არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდები და ინტერნეტი

ახალგაზრდები და ინტერნეტი

ახალგაზრდები და ინტერნეტი

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ბავშვი შუაღამისას ქუჩაში მარტო დახეტიალებს.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მოზარდი შვილი სახლში წვეულებას მართავს, თქვენ კი ამის შესახებ არაფერი იცით.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილი სახლის გასაღების დუბლიკატს აკეთებს და მას სრულიად უცნობ პირებს აძლევს.

თუ თქვენი შვილი ინტერნეტს იყენებს, ზემოთ აღწერილი სიტუაციები შეიძლება არც ისე წარმოუდგენელი აღმოჩნდეს, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. „ინტერნეტი ადამიანებს ერთმანეთთან შეხვედრის უამრავ საშუალებას სთავაზობს, განცხადებების ელექტრონული დაფითა თუ სწრაფი შეტყობინებით დაწყებული და იმ ვებ-გვერდებით დამთავრებული, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებლებს ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლიათ“, — ნათქვამია ჟურნალში „საიენს ნიუსი“.

ახალგაზრდები სწრაფად უღებენ ალღოს ინტერნეტს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 2004 წლის მონაცემებით მხოლოდ შეერთებულ შტატებში 12—17 წლის ასაკის ყოველი ათი მოზარდიდან ცხრა ინტერნეტით სარგებლობდა. დღეისათვის ინტერნეტი მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეშია ხელმისაწვდომი.

ცოტა თუ უარყოფს იმას, რომ ინტერნეტი სასარგებლოა. მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ის შეიძლება სახიფათოც აღმოჩნდეს. მაგალითად, ბევრი ახალგაზრდა ელექტრონულ „ქუჩებში მარტო დაეხეტება“ და ურთიერთობას იწყებს ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც თქვენ, და თქვენი შვილიც კი, სახლში არასოდეს დაპატიჟებდით.

ზოგი მიამიტი ახალგაზრდა უცნობ ადამიანს ინტერნეტში საკუთარი თავის შესახებ დაწვრილებით უყვება ყველაფერს, უზიარებს თავის ფიქრებს და სურათებსაც კი უგზავნის. როგორც ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი ძენ იანი ამბობს, ახალგაზრდები „ხშირად ვერ ათვითცნობიერებენ, თუ რამდენი ადამიანის ხელში ვარდება მათი ინფორმაცია, მათ შორის იმ ადამიანების ხელში, რომლებიც ახალგაზრდებზე ნადირობენ სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით“.

მოდი განვიხილოთ, თუ რას აკეთებს მრავალი ახალგაზრდა ინტერნეტში. ეს დაგვეხმარება, წინასწარ დავინახოთ, რა პრობლემები შეიძლება შეექმნას ჩვენს შვილს ინტერნეტით სარგებლობისას; გავარკვიოთ, რას ეძებს ის კომპიუტერში და გავიგოთ, რა მოთხოვნილებები აქვს მას და როგორ დავეხმაროთ. ეს იმაშიც დაეხმარება ქრისტიან ახალგაზრდებს, რომ ამ მძიმე დროში სირთულეების მიუხედავად ღვთის ერთგულები დარჩნენ (2 ტიმოთე 3:1—5).