არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ნიშნავს, იყო ქრისტიანი?

რას ნიშნავს, იყო ქრისტიანი?

ბიბლიის თვალსაზრისი

რას ნიშნავს, იყო ქრისტიანი?

„ჩემს ქვეყანაში ქრისტიანმა კვირაში ერთხელ ეკლესიაში უნდა იაროს“, — ამბობს აფრიკელი კინგზლი. შუა აზიელი რადი აღნიშნავს: „ჩვენთან ქრისტიანებად ისინი ითვლებიან, ვინც დასავლურ მოდაზე იცვამს, დღესასწაულებს აღნიშნავს და ისეთივე დამოკიდებულება აქვს ქალებისადმი, როგორიც დასავლეთში“.

მაგრამ, ნიშნავს ქრისტიანობა კვირაში ერთხელ ეკლესიაში მისვლას და გარკვეული ჩვეულებებისა თუ ტრადიციების დაცვას? განა სიტყვა „ქრისტიანი“ არ მიუთითებს ისეთ ცხოვრებაზე — აზროვნებაზე, ფასეულობებსა და საქციელზე — როგორზეც ქრისტე ქადაგებდა და რისი მაგალითიც დაგვიტოვა? * როგორები იყვნენ პირველი ქრისტიანები?

პირველი საუკუნის ქრისტიანები და მათი ცხოვრების წესი

იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ“ (იოანე 15:14). ვინაიდან იესოს მოძღვრება მათი ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე ახდენდა გავლენას, ქრისტეს მოწაფეები თავიდან თავიანთ რელიგიას „უფლის გზას“ უწოდებდნენ (საქმეები 9:2). შემდეგ მალევე „[მათ] ღვთის განგებით. . . ეწოდათ ქრისტიანები“ (საქმეები 11:26). ეს ახალი სახელი — ქრისტიანები — ცხადყოფდა, რომ მათ სწამდათ იესოსი და მას ღვთის ძედ იღებდნენ; აგრეთვე სჯეროდათ, რომ იესომ ადამიანებს თავისი ზეციერი მამის ნება გადასცა. თავიანთი მრწამსის გამო მათი ცხოვრება სხვების ცხოვრებისგან განსხვავდებოდა.

ქრისტეს მოძღვრებამ მისი მიმდევრები აღძრა, ბიბლიური სწავლების თანახმად მოქცეულიყვნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მორიდებოდნენ „სიძვას, უწმინდურებას, თავაშვებულობას, კერპთაყვანისმცემლობას, სპირიტიზმს, მტრობას, დავას, ეჭვიანობას, განრისხებას, შუღლს  . . . გადამეტებულ სმას, ღრეობასა და მსგავს საქმეებს“ (გალატელები 5:19—21; ეფესოელები 4:17—24). მოციქულმა პავლემ კორინთელ ქრისტიანებს შეახსენა, რომ ზოგი მათგანი ადრე სწორედ ასე იქცეოდა; შემდეგ კი დასძინა: „მაგრამ განიბანეთ, განიწმინდეთ და მართლებად იქენით აღიარებული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით“ (1 კორინთელები 6:9—11).

უილიამ ბარენზი თავის წიგნში „ქრისტიანობის დასაწყისი“ აღნიშნავს: „ადრინდელ ავტორიტეტულ წყაროებში ქრისტიანობა მაღალზნეობრივი და კანონის მორჩილი ადამიანების რელიგიად არის აღწერილი. ისინი პატიოსანი მოქალაქეები არიან; არ იკარებენ წარმართული რელიგიის მანკიერებას. ქრისტიანები მშვიდობისმოყვარე მეზობლები და სანდო მეგობრები არიან; მათ ისწავლეს, ყოფილიყვნენ სერიოზული და მოკრძალებული, შრომისმოყვარე და ზნეობრივად სუფთა ადამიანები. მათ ირგვლივ ნებისმიერ სფეროში არსებული გახრწნილების მიუხედავად, ერთგულად იცავენ ქრისტიანულ პრინციპებს და შედეგად, პატიოსანნი და მართალნი არიან; პატივს სცემენ ცოლქმრულ კავშირს და მათთვის ოჯახი წმინდაა“. ასეთები უნდა ყოფილიყვნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები.

პირველი ქრისტიანების კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი ქადაგებაში გულმოდგინედ მონაწილეობაა. ქრისტემ თავის მიმდევრებს დაავალა: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მათე 28:19, 20). ჟან ბერნარდი, პარიზის სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი, აღნიშნავს: „[ქრისტიანები] ვალდებულნი იყვნენ, ყველგან და ყველასთვის ექადაგათ — იქნებოდა ეს მთავარ გზაზე, ქალაქის ქუჩებში, მოედნებსა თუ სახლებში; იმისდა მიუხედავად, მსმენელები გამოეხმაურებოდნენ თუ არა, ღარიბები იქნებოდნენ თუ მდიდრები, რომლებსაც თავიანთი სიმდიდრე დაბრკოლებას უქმნიდა  . . . მათ უნდა ემოგზაურათ ხმელეთსა თუ ზღვაზე და მთელი დედამიწა უნდა შემოევლოთ“.

ჭეშმარიტი ქრისტიანობა დღეს

ჭეშმარიტი ქრისტიანები დღესაც ისე უნდა გამოირჩეოდნენ თავიანთი ცხოვრებით, როგორც პირველ საუკუნეში. ამიტომ, იეჰოვას მოწმეები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უერთგულონ პრინციპებს, რომლებსაც პირველი საუკუნის ქრისტიანები იცავდნენ. მათი მცდელობა, იცხოვრონ ბიბლიური სწავლებების თანახმად, არ რჩება შეუმჩნეველი.

მაგალითად, „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია, რომ იეჰოვას მოწმეები ცნობილი არიან, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალზნეობრივი საზოგადოება მსოფლიოში“. სოლტ-ლეიკ-სიტიში (იუტის შტატი) გამოცემულ ერთ-ერთ გაზეთში აღნიშნულია, რომ იეჰოვას მოწმეები „ხელს უწყობენ მტკიცე ოჯახების არსებობას, და ღირსეულ და პატიოსან მოქალაქეებს აყალიბებენ“. ეს გაზეთი დასძენს: „ამ ორგანიზაციის წევრები მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ თამბაქოს წევა, გადაჭარბებული სმა, ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება, აზარტული თამაშები, სექსუალური აღვირახსნილობა თუ ჰომოსექსუალიზმი ადამიანს სულიერად ხრწნის. ქრისტიანები პატიოსნებასა და კეთილსინდისიერად მუშაობას ასწავლიან სხვებს“ (Deseret News).

მოწმეები ასევე მთელი სერიოზულობით ეკიდებიან აღებულ ვალდებულებას და გულმოდგინედ ქადაგებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „თითოეული მათგანის ძირითადი ვალდებულებაა  . . . იეჰოვას სამეფოს შესახებ ქადაგება  . . . ჭეშმარიტმა ქრისტიანმა ამა თუ იმ სახით ეფექტურად უნდა იქადაგოს“.

ცხადია, ჭეშმარიტი ქრისტიანობა უფრო მეტია, ვიდრე ქრისტიანული სამყაროს რომელიმე ეკლესიის წევრად ყოფნა. იესომ თავად იწინასწარმეტყველა, რომ ბევრი ცრუ ქრისტიანი გამოჩნდებოდა (მათე 7:22, 23). იეჰოვას მოწმეები გთავაზობენ, გაეცნოთ იესოს სწავლებებს და იმას, თუ როგორ შეგიძლიათ ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება. სწორედ ამას ნიშნავს, იყო ქრისტიანი. იესომ თქვა: „თუ ეს იცით, ბედნიერები ხართ, როცა ასე იქცევით“ (იოანე 13:17).

გიფიქრიათ?

▪ ვის უწოდა იესომ მეგობრები? (იოანე 15:14)

▪ როგორ საქციელს უნდა მოერიდონ ჭეშმარიტი ქრისტიანები? (გალატელები 5:19—21)

▪ რა საქმიანობაში უნდა მიიღონ ქრისტიანებმა მონაწილეობა? (მათე 28:19, 20)

[სქოლიო]

^ აბზ. 4 ერთი ლექსიკონის თანახმად, ქრისტიანი ის არის, ვინც იესოს ქრისტედ მიიჩნევს ან ვინც იმ რელიგიის მიმდევარია, რომელიც ქრისტეს ცხოვრებასა და სწავლებაზეა დაფუძნებული.

[სურათები 26 გვერდზე]

ჭეშმარიტი ქრისტიანები, როგორც საუკუნეების წინათ, ისე დღესაც გულმოდგინედ ქადაგებენ.