზრდას უბიძგა, სქესობრივი კავშირი დაემყარებინა თავისივე სქესის წარმომადგენელთან. „ჩემს სკოლაში ბევრ გოგოს თავი ლესბოსელად ან ბისექსუალად მიაჩნია; ზოგს კი, უბრალოდ, ორივე სქესის წარმომადგენლები აინტერესებს“, — ამბობს 15 წლის ბეკი. 18 წლის კრისტას სკოლაში ანალოგიური მდგომარეობაა. ის ამბობს: «ჩემმა ორმა კლასელმა გოგომ ინტიმური ურთიერთობა შემომთავაზა. ერთმა წერილში მკითხა, ხომ არ მსურდა გამეგო, რა არის გოგოსთან „ურთიერთობა“».

დღეს ერთი სქესის ადამიანებს შორის ინტიმური ურთიერთობა სააშკარაოზეა გამოტანილი. შეიძლება გაინტერესებს: „უნდა მივიჩნიო ჰომოსექსუალიზმი ცოდვად? რა უნდა გავაკეთო, თუ ჩემივე სქესის ადამიანით დავინტერესდი? თუ ეს ასეა, ნიშნავს, რომ ჰომოსექსუალისტი ვარ?“

ღვთის თვალსაზრისი ჰომოსექსუალიზმზე

დღეს ბევრი ადამიანი, მათ შორის ზოგი სასულიერო პირი, ჰომოსექსუალიზმს არც თუ ისე დიდ ცოდვად მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, ბიბლია არაორაზროვნად აცხადებს, რომ იეჰოვა ღმერთმა კაცი და ქალი შექმნა, და სქესობრივი ურთიერთობის დამყარების უფლება მხოლოდ ცოლ-ქმარს მისცა (დაბადება 1:27, 28; 2:24). ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ბიბლია გმობს ჰომოსექსუალიზმს (რომაელები 1:26, 27).

ბიბლიას ბევრი მოძველებულ წიგნად მიიჩნევს. მაგალითად, 14 წლის მეგანი ამბობს, რომ „ზოგი რამ, რაც ბიბლიაშია ჩაწერილი, დღეს გამოუსადეგარია“. რატომ ფიქრობენ ისინი ასე? ხშირად ეს იმიტომ ხდება, რომ მათი თვალსაზრისი ბიბლიის თვალსაზრისს ეწინააღმდეგება. ისინი იმის გამო უარყოფენ ღვთის სიტყვას, რომ ის არ ასწავლის იმას, რაც მათ სურთ. სინამდვილეში ეს არასწორი შეხედულებაა. ბიბლია მოგვიწოდებს, მოვერიდოთ ასეთ უკუღმართ აზროვნებას. იეჰოვა ღმერთი თავისი სიტყვით გვარწმუნებს, რომ მასში ჩაწერილი მცნებები ჩვენთვის სასიკეთოა (ესაია 48:17, 18). და ეს ჭეშმარიტებაა, რადგან ჩვენს შემოქმედზე უკეთესად არავინ გვიცნობს.

ახალგაზრდობაში ჩვეულებრივ სხვადასხვა გრძნობა იჩენს თავს. რის გაკეთება შეგიძლია, თუ შენივე სქესის წარმომადგენელი გიზიდავს? ნიშნავს ეს იმას, რომ ჰომოსექსუალისტი ხარ? არა. გახსოვდეს, რომ ახალგაზრდა ხარ და სექსუალური გრძნობების მოზღვავებას განიცდი (1 კორინთელები 7:36). რაღაც მომენტში შეიძლება შენი ყურადღება შენივე სქესის წარმომადგენელმა მიიპყროს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჰომოსექსუალისტი ხარ. სტატისტიკურმა მონაცემებმა ცხადყო, რომ ასეთი გრძნობები, ჩვეულებრივ, დროთა განმავლობაში ქრება. და მაინც, შეიძლება იკითხო: „რატომ მიჩნდება ასეთი გრძნობები?“

ზოგი ფიქრობს, რომ ამაში გენებია დამნაშავე. სხვები ამბობენ, რომ ეს მიდრეკილება შეძენილია. ამ სტატიის მიზანი მიზეზების ძიება არ არის. ფაქტობრივად, ძნელია იმის დადგენა, რატომ ხდება ადამიანი ჰომოსექსუალისტი. როგორც ჩანს, ჰომოსექსუალიზმს, ისევე როგორც ადამიანის ნებისმიერ მიდრეკილებას, არაერთი ფაქტორი განაპირობებს.

რა მიზეზიც უნდა იყოს, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბიბლია განსჯის ჰომოსექსუალიზმს. მაგრამ ის დასძენს, რომ ადამიანს შეუძლია ამ მანკიერი მიდრეკილების დაძლევა. წარმოიდგინეთ ფიცხი ადამიანი (იგავები 29:22). წარსულში ის შეიძლება ადვილად ბრაზდებოდა. მაგრამ ბიბლიის შესწავლის შემდეგ ის ხვდება, რომ საჭიროა თავშეკავების გამოვლენა. ნიშნავს ეს იმას, რომ ის აღარასოდეს გაბრაზდება? არა. ის უბრალოდ არ აჰყვება თავის ემოციებს, რადგან იცის, რას ამბობს ბიბლია გაუკონტროლებელ რისხვაზე. იმავეს თქმა შეიძლება ადამიანზე, რომელსაც თავისი სქესის წარმომადგენელი იზიდავს და, ამავე დროს, მან იცის, რას ამბობს ბიბლია ჰომოსექსუალიზმის შესახებ. დროდადრო არასწორმა სურვილმა შეიძლება თავი გაახსენოს მას. მაგრამ, თუ ის ბიბლიის რჩევას გაითვალისწინებს, შეძლებს ამ მიდრეკილების დაძლევას.

უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ეს მიდრეკილება შეიძლება ძლიერი იყოს. თუმცა დარწმუნებული იყავი, რომ ყველაზე ძლიერი სურვილის დაძლევაც კი შესაძლებელია (1 კორინთელები 9:27; ეფესოელები 4:22—24). საბოლოოდ, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული (მათე 7:13, 14; რომაელები 12:1, 2). ბევრი ფიქრობს, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ სინამდვილეში შენ შეგიძლია ისწავლო გრძნობების დაოკება, ყოველ შემთხვევაში შეგიძლია თავი შეიკავო არასწორი საქციელის ჩადენისგან.

მოერიდე არასწორ საქციელს

რის გაკეთება შეგიძლია, რომ შეეწინააღმდეგო ჰომოსექსუალიზმისკენ მიდრეკილებას?

პირველი, ლოცვაში მიანდე იეჰოვას მთელი შენი საზრუნავი და დარწმუნებული იყავი, რომ ‘ის ზრუნავს შენზე’ (1 პეტრე 5:7; ფსალმუნი 55:22). იეჰოვა გაგაძლიერებს და ისეთ სიმშვიდეს მოგცემს, რომელიც „ნებისმიერ აზრს აღემატება“. ეს ‘დაიცავს შენს გულსა და გონებას’ და მოგცემს „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“, რათა არასწორი საქციელი არ ჩაიდინო (ფილიპელები 4:7; 2 კორინთელები 4:7). სარა, რომელიც შიშობდა, რომ ბისექსუალი იყო, ამბობს: „როცა ცუდი აზრები მაწუხებს, ვლოცულობ და იეჰოვა მაძლიერებს. მისი დახმარების გარეშე ვერ შევძლებდი ამ პრობლემის დაძლევას. ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის!“ (ფსალმუნი 94:18, 19; ეფესოელები 3:20).

მეორე, იფიქრე სულიერზე (ფილიპელები 4:8). ყოველდღე იკითხე ბიბლია. არ დაგავიწყდეს, რომ მას შეუძლია უკეთესობისკენ შეცვალოს შენი გონება და გული (ებრაელები 4:12). ახალგაზრდა ჯეისონი ამბობს: „ძალიან მეხმარება ბიბლიაში ჩაწერილი მუხლები, კერძოდ, 1 კორინთელების 6:9, 10 და ეფესოელების 5:3. ყოველთვის ვკითხულობ მათ, როცა არასწორი სურვილები მიჩნდება“.

მესამე, მოერიდე პორნოგრაფიის ყურებასა და ჰომოსექსუალისტების პროპაგანდას, რაც არასწორ ფიქრებს აღგიძრავს * (ფსალმუნი 119:37; კოლოსელები 3:5, 6). ზოგიერთი კინოფილმი და სატელევიზიო პროგრამა უბიძგებს ხალხს, იფიქრონ, რომ ჰომოსექსუალიზმი ალტერნატიული ცხოვრების წესია. ანა ამბობს: „ქვეყნიერების დამახინჯებულმა აზროვნებამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და უფრო მეტად დამაბნია. ახლა ვერიდები ყველასა და ყველაფერს, რაც ჰომოსექსუალიზმს უკავშირდება“ (იგავები 13:20).

მეოთხე, დაელაპარაკე შენს გრძნობებზე მას, ვისაც ენდობი (იგავები 23:26; 31:26; 2 ტიმოთე 1:1, 2; 3:10). ოლეფმა დახმარებისთვის უხუცესს მიმართა. ის ამბობს: „მისი რჩევა ძალიან დამეხმარა. ნეტავ, აქამდე დავლაპარაკებოდი!“

არ დანებდე!

ზოგი ფიქრობს, რომ ამ მიდრეკილებასთან ბრძოლას აზრი არა აქვს და უნდა შეეგუოს იმას, რომ ასეთია. მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ შეგიძლია შეიცვალო! მაგალითად, მასში ნათქვამია, რომ პირველ ქრისტიანებს შორის იყვნენ ყოფილი ჰომოსექსუალისტები (1 კორინთელები 6:9—11). შენც შეგიძლია შეეწინააღმდეგო ამ გულისთქმას და გაიმარჯვო!

თუ არასწორი სურვილები მაინც გიჩნდება, არ შეწყვიტო ბრძოლა და არ იფიქრო, რომ ვერაფერს შეცვლი (ებრაელები 12:12, 13). დროდადრო ყველა ებრძვის არასწორ სურვილებს (რომაელები 3:23; 7:21—23). თუ მათ არ აჰყვები, შესაძლოა, დროთა განმავლობაში ისინი შესუსტდეს (კოლოსელები 3:5—8). უპირველესად, მიენდე იეჰოვას. მას უყვარხარ და იცის, რა გჭირდება ბედნიერებისთვის (ესაია 41:10). „მიენდე იეჰოვას და კარგი აკეთე  . . . ის შეგისრულებს გულის წადილს“ (ფსალმუნი 37:3, 4).

სხვა სტატიების ნახვა რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ შეგიძლია შემდეგ ვებ-გვერდზე: www.watchtower.org/ype

დაფიქრდი:

▪ რატომ გმობს ღმერთი ჰომოსექსუალიზმს?

▪ რის გაკეთება შეგიძლია, თუ შენივე სქესის ადამიანი გიზიდავს?

▪ ვის შეგიძლია მიენდო, თუ ჰომოსექსუალურ სურვილებს ებრძვი?

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 19 სულ უფრო პოპულარული ხდება მეტროსექსუალიზმი, ანუ ცხოვრების ისეთი წესი, როცა მამაკაცი გადამეტებულ ყურადღებას აქცევს საკუთარ თავსა და გარეგნობას, რის გამოც რთულია იმის გარკვევა, ჰომოსექსუალისტია ის თუ ჰეტეროსექსუალი. ერთი წყაროს თანახმად, „მნიშვნელობა არა აქვს, ჰომოსექსუალისტია კაცი, ჰეტეროსექსუალი თუ ბისექსუალი, მას იმდენად უყვარს საკუთარი თავი, რომ მხოლოდ თავის სიამოვნებაზე ფიქრობს“. ერთ ენციკლოპედიაში მეტროსექსუალიზმზე ნათქვამია: „დღეს ჰომოსექსუალისტები საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან, ამიტომ ჰომოსექსუალიზმი მისაღები გახდა. გარდა ამისა, ხალხის წარმოდგენა, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი, შეიცვალა“.

[სურათი 30 გვერდზე]

დახმარებისთვის უფროსი ასაკის მოწიფულ ქრისტიანს მიმართე.