არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყვავილის მტვერი

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყვავილის მტვერი

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყვავილის მტვერი

გაზაფხულობით, როცა ირგვლივ ყველაფერი იღვიძებს, ფუტკრები განსაკუთრებით აქტიურდებიან და ყვავილის მტვერი ჰაერში იფანტება. ალერგიული ადამიანებისთვის ეს სეზონი სასჯელი უფროა, ვიდრე ნეტარება. მაგრამ სანამ დავასკვნიდეთ, რომ ყვავილის მტვერი შემაწუხებელია, დავფიქრდეთ მის განსაკუთრებულ როლზე. გაგვაოცებს იმის გაგება, რამდენად არის დამოკიდებული ამ მტვრის მარცვლებზე ჩვენი სიცოცხლე.

რა არის ყვავილის მტვერი? ენციკლოპედიაში „უორლდ ბუკი“ ის ასე განიმარტება: „ყვავილის მტვერი შედგება მტვრის პაწაწინა მარცვლებისგან, რაც ყვავილოვანი და შიშველთესლოვანი მცენარეების მამრობით ორგანოებში ვითარდება“. მარტივად რომ ვთქვათ, მცენარეები მტვერს გამრავლების მიზნით წარმოქმნიან. ცნობილია, რომ ადამიანის ემბრიონი მაშინ ისახება, როცა სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედს ანაყოფიერებს. მსგავსად, ნაყოფი მას მერე წარმოიშვება, რაც ყვავილის მამრობითი ორგანოდან (მტვრიანას) მდედრობით ორგანოს (ბუტკოს) დინგზე მტვერი გადადის *.

ყვავილის მტვრის მარცვლები იმდენად პაწაწინაა, რომ შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია მათი დანახვა, მაგრამ მიკროსკოპით — შესაძლებელია. დამკვირვებელი დაინახავს, რომ ყველა სახეობის მცენარის მტვრის მარცვლის ზომა და მოყვანილობა განსხვავებულია. ვინაიდან ყვავილის მტვერი არ იხრწნება, მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ მეცნიერები ხშირად იკვლევენ აღმოჩენილი მტვრის მარცვალს, რომელიც ისეთივე უნიკალურია, როგორიც თითის ანაბეჭდი. შედეგად, მათ შეუძლიათ დაადგინონ, რა მცენარეები მოჰყავდა ხალხს საუკუნეების წინათ. თითოეული სახეობის მცენარის მტვრის მარცვალი უნიკალურია, რაც ყვავილს საშუალებას აძლევს, ამოიცნოს თავისივე სახეობის მცენარის მტვერი.

როგორ „მოგზაურობს“ ყვავილის მტვერი

მრავალი მცენარე დამოკიდებულია ქარით დამტვერვაზე. წყალიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზოგი წყალმცენარის დამტვერვაში. ვინაიდან ქარით დამტვერვა ყოველთვის სასურველ შედეგებს არ იძლევა, ქარითმტვერია მცენარეები ძალიან დიდი რაოდენობით მტვერს წარმოშობენ *. მათ, ვისაც თივისმიერი ცხელება (ალერგია ყვავილის მტვერზე) აწუხებთ, ჰაერში მტვრის ასე დიდი რაოდენობით არსებობა საშინელ დისკომფორტს უქმნის.

ქარით ბევრი სახეობის ხე და ბალახი იმტვერება, მაგრამ ყვავილოვან მცენარეებს, რომლებიც ჯგუფ-ჯგუფად არ იზრდება, დამტვერვის სხვა საშუალება სჭირდება. როგორ ხდება ასეთი მცენარიდან კილომეტრობით დაშორებულ მცენარეზე მტვრის გადატანა? ისეთი მარჯვე დამმტვერავების საშუალებით, როგორებიც არიან ღამურები, ფრინველები და მწერები. მაგრამ მომსახურებისთვის ისინი „გასამრჯელოს“ იღებენ.

ყვავილები დამმტვერავებს უმასპინძლდებიან ნექტრით — ნუგბარით, რაზეც სტუმრებს უარის თქმა არ ძალუძთ. ნექტრის მირთმევისას სტუმარს უხვად ეყრება სხეულზე მტვრის მარცვალი და სხვა გემრიელი ნექტრის ძიებაში მას მტვერი სხვა მცენარეზე გადააქვს.

მწერები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მცენარეთა დამტვერვაში, განსაკუთრებით კი ზომიერ სარტყელში. ყოველდღიურად მწერები უამრავ მცენარეს სტუმრობენ — იკვებებიან ნექტრით და მონაწილეობენ დამტვერვაში *. პროფესორი მეი ბერენბაუმი წერს: „როგორც ჩანს, მწერებს დამტვერვით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვასა და კეთილდღეობაში, რასაც ადამიანები ნაკლებად აფასებენ“. ხილის ხეთა ყვავილები ჯვარედინი დამტვერვით ნაყოფიერდება და უხვმოსავლიანობას განაპირობებს. ამგვარად, ვხედავთ, ჩვენი კეთილდღეობა რამდენად არის დამოკიდებული მცენარეთა დამტვერვაზე.

როგორ იზიდავენ ყვავილები დამმტვერავებს

ყვავილებმა უნდა მიიზიდონ და გამოკვებონ პოტენციური დამმტვერავები. როგორ აკეთებენ ისინი ამას? მათ შეუძლიათ „სტუმრებს“ მზის სხივებით გამთბარი მოსასვენებელი ადგილი შესთავაზონ. ისინი ლამაზი გარეგნობითა და სასიამოვნო სურნელებით ცდილობენ სტუმრების მოხიბვლას. ბევრი მცენარე ყურადღებას ფერადი ლაქებითა და ზოლებით იქცევს. ამგვარად სტუმრებმა უკვე იციან, სად შეუძლიათ ნექტრის პოვნა.

სხვადასხვა ყვავილი სტუმრის მისაზიდად სრულიად განსხვავებულ მეთოდებს მიმართავს. ზოგი ბუზების მისაზიდად ძალიან არასასიამოვნო სუნს გამოსცემს. ზოგიც სხვადასხვა ხრიკს მიმართავს. ერთ-ერთი სახეობის ორქიდეას ყვავილი ფუტკარს ჰგავს და უამრავ „მეუღლის“ მაძიებელ ფუტკარს იტყუებს. ზოგი ყვავილი მწერს ატყვევებს და მანამ არ უშვებს, სანამ არ დამტვერავს. ბოტანიკოსი მალკოლმ უინკინზი წერს: „მცენარეთა სამყაროში არსად ვხვდებით ისეთ ნატიფ, ზუსტ და დახვეწილ მექანიზმებს, როგორსაც ყვავილთა დამტვერვის დროს“.

მილიონობით მცენარე ვერ გამრავლდებოდა, შემოქმედს მათთვის დამტვერვის შესაძლებლობა და ამგვარად დამტვერვის უნარი რომ არ მიეცა. ამ განსაცვიფრებელი პროცესის შედეგზე საუბრისას იესომ აღნიშნა: „ისწავლეთ მინდვრის შროშანებისგან, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. გეუბნებით: დიდებული სოლომონიც კი არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი“ (მათე 6:25, 28, 29).

დამტვერვის წყალობით მცენარე კარგად ხარობს და ნაყოფს იძლევა; ამაზე კი ჩვენი სიცოცხლეა დამოკიდებული. მართალია, ყვავილის მტვერი ზოგ ჩვენგანს დისკომფორტს უქმნის, მაგრამ მადლიერები უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ამ გამრჯე დამმტვერავებს ერთი მცენარიდან მეორეზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მტვერი გადააქვთ. უხვმოსავლიანობა დიდად არის დამოკიდებული ამ სასწაულებრივ ბუნებრივ პროცესზე, რაც შემოქმედების კიდევ ერთი საოცრებაა.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 განაყოფიერება ჯვარედინი დამტვერვის (ერთი მცენარის ყვავილიდან მეორეზე მტვრის გადატანის) ან თვითდამტვერვის (ერთი ყვავილის შიგნით ან ერთი და იმავე ინდივიდის სხვადასხვა ყვავილს შორის მიმდინარე განაყოფიერების პროცესის) შედეგად ხდება. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჯვარედინი დამტვერვა მრავალფეროვანი, უფრო ჯანსაღი და გამძლე მცენარეების არსებობას განაპირობებს.

^ აბზ. 6 მაგალითად, არყის ხის მხოლოდ ერთი ყვავილედიდან ხუთ მილიონზე მეტი მტვრის მარცვალი გამოიფანტება; ერთ არყის ხეს, საშუალოდ, რამდენიმე ათასი ყვავილედი აქვს.

^ აბზ. 9 ერთი კილოგრამი თაფლის დასამზადებალად ფუტკარი დაახლოებით ათ მილიონ ყვავილთან უნდა მიფრინდეს.

[ჩარჩო/სურათები 16, 17 გვერდებზე]

დამმტვერავები

ბუზები და ხოჭოები

ზოგ მათგანს დამტვერვაში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს, მაგრამ მათ არავინ აქებს. თუ შოკოლადი გიყვართ, იმ პაწაწინა ბუზს უნდა ემადლიერებოდეთ, რომელიც მუყაითად შრომობს შოკოლადის ხის ყვავილების დასამტვერად.

ღამურები და ოპოსუმები

მსოფლიოს ზოგი ულამაზესი ხის, მაგალითად მატყლის ხისა და ბაობაბის, დამტვერვა ღამურების მომსახურებაზეა დამოკიდებული. ზოგი ხილიჭამია ღამურა არა მარტო ნექტარს მიირთმევს, არამედ ხილსაც, რის შედეგადაც თესლებს ავრცელებს და ამგვარად ორმაგ სამსახურს ეწევა. ავსტრალიაში პატარა ჩანთოსნები, ოპოსუმები ყვავილების ნექტარს მიირთმევენ და თავიანთი ბეწვით ყვავილიდან ყვავილზე მტვერი გადააქვთ.

პეპლები

ულამაზესი პეპლები, ძირითადად, ყვავილის ნექტრით იკვებებიან; ერთი მცენარიდან მეორეზე გადაფრენისას მათ თან მიაქვთ ყვავილის მტვერი. რამდენიმე სახეობის მშვენიერი ორქიდეას დამტვერვა მთლიანად პეპლებზეა დამოკიდებული.

მენექტრიასებრნი და კოლიბრები

ტროპიკებში მობინადრე ხასხასა ფერებით შემკული ეს ჩიტები ნექტრის ძიებაში სულ ყვავილიდან ყვავილზე დაფრინავენ. ამ დროს ბუმბულზე ყვავილის მტვერი ეყრებათ.

ფუტკრები და კრაზანები

ფუტკრების ბუსუსებიანი სხეული ისევე იკრავს ყვავილის მტვერს, როგორც სათვალის მინა მტვრის ნაწილაკებს; ამის წყალობით ფუტკრები იდეალური დამმტვერავები არიან. მხოლოდ ერთ ბაზს (ფუტკრისებრთა ოჯახის წარმომადგენელს) 15 000 მტვრის მარცვლის გადატანა შეუძლია. მე-19 საუკუნეში ინგლისიდან ახალ ზელანდიაში ბაზის შეყვანის შედეგად დღეს სამყურას ველები ყვავის, რაც უხვი საკვებით უზრუნველყოფს ქვეყნის შინაურ ცხოველებს.

მეთაფლია ფუტკარი მსოფლიოში უბადლო დამმტვერავია. მას, ჩვეულებრივ, ყურადღება მხოლოდ ერთი სახეობის მცენარეზე აქვს შეჩერებული, რომელიც უხვად იზრდება მისი სკის მახლობლად. ენტომოლოგისტმა ქრისტოფერ ოტულმა გამოთვალა, რომ „მსოფლიოში საკვების 30 პროცენტის არსებობა პირდაპირ თუ არაპირდარ ფუტკრების შრომაზეა დამოკიდებული“. ფუტკრები მტვერავენ ნუშს, ვაშლს, ქლიავს, ბალს, კივსა და ასე შემდეგ. ფერმერები მეფუტკრეებს თითოეული სკის მომსახურებაზე ფულს უხდიან.

[სურათი 18 გვერდზე]

ჯადვარის ერთ-ერთი სახეობა.