არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავმდაბლობა სისუსტის მაჩვენებელია თუ სიმტკიცის?

თავმდაბლობა სისუსტის მაჩვენებელია თუ სიმტკიცის?

ბიბლიის თვალსაზრისი

თავმდაბლობა სისუსტის მაჩვენებელია თუ სიმტკიცის?

ამაყ და თავდაჯერებულ ადამიანს ხალხი ხშირად მისაბაძ პიროვნებად მიიჩნევს, თავმდაბალ და რბილი ხასიათის მქონეს კი — სუსტ, გაუბედავ და პირმოთნე ადამიანად. მართლა სისუსტის მაჩვენებელია თავმდაბლობა? ან შეიძლება ითქვას, რომ სიამაყე სიმტკიცის ნიშანია? რას ამბობს ბიბლია ამაზე?

თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლია დადებითად მოიხსენიებს გარკვეული სახის სიამაყეს. მაგალითად, ქრისტიანებს უნდა ეამაყებოდეთ, რომ იეჰოვა მათი ღმერთია და რომ ის იცნობს მათ (ფსალმუნი 47:4; იერემია 9:24; 2 თესალონიკელები 1:3, 4). მშობლებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი შვილებით, რომლებიც სანიმუშო ყოფაქცევით გამოირჩევიან და გაბედულად იცავენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას (იგავები 27:11). მაგრამ, სიამაყეს უარყოფითი მხარეებიც აქვს.

რა არის სინამდვილეში სიამაყე და თავმდაბლობა?

ერთ-ერთი განმარტების თანახმად სიამაყე არის თვისება, რომელიც ახასიათებს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანს. ასეთი სიამაყე ადამიანში წარმოშობს ისეთ გრძნობას, თითქოს ის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა და სხვებზე მაღლა დგას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მისი გარეგნობა, წარმომავლობა, სოციალური მდგომარეობა, ნიჭი თუ სიმდიდრე (იაკობი 4:13—16). ბიბლია მოიხსენიებს „გაყოყოჩებულ“ ადამიანებს (2 ტიმოთე 3:4). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ შექმნილი საკუთარ თავზე, რაც ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

თავმდაბლები კი, პირიქით, ცდილობენ, საკუთარი თავი ობიექტურად შეაფასონ, აღიარონ თავიანთი არასრულყოფილება და ის, რომ ღვთის წინაშე დაბალი მდგომარეობა უკავიათ (1 პეტრე 5:6). გარდა ამისა, ისინი აღიარებენ, რომ სხვებს მათზე უკეთესი თვისებები აქვთ, და ხარობენ კიდეც ამით (ფილიპელები 2:3). ამიტომ მათ არავისი არ შურთ (გალატელები 5:26). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნამდვილი თავმდაბლობა ხელს უწყობს იმას, რომ ადამიანს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს სხვებთან და თავადაც ემოციურად მდგრადი და მტკიცე ხასიათის მქონე პიროვნება იყოს.

დავფიქრდეთ იესოს მაგალითზე. დედამიწაზე მოსვლამდე ზეცაში ის ძლიერი სულიერი ქმნილება იყო; დედამიწას ის სრულყოფილ, უცოდველ ადამიანად მოევლინა (იოანე 17:5; 1 პეტრე 2:21, 22). გონიერებით, ცოდნითა და ნიჭით ის ყველა ადამიანზე შეუდარებლად მაღლა იდგა, მაგრამ არასოდეს არ ტრაბახობდა ამით; პირიქით, ის ყოველთვის თავმდაბლობით გამოირჩეოდა (ფილიპელები 2:6). მან ფეხებიც კი დაბანა თავის მოციქულებს; ასევე, ის გულწრფელ ინტერესს ავლენდა ბავშვების მიმართ (ლუკა 18:15, 16; იოანე 13:4, 5). ერთხელ მან ბავშვი დაიყენა გვერდით და თქვა: „ვინც ამ ბავშვივით დაიმდაბლებს თავს, ის იქნება ყველაზე დიდი ზეციერ სამეფოში“ (მათე 18:2—4). მართლაც, იესოსა და იეჰოვას თვალში „დიდად“ ის ითვლება, ვინც თავმდაბალია და არა ამაყი (იაკობი 4:10).

თავმდაბლობა სიმტკიცის მაჩვენებელია

მართალია იესო თავმდაბალი ადამიანი იყო, მაგრამ ვერავინ იტყოდა, რომ ის პირმოთნე, სუსტი ან გაუბედავი იყო. ის გაბედულად აცხადებდა ჭეშმარიტებას და ხალხის არ ეშინოდა (მათე 23:1—33; იოანე 8:13, 44—47; 19:10, 11). ამის გამო იესოს ზოგმა მოწინააღმდეგემაც კი გამოავლინა პატივისცემა მის მიმართ (მარკოზი 12:13, 17; 15:5). მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, იესო არასოდეს ბატონობდა ხალხზე. პირიქით, ის თავისი თავმდაბლობით, სიკეთითა და სიყვარულით იზიდავდა ადამიანებს და მათ სიყვარულს იმსახურებდა. ამაყები ვერასდროს შეძლებენ, იესოს მსგავსად მოიგონ ადამიანთა გულები (მათე 11:28—30; იოანე 13:1; 2 კორინთელები 5:14, 15). დღესაც კი, მილიონობით ადამიანს ქრისტესადმი გულწრფელი სიყვარული და ღრმა პატივისცემა აღძრავს, რომ ერთგულად დაემორჩილონ მას (გამოცხადება 7:9, 10).

ღვთის სიტყვა თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს, რადგან თავმდაბალი ადამიანი მზად არის რჩევის მისაღებად და სხვებსაც სიხარულით უზიარებს ცოდნას (ლუკა 10:21; კოლოსელები 3:10, 12). მჭევრმეტყველ აპოლოსის, პირველი საუკუნის ქრისტიანი მასწავლებლის, მსგავსად, თავმდაბლები მზად არიან, ზუსტი ინფორმაციის მოსმენის შემდეგ ცვლილებები მოახდინონ ცხოვრებაში (საქმეები 18:24—26). მათ არ ერიდებათ კითხვების დასმა, მაშინ როცა ამაყები ხშირად ამისგან თავს იკავებენ იმის შიშით, რომ მათი უცოდინარობა არ გამოაშკარავდეს.

ყურადღება მივაქციოთ პირველ საუკუნეში მცხოვრები ეთიოპი საჭურისის მაგალითს, რომელსაც ვერ გაეგო წმინდა წერილის გარკვეული მონაკვეთი. „გესმის, რასაც კითხულობ?“ — ჰკითხა მას ქრისტიანმა მოწაფე ფილიპემ. ეთიოპმა უპასუხა: „როგორ გავიგებ, თუ არავინ მასწავლა?“ მართლაც დიდი თავმდაბლობა გამოავლინა საჭურისმა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თავის ქვეყანაში, როგორც ჩანს, ის საკმაოდ ცნობილი ადამიანი იყო! თავმდაბლობა დაეხმარა მას, ღრმად ჩასწვდომოდა წმინდა წერილებს (საქმეები 8:26—38).

ეთიოპისგან განსხვავებით, იუდეველი მწიგნობრები და ფარისევლები საკუთარ თავს თავისი დროის რელიგიური წრეების ყველაზე წარჩინებულ პირებად მიიჩნევდნენ (მათე 23:5—7). ნაცვლად იმისა, რომ თავმდაბლად მოესმინათ იესოსა და მისი მიმდევრებისთვის, ისინი დასცინოდნენ მათ და ცდილობდნენ, ნაკლი ეპოვათ მათში. ამგვარად, სწორედ მათი სიამაყე გახდა იმის მიზეზი, რომ ისინი სულიერ სიბნელეში დარჩნენ (იოანე 7:32, 47—49; საქმეები 5:29—33).

რბილი თიხა ხართ თუ მაგარი?

ბიბლია იეჰოვას მეთუნეს ადარებს, ადამიანებს კი — თიხას (ესაია 64:8). თავმდაბლობა ადამიანს ეხმარება, რომ ღვთის ხელში რბილი თიხა იყოს, რათა ღმერთმა ის სასურველ ჭურჭლად გამოძერწოს; ამაყები კი გამომშრალ, მაგარ თიხას ჰგვანან, რომელიც არაფრისთვის არ ვარგა. სწორედ ასეთ თიხას შეიძლება შევადაროთ ძველი ეგვიპტის ამაყი ფარაონი, რომელმაც არაფრად ჩააგდო იეჰოვა, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა (გამოსვლა 5:2; 9:17; ფსალმუნი 136:15). იმას, რაც დაემართა ფარაონს, კარგად გამოხატავს ბიბლიური იგავი: „სიამაყე წინ უძღვის დაცემას, ამპარტავნობის სული — წაბორძიკებას“ (იგავები 16:18).

ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, არ იძლევა იმის საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ღვთის ხალხს არ სჭირდება ბრძოლა სიამაყის დასაძლევად. მაგალითად, იესოს მოციქულები ხშირად კამათობდნენ იმაზე, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი (ლუკა 22:24—27). მაგრამ სიამაყემ ვერ გაიდგა მათში ფესვი, რადგან ისინი უსმენდნენ იესოს და საბოლოოდ შეიცვალეს აზროვნება.

„თავმდაბლობასა და იეჰოვას შიშს სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლე მოაქვს“, — წერდა სოლომონი (იგავები 22:4). მართლაც საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ განვივითაროთ თავმდაბლობა. ის მხოლოდ სიმტკიცის მაჩვენებელი და სასურველი თვისება როდია; თავმდაბლობა გვეხმარება, ღვთის კეთილგანწყობა დავიმსახუროთ და ჯილდოდ მარადიული სიცოცხლე მივიღოთ (2 სამუელი 22:28; იაკობი 4:10).

გიფიქრიათ?

ყველა სახის სიამაყეა მიუღებელი? (2 თესალონიკელები 1:3, 4).

▪ როგორ უწყობს ხელს თავმდაბლობა სწავლას? (საქმეები 8:26—38).

▪ სჭირდებათ თუ არა ღვთის მსახურებს თავმდაბლობის განვითარება? (ლუკა 22:24—27).

▪ რა მომავალი ელით თავმდაბალ ადამიანებს? (იგავები 22:4).

[სურათი 20, 21 გვერდზე]

იესო იზიდავდა ბავშვებს, რადგან ის თავმდაბალი იყო.