არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ მოვიქცე, თუ ვინმემ სექსი შემომთავაზა?

როგორ მოვიქცე, თუ ვინმემ სექსი შემომთავაზა?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ მოვიქცე, თუ ვინმემ სექსი შემომთავაზა?

„ახალგაზრდები ხშირად იკრიბებიან, რათა ერთმანეთთან სექსი ჰქონდეთ და თანაც, რაც შეიძლება მეტთან“ (პენი) *.

„ბიჭები დაუფარავად ლაპარაკობენ სექსზე. ისინი ტრაბახობენ, რომ ჰყავთ მეგობარი გოგონა და ამავე დროს ბევრ სხვასთანაც დადიან“ (ედვარდი).

„მათ, ვინც კავშირის დამყარებას მთავაზობდა, თავში მხოლოდ სექსი უტრიალებდათ. უარს ვეუბნებოდი, მაგრამ მაინც არ მეშვებოდნენ“ (იდა).

დღეს ახალგაზრდები ხშირად დროის გასატარებლად ერთად იკრიბებიან და ერთმანეთთან სქესობრივ კავშირს ამყარებენ. ამ დროს პარტნიორებს ერთმანეთის მიმართ არანაირი რომანტიკული გრძნობა არა აქვთ. მათ მხოლოდ სექსი აინტერესებთ *. ზოგი ახალგაზრდა იმითაც კი ტრაბახობს, რომ ჰყავს „მეგობარი“, ვისთანაც ნებისმიერ დროს შეუძლია ჰქონდეს სქესობრივი კავშირი ყოველგვარი სერიოზული განზრახვების გარეშე. „ამ დროს პარტნიორები წუთიერ სიამოვნებას განიცდიან, — ამბობს ერთი ახალგაზრდა გოგონა. — იღებ იმას, რაც გინდა და მერე შენს გზაზე მიდიხარ“.

შენ, როგორც ქრისტიანი, უნდა ‘გაექცე სიძვას’ * (1 კორინთელები 6:18). ამის ცოდნა ალბათ გეხმარება, მოერიდო ისეთ სიტუაციებს, რომლებიც ცდუნების წინაშე დაგაყენებდა და ცოდვას ჩაგადენინებდა. თუმცა, ზოგჯერ მაცდუნებელი სიტუაციები შეიძლება შენდა უნებურად შეიქმნას. „სკოლაში ბევრი ბიჭი სექსს მთავაზობს“, — ამბობს სინდი. მსგავსი რამ შეიძლება სამსახურშიც მოხდეს. მარგარეტი ყვება: „ჩემმა მენეჯერმა სქესობრივი კავშირის დამყარება შემომთავაზა. ის იმდენად დაჟინებით მთხოვდა ამას, რომ იძულებული გავხდი, სამსახურისთვის თავი დამენებებინა“.

მეორე მხრივ, არ გაგიკვირდეს, თუ გული გარკვეულწილად გონების საწინააღმდეგოს გეუბნება. „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია“, — ამბობს ბიბლია (იერემია 17:9). ერთმა გოგონამ, სახელად ლურდესმა, საკუთარ თავზე გამოსცადა ამ სიტყვების ჭეშმარიტება. ის აღიარებს: „მე მომწონდა ის ბიჭი, რომელმაც სექსი შემომთავაზა“. ჯეინსაც ჰქონდა მსგავსი შემთხვევა. ერთმა ბიჭმა მასაც შესთავაზა სექსი. ჯეინი გვიმხელს: „ძალიან გამიჭირდა უარის თქმა, რადგან მის მიმართ სერიოზული გრძნობები მქონდა“. ედვარდიც, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, აღიარებს, რომ პატიოსნების შენარჩუნება ადვილი არ არის. ის ამბობს: „ბევრი გოგო მთავაზობს სექსს. მათთვის უარის თქმა ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს“.

თუ შენც ისეთივე სირთულის დაძლევა გიწევს, რომლის წინაშეც ლურდესი, ჯეინი და ედვარდი იდგნენ, და აკეთებ იმას, რაც იეჰოვას თვალში სწორია, ნამდვილად იმსახურებ შექებას. შენთვის მანუგეშებელი იქნება იმის ცოდნა, რომ პავლე მოციქულიც გამუდმებით ებრძოდა თავის არასწორ მიდრეკილებებს (რომაელები 7:21—24).

რომელი ბიბლიური პრინციპები უნდა გახსოვდეს, როდესაც ვინმე მოულოდნელად სექსს გთავაზობს?

რატომ არის მიუღებელი უკანონო სექსი?

ბიბლია განსჯის დაუქორწინებლებს შორის სქესობრივ ურთიერთობას. სიძვა იმდენად სერიოზული ცოდვაა, რომ ის, ვინც ამ ცოდვას სჩადის, ‘ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს’ (1 კორინთელები 6:9, 10). ცდუნებას რომ წინააღმდეგობა გაუწიო, ისეთივე თვალსაზრისი უნდა გქონდეს, როგორიც იეჰოვას აქვს. თავად შენ უნდა გინდოდეს, რომ ზნეობრივი სიწმინდე შეინარჩუნო.

„დარწმუნებული ვარ, რომ იეჰოვას გზა ყველაზე საუკეთესოა ცხოვრებაში“, — კარენი (კანადა).

„ადამიანი ძალიან ბევრ რამეს კარგავს, როდესაც წუთიერი სიამოვნების გულისთვის იეჰოვას ზნეობრივ კანონებს უგულებელყოფს“, — ვივიენი (მექსიკა).

„გახსოვდეს, რომ ვიღაცის შვილი, აგრეთვე მრავალი ადამიანის მეგობარი და კრების წევრი ხარ. შენ ყველას გულს ატკენ, თუ ცდუნებას აჰყვები“, — პიტერი (დიდი ბრიტანეთი).

მოციქულმა პავლემ დაწერა: „ყოველთვის შეამოწმეთ, რა არის მოსაწონი უფლისთვის“ (ეფესოელები 5:10). თუ ისეთივე თვალსაზრისი გექნება სიძვაზე, როგორიც იეჰოვას, მაშინ ‘შეიძულებ ბოროტებას’, თუნდაც ის მიმზიდველი ჩანდეს შენი არასრულყოფილი სხეულისთვის (ფსალმუნი 97:10).

წაიკითხე დაბადების 39:7—9. ყურადღება მიაქციე, თუ რამ შეაძლებინა იოსებს, მტკიცე წინააღმდეგობა გაეწია ცდუნებისთვის.

იამაყე შენი რწმენით

ჩვეულებრივ, ახალგაზრდები გაბედულად გამოთქვამენ თავიანთ შეხედულებებს და იცავენ მათ. როგორც ქრისტიანს, პატივი გაქვს, შენი სამაგალითო ქცევით ღვთის სახელი დაიცვა. არ შეგრცხვეს შენი შეხედულების, რომელიც ქორწინებამდელ სექსზე გაქვს.

„თავიდანვე მტკიცედ გამოხატე შენი პოზიცია ზნეობრივ პრინციპებთან დაკავშირებით“, — ალენი (გერმანია).

„ნუ მოგერიდება შენი რწმენის“, — ესთერი (ნიგერია).

„სექსთან დაკავშირებით შენს პოზიციას თანატოლები პატივისცემით არ მოეკიდებიან, თუ ეტყვი, რომ, მაგალითად, მშობლებს არ სურთ, ვინმეს ხვდებოდე. შენ უნდა უთხრა მათ, რომ თავად არ გსურს მათთან შეხვედრა“, — ჯენეტი (სამხრეთი აფრიკა).

„იმ ბიჭებმა, რომლებთან ერთადაც სკოლაში ვსწავლობდი, იცოდნენ ვინ ვიყავი და იმასაც ხვდებოდნენ, რომ ჩემთან ვერაფერს გახდებოდნენ“, — ვიკი (შეერთებული შტატები).

როდესაც საკუთარ რწმენას იცავ, ამით ამტკიცებ, რომ მოწიფული ქრისტიანი ხდები (1 კორინთელები 14:20).

წაიკითხე იგავების 27:11. შენი საქციელით შეგიძლია მხარი დაუჭირო ყველა დროის უმნიშვნელოვანეს საკითხს — იეჰოვას სახელის განწმენდას!

იყავი მტკიცე!

არას თქმა მნიშვნელოვანია. მაგრამ ზოგმა შეიძლება არასწორად გაიგოს შენი უარი და ჩათვალოს, რომ უბრალოდ „თავს იფასებ“.

„როდესაც უარს ამბობ, ვინმე შეიძლება ამას გამოწვევად იღებდეს, დაბრკოლებად, რომელიც უნდა გადალახოს, და უფრო მეტად შეეცადოს შენს დაყოლიებას“, — ლორენი (კანადა).

„ყველაფერი — შენი ჩაცმულობა, საუბარი, ის, თუ ვისთან გაქვს ურთიერთობა, და ხალხისადმი შენი დამოკიდებულება — შენს მტკიცე პოზიციაზე უნდა მეტყველებდეს“, — ჯოი (ნიგერია).

„შენი უარი მტკიცე და გასაგები უნდა იყოს“, — დანიელი (ავსტრალია).

„იყავი გაბედული! როდესაც ერთმა ბიჭმა მხარზე ხელი დამადო, რითაც მიმახვედრა, რომ ჩემთან სქესობრივი კავშირის დამყარება უნდოდა, მე მკაცრად ვუთხარი, რომ ხელი ჩამოეღო, და გაბრაზებული გავშორდი“, — ელენი (დიდი ბრიტანეთი).

„მკაცრად უნდა უთხრა, რომ ასეთი რამ შენ არ გაინტერესებს და ეს არასოდეს მოხდება. ამ დროს ტონის შერბილება არ გამოგადგება“, — ჯენი (შოტლანდია).

„ერთი ბიჭი მოსვენებას არ მაძლევდა და სარკასტული სიტყვებითაც მომმართავდა. ერთხელაც ძალიან მკაცრად დაველაპარაკე. მხოლოდ ამის შემდეგ შემეშვა“, — ხუანიტა (მექსიკა).

„საჭიროა გასაგებად უთხრა, რომ ასეთ რამეზე არასოდეს დათანხმდები. არასოდეს მიიღო საჩუქრები იმ ბიჭებისგან, რომლებიც შენს დაყოლიებას ცდილობენ. თუ საჩუქარზე უარს არ იტყვი, მათ შეიძლება ისარგებლონ ამით და სანაცვლოდ რაღაც მოგთხოვონ“, — ლორა (დიდი ბრიტანეთი).

იეჰოვა დაგეხმარება, თუ ცდილობ, მტკიცე პოზიცია დაიკავო. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ფსალმუნმომღერალ დავითს შეეძლო იეჰოვასთვის ეთქვა: „ერთგულს ერთგულებით უპასუხებ“ (ფსალმუნი 18:25).

წაიკითხე 2 მატიანეს 16:9. ყურადღება მიაქციე, რამდენად სურს იეჰოვას მათი დახმარება, ვინც მთელი გულით არის მასთან.

იყავი წინდახედული

ბიბლიაში ნათქვამია: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება“ (იგავები 22:3). შენ შეძლებ ამ რჩევის გათვალისწინებას, თუ იქნები წინდახედული.

„თავი რაც შეიძლება შორს დაიჭირე მათგან, ვინც გამუდმებით ასეთ თემებზე საუბრობს“, — ნაომი (იაპონია).

„მოერიდე ისეთ ახალგაზრდებს და ისეთ სიტუაციებს, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეგიქმნან. მაგალითად, მე ვიცნობ ისეთებს, რომლებმაც ცდუნებას ვერ გაუძლეს იმის გამო, რომ სასმელი ჰქონდათ დალეული“, — იშა (ბრაზილია).

„ნუ მისცემ მათ შენს მისამართსა თუ ტელეფონის ნომერს“, — დაიანა (დიდი ბრიტანეთი).

„დაფიქრდი, კლასელებთან მისალმებისას თუ ღირს, გადაეხვიო მათ“, — ესთერი (ნიგერია).

„ყურადღება მიაქციე შენს ჩაცმულობას. გამომწვევად არ გეცვას“, — ჰაიდი (გერმანია).

„შენთვის დამცავი იქნება მშობლებთან კარგი ურთიერთობა და ამ სიტუაციის შესახებ მათთან საუბარი“, — აკიკო (იაპონია).

დაუკვირდი შენს საუბარს, ქცევებს, იმას, თუ ვისთან გაქვს ურთიერთობა, და ადგილებს, სადაც ხშირად დადიხარ. შემდეგ ჰკითხე საკუთარ თავს: სხვებს ისეთ შთაბეჭდილებას ხომ არ ვუტოვებ, თუნდაც ჩემდა უნებურად, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ შემომთავაზონ სექსი?

წაიკითხე დაბადების 34:1, 2. ყურადღება მიაქციე, რა სამწუხარო შედეგი მოუტანა ერთ გოგონას, სახელად დინას, შეუფერებელ ადგილზე ყოფნამ.

გახსოვდეს, იეჰოვა ღმერთი ძალიან სერიოზულად უყურებს უკანონო სექსს და ეს შენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ბიბლიაში ნათქვამია: „არც მეძავს, არც უწმინდურს . . . არა აქვს მემკვიდრეობა ღვთისა და ქრისტეს სამეფოში“ (ეფესოელები 5:5). იმის კეთებით, რაც სწორია, სუფთა სინდისს და ღირსების გრძნობას შეინარჩუნებ. ერთი გოგონა, სახელად კარლი, ამ აზრს შემდეგნაირად გამოხატავს: „არ დაუშვა, რომ ვინმემ წუთიერი სიამოვნებისთვის გამოგიყენოს! გაუფრთხილდი იმას, რისთვისაც აქამდე ძალ-ღონე არ დაგიშურებია — ზნეობრივ სიწმინდეს!“

სხვა სტატიების ნახვა რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ შეგიძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.watchtower.org/ype

დაფიქრდი

▪ რატომ არის უკანონო სექსი მიუღებელი მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება მიმზიდველი ჩანდეს არასრულყოფილი სხეულისთვის?

▪ როგორ მოიქცევი, თუ ვინმე სექსს შემოგთავაზებს?

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 6 ამაში აგრეთვე შეიძლება იგულისხმებოდეს ვნებიანი ხვევნა-კოცნა.

^ აბზ. 7 სიძვაში იგულისხმება დაუქორწინებლებს შორის ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სქესობრივი კავშირი, ორალური და ანალური სექსი, ჰომოსექსუალიზმი, სხვა ადამიანის მასტურბაცია და ნებისმიერი მოქმედება, რომლის დროსაც სასქესო ორგანოების უმართებულოდ გამოყენება ხდება.

[ჩარჩო 27 გვერდზე]

▪ ბიბლიაში ნათქვამია, რომ სიძვის ჩამდენი „საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს“ (1 კორინთელები 6:18). რა გაგებით? დაფიქრდი ამაზე და პასუხები ქვემოთ ჩამოწერე.

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

მითითება: ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგეხმარებათ შემდეგი პუბლიკაციები: 2006 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 28, აბზ. 14 და 2002 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 21, აბზ. 17.

[ჩარჩო 29 გვერდზე]

მშობლების საყურადღებოდ

„სკოლაში თანაკლასელმა ურთიერთობა შემომთავაზა. თავიდან ვერ მივხვდი, ამაში რას გულისხმობდა. მაშინ მხოლოდ 11 წლის ვიყავი“, — ლეა.

ბავშვები საკმაოდ ადრეულ ასაკში იგებენ სექსის შესახებ, თანაც არასათანადო სახით. ბიბლიამ დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა, რომ „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო“ დადგებოდა, რადგან იმ დროს ადამიანები იქნებოდნენ „თავშეუკავებლები“ და „უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:1, 3, 4). ახალგაზრდებში გავრცელებული ტენდენცია, რომლის შესახებაც ამ სტატიაში ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ წინასწარმეტყველების უტყუარობას.

ახლანდელი დღეები საკმაოდ განსხვავდება იმ დროისგან, რომელშიც თქვენ გაიზარდეთ. თუმცა, ის პრობლემები, რომლებსაც ახალგაზრდები დღეს ხვდებიან, გარკვეულწილად, მაშინაც არსებობდა. ამიტომ, ძალიან ნუ შეშინდებით და გულს ნუ გაიტეხთ იმ უარყოფითი გარემოს გამო, რომელშიც თქვენს შვილებს უწევთ ყოფნა. ნაცვლად ამისა, ეცადეთ ყველანაირად დაეხმაროთ შვილებს, რომ მოიქცნენ პავლე მოციქულის სიტყვებისამებრ, რომელმაც დაახლოებით 2 000 წლის წინ ქრისტიანებს მოუწოდა: „შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურვლით, რათა მტკიცედ დაუდგეთ ეშმაკის ხრიკებს“ (ეფესოელები 6:11). ფაქტია, რომ ბევრი ქრისტიანი ახალგაზრდა შექებას იმსახურებს იმისთვის, რომ ასეთი უარყოფითი გარემოს მიუხედავად ყველანაირად ცდილობს, აკეთოს ის, რაც სწორია. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, რომ სწორად მოიქცნენ?

ერთი საშუალება ისაა, რომ ამ სტატიის გამოყენებით თქვენს შვილთან იმსჯელოთ. ამ სტატიაში რამდენიმე ადგილას შეხვდებით სიტყვას „წაიკითხე“, რომლის შემდეგაც მოცემულია ფიქრისკენ აღმძვრელი ბიბლიური მუხლები. ზოგ მათგანში აღწერილია მათი მაგალითები, ვინც სწორად მოიქცა და კურთხევები მიიღო, ასევე მათი, ვინც ღვთის კანონი დაარღვია და მწარე შედეგები მოიმკა. ზოგ მუხლში მოცემული პრინციპები კი დაანახვებს თქვენს შვილებს, თუ რა დიდი პატივია მათთვისაც და თქვენთვისაც ღვთის კანონების თანახმად ცხოვრება. კარგი იქნება, თუ არ გადადებთ მათთან ერთად ამ სტატიის განხილვას.

ღვთის ნორმების დაცვა ყოველთვის სასარგებლოა (ესაია 48:17, 18). მათ უგულებელყოფას კი ტკივილი მოაქვს. „გამოიღვიძეთ!“-ის გამომცემლები გისურვებენ, რომ იეჰოვამ გაკურთხოთ თქვენი მცდელობისთვის, შვილებს გულში ღვთის კანონები და პრინციპები ჩაუნერგოთ (კანონი 6:6, 7).

[სურათი 28 გვერდზე]

საჭიროა გასაგებად უთხრა, რომ ასეთ რამეზე არასოდეს დათანხმდები.