არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მე სწორი არჩევანი გავაკეთე

მე სწორი არჩევანი გავაკეთე

მე სწორი არჩევანი გავაკეთე

მოგვითხრო სონია აკუნია კევედომ

ბანკში მაღალ თანამდებობაზე გადასვლა შემომთავაზეს. ეს საკმაოდ პრესტიჟული სამსახური იყო და თუ შემოთავაზებულ წინადადებას დავთანხმდებოდი, მაღალი ანაზღაურება მექნებოდა. სწორედ ამ დროს შემომთავაზეს, რომ დაშორებულ ტერიტორიაზე არსებულ კრებაში სრული დროით მქადაგებლად მემსახურა. ახლა, როდესაც 32 წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას ვიხსენებ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

დედა კათოლიკურ ოჯახში აღიზარდა, თუმცა მას ეჭვი ეპარებოდა იმაში, რასაც მისი რელიგია ასწავლიდა. მას უკვირდა, რატომ იყო მიღებული ადამიანის ხელით გაკეთებული გამოსახულებების თაყვანისცემა. დედას ჭეშმარიტება გულწრფელად აინტერესებდა, ამიტომ კითხვებზე პასუხების მისაღებად ერთი ეკლესიიდან მეორეში მიდიოდა, მაგრამ მისი კითხვები უპასუხოდ რჩებოდა.

ჩვენი ოჯახი ტუსტლაში (მექსიკა) ცხოვრობდა. ერთ დღეს, როდესაც დედაჩემი ეზოში იჯდა, მასთან იეჰოვას მოწმე მივიდა. მას შემდეგ, რაც დედამ თავის კითხვებზე ბიბლიიდან მიიღო პასუხები, მოისურვა, რომ ისევ შეხვედროდა მოწმეს. როდესაც მოწმემ კვლავ მიაკითხა, დედა მას ადვენტისტთან, კათოლიკე მღვდელთან და ნაზარეთელთა ეკლესიის მოძღვართან ერთად დახვდა. დედამ შაბათთან დაკავშირებით დასვა კითხვა და მხოლოდ მოწმისგან მიიღო დამაკმაყოფილებელი პასუხი, რომელიც ბიბლიაზე იყო დაფუძნებული. უფრო მეტიც, ამ ოთხიდან მხოლოდ მოწმეს ჰქონდა ბიბლია. ბიბლიის შესწავლის დაწყებიდან ექვს თვეში, 1956 წელს, დედა მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. მაშინ რვა წლის ვიყავი.

მამა გულწრფელად წუხს

მამას წინააღმდეგობა არ გაუწევია დედისთვის, როცა მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მაგრამ, როდესაც დედამ ოთხივე შვილთან (ჩემთან, ჩემს დასთან და ორ ძმასთან) დაიწყო ბიბლიის შესწავლა და კრებებზე სიარული, მამამ ლიტერატურა გაუნადგურა. ის დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ ვცდებოდით. ამიტომ, შეეცადა, კათოლიკური ბიბლიით დაემტკიცებინა, რომ მოწმეებმა ხალხის მოსატყუებლად თავიანთ ბიბლიაში ღვთის სახელი, იეჰოვა, ჩაამატეს. მაგრამ მას შემდეგ, რაც დედამ ეს სახელი კათოლიკურ ბიბლიაში უჩვენა, მამა გაოცდა და იეჰოვას მოწმეების მიმართ თავისი თვალსაზრისი თანდათანობით შეიცვალა (ფსალმუნი 83:18).

მექსიკაში განსაკუთრებულ მოვლენად ითვლება გოგონას დაბადების დღე, როდესაც მას 15 წელი უსრულდება. დაბადების დღის აღნიშვნას ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია, ამიტომ მე უკვე აღარ ვზეიმობდი ჩემს დაბადების დღეს *. მაგრამ მამას ძალიან უნდოდა, განსაკუთრებული საჩუქარი გაეკეთებინა ჩემთვის. მასთან მივედი და ვუთხარი: „ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ის იქნება, თუ ჩემთან ერთად წამოხვალ იეჰოვას მოწმეთა მომდევნო კონგრესზე“. მამა დამთანხმდა და ბიბლიისადმი მისი ინტერესიც გაიზარდა.

ერთ ღამეს საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ქარმა ელექტროკაბელი გაწყვიტა. კაბელი მამას დაეცა და დენმა დაარტყა. ის მძიმედ დაშავდა და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. როდესაც საავადმყოფოში იწვა, ადგილობრივი მოწმეები 24 საათის განმავლობაში მას თავზე ადგნენ. ძმების მიერ გამოვლენილი ქრისტიანული სიყვარული მამას ყოველთვის ახსოვდა. მოგვიანებით მან ქადაგება დაიწყო და იეჰოვას თავი მიუძღვნა. სამწუხაროდ, ნათლობამდე ერთი თვით ადრე, 1975 წლის 30 სექტემბერს მამა გარდაიცვალა. მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა მას კვლავ ვნახავთ (საქმეები 24:15).

ოჯახის კარგი მაგალითი

ჩემი უფროსი და კარმენი ყოველთვის ძალიან აფასებდა სრული დროით მსახურებას. 1967 წელს, ნათლობიდან მალევე, მან პიონერად დაიწყო მსახურება და თვეში დაახლოებით 100 საათს ქადაგებდა. გარკვეული დროის შემდეგ ის გადავიდა ტოლუკაში (ცენტრალური მექსიკა). მე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ბანკში დავიწყე მუშაობა. მოვინათლე 1970 წლის 18 ივლისს.

სრული დროით მსახურებამ კარმენს დიდი სიხარული მოუტანა. ის მეც მეუბნებოდა, რომ ტოლუკაში გადავსულიყავი და მასთან ერთად მემსახურა. სრული დროით მსახურებაზე მას შემდეგ დავიწყე ფიქრი, რაც მოვისმინე მოხსენება იმის შესახებ, რომ იესოს მიმდევრებს რწმენა და ცოდნა ღვთის განსადიდებლად უნდა გამოეყენებინათ (მათე 25:14—30). საკუთარ თავს კითხვა დავუსვი: „მაქსიმალურად ვიყენებ ამ ყოველივეს ღვთის განსადიდებლად?“ ასეთმა ფიქრებმა აღმძრა, რომ იეჰოვასთვის უფრო მეტი გამეკეთებინა.

არჩევნის გაკეთება

1974 წელს პიონერად დავიწყე მსახურება სხვა ტერიტორიაზე. ამის შემდეგ, მალევე ტოლუკას კრების უხუცესმა სამსახურში დამირეკა. „ჩვენ აქ გელოდებით. რატომ არ ჩამოხვედი?“, — მკითხა მან. თურმე ტოლუკაში ვყოფილვარ სპეციალურ პიონერად დანიშნული, მაგრამ არ ვიცოდი, რადგან დანიშვნის წერილი, როგორც ჩანს, გზაში დაიკარგა და ჩემამდე ვერ მოაღწია (სპეციალური პიონერები მსახურობენ იქ, სადაც მათ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია აგზავნის).

ბანკში მაშინვე შევატყობინე, რომ სამსახური უნდა დამეტოვებინა. „სონია, — მითხრა ჩემმა უფროსმა და ფურცელი გამომიწოდა, — ახლახან გვაცნობეს, რომ შენ და კიდევ ექვსი ქალი არჩეულნი ხართ მენეჯერის თანაშემწეებად. ჩვენს ბანკში ქალებს არასოდეს უმუშავიათ ასეთ მაღალ თანამდებობაზე. თანახმა ხარ, შეასრულო ახალი მოვალეობა?“ როგორც დასაწყისშიც მოვიხსენიე, უფროსი საკმაოდ პრესტიჟულ ადგილს მთავაზობდა და ხელფასიც მაღალი მექნებოდა. უფროსს მადლობა გადავუხადე და ასეთი შემოთავაზების მიუხედავად, ვუთხარი, რომ გადაწყვეტილი მქონდა უფრო მეტი გამეკეთებინა ღვთის მსახურებაში. მან მითხრა: „კეთილი, როგორც გენებოს, მაგრამ თუ სამსახურში დაბრუნებას გადაწყვეტ, ნებისმიერ დროს სიამოვნებით მიგიღებთ“. ორი დღის შემდეგ მე უკვე ტოლუკაში ვიყავი.

სპეციალურ პიონერად მსახურება მექსიკაში

ტოლუკაში კარმენს უკვე ორი წელი ჰქონდა სპეციალურ პიონერად ნამსახურები, როდესაც მასთან ჩავედი. ძალიან ბედნიერები ვიყავით, რომ კვლავ ერთად ვმსახურობდით. მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან სამი თვის შემდეგ დედა ავარიაში მოყვა და მას მოვლა სჭირდებოდა. ძმებთან მსჯელობის შემდეგ, რომლებიც იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მსახურობდნენ, გადაწყდა, რომ კარმენი სახლში დაბრუნდებოდა. ის დედას 17 წელი უვლიდა. ამ პერიოდის განმავლობაში კარმენი პიონერად მსახურობდა. ის ბიბლიის შემსწავლელებს სახლში ეპატიჟებოდა, რადგან დედისთვისაც უნდა მიეხედა.

1976 წელს ტეკამაჩალკოში განვაგრძე მსახურება. ამ ქალაქის ერთ მხარეს ღარიბები ცხოვრობენ, მეორე მხარეს კი — მდიდრები. ბიბლიის შესწავლა დავიწყე ერთ გაუთხოვარ ხანდაზმულ ქალბატონთან, რომელიც თავის მდიდარ ძმასთან ცხოვრობდა. როდესაც მან თავის ძმას უთხრა, რომ სურდა იეჰოვას მოწმე გამხდარიყო, ის სახლიდან გაგდებით დაემუქრა მას. მიუხედავად ამისა, ეს თავმდაბალი ქალბატონი არ შეუშინდა ძმის მუქარას და მოინათლა. ძმამ დანაპირები შეასრულა და ის სახლიდან გააგდო. მართალია, ეს ქალი 86 წლის იყო, ის ბოლომდე მიენდო იეჰოვას. მასზე კრების წევრები ზრუნავდნენ. სიკვდილამდე ის ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას.

გალაადის“ სკოლა და ბოლივიაში მსახურება

ტეკამაჩალკოში ხუთი შესანიშნავი წელი გავატარე. შემდეგ მიმიწვიეს „გალაადის“ სკოლაში, რომელიც მექსიკაში პირველად ჩატარდა (ეს იყო სკოლა „გალაადის“ ფილიალი, რომელიც ნიუ-იორკში ტარდება). დედაჩემი და კარმენი მეუბნებოდნენ, რომ უარი არ მეთქვა ამ მიწვევაზე. ასე რომ, წავედი მეხიკოში არსებულ ფილიალში, სადაც სწავლების ათკვირიანი კურსი გავიარე. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. 1981 წლის 1 თებერვალს „გალაადის“ სკოლის დამთავრების შემდეგ დამნიშნეს ლა-პასში (ბოლივია), ენრიკეტა აიალასთან (ახლა ფერნანდესი) ერთად.

როდესაც ლა-პასის აეროპორტში ჩავედით, ჩვენს შესახვედრად ძმები ჯერ არ იყვნენ მოსულები. „მოდი დრო არ დავკარგოთ და ვიქადაგოთ“, — ვუთხარით ერთმანეთს და აეროპორტში ქადაგება დავიწყეთ. სამი ნაყოფიერი საათის შემდეგ ფილიალიდან გამოგზავნილი ძმები მოვიდნენ. მათ ბოდიში მოგვიხადეს და გვითხრეს, რომ კარნავალის გამო ქუჩები გადაკეტილი იყო.

ქადაგება „ღრუბლებს ზემოთ“

ლა-პასი ზღვის დონიდან დაახლოებით 3 625 მეტრზე მდებარეობს, ასე რომ დროის უმეტეს ნაწილს ღრუბლებს ზემოთ ვატარებდით. ჟანგბადის უკმარისობის გამო სუნთქვა მიჭირდა და მსახურებაში მალე ვიღლებოდი. მართალია, ერთი წელი დამჭირდა, რომ ასეთ მაღალ ადგილს შევგუებოდი, მაგრამ იმ კურთხევებთან შედარებით, რაც იეჰოვასგან მქონდა, ფიზიკური სირთულეები არაფერი ჩანდა. მაგალითად, 1984 წლის ერთ მშვენიერ დღეს, საქადაგებლად ავედი მთის ფერდობზე, სადაც ყველაზე მაღალ ადგილზე ერთი სახლი იდგა. ძალიან დაღლილი ვიყავი. დავაკაკუნე და კარი ქალმა გააღო. საუბარი საინტერესოდ წარიმართა, რის შემდეგაც ვუთხარი, რომ რამდენიმე დღეში კვლავ მივაკითხავდი.

„რაღაც მეეჭვება“, — მითხრა მან. მაგრამ მე სიტყვა შევასრულე და მივედი. ამ ქალბატონმა მთხოვა, რომ მისი ქალიშვილისთვის ბიბლია მესწავლებინა. „ეს მშობლების პასუხისმგებლობაა, — ვუთხარი მე, — მაგრამ თუ თქვენ გინდათ, მე სიამოვნებით გავაკეთებ ამას“. ის დამთანხმდა და თვითონაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა. მან წერა-კითხვა არ იცოდა, ამიტომ სწავლა დავიწყეთ ბროშურით „ვისწავლოთ წერა-კითხვა“, რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

როდესაც ამ ქალბატონთან მივდიოდი, მისი ბავშვები ერთმანეთს ხელს ჰკიდებდნენ, ცოცხალ ჯაჭვს ქმნიდნენ და ფერდობზე ასვლაში მეხმარებოდნენ. დროთა განმავლობაში მთელი ოჯახი — მამა, დედა და რვა შვილი — იეჰოვას თაყვანისმცემლობაში გაერთიანდა. ამ ქალის სამი ქალიშვილი პიონერია, ერთ-ერთი ვაჟი კი კრებაში უხუცესად მსახურობს. მისი მეუღლე მომსახურე იყო კრებაში. სამწუხაროდ, 2000 წელს ის გარდაიცვალა. როდესაც ვფიქრობ ამ შესანიშნავ ოჯახზე და მათ ერთგულებაზე, გული სიხარულით მევსება. მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ მომცა შესაძლებლობა, დავხმარებოდი ამ ოჯახს.

კვლავ კარმენთან ერთად

1997 წელს დედის გარდაცვალების შემდეგ კარმენი კვლავ სპეციალურ პიონერად დანიშნეს. 1998 წელს ის ბოლივიაში, კოჩაბამბაში მისიონერის სტატუსით გამოგზავნეს საქადაგებლად. 18 წლის შემდეგ ჩვენ ისევ ერთად ვიყავით. კოჩაბამბაში მსახურება ჩვენთვის დაუვიწყარი იყო. იქ კლიმატიც იმდენად სასიამოვნოა, რომ, როგორც იქაურები ამბობენ, მერცხლები ამ ადგილს არასოდეს ტოვებენ. ამჟამად ჩვენ ვმსახურობთ მაღლობზე გაშენებულ თვალწარმტაც ქალაქ სუკრეში (ბოლივია), რომლის მოსახლეობაც 220 000-ს შეადგენს. ერთ დროს პატარა ვატიკანად წოდებულ ამ ქალაქში, სადაც ბევრი კათოლიკური ეკლესია იყო, დღეს იეჰოვას მოწმეთა ხუთი კრებაა.

ჩემსა და კარმენის სრული დროით მსახურების წლებს თუ შევაჯამებთ, მთლიანობაში ორივეს სამოც წელზე მეტი გამოგვდის. ჩვენ უზომოდ ბედნიერები ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა ასზე მეტ ადამიანს დავხმარებოდით, იეჰოვას მსახურები გამხდარიყვნენ. მართლაც, იეჰოვასთვის მთელი სულითა და გულით მსახურებას ცხოვრებაში ყველაზე დიდი კურთხევები მოაქვს! (მარკოზი 12:30).

[სქოლიო]

^ აბზ. 8 ბიბლიაში მოხსენიებულია მხოლოდ ორი დაბადების დღე, რომლებიც წარმართული ღვთაებების თაყვანისმცემლებმა აღნიშნეს. ეს დაბადების დღეები უარყოფით კონტექსტში მოიხსენიება (დაბადება 40:20—22; მარკოზი 6:21—28). ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, რომ საჩუქრები გავუკეთოთ ერთმანეთს გულით და არა საზოგადოებისა თუ თანატოლების გავლენით (იგავები 11:25; ლუკა 6:38; საქმეები 20:35; 2 კორინთელები 9:7).

[სურათი 15 გვერდზე]

ამ ოჯახთან ბიბლიის შესასწავლად მთის ფერდობზე ავდიოდი.

[სურათი 15 გვერდზე]

მსახურებაში ჩემს დასთან, კარმენთან (მარჯვნივ), ერთად.