არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სვალბარდი ყინულის კუნძულები

სვალბარდი ყინულის კუნძულები

სვალბარდი ყინულის კუნძულები

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ნორვეგიიდან

ჩვენი თვითმფრინავი სქელ ღრუბლებში მიიკვლევს გზას. არაფერი ჩანს. თვითმფრინავი ღრუბლებიდან გამოდის და თვალწინ არქტიკული პეიზაჟი იშლება. ეს მართლაც საოცარი სანახაობაა! გაოცებულნი ვუმზერთ მყინვარებს, ცისფერ ფიორდებსა და დათოვლილ მთებს. თვალსაწიერზე მხოლოდ თოვლითა და ყინულით დაფარული მიწაა. ჩვენ ახლა სვალბარდის არქიპელაგზე ვართ — ჩრდილოეთ პოლუსთან, ჩრდილოეთ განედის 74 და 81 გრადუსებს შორის.

სვალბარდი ცივ სანაპიროს ნიშნავს. პირველად ის მოიხსენიება 1194 წლით დათარიღებულ ისლანდიურ ხელნაწერებში. თუმცა ის 400 წლის შემდეგ, 1596 წელს, კიდევ ერთხელ „აღმოაჩინეს“ და რუკაზე აღნიშნეს. ამ წელს ვილემ ბარენცის მეთაურობით ჰოლანდიელმა ზღვაოსნებმა ჩრდილოეთისკენ გაცურეს. ერთ დღეს ეკიპაჟის ერთმა წევრმა ჰორიზონტზე დაკბილული მთებით დაფარული უცხო მიწა დაინახა. მეზღვაურები სვალბარდის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს მიადგნენ, რომელსაც ბარენცმა შპიცბერგენი უწოდა, რაც წაწვეტებულ მთებს ნიშნავს. დღესდღეობით ამ სახელს ატარებს არქიპელაგის უდიდესი კუნძული. ამ აღმოჩენის შემდეგ იქ ვეშაპებზე, სელაპებსა და სხვა ცხოველებზე ინტენსიური ნადირობა დაიწყო. შეუდგნენ ახალი კუნძულების ძიებას, ქვანახშირის მოპოვებასა და მეცნიერულ კვლევას. სვალბარდზე ტურიზმიც განვითარდა. 1925 წლამდე, სანამ არქიპელაგი ნორვეგიის სუვერენიტეტს დაექვემდებარებოდა, იქ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მოღვაწეობდნენ.

მარადი გაყინულობა და ჩრდილოეთის ციალი

ჩვენი თვითმფრინავი გაყინული ფიორდის თავზეა და სადაცაა სვალბარდის აეროპორტში დაეშვება. ჩვენ დავიქირავეთ მანქანა და ლონგირისკენ გავემართეთ. ეს სახელი ამ ადგილს ქვანახშირის მომპოვებლის, ამერიკელი ჯონ ლონგირის, პატივსაცემად დაერქვა. მან იქ 1906 წელს პირველი ქვანახშირის საბადო აამოქმედა. ლონგირი ყველაზე დიდი დასახლებაა სვალბარდზე. იქ დაახლოებით 2 000 მოსახლეა. ამ თითქოსდა ხელუხლებელი ბუნების წიაღში თანამედროვე ქალაქია გაშენებული. ქალაქში არის სუპერმარკეტი, ფოსტა, ბანკი, საჯარო ბიბლიოთეკა, სკოლები, საბავშვო ბაღები, სასტუმროები, კაფეები, რესტორნები და საავადმყოფო. ქალაქს თავისი გაზეთიც აქვს. ლონგირი უკიდურეს ჩრდილოეთში (ჩ. გ. 78 გრადუსის ფარგლებს გარეთ) ყველაზე დიდი დასახლებაა.

ჩვენ ძველი მეშახტეების საცხოვრებელში დავბინავდით. იქიდან კარგად ჩანს ლონგირი და დიდებული მთა იორთფიელეთი. ოქტომბრის თვეა, მთები თოვლით არის დაფარული. ველზე ჯერ არ მოუთოვია, მაგრამ მიწა მაინც გაყინულია. ეს არის მარადი გაყინულობის ქვეყანა. ზაფხულში მიწის ზედაპირი მხოლოდ ცოტა ხნით თბება. თბილი ქარისა და ოკეანის დინების გამო ჰავა აქ უფრო ზომიერია, ვიდრე იმავე განედის სხვა ადგილებში. ვხედავთ, როგორ ამოიწვერა მთებზე მზე, ველს კი ისევ მოლურჯო ჩრდილი აფენია. 26 ოქტომბრიდან 16 თებერვლის ჩათვლით ლონგირში მზე არ ამოდის. მაგრამ ზამთრის სიბნელეს ხშირად ჩრდილოეთის ციალი ფანტავს. სვალბარდზე გაზაფხულისა და ზაფხულის თვეებში მზე შუაღამითაც ანათებს; ლონგირში ეს პერიოდი 20 აპრილიდან 23 აგვისტომდე გრძელდება.

ფლორა და ფაუნა

გარეთ -8 C-ია, ცივი ქარი უბერავს და ცა მოწმენდილია. ჩვენ ექსკურსიისთვის მზად ვართ. გიდს სორკუფოგენის მთაზე ავყავართ, შემდეგ კი ლონგირის მყინვარის სანახავად მივდივართ. გაყინულ მთებზე ასვლისას გიდი გვეუბნება, რომ გაზაფხულზე და ზაფხულში აქ ყვავილების თვალწარმტაცი სანახაობა იშლება. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ სვალბარდი მცენარეებით მდიდარია; აქ დაახლოებით 170 სახეობის ყვავილოვანი მცენარე ხარობს. ყველაზე გავრცელებულია თეთრი და ყვითელი სვალბარდის ყაყაჩო და სურნელოვანი იისფერი ქვატეხია.

მთის დათოვლილ კალთებზე სვალბარდის მუდმივ ბინადარს, გნოლთეთრას, შევხვდით. მიმომფრენი ფრინველებიდან აქ შეიძლება მსხვილნისკარტა კაირასის, მცირე ლურიკის, თოლიათა ნაირსახეობისა და შინდისფერი მექვიშიას ნახვა. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს არქტიკული თევზიყლაპია. მიგრაციის პერიოდში ბევრი თევზიყლაპია ანტარქტიდამდეც კი მიფრინავს.

ჩვენ ყარსაღის ნაკვალევსაც წავაწყდით. ის ფრთხილი ცხოველია და, ძირითადად, ლეშითა და ცხოველების ნარჩენებით იკვებება, მაგრამ ბარტყებსა და ჩიტის კვერცხებზეც არ ამბობს უარს. სვალბარდზე ყარსაღის გარდა ბინადრობს სხვა ძუძუმწოვარა ცხოველი — უწყინარი ჩრდილოეთის ირემი. სვალბარდზე რამდენჯერმე ახლოდან ვნახეთ ეს ირემი. ის მშვიდად გვიმზერდა; ჩვენ ახლოს მივედით და სურათები გადავუღეთ. ამ მოკლეფეხებიან ირემს სქელი ბეწვი აქვს; ახლა, შემოდგომით, ის საკმაოდ ჩასუქებულია. ამ ცხიმის წყალობით მას ცივი ზამთარი გადააქვს.

ზოგი არქტიკის ცხოველთა მეფეს, თეთრ დათვს, წყლის ძუძუმწოვრად მიიჩნევს, რადგან უმეტეს დროს ის ყინულზე ატარებს და სელაპებზე ნადირობს. სვალბარდზე მოხეტიალე თეთრი დათვის ნახვა თითქმის ყველგან შეიძლება. მაგრამ ჩვენს გიდს იმედი აქვს, რომ არ გადავეყრებით მას. თეთრი დათვი ძალიან აგრესიულია, ამიტომ გიდს თოფი აქვს წამოღებული. 1973 წელს თეთრ დათვზე ნადირობა აიკრძალა. ამიტომ, თეთრი დათვის მოკვლის ნებისმიერი შემთხვევა ხელისუფლების მხრიდან უყურადღებოდ არ რჩება. თუმცა დღეს სვალბარდზე საკმაოდ ბევრი თეთრი დათვია, მათ სერიოზული საფრთხე ემუქრებათ. ერთი შეხედვით არქტიკა შეიძლება სუფთა მოგეჩვენოთ, მაგრამ ტოქსიკური ნივთიერებები, მაგალითად პოლიქლორირებული ბიფენილი, გარემოს აბინძურებს. ტოქსიკური ნივთიერებები ჭარბად არის თეთრი დათვის ორგანიზმში, რადგან ის კვების ჯაჭვის უკანასკნელ რგოლში შედის. ტოქსინები მათ გამრავლებას აფერხებს.

ჩვენ სორკუფოგენის მწვერვალზე ავედით. თვალწინ ულამაზესი ხედი გადაგვეშალა — შორს უამრავი დათოვლილი მწვერვალი მოჩანს. სამხრეთ-დასავლეთით არის შთამბეჭდავი, მზის სხივებში გახვეული მრგვალი მთა ნურდენშიოლდფიელეტი. ჩვენ დაბლა ლონგირია, ზემოთ კი — ცისფერი არქტიკული ცა. ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს დედამიწის „მწვერვალზე“ ვიმყოფებით. რამდენიმე პურის ნაჭრით წავიხემსეთ და შავი მოცხრის ცხელი სასმელი დავაყოლეთ; ეს სასმელი ძალიან პოპულარულია მთამსვლელებში. ცოტა რომ მოვძლიერდით, ლონგირის მყინვარის გზით დავეშვით.

ქვანახშირის საბადო და გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ძველი ქვანახშირის საბადოს ნახვა ძალიან საინტერესო იყო. გამოცდილმა, ჩაფსკვნილმა მეშახტემ გიდობა გაგვიწია. მან გვიჩვენა მესამე საბადო, რომელიც ლონგირთან ახლოს მდებარეობდა. ჩვენ კომბინიზონები ჩავიცვით, თავზე ფარნიანი კასკები დავიხურეთ და გიდთან ერთად შახტაში ჩავედით. როგორც გვითხრეს, XX საუკუნის დასაწყისში ქვანახშირის მოპოვება სვალბარდზე მთავარი საარსებო წყარო იყო. წლების მანძილზე მეშახტეებს გაუსაძლის პირობებში უწევდათ ცხოვრება. ისინი გადიოდნენ გრძელ გვირაბებს, რომელთა სიმაღლე ზოგან 70 სანტიმეტრს არ აღემატებოდა. ჩვენც მოვსინჯეთ ასეთ გვირაბში გავლა; გულწრფელად შეგვეცოდა მეშახტეები, რომლებიც ადრე აქ მძიმედ შრომობდნენ და ნახშირითა და მტვრით გაჟღენთილ ჰაერს სუნთქავდნენ. გარდა იმისა, რომ მათ საშინელი ხმაურის ატანა უწევდათ, ისინი გამუდმებით გვირაბის აფეთქების ან ჩამონგრევის საშიშროების წინაშე იდგნენ. დღეს აქ უკვე ქვანახშირის მოპოვების თანამედროვე მეთოდებს იყენებენ. ქვანახშირის მოპოვება სვალბარდის ეკონომიკის ძირითად საყრდენს წარმოადგენს, თუმცა ბოლო დროს ინტენსიურად ვითარდება ტურიზმიც.

ადამიანები ყოველთვის არ უფრთხილდებიან არქტიკის ფლორასა და ფაუნას. ვეშაპებზე, მორჟებზე, ირმებზე, თეთრ დათვებსა და სხვა ცხოველებზე ნადირობამ სვალბარდზე მათი გადაშენების საშიშროება შექმნა. მაგრამ გარემოს დაცვის კანონებით შესაძლებელი გახდა გადაშენების პირას მისული ზოგი ცხოველის გადარჩენა.

„გეოლოგთა სამოთხე“

სვალბარდს „გეოლოგთა სამოთხეს“ უწოდებენ. მცენარეები მეჩხერად იზრდება, ამიტომ იქაური ლანდშაფტი გეოლოგიის დასურათებულ წიგნს მოგაგონებთ. ადვილად შესამჩნევია მთების გეოლოგიური აგებულება, მკვეთრად გამოხატული შრეებით, რომლებიც ძალიან ჰგავს უზარმაზარი ნამცხვრის ფენებს. აქ შეიძლება ნახოთ დედამიწის ისტორიის ყველა პერიოდის გეოლოგიური ფენები. ზოგი მათგანი ქვიშისა და თიხისგან წარმოიქმნა, სხვები კი — ცოცხალი ორგანიზმების ნაშთებისგან. საუკუნეების განმავლობაში თიხით დაიფარა ბევრი მკვდარი მცენარე თუ ცხოველი და მათი ანაბეჭდები დღემდე შემოინახა. ასეთი ნაშთები თითოეული გეოლოგიური ეპოქის ფენებში მოიპოვება.

სვალბარდის მუზეუმში ვნახეთ თერმოფილურ ანუ სითბოს მოყვარულ მცენარეთა თუ ცხოველთა ნაშთები, რაც ცხადყოფს, რომ არქიპელაგზე ჰავა ერთ დროს გაცილებით თბილი იყო, ვიდრე ახლა. სვალბარდზე ნახშირის ფენის სისქე ზოგან 5 მეტრს აღწევს! ნახშირის შრეებში აღმოაჩინეს როგორც წიწვოვანი, ისე ფოთლოვანი ხეების გაქვავებული ნაშთები. ასევე აღმოაჩინეს მცენარეულობით მკვებავი დინოზავრის ნაკვალევი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ერთ დროს აქ თბილი ჰავა იყო და უამრავი მცენარე ხარობდა.

რამ გამოიწვია ასეთი დიდი კლიმატური ცვლილებები? ამ კითხვით მივმართეთ ლონგირის სამთო მრეწველობის დირექტორატის წარმომადგენელს გეოლოგ ტურფინ შეარნეთს. მან გვითხრა, რომ გეოლოგთა უმეტესობის აზრით, ამის მთავარი მიზეზი კონტინენტების დრეიფია (მოძრაობა). გეოლოგები ამბობენ, რომ სვალბარდი მდებარეობს ტექტონურ ფილაზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სამხრეთიდან, შესაძლოა, ეკვატორიდან, ჩრდილოეთისკენ მოძრაობდა. თანამგზავრის საშუალებით დადგინდა, რომ ყოველწლიურად სვალბარდი ჩრდილო-აღმოსავლეთით ორიოდე სანტიმეტრით გადაადგილდება.

ჩვენი თვითმფრინავი სვალბარდს ტოვებს; ნანახი თვალწინ გვიდგა: უზარმაზარი არქტიკული ლანდშაფტი, ცხოველები და მცენარეები. ყოველივე ამან დაგვაფიქრა, რამდენად მრავალფეროვანია შემოქმედება, რამდენად პატარაა მასთან შედარებით ადამიანი და რამდენად ვზრუნავთ დედამიწაზე. როცა ჩვენმა თვითმფრინავმა სამხრეთისკენ აიღო გეზი, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვავლეთ თვალი ყინულის კუნძულებს; დავინახეთ, როგორ ამოეყოთ დათოვლილ მწვერვალებს ღრუბლებში თავი და როგორ ბრწყინავდნენ ისინი ვარდისფრად შუადღის მზეზე.

[რუკა 24 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ჩრდილოეთი პოლუსი

გრენლანდია

სვალბარდი

ლონგირი

75° ჩ. გ.

ისლანდია

ნორვეგია

60° ჩ. გ.

რუსეთი

[სურათი 25 გვერდზე]

ლონგირის დასახლება.

[სურათი 25 გვერდზე]

მრავალი ყვავილოვანი მცენარე, მათ შორის იისფერი ქვატეხია, არქტიკის მკაცრ კლიმატს უძლებს.

[საავტორო უფლება]

Knut Erik Weman

[სურათი 25 გვერდზე]

სვალბარდის გნოლთეთრა და ჩრდილოეთის ირემი.

[საავტორო უფლება]

Knut Erik Weman