არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ბუნების სიბრძნე“

„ბუნების სიბრძნე“

„ბუნების სიბრძნე“

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის იაპონიიდან

ამ თემას მიეძღვნა აიტიში (იაპონია) ჩატარებული გამოფენა „ექსპო — 2005“, რომელშიც 121-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. დამთვალიერებლებს მოუწოდებდნენ, ესწავლათ ბუნებისგან და „ყველანაირად ეცადათ, მოეძებნათ ახალი გზები ბუნებაში არსებული ბალანსის შესანარჩუნებლად“. გამოფენა ჩატარდა იაპონიის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ნაგოიას მახლობლად. იმ ადგილს, სადაც ექსპოზიცია მოეწყო, თავისებურ ხიბლს სძენდა ტყეები, ტბები და ყვავილები. მნახველთა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა „მსოფლიო ბილიკად“ წოდებული 2,6 კილომეტრის სიგრძის გზა, რომელიც გარკვეულ სიმაღლეზე იყო გაყვანილი. დაახლოებით 21 მეტრის სიგანის ამ გზიდან სხვა ყველაფერთან ერთად დამთვალიერებელთა თვალწინ ბუნების უმშვენიერესი პანორამა იშლებოდა.

ბუნებასთან შერწყმული

იაპონიის პავილიონი ძალიან ჰგავდა აბრეშუმის ჭიის უშველებელ პარკს, რადგან ის მთლიანად დაფარული იყო ბამბუკის 23 000 ერთმანეთში ჩაწნული ღეროთი, რაც პავილიონს მზისგან იცავდა. ბამბუკის ღეროების სიგრძე საშუალოდ 7 მეტრს შეადგენდა, ხოლო რაც შეეხება ნაგებობას, მისი სიმაღლე 19 მეტრი იყო, სიგრძე — 90, სიგანე კი — 70 მეტრი. ასეთი ზომების გამო ის მსოფლიოში ბამბუკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნაგებობად ითვლება. პავილიონში განთავსებული იყო სფერული ფორმის 360-გრადუსიანი ეკრანი. 12,8 მეტრის დიამეტრის მქონე სფეროს შიგნით მოხვედრილ დამთვალიერებლებს ამ უზარმაზარ ეკრანზე შეუძლიათ სხვადასხვა კადრებს მიადევნონ თვალი და, ასე ვთქვათ, თავი დედამიწის შიგნით, ბუნების წიაღში იგრძნონ.

მულტიმედიური გამოსახულების წყალობით მალაიზიის პავილიონში წარმოდგენილი იყო ქვეყნის ტენიანი ტროპიკული ტყეები და მარჯნის რიფები. ტაილანდის პავილიონში დამთვალიერებლებს შესთავაზეს 2004 წლის 26 დეკემბერს ცუნამის შედეგად დატრიალებული უბედურების ამსახველი კადრები, რაც მნახველებს შეახსენებდა, რომ „ადამიანი უძლურია ბუნების წინაშე“. სამხრეთ აფრიკის საგამოფენო დარბაზში, სადაც ყურადღება ექცეოდა ცხოველთა გადაშენების პრობლემას, წარმოდგენილი იყო ზებრის ერთ-ერთი სახეობის, კვაგას, გამოსახულება. კვაგა ერთ დროს სამხრეთ აფრიკის ტრამალებში ლაღად ნავარდობდა, სანამ ის 19 საუკუნეში ნადირობის შედეგად არ გადაშენდა.

მთავარი პავილიონის მომიჯნავე დარბაზში თქვენ იხილავდით დიდი ხნის წინათ გადაშენებულ გაყინულ მამონტს, რომელიც 2002 წელს ციმბირში, ყინულებში იპოვეს. სოფელ იუკაგირის მახლობლად აღმოჩენილ ამ მამონტს, რომელსაც, შესაბამისად, იუკაგირის მამონტი უწოდეს, ორი ვეება ეშვი და ნახევრად ღია თვალები ჰქონდა. თავზე მას ჯერ კიდევ ჰქონდა კანი, რომელიც ბეწვით იყო დაფარული. გამოფენაზე წარმოდგენილი ეს მამონტი კიდევ ერთი მწარე შეხსენება იყო იმისა, თუ რა საშიშროების წინაშე დგას ცხოველთა სამყარო.

რას მოიტანს ხვალინდელი დღე?

როგორ შეუძლიათ ადამიანებს დაიცვან ჩვენი პლანეტის მომავალი და თავი დააღწიონ სხვადასხვა საშიშროებას, მაგალითად, გლობალურ დათბობასა თუ დაბინძურებას? გამოფენაზე აღმართული იყო „ექსპო — 2005“-ის სიმბოლო, უზარმაზარი მწვანე კედელი, რომელსაც „ბიო-ფილტვი“ უწოდეს. ამ კედლის სიგრძე 150 მეტრი იყო, ხოლო სიმაღლე — 15 მეტრი. ის „აგებული“ იყო 200 სახეობის 200 000 მცენარისა თუ ყვავილისგან. ამ გამოფენაზე აღნიშნული იყო, რომ რამდენიმე ასეთი „ფილტვი“, რომლის განახლებაც სეზონურად შეიძლებოდა, ქალაქის „სასუნთქ ორგანოსა“ და ჰაერის ფილტრის ფუნქციას შეასრულებდა — შთანთქავდა ნახშირორჟანგს და გამოყოფდა ჟანგბადს.

გამოფენის ერთ-ერთ ექსპონატს წარმოადგენდა ელექტრომართვადი „ჰიბრიდული“ ავტობუსები. ეს ავტობუსები გამონაბოლქვის სახით მხოლოდ წყლის ორთქლს გამოყოფდა. ტექნიკის მოყვარულთათვის კიდევ ერთი საინტერესო სანახაობა იყო იაპონელების მიერ გამოგონილი მაგნიტური მატარებელი, სახელად „ლინიმო“. ძლიერი მაგნიტური ველის საშუალებით „ლინიმო“ რელსებიდან 8 მილიმეტრით არის აწეული. ამის წყალობით რელსიდან რელსზე გადასვლისასაც ის უხმაუროდ მოძრაობს და მგზავრი ვერაფერს გრძნობს. გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო აკუმულატორზე მომუშავე ტრამვაი, „ველოსიპედი-ტაქსი“ და ავტობუსის მსგავსი სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალება. მათი მართვა მძღოლის გარეშეც შეიძლება. ეს მომავლის ტრანსპორტი ორ-ორად ან სამ-სამად დადიოდა. ისინი საწვავად იყენებდნენ ბუნებრივ აირს, რომელიც ჩვეულებრივ საწვავზე უფრო სუფთაა.

წარმოიდგინეთ, რომ ორგანული ნარჩენები, როგორიცაა, მაგალითად, საკვების ნარჩენი, გარდაიქმნას ელექტრობად ან სასუქად. სწორედ ამ ფუნქციას ასრულებდა გამოფენაზე დამონტაჟებული ელექტროსადგური, რომელიც მეთანის ფერმენტაციის პრინციპზე მუშაობდა. ნარჩენების დაწვის ნაცვლად ამ დანადგარში მათი გადამუშავების შედეგად მიიღებოდა მეთანის აირი, საიდანაც შემდგომ წყალბადის მიღება ხდებოდა. სათბობი ელემენტები, რომლებიც ქიმიური რეაქციებით წარმოქმნიან ელექტრულ დენს, წყალბადის ჟანგვით წარმოქმნიდნენ ელექტრობას. ამავე დროს, ამ პროცესის შედეგად მიიღებოდა წყალი და სასუქი. ფაქტობრივად, ამ დანადგარის საშუალებით ხდებოდა გამოფენაზე დარჩენილი ორგანული ნარჩენების გადამუშავება, მიღებული ელექტროენერგიით კი „ექსპო — 2005“-ის რამდენიმე პავილიონი მარაგდებოდა.

რობოტექნიკის დარგში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რათა გამოეგონებინათ მსუბუქი რობოტი, რომელიც ადამიანებს პირად დახმარებას გაუწევდა. ამ დარგში მიღწეული წინსვლის წარმოსაჩენად ერთ-ერთი პავილიონის ცენტრში გაკეთებული იყო სცენა, რომელზეც შვიდი რობოტი მნახველებს მუსიკის ჰანგებით „ატკბობდა“. რობოტებიდან ზოგი „თითების“ ოსტატური მოძრაობით ჩასაბერ ინსტრუმენტებზე უკრავდა, ზოგი კი — დოლზე. „ისინი ისე ბუნებრივად და სხარტად მოძრაობდნენ, რომ ადამიანისგან ძლივს გაარჩევდით“, — თქვა ერთმა მნახველმა.

ორ სხვა მაღალტექნოლოგიურ აღმოჩენას წარმოადგენდა სიმინდის სახამებლისგან თუ მსგავსი პროდუქტებისგან დამზადებული პლასტმასა, რომელსაც მიკროორგანიზმები ადვილად შლიან. კიდევ ერთი აღმოჩენა იყო ნანობურთულები — აირის პაწაწინა ბურთულები, რომელთა დიამეტრიც 200 ნანომეტრზე ნაკლებია. ადამიანის თმის დიამეტრი დაახლოებით 50 000 ნანომეტრია. ჩვეულებრივ ასეთი პატარა ბურთულები არამდგრადია და ადვილად სკდება. მაგრამ, იაპონელმა მეცნიერებმა შეძლეს ჟანგბადის მდგრადი ნანობურთულების მიღება, რომელთა საშუალებითაც „თევზებსა და მოლუსკებს შეუძლიათ გარემოს ცვლილებებთან შეგუება“. ჟანგბადის ნანობურთულებით გაჟღენთილ აკვარიუმში თავს კარგად გრძნობდნენ როგორც მტკნარი წყლის, ისე ზღვის ბინადარნი. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ ახალ ტექნოლოგიას დანერგავენ მეთევზეობაში, სოფლის მეურნეობასა და მრეწველობის სხვა დარგებში.

ყურს უგდებს მსოფლიო „ბუნების სიბრძნეს“?

მართალია, ამ გამოფენაზე ხაზი ესმებოდა იმის აუცილებლობას, რომ მსოფლიომ ყური უნდა დაუგდოს „ბუნების სიბრძნეს“, მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტები საწინააღმდეგოზე მეტყველებს. უმეცრება, სიხარბე და კორუფცია ფარავს ბუნების ქომაგთა ხმას. შედეგად, დედამიწა იქცა „დასახიჩრებულ პლანეტად“, როგორც ეს ერთ-ერთ ექსპონატზე ეწერა. მათაც კი, ვისაც კარგი განზრახვები ამოძრავებთ, არ იციან, როგორ შეიძლება გადაიჭრას ადამიანთა პრობლემები და გამოსწორდეს დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობა. ამის მიზეზი ის არის, რომ, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ადამიანური ცოდნა და სიბრძნე არ არის ამისთვის საკმარისი (იერემია 10:23). მაგრამ მდგომარეობა უიმედო არ არის. რატომ შეიძლება ამის თქმა?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სიბრძნის უზენაესი წყარო — ჩვენი შემოქმედი — ჩაერევა დედამიწის საქმეებში მანამ, სანამ ადამიანები გაანადგურებენ მის ხელთა ქმნილებას (გამოცხადება 4:11; 11:18). „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი  . . . თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“, — ნათქვამია ფსალმუნის 37:10, 11-ში. მართლაც, ჩვენ გონივრულად მოვიქცევით, თუ ყურს დავუგდებთ ბუნების ხმას, მაგრამ გაცილებით გონივრული იქნება, თუ მოვუსმენთ შემოქმედს — ვიკითხავთ მის სიტყვას, წმინდა ბიბლიას, და ნასწავლს ცხოვრებაში გამოვიყენებთ (2 ტიმოთე 3:16). ყველა, ვინც ასე მოიქცევა, იხილავს, თუ როგორ განიკურნება ჩვენი „დასახიჩრებული“ პლანეტა და როგორ გადაიქცევა ის სამოთხედ (ლუკა 23:43).

[სურათი 24 გვერდზე]

ნანობურთულებიანი ექსპონატი.

[სურათი 24 გვერდზე]

ავტობუსები მძღოლის გარეშე.

[სურათი 24, 25 გვერდზე]

სფერული ფორმის 360-გრადუსიანი ეკრანი.

[სურათი 25 გვერდზე]

„ბიო-ფილტვი“. 200 სახეობის 200 000 მცენარისგან „აგებული“ კედელი.

[სურათი 25 გვერდზე]

რობოტები ხალხს მუსიკის ჰანგებით „ატკბობენ“.