არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საით მიექანება მსოფლიო?

საით მიექანება მსოფლიო?

საით მიექანება მსოფლიო?

ბიბლიამ დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა ზნეობის დაცემა, რაც ამგვარად აღწერა: „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები. . . მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები. . . სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა. ისინი გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე“ (2 ტიმოთე 3:1—5).

ალბათ, დაეთანხმებით იმ აზრს, რომ ეს ბიბლიური წინასწარმეტყველება ზუსტად აღწერს დღევანდელ მსოფლიო მდგომარეობას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს წინასწარმეტყველება თითქმის 2 000 წლის წინათ დაიწერა! ის ასეთი სიტყვებით იწყება: „ბოლო დღეებში“. რას ნიშნავს „ბოლო დღეები“?

რისი „ბოლო დღეები“?

„ბოლო დღეები“ უკვე ბევრისთვის ნაცნობი ფრაზაა და დღეს ინგლისურ ენაზე გამოცემულ ასობით წიგნის სათაურში გვხვდება. მაგალითად, ერთ-ერთი ამგვარი წიგნის (The Last Days of Innocence — America at War, 1917—1918) პროლოგში აღნიშნულია, რომ ფრაზაში „ბოლო დღეები“ ნაგულისხმებია ის კონკრეტული დრო, როცა ზნეობა მკვეთრად დაეცა.

აღნიშნული წიგნის პროლოგში ნათქვამია: „1914 წელს ქვეყანაში [შეერთებულ შტატებში] ძირეული ცვლილებები დაიწყო“. სწორედ ამ წელს იფეთქა პირველმა მსოფლიო ომმა, რისი მსგავსიც მსოფლიოს მანამდე არაფერი ენახა. წიგნში ნათქვამია: „ეს იყო არა მხოლოდ სამხედრო ძალების დაპირისპირება, არამედ ტოტალური ომი, როცა ქვეყნები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს“. ეს ომი, როგორც დავინახავთ კიდეც, იმ პერიოდის დასაწყისში მოხდა, რომელსაც ბიბლია „ბოლო დღეებს“ უწოდებს.

ეს განსაკუთრებული პერიოდი, „ბოლო დღეები“, ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე უნდა დამდგარიყო, როგორც ამას ბიბლია გვასწავლის. ბიბლიაში ისიც ნათქვამია, რომ ქვეყნიერება ერთხელ უკვე მოისპო: „განადგურდა იმდროინდელი ქვეყნიერება, როცა წყლით წაილეკა“. როდის მოხდა ეს და რომელი ქვეყნიერება განადგურდა? ეს იყო ნოეს დროს არსებული ძველი, „უღვთოთა ქვეყნიერება“. დღევანდელ ქვეყნიერებასაც განადგურება ელის. მაგრამ ნოესა და მისი ოჯახის მსგავსად, ღვთის მსახურები გადაურჩებიან აღსასრულს (2 პეტრე 2:5; 3:6; დაბადება 7:21—24; 1 იოანე 2:17).

რა თქვა იესომ აღსასრულზე?

იესო ქრისტემაც მოიხსენია „ნოეს დრო“, როცა „წარღვნა. . . მოვიდა და ყველა. . . წალეკა“. მან წარღვნამდე, მაშინდელი ქვეყნიერების აღსასრულამდე, არსებული მდგომარეობა იმ მდგომარეობას შეადარა, რომელიც, მისი სიტყვების თანახმად, „ქვეყნიერების აღსასრულისას“ იქნებოდა (მათე 24:3, 37—39). ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში ეს ფრაზა „წუთისოფლის აღსასრულად“ და „საუკუნის დასასრულად“ არის ნათარგმნი (კს, სსგ).

იესომ იწინასწარმეტყველა, როგორი მდგომარეობა იქნებოდა დედამიწაზე ქვეყნიერების აღსასრულამდე. რაც შეეხება ომს, მან თქვა: „ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“. ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს მოვლენები 1914 წლიდან დაიწყო. როგორც ზემოაღნიშნული წიგნის პროლოგში იყო ნათქვამი, 1914 წლიდან დაიწყო ტოტალური ომი, ანუ ქვეყნების, და არა მხოლოდ სამხედრო ძალების, დაპირისპირება.

იესომ აგრეთვე იწინასწარმეტყველა: „იქნება საკვების უკმარისობა და მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას. ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია“. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ გამრავლდებოდა უკანონობა (მათე 24:7—14). დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველივე ეს მართლაც ასე ხდება. ზნეობის მკვეთრი დაცემა იმის მაჩვენებელია, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველება სრულდება.

როგორ უნდა ვიცხოვროთ დღეს, როცა ზნეობა ასე მკვეთრად ეცემა? ყურადღება მიაქციეთ, რა მისწერა მოციქულმა პავლემ რომში მცხოვრებ ქრისტიანებს ზნეობის დაცემის შესახებ. მან მოიხსენია ადამიანთა „სამარცხვინო ვნებები“ და აღნიშნა: „მათმა ქალებმა ბუნებრივი სქესობრივი ცხოვრება არაბუნებრივით შეცვალეს. კაცებმაც მიატოვეს ქალთან ბუნებრივად ცხოვრება და გახურდნენ ერთმანეთთან ავხორცობით — კაცები კაცებთან; უხამსობას სჩადიოდნენ“ (რომაელები 1:26, 27).

ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ზნეობრივად გახრწნილ საზოგადოებაში მცხოვრებ „ქრისტიანთა მცირე ჯგუფის ღვთისმოსაობა და წესიერება აღაშფოთებდა სიამოვნებას აყოლილ წარმართებს“. ამან უნდა დაგვაფიქროს: „რა შეიძლება ითქვას ჩემზე და იმ ადამიანებზე, ვისთანაც ურთიერთობას ვამჯობინებ? გამოვირჩევი სხვებისგან ზნეობრივი სიწმინდით?“ (1 პეტრე 4:3, 4).

ბრძოლა, რომელსაც ვეწევით

ბიბლია გვასწავლის, რომ გარშემო არსებული უზნეობის მიუხედავად, უნდა ვიყოთ „ღვთის უმწიკვლო და უწყინარი შვილები. . , უმანკონი ამ უსინდისო და უკუღმართ თაობაში“. ამისათვის მაგრად უნდა ჩავეჭიდოთ „სიცოცხლის სიტყვას“ (ფილიპელები 2:15, 16). ბიბლიის ამ სიტყვებიდან ჩანს, როგორ უნდა შეინარჩუნონ ქრისტიანებმა ზნეობრივი სიწმინდე ამ უზნეო ქვეყნიერებაში. ისინი უნდა მიჰყვნენ ღვთის სიტყვაში ჩაწერილ სწავლებებს და უნდა გააცნობიერონ, რომ მასში მოცემული ზნეობრივი ნორმების გათვალისწინება საუკეთესო არჩევანია.

„ამ ქვეყნიერების ღმერთი“, სატანა ეშმაკი, ადამიანთა გულების დაპყრობას ცდილობს (2 კორინთელები 4:4). ბიბლია გვეუბნება, რომ ის „სინათლის ანგელოზის სახეს იღებს“; ისინი, ვინც თავიანთი საქმეებით ამტკიცებენ, რომ ეშმაკის მსახურები არიან, ამაშიც ჰბაძავენ მას (2 კორინთელები 11:14, 15). ისინი სხვებს თავისუფლებასა და სიამოვნებას ჰპირდებიან, მაგრამ სინამდვილეში, ბიბლიის სიტყვების თანახმად, „გახრწნილების მონები არიან“ (2 პეტრე 2:19).

თავს ნუ მოიტყუებთ! ღვთის ნორმების უგულებელმყოფელნი მწარე შედეგებს მოიმკიან. ფსალმუნმომღერალი წერდა: „შორს არის ხსნა ბოროტთაგან, რადგან არ იკვლევენ შენს [ღვთის] წესებს“ (ფსალმუნი 119:155; იგავები 5:22, 23). გვჯერა ამ სიტყვების? თუ დიახ, მაშინ დავიცვათ გული და გონება მომწამვლელი პროპაგანდისგან.

ბევრი არასწორად მსჯელობს: „რას ვაშავებ, კანონით აკრძალულს ხომ არაფერს ვაკეთებ?!“ მაგრამ სინამდვილეში საკითხი სხვაგვარად დგას. მოსიყვარულე ზეციერი მამა ზნეობრივ ნორმებს თქვენ დასაცავად გიდგენთ და არა იმიტომ, რომ შეგზღუდოთ ან ცხოვრების ხალისი დაგაკარგვინოთ. ღმერთი ამბობს: „მე გასწავლი შენ სასიკეთოდ“. მას სურს, თავი აარიდოთ უბედურებას, და ბედნიერი იყოთ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის მსახურებს ღმერთი ჰპირდება „სიცოცხლეს ახლაც და მომავალშიც“. ეს არის „ჭეშმარიტი სიცოცხლე“, მარადიული სიცოცხლე ღვთის მიერ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში (ესაია 48:17, 18; 1 ტიმოთე 4:8; 6:19).

ასე რომ, დაფიქრდით, რა სარგებლობა მოაქვს ბიბლიური ნორმებით ცხოვრებას და რა ტკივილი — მათ გაუთვალისწინებლობას! ღვთის მორჩილება და, ამგვარად, მისი კეთილგანწყობის მოპოვება ცხოვრების საუკეთესო გზაა! ღმერთი გვპირდება: „ვინც მისმენს, უსაფრთხოდ იცხოვრებს; უბედურების შიში არ შეაწუხებს მას“ (იგავები 1:33).

მაღალზნეობრივი საზოგადოება

ბიბლიაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც ეს ქვეყნიერება განადგურდება, „აღარ იქნება ბოროტი“. ის აგრეთვე ამბობს: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე“ (ფსალმუნი 37:10, 11; იგავები 2:20—22). დედამიწაზე უზნეობის კვალიც კი წაიშლება. იქ აღარც მათთვის იქნება ადგილი, ვინც ჩვენი შემოქმედის ჯანსაღი მოძღვრების თანახმად არ ცხოვრობს. ღვთისმოყვარული ადამიანები თანდათანობით მთელ დედამიწას გადააქცევენ სამოთხედ; ის სწორედ იმ სამოთხეს დაემსგავსება, რომელშიც ღმერთმა ადამიანთა პირველი წყვილი დაასახლა (დაბადება 2:7—9).

წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნო იქნება ცხოვრება განწმენდილ დედამიწაზე, რომელიც სამოთხეს დაემსგავსება! იქ ყოფნის შესაძლებლობა მიეცემა მილიარდობით მკვდრეთით აღმდგარსაც. გვახარებს ღვთის დაპირება: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“. „მოსწმენდს [ღმერთი] მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (ფსალმუნი 37:29; გამოცხადება 21:3, 4).

[ჩანართი 9 გვერდზე]

ნოეს დროინდელი ქვეყნიერების განადგურებისას ღვთისმოშიში ადამიანები გადარჩნენ.

[სურათი 10 გვერდზე]

დღევანდელი ქვეყნიერების აღსასრულის შემდეგ დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა.