რა ხდება მსოფლიოში?
რა ხდება მსოფლიოში?
▪ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში სწრაფი ურბანიზაციის შედეგად დაახლოებით ორმოცმა მილიონმა ჩინელმა დაკარგა მიწის ნაკვეთი („ჩაინა დეილი“, ჩინეთი).
▪ 2005 წელს მსოფლიოში 28 დიდი და 11 პატარა შეიარაღებული შეტაკება მოხდა („ვაიტალ საინსი“, 2006—2007, უორლდუოჩის ინსტიტუტი).
▪ ტოკიოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა წარმატებით დაასრულა ზემსუბუქი თვითმფრინავის კონსტრუქცია; ამ თვითმფრინავის მასა 55 კილოგრამზე ნაკლებია და ჩვეულებრივ ელემენტებზე მუშაობს. თვითმფრინავი 59 წამში 391 მეტრს გადის („მაინიტი — ყოველდღიური გაზეთი“, იაპონია).
▪ როდესაც 12-დან 20 წლამდე ჰოლანდიელი ახალგაზრდები ეგრეთ წოდებულ „პირად საიტებზე“ შევიდნენ და ვებ-კამერებს იყენებდნენ, „როგორც ამბობენ, მათგან ბიჭების 40 პროცენტს და გოგონების 57 პროცენტს შესთავაზეს, კამერის წინ გაშიშვლებულიყვნენ ან გამომწვევი პოზები მიეღოთ“ (ნიდერლანდებში გამომავალი გაზეთი RUTGERS NISSO GROEP).
შეიძლება თუ არა ვიდეო-თამაშებმა შეჩვევა გამოიწვიოს?
„იმ ადამიანთა ტვინის რეაქცია, რომლებიც კომპიუტერულ თამაშებს თამაშობენ, ძალიან ჰგავს ალკოჰოლიკებისა და კანაფის მწეველების რეაქციას“, — ამბობს ფსიქოლოგი რალფ თელემენი, შარიტეს კლინიკაში (ბერლინი) შეჩვევის ფაქტორის შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი. ფიქრობენ, რომ კომპიუტერული თამაშებით დიდხანს გართობა ტვინის უჯრედებში დოფამინის გამოყოფას იწვევს; ეს არის ნივთიერება, რომელიც ადამიანს კარგ ხასიათზე აყენებს და, საბოლოოდ, თამაშები შეჩვევას იწვევს. ერთი გამოკითხვის თანახმად, ეს შეიძლება დაემართოს იმ ადამიანების 10 პროცენტზე მეტს, რომლებიც ვიდეო-თამაშებით ერთობიან.
მდიდრები ხშირად „თავს დაუცველად გრძნობენ და ბევრი სანერვიულო აქვთ“
„დღეს მილიონერები თავს დაუცველად გრძნობენ და ბევრი სანერვიულო აქვთ“, — ნათქვამია პეკინში გამომავალ გაზეთში „ჩაინა დეილი“. აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთში ჩატარდა იმ ჩინელთა გამოკითხვა, რომელთა ქონებაც, საშუალოდ, 275 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულებისაა. მკვლევარებმა, რომლებმაც შეისწავლეს მდიდარი ხალხის „დამოკიდებულება რწმენის, ოჯახის, ცხოვრების, კარიერისა და ფულის“ მიმართ, დაინახეს, რომ „მილიონერების უმრავლესობას უყვარს და, ამავე დროს, სძულს ფული“. მრავალმა გამოკითხულმა აღნიშნა, რომ სოციალური მდგომარეობისა და წარმატების მიუხედავად, „ფულმა ბევრი სანერვიულო შეუქმნა“.
ბუნებასთან სიახლოვე სასარგებლოა ფსიქიკური მოშლილობის მქონეთათვის
არც ისე დიდი ხნის წინ სტავანგერში (ნორვეგია) 14 ქვეყნიდან 100-ზე მეტი სპეციალისტი ჩავიდა, რათა შეესწავლათ, კონცეფცია იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენდა ადამიანზე მეცხოველეობა, მიწაზე მუშაობა, სწავლა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ნორვეგიის რადიოკომპანიის ცნობის თანახმად, წლების განმავლობაში ფსიქიკური მოშლილობის მქონე ზოგი ადამიანი აღარ საჭიროებდა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებას, თუ ის მიწაზე მუშაობას ან მეცხოველეობას იწყებდა. ასეთი სამუშაოები „სასარგებლოა როგორც ფსიქიკისთვის, ისე მთელი ორგანიზმისთვის“. ნორვეგიაში 600-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დაწესებულება თანამშრომლობს ჯანდაცვის მუშაკებთან, რაც ამ დაწესებულებებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.
ეკლესიის სამრეკლოს გამოყენება
„ახალი ინგლისის [შეერთებული შტატები] ეკლესიებმა ხარჯების შემცირების საშუალება გამონახეს — ისინი თავიანთ ლამაზ სამრეკლოებს აქირავებენ; დამქირავებლები მობილური ტელეფონების კომპანიებია“, — ნათქვამია ჟურნალ „ნიუსუიკში“. სიგნალების მისაღებად და გადასაცემად საჭირო კოშკურების აგება არც ისე ადვილია, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს თავიანთი საცხოვრებელი ადგილების ანტენებით დამახინჯება. ამიტომ მობილური ტელეფონების კომპანიები თავიანთ დანადგარებს ეკლესიების სამრეკლოებში ამონტაჟებენ; აქ კი ისინი გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველია. ეკლესიის მრჩეველთა საბჭოს ერთმა თავმჯდომარემ აღნიშნა: „პირველ ეკლესიაში, სადაც ეს ანტენები დაამონტაჟეს, დღეს სამი კომპანიის ანტენა დგას; იმ ადგილის [სამრეკლოს] წყალობით, რომელსაც ადრე არაფერში იყენებდნენ, დღეს ეკლესიის წლიური შემოსავალი 74 000 ამერიკული დოლარით გაიზარდა“.