არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ტანსაცმლის ღებვა წარსულში და დღეს

ტანსაცმლის ღებვა წარსულში და დღეს

ტანსაცმლის ღებვა წარსულში და დღეს

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის დიდი ბრიტანეთიდან

ოდესმე შეგინიშნავთ, როგორ გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე ფერები? ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ადამიანმა ქსოვილებისთვის სხვადასხვა ფერის მიცემა ანუ მათი ღებვა დაიწყო.

როდესაც ტანსაცმელს, ავეჯს, ხალიჩას, ფარდას ან, უბრალოდ, ნაჭერს ვყიდულობთ, ცხადია, გვინდა, რომ ქსოვილს ფერი არ გაუვიდეს ან არ გახუნდეს. მოდი, ვეწვიოთ ბრადფორდის (დიდი ბრიტანეთი) ფერთა მუზეუმს იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ ღებავდნენ ქსოვილებს და როგორ განვითარდა ღებვის ტექნოლოგია. იქ ინახება ზოგიერთი არაჩვეულებრივი ნივთიერება, რომელსაც სამღებრო საქმიანობაში საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ.

საღებავები, რომლებსაც საუკუნეების წინათ იყენებდნენ

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე ქსოვილთა შესაღებად მხოლოდ ბუნებრივ ნედლეულს იყენებდნენ და საღებავებს მცენარეების, მწერებისა და მოლუსკებისგან ამზადებდნენ; მაგალითად, მათრახასგან ლურჯ საღებავს (1) იღებდნენ, ყანის რეზედასგან — ყვითელს (2) და ენდროსგან — წითელს. შავი საღებავი ბაყმის ხისგან მიიღებოდა, ხოლო იისფერი — ლიქენისგან, როკცელასგან. მურექსის მოლუსკებისგან იღებდნენ ძალიან ძვირფას მოშინდისფრო საღებავს, რომელიც ტვიროსულ ანუ საიმპერატორო საღებავადაც (3) იყო ცნობილი. ამ საღებავით შეღებილ სამოსს რომის იმპერატორები ატარებდნენ.

რომის იმპერატორებამდე დიდი ხნით ადრე გამოჩენილი ადამიანები და მდიდრები ბუნებრივი საღებავებით შეღებილ ტანსაცმელს ატარებდნენ (ესთერი 8:15). მაგალითად, წითელ საღებავებს (4) მწერისგან, დედალი კერმესისგან, ამზადებდნენ. როგორც ჩანს, ამ საღებავს ალისფერი ნართის მისაღებად იყენებდნენ და ძველ ისრაელში კარვის მოსაწყობადაც გამოიყენებოდა; ამ საღებავით იღებებოდა ისრაელის მღვდელმთავრის ტანსაცმელიც (გამოსვლა 28:5; 36:8).

ღებვის პროცესი

ფერთა მუზეუმში დაცული ექსპონატები ცხადყოფს, რომ ღებვა საკმაოდ რთული პროცესია და იგი მხოლოდ საღებავში ძაფის ან ქსოვილის ჩაშვებით არ შემოიფარგლება. ხშირად ღებვის პროცესში შედის ფერმჭერის გამოყენება. ფერმჭერი არის ნივთიერება, რომელიც ბოჭკოსა და საღებავს ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს. შედეგად საღებავი მყარად ჯდება ბოჭკოზე და რეცხვისას ქსოვილს არ შორდება. ფერმჭერად მრავალი ქიმიური ნივთიერება გამოიყენება, ზოგი მათგანი მომწამლავია.

ზოგიერთი საღებავით ღებვისას არასასიამოვნო სუნი დგება. ერთ-ერთი ასეთი საღებავით კაშკაშა წითელი ფერი მიიღება, რაც ხანგრძლივი და რთული პროცესია. ამ საღებავით ბამბის ქსოვილებს ღებავენ, და იგი ხასხასა ფერს არ კარგავს არც მზის სხივების გავლენით, არც რეცხვითა და არც მათეთრებლის ზემოქმედებით. ოდესღაც ეს პროცესი 38 ნაბიჯს მოიცავდა და მის დასრულებას ოთხი თვე სჭირდებოდა. ზემოთ მოხსენიებულ მუზეუმში გამოფენილ ექსპონატთა შორის ყველაზე ლამაზი კაშკაშა წითლად შეღებილი ქსოვილებია (5).

სინთეზური საღებავების წარმოების დაწყება

პირველი საღებავი, რომელიც ბუნებრივი ნედლეულისგან არ ყოფილა მიღებული, 1856 წელს უილიამ ჰენრი პერკინმა დაამზადა. ექსკურსიამძღოლმა გვითხრა, რომ პერკინმა ხასხასა შინდისფერი საღებავი მიიღო. XIX საუკუნის მიწურულისთვის სხვა მრავალი სინთეზური საღებავი დაამზადეს. დღესდღეობით 8 000-ზე მეტ სინთეზურ საღებავს აწარმოებენ (6). ერთადერთი ბუნებრივი ნედლეულისგან წარმოებული საღებავი, რომელსაც დღემდე იყენებენ ბაყმის ხისგან და ბუჟღენდისგან (მწერი) არის დამზადებული.

მუზეუმში გვითხრეს, რომ დღეს სინთეზური ქსოვილების, მაგალითად, ხელოვნური აბრეშუმის, შესაღებად სპეციალური პროცესებია გასავლელი. ვისკოზა დღეს ყველაზე პოპულარული ხელოვნური აბრეშუმია, რომელიც პირველად 1905 წელს აწარმოეს. ვინაიდან ვისკოზას ქიმიური აგებულება ბამბისას ჰგავდა, მისი შეღებვა იმ დროს არსებული საღებავების უმრავლესობით შესაძლებელი იყო. მაგრამ დღეს წარმოებული სინთეზური მასალების, მაგალითად, აცეტატური აბრეშუმის, პოლიესტერის, ნეილონისა და პოლიაკრილატებისგან დამზადებული ქსოვილების შესაღებად რამდენიმე ახალი ტიპის საღებავი შექმნეს.

რთული ამოცანა

ტანსაცმლის თუ ქსოვილის ყიდვისას გვინდა, რომ ისინი არ გახუნდეს. მიუხედავად ამისა, მრავალი ქსოვილი მზის სხივების გავლენით ან ხშირი რეცხვის, განსაკუთრებით კი ლაქების ამომყვანების გამოყენების, შედეგად კარგავს ფერს. ზოგ ქსოვილს ფერს უცვლის ოფლი ან სხვა ფერის ტანსაცმელთან ერთად გარეცხვა. რეცხვისას ფერის გადასვლა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან საღებავის მოლეკულები და ქსოვილის ბოჭკოები. ხშირი რეცხვისა და ლაქების ამომყვანის გამოყენების გამო ბოჭკოებს საღებავი სცილდება, რაც ქსოვილის გახუნებას იწვევს. სამღებროში ნაწარმს ამოწმებენ, ნორმის ფარგლებში ჯდება თუ არა მზის სხივების, ხშირი რეცხვის, ლაქების ამომყვანი საშუალებებისა თუ ოფლის მოქმედებისადმი საღებავის მდგრადობა.

ამ მუზეუმის დათვალიერებამ აღგვძრა, მეტი ინტერესით დავკვირვებოდით იმას, თუ როგორი ქსოვილისგან არის შეკერილი ჩვენი ტანსაცმელი. განსაკუთრებით საინტერესო იყო, გავცნობოდით იმ საოცარ პროცესს, რისი წყალობითაც ჩვენი ტანსაცმელი ხშირი რეცხვის მიუხედავად, ხასხასა ფერებს ინარჩუნებს.

[საავტორო უფლება დაცულია 24 გვერდზე]

Photos 1-4: Courtesy of the Colour Museum, Bradford (www.colour-experience.org)

[საავტორო უფლებები დაცულია 25 გვერდზე]

Photo 5: Courtesy of the Colour Museum, Bradford (www.colour-experience.org); Photo 6: Clariant International Ltd., Switzerland