საოცრად სიცოცხლისუნარიანი „დათუნია“
საოცრად სიცოცხლისუნარიანი „დათუნია“
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის იაპონიიდან
▪ თითქმის ყველგან, სადაც კი წყალია, იქნება ეს ხავსი, ყინული, მდინარის კალაპოტი, ცხელი წყარო, ტბა, ოკეანე და თუნდაც პატარა გუბე, თქვენ აღმოაჩენთ ერთ-ერთ ყველაზე პაწაწინა ყინვაგამძლე არსებას, რომელიც გარეგნულად ძალიან წააგავს დათვს. მას ნელამავალი ჰქვია. ამ პატარა ქმნილებას, რომელსაც ძლივს თუ შეამჩნევთ, აქვს დამცავი საფრით (კუტიკულით) დაფარული მოკლე ოთხსეგმენტიანი სხეული და რვა ფეხი, რომლებიც ბრჭყალებით ბოლოვდება.
როგორც თვით სახელიც გვიჩვენებს, ნელამავალი ძალიან ნელა გადაადგილდება. ამ ტიპის ასობით სახეობაა ცნობილი. მდედრები ერთ ჯერზე 1-დან 30-მდე კვერცხს დებენ. რამდენიმე მუჭა სველ ქვიშასა თუ ნიადაგში შეიძლება ათობით ათასი ნელამავალი შეგხვდეთ. მათთვის ყველაზე კომფორტული ადგილი ხავსმოკიდებული სხვენია.
ნელამავლებს შეუძლიათ ყველაზე უკიდურეს პირობებსაც კი გაუძლონ. „ნელამავლებზე ცდა ჩაატარეს: რვა დღის განმავლობაში ისინი ვაკუუმში ამყოფეს, შემდეგ სამი დღე ოთახის ტემპერატურაზე ჰელიუმით გაჯერებულ ჭურჭელში მოათავსეს, მერე რამდენიმე საათით -272 გრადუსამდე გაყინეს; ბოლოს კი, როდესაც ისევ ოთახის ტემპერატურაზე დააბრუნეს, აღმოჩნდა, რომ ისინი კვლავ ცოცხლები იყვნენ“, — ნათქვამია ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“. მათ შეუძლიათ გაუძლონ რენტგენის ისეთ ძლიერ სხივებს, რომლებიც ასობით რომ შეგემცირებინათ, ადამიანს მოკლავდა. არსებობს მოსაზრება, რომ ეს არსებები გარკვეული დროის განმავლობაში კოსმოსურ სივრცეშიც რომ მოხვედრილიყვნენ, იქაც გადარჩებოდნენ!
ნელამავლების საოცარი სიცოცხლისუნარიანობა იმით აიხსნება, რომ მათ შეუძლიათ საკუთარ ორგანიზმში იმდენად შეანელონ ნივთიერებათა ცვლა, რომ 0,01 პროცენტამდე დაიყვანონ; ასეთ მდგომარეობაში მათ სიცოცხლის არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობათ. როდესაც ისინი ასეთ მდგომარეობაში გადადიან, ფეხებს შიგნით იკეცავენ, მორჩენილ წყალს სპეციალურ შაქრად გარდაქმნიან, მრგვალ ფორმას იღებენ და ცვილწასმულ ბურთს ემსგავსებიან. წყალში მოხვედრიდან რამდენიმე წუთისა თუ საათის შემდეგ ნელამავლები კვლავ ცხოვრების „ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან“. ერთი გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თითქმის ასი წლის განმავლობაში „მიძინებული“ ნელამავლები კვლავ სიცოცხლეს დაუბრუნდნენ.
ეს საოცრად შექმნილი პაწაწინა უწყინარი ქმნილებები მართლაც რომ განადიდებენ იეჰოვას! (ფსალმუნი 148:10, 13).
[სურათის საავტორო უფლება 30 გვერდზე]
© Diane Nelson/Visuals Unlimited