არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდებს დახმარება სჭირდებათ

ახალგაზრდებს დახმარება სჭირდებათ

ახალგაზრდებს დახმარება სჭირდებათ

მსოფლიოში გამუდმებით იცვლება ცხოვრების წესი. ამას დიდად უწყობს ხელს თანამედროვე ტექნიკა, რომლის გამოც ასეთი ცვლილებები დღითი დღე უფრო შესამჩნევი ხდება. ის, რაც გუშინ მოდაში იყო, დღეს უკვე დავიწყებას მიეცა; ხოლო ის, რითაც დღეს ყველა არის გატაცებული, ხვალ აღარავის ემახსოვრება. ასეთი სწრაფი ცვლილებები ახალგაზრდებზე დიდ გავლენას ახდენს.

მნიშვნელოვანი ცვლილებები საზოგადოებაში

ბოლო წლებში ტექნიკის განვითარებამ ძირეული ცვლილებები გამოიწვია, რამაც დიდი გავლენა იქონია ახალგაზრდებზე. მაგალითად, მრავალ ქვეყანაში მობილური ტელეფონი და კომპიუტერი მოზარდთა ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. კომპიუტერული ქსელი მომხმარებელს უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს. „შეიძლება მეგობარი არ გყავდეს, მაგრამ როგორც კი ინტერნეტში შეხვალ, ასობით მეგობარს შეიძენ“, — ამბობს 19 წლის ავსტრალიელი გოგონა.

ცოტა თუ უარყოფს იმას, რომ მობილურ ტელეფონს და ინტერნეტს მრავალმხრივ მოაქვს სარგებლობა. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, მრავალ ადამიანს მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორი დონალდ რობერტსი აღნიშნავს, რომ ზოგ სტუდენტს „ლექციებს შორის შესვენების დროს, ათიდან თერთმეტ საათამდე, არ შეუძლია, რომ მობილურზე რამდენიმე წუთი მაინც არ ილაპარაკოს. როგორც ვატყობ, ისინი დისკომფორტს გრძნობენ, თუ არავის ესაუბრებიან“.

ზოგი ახალგაზრდა აღიარებს, რომ მიჯაჭვულია მობილურს და ინტერნეტს. 16 წლის სტეფანი ამბობს: „მობილურს თითქმის ხელიდან არ ვუშვებ — ხან ვლაპარაკობ, ხან შეტყობინებებს ვგზავნი. ამის წყალობით მეგობრებთან მუდმივი კავშირი მაქვს. როცა სახლში ვბრუნდები, მაშინვე ინტერნეტში შევდივარ და გვიანობამდე, ზოგჯერ დილის 3 საათამდე ვარ ჩართული“. ამის გამო, სტეფანის სატელეფონო გადასახადი ყოველთვიურად 100—500 დოლარს შეადგენს. „დღემდე ჩემს მშობლებს, ყოველთვიური გადასახადის გარდა, 2 000 დოლარზე მეტი აქვთ გადახდილი ჩემი გულისთვის. მიუხედავად ამისა, იმდენად შევეჩვიე მობილურს, რომ მის გარეშე უკვე ვეღარ ვძლებ“.

პრობლემები მხოლოდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. ანთროპოლოგმა ელინორ ოქსმა, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებს იკვლევდა, შენიშნა, რომ სამიდან ორ შემთხვევაში სამსახურიდან დაბრუნებულ მეუღლეს ცოლ-შვილი იმდენად დაკავებული ხვდებოდა ელექტრონულ „მეგობრებთან“ ურთიერთობით, რომ მის მოსვლას თითქმის ვერ ამჩნევდნენ. ოქსი ამბობს: „ჩვენ ისიც დავინახეთ, რომ მშობლებს უჭირთ ბავშვების სამყაროში შეღწევა“. ის დასძენს, რომ მშობლებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ გამოკვლევაში, შვილები ფაქტობრივად იგნორირებას უკეთებდნენ, რადგან მთლიანად ჩაფლულნი იყვნენ თავიანთ „საქმეში“.

საზიანოა ინტერნეტით ურთიერთობა?

მრავალი მშობელი და მასწავლებელი წუხს იმის გამო, რომ ახალგაზრდები ძალიან დიდ დროს უთმობენ ინტერნეტით სხვებთან ურთიერთობას. ისინი შედიან ინტერნეტ-საიტებზე, სადაც შეუძლიათ შექმნან საკუთარი ვებ-გვერდი, რომელშიც განათავსებენ სურათებს, ვიდეოჩანაწერებსა და ვებ-ლოგებს.

ეს საიტები დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებს შორის, რადგან მათი საშუალებით ისინი ყოველთვის უკავშირდებიან მეგობრებს. მეორე მხრივ, ვებ-გვერდები იმითაც იზიდავს ახალგაზრდებს, რომ ამ გვერდებზე მათ საკუთარი „მეს“ წარმოჩენა და თავიანთი აზრის გამოხატვა შეუძლიათ. გასაგებია, თუ რატომ არის ეს ვებ-გვერდები ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი, რადგან ისინი ისეთ ასაკში არიან, როდესაც საკუთარი თავის შეფასებას იწყებენ და გრძნობებს ისე გამოხატავენ, რომ ამით სხვებზე მოქმედებენ.

კიდევ ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგი ქმნის პერსონალურ ვებ-საიტს, რომელშიც საკუთარ თავს ისეთად აღწერს, როგორიც სურს, რომ იყოს, და არა ისეთად, როგორიც სინამდვილეშია. „ჩემი თანაკლასელი თავს 21 წლისად ასაღებს და ამბობს, რომ ლას-ვეგასში ცხოვრობს“, — გვიყვება ერთი 15 წლის ბიჭი. არადა სინამდვილეში ორივე მათგანი ლას-ვეგასიდან დაახლოებით 1 600 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს.

მოტყუების ასეთი ხერხი ფართოდ არის გავრცელებული. „ინტერნეტში რასაც გინდა იმას იტყვი“, — ამბობს 18 წლის ავსტრალიელი გოგონა. — შეგიძლია სრულიად სხვა პიროვნებად გაასაღო თავი, რადგან დარწმუნებული ხარ, რომ ვერავინ გიცნობს და მშვიდად ხარ. შეგიძლია საკუთარი თავი ისე წარმოაჩინო, რომ სხვებს შენზე დიდი წარმოდგენა შეუქმნა. ვებ-გვერდზე შეგიძლია ისეთი სურათები განათავსო, რომელთაც მონტაჟი აქვს გაკეთებული და სადაც ისე ხარ გამოწყობილი და ისეთ რამეს აკეთებ, რაზეც ვერც კი იოცნებებდი. შეგიძლია ისეთი რამე დაწერო, რასაც პირისპირ ვერავის ეტყოდი. ყოველთვის შეგიძლია თავი აარიდო პასუხისმგებლობას, რადგან არავინ იცის, სინამდვილეში ვინა ხარ და სად იმყოფები“.

ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საკომუნიკაციო საშუალებას, ინტერნეტში ურთიერთობასაც ახლავს დადებითი თუ უარყოფითი მხარეები. მშობლებო, იცით რას აკეთებენ თქვენი შვილები ინტერნეტში? ხართ დარწმუნებულნი, რომ ისინი დროს გონივრულად იყენებენ? * (ეფესოელები 5:15, 16). ინტერნეტის გამოყენებამ შეიძლება მრავალი სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენოს ახალგაზრდები. რა საფრთხე შეიძლება იყოს ეს?

ინტერნეტის კიდევ უფრო საზიანო მხარე

რამდენადაც ინტერნეტში ადამიანის ნამდვილი ვინაობის დადგენა რთულია, ეს ხელს აძლევს მათ, ვინც სექსუალური ძალადობის მიზნით ბავშვებზე ნადირობს. ახალგაზრდები შეიძლება თავისდა უნებურად ასეთ მახეში გაებან, თუ საკუთარ თავზე დაწვრილებით მონაცემებს შეიტანენ ინტერნეტში ან შეხვედრაზე დათანხმდებიან მათ, ვისთანაც მიმოწერა აქვთ. ზოგის აზრით, „ბავშვებს ყველაზე დიდი საფრთხე სახლში ან სათამაშო მოედანზე ემუქრებათ“, — ნათქვამია ერთ წიგნში. შემდეგ კი გრძელდება: „მაგრამ არსებობს სხვა საფრთხეც, რომლებსაც მშობლების უმრავლესობა ვერ ამჩნევს — სექსუალური მოძალადეები მათ სახლში კომპიუტერის ეკრანის მეშვეობით აღწევენ და უმანკო ბავშვები მათი მსხვერპლი ხდებიან“ („Parenting 911“).

ინტერნეტს ხშირად სხვა მიზნითაც იყენებენ. ზოგი ახალგაზრდა ებმება „კიბერ-ხულიგნების“ მახეში, რომლებიც მათ განუწყვეტლივ დასცინიან, ამცირებენ, მოსვენებას არ აძლევენ და აშინებენ. ასეთი ვებ-საიტები სხვის დასამცირებლად არის გამიზნული; ელექტრონულ ფოსტას, ვებ-ჩეთებსა და მსგავს საშუალებებს ხშირად ბოროტი ხმების გასავრცელებლად იყენებენ. ინტერნეტის მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვით დაინტერესებული ორგანიზაციის დირექტორი თვლის, რომ ათიდან თოთხმეტ წლამდე ასაკის ბავშვთა თითქმის 80 პროცენტი „კიბერ-ხულიგნების“ აშკარა თუ შენიღბული თავდასხმის მსხვერპლი ხდება.

მართალია, ხულიგნობა ახალი არ არის, მაგრამ ინტერნეტის მეშვეობით დღეს ის გაცილებით დიდ მასშტაბებს იძენს, რადგან ცუდი ხმები, ჭორები და ცილისწამება საოცრად სწრაფად ვრცელდება, თანაც ასეთი ინფორმაცია გაცილებით მეტი ადამიანის ყურამდე აღწევს. „კიბერ-ხულიგნები“ ხშირად საკმაოდ ამაზრზენ მეთოდებსაც მიმართავენ. მაგალითად, ისინი ზოგჯერ კამერიან მობილურ ტელეფონებს სკოლის გასახდელში ან საშხაპეში დებენ და გადაღებულ სურათებსა და ვიდეოჩანაწერებს ინტერნეტით ნებისმიერ მსურველს უგზავნიან.

იზრდება საზოგადოების მღელვარება

ზემოხსენებული პრობლემების გამო ნიუ-ჯერზის (აშშ) კანონისა და სახალხო დაცვის დეპარტამენტმა მშობლებსა და მეურვეებს საგანგებო წერილი გაუგზავნა და მოუწოდა, რომ „მხარში ამოსდგომოდნენ მათ, რადგან მწვავედ იდგა ბავშვების მიერ სკოლაში თუ სკოლის გარეთ ინტერნეტის არასათანადოდ გამოყენების პრობლემა“. წერილში განსაკუთრებული შეშფოთება იყო გამოთქმული იმის გამო, რომ ბავშვები ინტერნეტში პირად ინფორმაციასა და ფოტოსურათებს ათავსებდნენ. ასეთი საიტები მაგნიტივით იზიდავს ზნედაცემულ ახალგაზრდებსა თუ უფროსებს. წერილში აგრეთვე ნათქვამი იყო: „მშობლებო, უნდა გესმოდეთ, რამდენად რეალური საშიშროების წინაშე დგანან ბავშვები, და რომ თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოთ შვილების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში იმით, თუ უკეთ გეცოდინებათ, როგორ იყენებენ ისინი ინტერნეტს“.

სამწუხაროდ, ზოგმა მშობელმა თითქმის არ იცის, რას აკეთებენ მათი შვილები ინტერნეტში. ერთი დედა, რომელიც ყოველთვის აკონტროლებს, თუ რით არის დაკავებული მისი თექვსმეტი წლის გოგონა ინტერნეტში, აღნიშნავს: „მშობლებს რომ სცოდნოდათ, რას განათავსებენ და რაზე მსჯელობენ მათი შვილები ინტერნეტში, თავზარი დაეცემოდათ“. ერთ-ერთი ექსპერტის თქმით ზოგი ახალგაზრდა საიტებზე ისეთ სურათებს განათავსებს, რომლებშიც აშკარად გამომწვევად გამოიყურება.

უარყოფითი გავლენა

რით არის ეს განგაში გამოწვეული? ზედმეტად შეწუხებული უფროსების აკვიატებით ხომ არა, რომლებსაც უკვე დაავიწყდათ მოზარდობის წლები? არა, რადგან სტატისტიკა სულ სხვა რამეზე მეტყველებს. დაფიქრდით ერთ ფაქტზე: ზოგან თხუთმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე ასაკის ახალგაზრდების თითქმის მესამედს უკვე დაწყებული აქვს სქესობრივი ცხოვრება, ხოლო ცამეტიდან ცხრამეტ წლამდე ასაკის მოზარდთა ნახევარზე მეტი ორალურ სექსს მიმართავს.

უწყობს ხელს ტექნიკის განვითარება ამ დამაფიქრებელ სტატისტიკას? უდავოდ. „არაფერი აძლევს მოზარდებს თავის ნებაზე მოქმედების საშუალებას ისე, როგორც მობილური ტელეფონი და ინტერნეტი, რისი მეშვეობითაც ისინი ნებისმიერთან ადვილად შედიან კონტაქტში, რათა მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარონ“, — ნათქვამია გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზში“. მართლაც, იმისათვის, რომ საიდუმლოდ შეხვდეთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, საკმარისია, კომპიუტერის კლავიატურაზე რამდენიმე ღილაკს დააჭიროთ თითი. როგორც ერთი გამოკვლევა ცხადყოფს, ხუთიდან ოთხი გოგონა აღიარებს, რომ მაინცდამაინც არ ფრთხილობს, როდესაც ინტერნეტში შედის.

ზოგს, ვინც ინტერნეტით ეძებს მეგობარ გოგონას ან ბიჭს ერთი დღისთვის თუ უფრო ხანგრძლივი ურთიერთობისთვის, ვერც კი წარმოუდგენია, რა საფრთხეში იგდებს თავს. „იზრდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი“, — ამბობს ქალაქ ნოვატოს (კალიფორნია, აშშ) პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ჯენიფერ უელჩი; ის დასძენს, რომ ბევრი მათგანი ინტერნეტით იწყებს ურთიერთობას მომავალ თავდამსხმელთან, შემდეგ კი შეხვედრაზე თანხმდება.

მოერიდეთ „ქვეყნიერების სიბრძნეს“!

ჟურნალ-გაზეთებში მოცემულ რჩევებში, რომლებიც ახალგაზრდებსა და მათ სქესობრივ ცხოვრებას ეხება, საკმაოდ რბილი მიდგომა შეინიშნება. მართალია, აღნიშნულ პუბლიკაციებში დადებითადაა გაშუქებული ზნეობრივი სიწმინდე თუ თავშეკავება, მაგრამ მათში უმთავრესად „უსაფრთხო“ სექსისკენ არის მოწოდება და არა იმისკენ, რომ საერთოდ უარი თქვან ასეთ კავშირზე. „ჩვენ არ შეგვიძლია ახალგაზრდების შეჩერება, — როგორც ჩანს, ამით იმართლებენ თავს სტატიების ავტორები, — ამიტომ ისღა დაგვრჩენია, რომ მათში პასუხისმგებლობის გრძნობა გავაღვივოთ“.

სტატიაში, რომელიც განთავსებული იყო მოზარდებისთვის განკუთვნილ ერთ ცნობილ ვებ-საიტზე, ახალგაზრდებს, რომლებიც ფიქრობენ, ჰქონდეთ თუ არა სქესობრივი კავშირი სხვასთან, ურჩევდნენ, რომ შემდეგი სამი ფაქტორი გაეთვალისწინებინათ: 1) დაფეხმძიმების რისკი, 2) ვენერული დაავადებების რისკი, და 3) პარტნიორების ემოციური მზადყოფნა. „და მაინც, — ნათქვამი იყო საიტზე, — ის, თუ როგორ მოიქცევით, თქვენი გადასაწყვეტია“. სტატიაში მხოლოდ გაკვრით იყო ნახსენები, რომ ახალგაზრდებს ამ თემაზე მშობლებთან ემსჯელათ. ხოლო იმაზე, მისაღებია თუ არა საერთოდ ასეთი სქესობრივი ურთიერთობები, ერთი სიტყვაც კი არ იყო ნათქვამი.

თუ მშობელი ხართ, უდავოა, არ გენდომებათ, რომ თქვენმა შვილებმა ქვეყნიერების ცვალებადი და უგუნური სიბრძნით იხელმძღვანელონ (1 კორინთელები 1:20). როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ, თავი აარიდონ იმ საფრთხეს, რომელზეც ამ სტატიაში ვისაუბრეთ? ნუ იფიქრებთ, რომ პრობლემას მხოლოდ კომპიუტერის გამორთვით ან ტელეფონის წართმევით გადაჭრით. ზერელე მიდგომით შვილებს ვერ დაეხმარებით (იგავები 4:23). ისიც გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შვილები მობილურსა და ინტერნეტს შეიძლება იმ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყენებდნენ, რომლებსაც თქვენ, როგორც მშობელი, ყველაზე უკეთ დაუკმაყოფილებდით. რომელია ეს მოთხოვნილებები?

[სქოლიო]

^ აბზ. 13 ნაცვლად იმისა, რომ შვილებს უბრალოდ დაუშალონ ინტერნეტით სარგებლობა, მშობლები უნდა გაეცნონ იმ საიტებს, რომლებსაც მათი შვილები ყველაზე ხშირად სტუმრობენ. ასეთი სახით მშობლები დაეხმარებიან შვილებს, რომ ‘გაიწაფონ აღქმის უნარი კარგისა და ცუდის გასარჩევად’ (ებრაელები 5:14). ეს მაშინაც დაეხმარებათ შვილებს, როცა ისინი წამოიზრდებიან.

[ჩანართი 4 გვერდზე]

„როცა სახლში ვბრუნდები, მაშინვე ინტერნეტში შევდივარ და გვიანობამდე, ზოგჯერ დილის 3 საათამდე ვარ ჩართული“.

[ჩანართი 5 გვერდზე]

„ინტერნეტში რასაც გინდა იმას იტყვი. შეგიძლია სრულიად სხვა პიროვნებად გაასაღო თავი, რადგან დარწმუნებული ხარ, რომ ვერავინ გიცნობს“.

[ჩანართი 7 გვერდზე]

„მშობლებს რომ სცოდნოდათ, რას განათავსებენ და რაზე მსჯელობენ მათი შვილები ინტერნეტში, თავზარი დაეცემოდათ“.

[ჩარჩო/სურათი 6 გვერდზე]

ურთიერთობა ინტერნეტით ერთი გოგონას შემთხვევა

ჩვენი სკოლის ვებ-გვერდის საშუალებით თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობა დავიწყე. თავიდან ამას კვირაში ერთ საათს ვუთმობდი. მალე ყოველდღე ინტერნეტს „ვსტუმრობდი“ და ამან იმდენად გამიტაცა, რომ სხვა რამის კეთების დროსაც კი თავში სულ ინტერნეტი მიტრიალებდა. სხვა რამეზე ფიქრი უკვე აღარ შემეძლო. ეს ჩემს აკადემიურ მოსწრებაზეც აისახა. ქრისტიანულ შეხვედრებს კი ვესწრებოდი, მაგრამ ფიქრებით სხვაგან ვიყავი. მეგობრებსაც კი ვეღარ ვამჩნევდი. ბოლოს მშობლები მიხვდნენ, რაც მემართებოდა, და ინტერნეტით სარგებლობის დრო შემიზღუდეს. ეს ჩემთვის ძალიან ძნელი იყო და აგრესიულიც კი გავხდი. მაგრამ ახლა მიხარია, რომ მშობლები ასე მოიქცნენ და მეც გონს მოვეგე. ნამდვილად აღარ მინდა, იგივე განმეორდეს!“ (ბიანკა).