ეგვიპტიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში
ეგვიპტიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის იტალიიდან
«ბევრმა მათგანმა დატოვა სამშობლო, „იმოგზაურა“ და იმ დიდი იმპერიის სიმბოლოდ იქცა, რომელშიც წარმოიშვა» — ნათქვამია ერთ-ერთ იტალიურ ჟურნალში (Archeo). მათი უმეტესობა დიდი ხნის წინათ ეგვიპტიდან სტამბოლში, ლონდონში, პარიზში, რომსა და ნიუ-იორკში „გაემგზავრა“. რომში ჩასული ტურისტი შენიშნავს, რომ ისინი ქალაქის არაერთ ცნობილ მოედანს ამშვენებს. რაზეა აქ საუბარი? ობელისკებზე.
ობელისკი არის ქვის ოთხკუთხოვანი სვეტი, რომელიც თანდათანობით წვრილდება ზევით. უძველესი ობელისკი დაახლოებით 4 000 წლის წინათ აღმართეს, ყველაზე ახალი კი დაახლოებით — 2 000 წლის წინათ.
ობელისკებს ძველ ეგვიპტეში, ჩვეულებრივ, წითელი გრანიტისგან თლიდნენ და, როგორც მონოლითურ სვეტებს, სამარხებისა თუ ტაძრების წინ დგამდნენ. ზოგი მათგანი ძალიან მაღალია. უდიდესი ობელისკი, რომლის სიმაღლე 32 მეტრია, ხოლო მასა — 455 ტონა, დღემდე დგას რომის ერთ-ერთ მოედანზე. ობილისკების უმრავლესობაზე იეროგლიფებია ამოტვიფრული.
ობელისკებს მზის ღმერთის, რას, განსადიდებლად აღმართავდნენ. მათი აღმართვის მიზანი იყო, მადლობა აღევლინათ მფარველობისთვის და იმ გამარჯვებებისთვის, რაც მზის ღმერთმა ეგვიპტელ მმართველებს მოაპოვებინა; ისინი ამ ღმერთის კეთილგანწყობილების მოსაპოვებლადაც აღიმართებოდა. ზოგის აზრით, ობელისკების მოდელად პირამიდები აიღეს. ობელისკით წარმოდგენილია მზის სხივები, რომლებიც ათბობს და ანათებს დედამიწას.
ობელისკებს ფარაონთა განსადიდებლადაც დგამდნენ. ამ ობელისკებზე გაკეთებულ წარწერებში ეგვიპტის სხვადასხვა მმართველი მოხსენიებულია, როგორც „რასთვის საყვარელი“ ან „ატუმივით მშვენიერი“ (ატუმი ჩამავალი მზის ღმერთის სახელი იყო). ერთ-ერთი ობელისკის წარწერა მოგვითხრობს, თუ რამდენად კარგი მეომარი იყო ერთი ფარაონი: „ის ძლიერია მონთივით [ომის ღმერთი], ხარივით, რომელიც უცხო ქვეყნებს თელავს და მოჯანყეებს ხოცავს“.
პირველი ობელისკები ივნუში (ბიბლიური ონი, ეგვიპტე) აღმართეს; ამ ქალაქის სახელწოდება „სვეტების ქალაქს“ ნიშნავს; შესაძლოა, სვეტებში ობელისკები იგულისხმებოდეს. ბერძნები ივნუსს ჰელიოპოლისს, „მზის ქალაქს“ უწოდებდნენ, რადგან ის ეგვიპტეში მზის თაყვანისმცემლობის ცენტრი იყო. ბერძნული სახელი „ჰელიოპოლისი“ შეესაბამება ებრაულ „ბეთ-შემეშს“, რაც „მზის სახლს“ ნიშნავს.
ბიბლიის ერთ-ერთ წინასწარმეტყველურ წიგნში „იერემია“ საუბარია ‘ეგვიპტის მიწაზე ბეთ-შემეშის სვეტების დალეწვის’ შესახებ, რაც შეიძლება ჰელიოპოლისის ობელისკებს ეხებოდეს. ღმერთი გმობდა კერპთაყვანისმცემლობას, რასაც ეს ობელისკები ემსახურებოდა (იერემია 43:10—13).
გამოთლა და გადატანა
ერთ ყველაზე დიდ მონუმენტზე დაკვირვებამ მეცნიერებისთვის ნათელი გახადა, თუ როგორ აკეთებდნენ ობელისკებს. ეს მონუმენტი დღემდე მიტოვებულია ასუანის (ეგვიპტე) მახლობლად, სადაც კვეთდნენ. მას შემდეგ, რაც სასურველ კლდეს იპოვიდნენ, მუშები მას მყარ ქვას ურტყამდნენ, რის შედეგადაც კლდეს ნაპრალი უჩნდებოდა. ნაპრალში ხის სოლებს ასობდნენ; შემდეგ ამ ხეს წყლით ჟღინთავდნენ, რის მერეც სოლი ფართოვდებოდა და კლდე იპობოდა. კლდეს მანამ აპობდნენ, სანამ ერთ მხარეს მთლიანად არ გამოჭრიდნენ. შემდეგ მონოლითი, რომელიც 1 170 ტონას იწონიდა და ძველ ეგვიპტეში გამოკვეთილ ნებისმიერ ლოდზე მძიმე იყო, ნილოსამდე უნდა მიეტანათ და დანიშნულების ადგილამდე ბარჟათი ჩაეტანათ.
როგორც გამოირკვა, მუშებმა ასუანის ობელისკი ადგილზე დატოვეს, რადგან დაინახეს, რომ მონოლითი არაერთ ადგილას იყო გაბზარული. ეს ობელისკი რომ დაედგათ, მისი სიმაღლე 42 მეტრი იქნებოდა, საძირკვლის ფართობი კი — 16 კვადრატული მეტრი. დღემდე უცნობია, როგორ დგამდნენ ობელისკებს.
ეგვიპტიდან რომში
ძვ. წ. 30 წელს ეგვიპტე რომის პროვინცია გახდა. რომის იმპერატორებს სურდათ, რომ თავიანთი დედაქალაქი დიდებულ მონოლითებს დაემშვენებინა; ამიტომ რომში 50 ობელისკი ჩაიტანეს. ამ ობელისკების გადასატანად სპეციალური, უზარმაზარი გემების აგება იყო საჭირო. ეს ობელისკები რომშიც კი, ძირითადად, მზის თაყვანისმცემლობას უკავშირდებოდა.
იმპერიის დაცემის შემდეგ რომი გაძარცვეს. ობელისკთა უმრავლესობა წააქციეს, და მას შემდეგ ისინი აღარავის გახსენებია; თუმცა არაერთი პაპი დაინტერესდა ობელისკების აღდგენით და ძველი ქალაქის ნანგრევებიდან ხელახლა წამომართა ისინი. რომის კათოლიკურმა ეკლესიამ კარგად იცოდა, რომ ობელისკებს „ეგვიპტელი მეფეები მზეს უძღვნიდნენ“ და ერთ დროს მათ „წამბილწველი წარმართული ტაძრებისთვის ფსევდოდიდების მისანიჭებლად“ დგამდნენ.
პირველი ობელისკი სიქსტუს V-ის პაპობის დროს (1585—1590) აღმართეს, რასაც ობელისკის განსაწმენდად აღვლენილი ლოცვა-კურთხევა მოჰყვა; მას წმინდა წყალი აპკურეს და საკმეველი აკმიეს. ეპისკოპოსი ვატიკანის ობელისკის წინ გალობდა: „განვედ ბოროტო სულო, იყავი წმინდა ჯვრის მატარებელი და განიწმინდე ყოველგვარი წარმართული სიბილწისა თუ სულიერი მანკიერებისგან“.
დღეს რომში წამომართული ობელისკების შემყურე ტურისტს, ალბათ, გააოცებს იმაზე დაფიქრება, რა დიდი ოსტატობა დასჭირდებოდა ამ მონოლითების გამოთლას, გადატანასა და დადგმას. თუმცა, ის შეიძლება იმანაც გააოცოს, რომ მზის თაყვანისმცემლობისთვის მიძღვნილი ეს მონუმენტები დღეს პაპის ქალაქში დგას. ეს მართლაც უცნაური შერწყმაა!
[სურათი 15 გვერდზე]
ლუქსორი (ეგვიპტე)
[სურათი 15 გვერდზე]
რომი
[სურათი 15 გვერდზე]
ნიუ-იორკი
[სურათი 15 გვერდზე]
პარიზი