არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ მადარებენ ყოველთვის სხვებს?

რატომ მადარებენ ყოველთვის სხვებს?

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ მადარებენ ყოველთვის სხვებს?

„ვგიჟდები, როცა მშობლები და მასწავლებლები სხვებს მადარებენ“ (მია) *.

„თავს არარაობად ვგრძნობ, როდესაც სხვებს მადარებენ, მე ხომ ისედაც მინდა იმას ვგავდე, ვისაც მადარებენ“ (ეიპრილი).

სკოლაში მასწავლებელი გსაყვედურობს იმის გამო, რომ მათემატიკას ისე კარგად არ სწავლობ, როგორც ერთ-ერთი შენი თანაკლასელი. სახლში მშობელი გტუქსავს და გეუბნება, რომ ისეთი აკურატული არა ხარ, როგორიც შენი დაა. „დედაშენი შენს ასაკში ძალიან ლამაზი იყო!“ — მსგავსი სიტყვების მოსმენა მტკივნეულია, რადგან გაფიქრებინებს, რომ შეუხედავი ხარ. ზოგჯერ გინდა, მთელი ხმით იყვირო: „ვერ ხედავენ, რომ მე მე ვარ? ყოველთვის სხვას რატომ მადარებენ?“

ასე მტკივნეულად რატომ აღიქმება სხვებთან შედარება? აქვს ამას დადებითი მხარე? როგორ უნდა რეაგირებდე, როდესაც სხვებს გადარებენ?

რატომ არის სხვებთან შედარება მტკივნეული?

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სხვებთან შედარება გაღიზიანებს, ისაა, რომ შენთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხს ეხებიან და სხვები ხმამაღლა ამბობენ იმას, რასაც შენ ხშირად საკუთარ თავზე ფიქრობ. მაგალითად, ბეკი გულახდილად ამბობს: «ხშირად სკოლაში სხვებისგან გამორჩეული ბაშვების დანახვაზე მიფიქრია: „მათ რომ ვგავდე, უფრო მეტს მოვეწონებოდი“».

რა იწვევს მსგავს გრძნობებს? თავდაპირველად ვნახოთ, რა ბიოლოგიური ცვლილებები ხდება ორგანიზმში, რაც გავლენას ახდენს შენს ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე; შეიძლება ეს ცვლილებები ძალიან სწრაფად მოხდეს. ხედავ, რომ მშობლებთან ურთიერთობა უფრო გიძნელდება. სრულიად გეცვლება საპირისპირო სქესისადმი დამოკიდებულება. ამიტომ შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა: „რაც მე მემართება, ნორმალურია?“

შესაძლოა, გგონია, რომ ამ კითხვაზე პასუხს მხოლოდ მაშინ მიიღებ, თუ საკუთარ თავს იმ მოზარდებს შეადარებ, რომლებშიც მსგავსი ცვლილებები ხდება. ეს კი შეიძლება მახედ გექცეს! თუ ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ისინი უფრო ადვილად უმკლავდებიან სირთულეებს, თავს უმწეოდ იგრძნობ. უფრო მეტიც, უფროსების კითხვამ — „რატომ არ შეიძლება ამასა და ამას ჰგავდე?“ — შესაძლოა გაფიქრებინოს, რომ მართლდება ის, რისიც ყველაზე მეტად გეშინოდა: არანორმალური ხარ!

სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ ეიპრილს იმის კიდევ ერთი მიზეზი მოჰყავს, რატომაც შეიძლება სხვებთან შედარება მტკივნეული იყოს: „როდესაც ვინმეს გადარებენ, განსაკუთრებით კი ახლობელს, შეიძლება შეგშურდეს მისი და გამწარდე“. მიასთვის უცხო არ არის მსგავსი გრძნობები. მას ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მშობლები და მასწავლებლები სულ უფროს დას ადარებდნენ. მია ამბობს: „ისინი მიყვებოდნენ, რა წარმატებებს მიაღწია ჩემმა დამ ჩემს ასაკში“. როგორ მოქმედებდა ეს მიაზე? „ისეთი გრძნობა მიჩნდებოდა, რომ მე და ჩემი და მეტოქეები ვიყავით. ზოგჯერ ძალიან ვბრაზდებოდი კიდეც მასზე“.

აშკარაა, რომ სხვებთან შედარებას არასასურველი შედეგები მოაქვს. ვნახოთ, როგორ მოიქცნენ იესოს უახლოესი მეგობრები. იმ საღამოს, როდესაც იესო უნდა მოეკლათ, მოციქულებს შორის „გაცხარებული დავა“ ატყდა. რატომ? ისინი საკუთარ თავს ერთმანეთს ადარებდნენ და დავობდნენ, „რომელი მათგანი იყო უდიდესი“ (ლუკა 22:24). მართალია, ზოგჯერ სხვებთან შედარება საზიანოა, მაგრამ ყოველთვის ასეა?

რით არის სასარგებლო?

განვიხილოთ დანიელისა და მისი სამი მეგობრის შემთხვევა, რაც ბიბლიაშია ჩაწერილი. ამ სამმა ახალგაზრდამ არ ისურვა ბაბილონის მეფის ნუგბარი, რისი ჭამაც ღვთის კანონით იყო აკრძალული (ლევიანები 11:4—8). დანიელმა სთხოვა მეურვეს, გამოეცადა ისინი და დაითანხმა, რომ მას შემდეგ, რაც დანიელი და მისი სამი მეგობარი ათ დღეს ღვთის კანონით დაშვებულ საკვებს მიიღებდნენ, მეურვეს ისინი მეფის კარზე მყოფ სხვა ახალგაზრდებთან შეედარებინა. როგორი იყო შედეგი?

ბიბლიაში ნათქვამია: „ათი დღის ბოლოს ისინი [ებრაელი ახალგაზდრები] უფრო უკეთესად გამოიყურებოდნენ და უფრო ხორცსავსენი იყვნენ, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც მეფის ნუგბარს შეექცეოდნენ“ (დანიელი 1:6—16). ყურადღება მიაქციე, ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად დამთავრდა არა იმის გამო, რომ დანიელი და მისი მეგობრები სხვებზე უკეთესად გამოიყურებოდნენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი დაემორჩილნენ კანონს, რომელიც ღმერთმა თავის ხალხს მისცა.

ყოფილხარ მსგავს სიტუაციაში? თუ ბიბლიაში მოცემული ზნეობრივი ნორმების თანახმად ცხოვრობ, სხვებისგან გამორჩეული იქნები. ზოგი, ვინც ამ განსხვავებას ხედავს, შეიძლება საგონებელში ჩავარდეს და დაგგმოს (1 პეტრე 4:3, 4). მაგრამ სხვები დაინახავენ შენი კარგი საქციელის შედეგებს და, შესაძლოა, სურვილიც კი გაუჩნდეთ, გაეცნონ იეჰოვას (1 პეტრე 2:12). ასეთ შემთხვევაში სხვებთან შედარება სასარგებლო იქნება.

არსებობს კიდევ ერთი დადებითი მხარე. მაგალითად, შეიძლება შენ ფიქრობ, რომ სახლში საკმაოდ ბევრს აკეთებ, განსაკუთრებით შენს და-ძმებთან შედარებით. მაგრამ შეიძლება მშობლები შენს შეხედულებას არ იზიარებდნენ. თვალსაზრისის შეცვლაში რომ დაგეხმარონ, მშობლებმა შესაძლოა შენთან ერთად ბიბლიური მაგალითი განიხილონ და გთხოვონ, შენი და ბიბლიური პერსონაჟის თვალსაზრისი და საქციელი ერთმანეთს შეადარო.

მშობლებმა შეიძლება იესოს მაგალითიც გაგახსენონ — მიუხედავად იმისა, რომ იესოს მოძღვარსა და უფალს უწოდებდნენ, მან სიამოვნებით დაბანა ფეხები მოწაფეებს (იოანე 13:12—15). ამის მერე კი შეიძლება აღგძრან, მიჰბაძო იესოს თავმდაბლობასა და გულმოდგინებაში. ბიბლია ყველა ქრისტიანს — ახალგაზრდასა თუ ხანდაზმულს — მოუწოდებს, ყოველთვის შეადარონ საკუთარი თავი ქრისტეს და შეეცადონ, ერთგულად მიჰყვნენ მის ნაკვალევს (1 პეტრე 2:21). ამგვარი შედარებები გვეხმარება, თავმდაბლობა გამოვავლინოთ და ღვთის მოსაწონი თვისებები განვივითაროთ.

როგორ შეიძლება მოერიო უარყოფით გრძნობებს?

შესაძლოა გამაღიზიანებელი და გულსატკენი იყოს, როცა და-ძმებს ან თანატოლებს გადარებენ. როგორ შეგიძლია მოერიო უარყოფით გრძნობებს? „წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს“ — ამბობს ბრძენი მეფე სოლომონი (იგავები 19:11). როგორ დაგეხმარება წვდომის უნარი? თუ მშობელი ან მასწავლებელი სხვებს გადარებს, შესაძლოა კეთილი სურვილები ამოძრავებდეს, თუმცა შეიძლება შენ ამაში ეჭვი შეგეპაროს. „როდესაც სხვებს მადარებენ, — ამბობს ქეთი. — ვფიქრობ, როგორ მეხმარებიან ამით?“ ამ დროს ქეთი ცდილობს, დადებითზე გაამახვილოს ყურადღება, რის შედეგადაც ნაკლებად უტყდება გული.

რა შეიძლება გააკეთო, თუ ფიქრობ, რომ ყოველთვის სხვებს გადარებენ? მაგალითად, შესაძლოა ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ მშობელი გამუდმებით უსვამს ხაზს შენი და-ძმების უპირატესობას. კარგი იქნება, თუ მიხვალ მასთან და მშვიდად აუხსნი, რა გრძნობებს იწვევს შენში ასეთი შედარების მოსმენა. ალბათ, მშობელს ვერც კი წარმოუდგენია, რა მტკივნეულად მოქმედებს ეს შენზე.

გახსოვდეს, რომ არის „ლაპარაკის დრო“, მაგრამ არის „დუმილის დროც“ (ეკლესიასტე 3:7). ამის შემდეგ, როცა ვინმეს შეგადარებენ, გაღიზიანებისა და შენი პოზიციის უხეშად გამოხატვის ნაცვლად, ჯერ დამშვიდდი და მერე დაელაპარაკე მშობელსა თუ სხვას. სიმშვიდე შენს სიტყვებს დამაჯერებლობას შემატებს (იგავები 16:23).

ხშირად ტკივილს შენი დადებითი თვისებების ცოდნა შეგიმსუბუქებს. პავლე მოციქულმა ტიმოთეს უთხრა: „არავინ დაგიწყოს ზემოდან ყურება შენი ახალგაზრდობის გამო“ (1 ტიმოთე 4:12). ტიმოთე ახალგაზრდა იყო, როცა ქრისტიან ზედამხედველად დაინიშნა. ამიტომ, შესაძლოა ზოგი ტიმოთეს უფროს და მასზე გამოცდილ მამაკაცებს ადარებდა. მაგრამ ასეთი შედარებები გაუმართლებელია. ახალგაზრდობის მიუხედავად, ტიმოთეს პავლესთან მსახურების წყალობით უკვე მიღებული ჰქონდა დიდი გამოცდილება. ტიმოთემ იცოდა, ეფექტურად როგორ გამოეყენებინა ღვთის სიტყვა. ის გულწრფელად ზრუნავდა სულიერ და-ძმებზე (1 კორინთელები 4:17; ფილიპელები 2:19, 20).

ასე რომ, როცა ისევ ვინმეს შეგადარებენ, დაფიქრდი: „რამდენად სამართლიანია მათი კრიტიკა?“ თუ ნათქვამი სიმართლესთან ახლოა, შეეცადე, რაღაც ისწავლო აქედან. მაგრამ, თუ ზოგადად გეუბნებიან, „რატომ არ გავხარ შენს ძმას?“ — ეცადე, ობიექტურად შეაფასო მდგომარეობა. ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ ამ შედარებიდან რამე ისწავლო.

იეჰოვა ღმერთი არასრულყოფილ ადამიანებთან შენი შედარებით არ განსაზღვრავს, რამდენად ძვირფასი ხარ მისთვის (გალატელები 6:4). ღმერთი იმაზე მეტს ხედავს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს; ის კარგად იცნობს შენს გულს (1 სამუელი 16:7). იეჰოვა არა მარტო იმას ხედავს, როგორი პიროვნება ხარ, არამედ იმასაც, როგორი გინდა გახდე და რას აკეთებ ამისთვის (ებრაელები 4:12, 13). მან იცის, რომ შეცდომისგან არა ხარ დაზღვეული, და კარგს ეძებს შენში (ფსალმუნი 130:3, 4). ეს თავიდან აგარიდებს სხვებთან შედარებით გამოწვეულ გულისტკივილს.

სერიიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ სხვა სტატიების ნახვა შეგიძლია შემდეგ ვებ-საიტზე: www.watchtower.org/ype

დაფიქრდი

▪ რა გაღიზიანებს, როცა სხვას გადარებენ?

▪ როგორ უნდა მოიქცე, თუ მშობლები ყოველთვის სხვებს გადარებენ?

[სქოლიო]

^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.

[ჩანართი 12 გვერდზე]

«მირჩევნია, იმ ადამიანმა, რომელიც რჩევას მაძლევს, არ მოიხსენიოს სხვისი სახელი და არ მითხრას: „ნეტავ ამასა და ამას ჰგავდე!“ ნაცვლად ამისა, კარგი იქნება, ჯერ ჩემს დადებით თვისებებს გაუსვას ხაზი და მერე სიყვარულით დამეხმაროს ჩემი სისუსტის დანახვაში» (ნატალი).

[სურათი 13 გვერდზე]

კარგი იქნება, თუ მშვიდად აუხსნი სხვას, რა გრძნობებს იწვევს შენში ასეთი შედარების მოსმენა.