„უჭკნობ ხელოვნებაზე“ აღმატებული
„უჭკნობ ხელოვნებაზე“ აღმატებული
მოგვითხრო რაკელ კოივისტომ
1950 წელს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა პატივსაცემად ჩემი გაკეთებული მონუმენტის მოდელი მოიწონეს. ერთი წლის შემდეგ ტუუსულაში (ფინეთი) ამ უზარმაზარი გრანიტის მონუმენტის გახსნას არ დავსწრებივარ. ნება მიბოძეთ, მოგითხროთ, რა იყო ამის მიზეზი.
დავიბადე 1917 წელს სამხერთ ფინეთის ერთ-ერთ სოფელში. რვა დედმამიშვილს შორის ყველაზე უმცროსი მე ვიყავი. ხელმოკლედ ვცხოვრობდით, მაგრამ თავს ბედნიერად და უსაფრთხოდ ვგრძნობდით. ჩემი მშობლები გაწონასწორებული და ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ და შვილებს სულიერი ღირებულებების დაფასება გვასწავლეს. მამის ნაყიდ ბიბლიას ოჯახში დიდი რუდუნებით ვეპყრობოდით.
ბავშვობაში ხის პატარა ფიგურებს ვთლიდი. ოჯახის წევრების აზრით, განსაკუთრებული ნიჭით ვიყავი დაჯილდოებული, ამიტომ უნდოდათ, რომ პროფესიული განათლება მიმეღო. გავიდა დრო და ჰელსინკის ხელოვნების ინსტიტუტში ჩავაბარე. ეს პრესტიჟული სასწავლებელი, ფინეთის ხელოვნების აკვანი, ჩემთვის, პატარა სოფლელი გოგოსთვის, დამატყვევებელი აღმოჩნდა, და მთელი არსებით მივეძღვენი ხელოვნებას. 1947 წელს, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ვფიქრობდი, რომ შემეძლო ხელოვნების ისეთი ნიმუში შემექმნა, რომელიც ჟამთა სვლას გაუძლებდა.
გარდამტეხი პერიოდი
ცოტა ხანში ჩემი მიზნები რადიკალურად შეიცვალა. ერთხელ ჩემი და აუნე მოვიდა და აღფრთოვანებულმა მითხრა: „ჭეშმარიტება ვიპოვე!“ მისთვის მიეცათ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „დაე, მართალი იყოს ღმერთი!“, რამაც დიდად ვერ მიიპყრო ჩემი ყურადღება. არც ისე დიდი ხნის შემდეგ ჩემს კურსელს იგივე წიგნი დავუნახე. როდესაც სახელმძღვანელო აუგად მოვიხსენიე, კურსელმა მკაცრი ტონით მომიგო: „კმარა დაცინვა! ეს წიგნი ბიბლიის გაგებაში დაგეხმარება“. მე მოვიძიე ის და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ამის მერე აღარ გამცინებია; დავრწმუნდი, რომ მოწმეებს ჭეშმარიტება სწამდათ. ასევე დავინახე, რომ იეჰოვა ღმერთი იმას მთავაზობდა, რასაც ხელოვნება ვერასდროს შემომთავაზებდა — მარადიულ სიცოცხლეს.
როდესაც პირველად შევხვდი მოწმეებს, მათ კრების შეხვედრებზე არ მივუწვევივარ, რამაც მაფიქრებინა, რომ მხოლოდ კრების წევრებს ჰქონდათ ამ შეხვედრებზე დასწრების უფლება. მე თავად გამოვავლინე ინიციატივა და ვიკითხე, შემეძლო თუ არა
შეხვედრებზე მისვლა. გამახარა იმის გაგებამ, რომ კარი ყველასთვის ღია იყო. შეხვედრებზე დასწრებამ რწმენა გამიძლიერა და გადავწყვიტე, თავი იეჰოვასთვის მიმეძღვნა. 1950 წლის 19 ნოემბერს მე და ჩემი და ერთად მოვინათლეთ. ჩვენდა საბედნიეროდ, მშობლები და ჩვენი ოთხი დაც შემოგვიერთდნენ იეჰოვას მსახურებაში.რას ავირჩევდი?
როცა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას ვსწავლობდი, შემოქმედებით საქმიანობაში კიდევ უფრო დავიხვეწე. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ პროფესორის ასისტენტად დავიწყე მუშაობა. მოგვიანებით, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა პატივსაცემად ჩემი გაკეთებული მონუმენტის მოდელი იქნა მოწონებული. ამ მონუმენტს „შინმოუსვლელნი“ დავარქვი და მასში ომის მიმართ ჩემი ახლანდელი დამოკიდებულება გამოვხატე (ესაია 2:4; მათე 26:52). ხუთი მეტრი სიმაღლის ქანდაკების გახსნას არ დავსწრებივარ, რადგან ცერემონიალი პატრიოტული იყო და ბიბლიით განსწავლულმა სინდისმა მასზე დასწრების ნება არ დამრთო.
ამ ნამუშევარმა უფრო გამითქვა სახელი და მას შემდეგ არაერთი სერიოზული პროექტი შემომთავაზეს. დავფიქრდი, რისთვის მიმენიჭებინა უპირატესობა. ჩემი საქმე ძალიან მიყვარდა, მაგრამ სხვებისთვის სულიერი დახმარების აღმოჩენის სურვილი უფრო ძლიერი იყო. ამიტომ 1953 წელს პიონერად (ასე ეწოდებათ იეჰოვას მოწმე სრული დროით მსახურებს) დავიწყე მსახურება.
ზოგჯერ მსაყვედურობდნენ, რომ გასაქანს არ ვაძლევდი ნიჭს. მაგრამ კარგად მესმოდა, რომ ჩემი, როგორც მოქანდაკის, ნებისმიერი წარმატება, მხოლოდ დროებითი იქნებოდა. დროთა განმავლობაში თვით გრანიტის მონუმენტებიც იშლება; პიონერული მსახურება კი საშუალებას მომცემდა, დროის უმეტესი ნაწილი იმისთვის დამეთმო, რომ სხვებს მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან გზაზე დადგომაში დავხმარებოდი (იოანე 17:3). და მაინც, ხელოვნებისთვის ზურგი არ მიქცევია. დროდადრო საკუთარი სიამოვნებისთვის პატარ-პატარა ფიგურებს ვაკეთებდი, და მერე ვყიდდი, რათა თავი მერჩინა.
ქალაქიდან სოფელში
1957 წელს, ჰელსინკიში ოთხი წლის მსახურების შემდეგ, ფინეთში იეჰოვას მოწმეთა ფილიალმა შემომთავაზა, სამხრეთ პოჰიანმაას ოლქში მდებარე იალასიარვიში მემსახურა ანია კეტოსთან ერთად, რომელიც 17 წლით იყო ჩემზე უმცროსი. მართალია, ანიას არ ვიცნობდი, მაგრამ სიხარულით დავიწყე მასთან ერთად მსახურება. იქ ჩვენ გარდა არავინ იყო იეჰოვას მოწმე, ამიტომ ყოველთვის ერთად ვმსახურობდით, და მალე განუყრელი მეგობრები გავხდით.
იალასიარვიში გადასვლა დედაქალაქის ხელოვანთა წრიდან იმ გარემოში დაბრუნებას ნიშნავდა, საიდანაც 20 წლის წინ წამოვედი. იმ მხარეში განსაკუთრებით მკაცრი ზამთარი იცოდა და ზოგჯერ ძალიან გვიჭირდა მუხლებამდე თოვლში გზის გაკვალვა. პატარა ხის სახლში ვცხოვრობდით, რომელიც არ იყო კეთილმოწყობილი. წყალი ახლომდებარე წყაროდან მოგვქონდა, სახლში კი ისე ციოდა, რომ ხანდახან ღამით წყალიც კი იყინებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერი გვქონდა, რაც გვჭირდებოდა (1 ტიმოთე 6:8). ეს იყო ბედნიერი, სულიერი საქმეებით გაჯერებული დღეები.
კურთხევების მომტანი საქმით დაკავებული
თავიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ჩვენს მცდელობას ნაყოფი არ გამოჰქონდა, რადგან მოსახლეობა ჩვენ მიმართ ცუდად იყო განწყობილი. მათთვის ჩვენი საქმიანობა რომ გაგვეცნო, გადავწყვიტეთ, გვეჩვენებინა ჩვენი საზოგადოების მიერ გამოშვებული ფილმები: „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებაში“ და „ახალი ქვეყნიერების ბედნიერი საზოგადოება“. ამ ფილმების დახმარებით ხალხმა ჩვენც გაგვიცნო და ჩვენი ორგანიზაციაც, რაც მათ დაეხმარა, დაენახათ, რა დადებით გავლენას ახდენს ჩვენი მოღვაწეობა ადამიანებზე მთელ მსოფლიოში. ფილმების სანახავად ბევრი მაყურებელი იყრიდა თავს.
ერთხელ იეჰოვას მოწმეთა მიმომსვლელმა ზედამხედველმა ეერო მუურაინენმა ერთ-ერთ კლუბში გვიჩვენა ფილმი „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებაში“. დარბაზი ისე იყო გადაჭედილი, რომ სადღაც კუთხეში ძლივს ვიპოვე ადგილი. კედელზე მიყრდნობილი ცალ ფეხზე ვიდექი, მეორე ფეხის დასადგამი ადგილიც კი არ მქონდა. ფილმის დამთავრების შემდეგ ბევრი მოდიოდა და სახლში გვეპატიჟებოდა.
ჩვენ აგრეთვე გვქონდა დიდი მაგნიტოფონი და სოფლის მოსახლეობას ბიბლიურ მოხსენებებს ვასმენინებდით. ერთხელ შევთანხმდით, რომ მოხსენების
მოსასმენად საღამოს შვიდ საათზე ერთ ოჯახში შევიკრიბებოდით; მთელი სოფელი მოვიწვიეთ. რადგან გვეგონა, რომ საღამომდე ჯერ კიდევ ბევრი დრო გვქონდა, დილით ადრე ველოსიპედებით წავედით საქადაგოდ სოფელში, რომელიც დაახლოებით 25 კილომეტრით იყო დაშორებული. მაგრამ სოფლიდან გავედით თუ არა, წვიმა წამოვიდა და გზა საშინლად აატალახა.ველოსიპედებს იმდენი ტალახი აეკრა, რომ ბორბლებს ვეღარ ვატრიალებდით; ამიტომ ველოსიპედების ზურგზე მოკიდება და სახლში წაღება მოგვიწია. სახლიდან გვიანობამდე ვერ გამოვედით დათქმულ შეხვედრაზე მისასვლელად. თან მძიმე მაგნიტოფონი მიგვქონდა, რის გამოც ადგილზე მხოლოდ ათ საათზე მივედით. დარწმუნებული ვიყავით, რომ არავინ დაგვხვდებოდა, მაგრამ ჩვენდა გასაოცრად, სახლი სავსე იყო ხალხით, რომელიც ჯერ კიდევ გველოდებოდა. მოხსენების მოსმენის შემდეგ საინტერესო საუბარი გაიმართა. გამთენიისას, როცა სახლში დავბრუნდით, ძალიან დაღლილები, მაგრამ უსაზღვროდ ბედნიერები ვიყავით.
სოფლები ძალიან შორს იყო ერთმანეთისგან; ამიტომ, ადგილობრივი მოწმეები ძველი, რუსული წარმოების ავტომობილის ყიდვაში დაგვეხმარნენ. ამან ქადაგება საგრძნობლად გაგვიადვილა. მოგვიანებით ჩვენი ავტომობილი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ერთხელ ადგილობრივი ეპარქიის ეპისკოპოსმა მრევლი გააფრთხილა, სახლში არ შევეშვით; ის ლაპარაკობდა ორ ქალზე, რომლებიც ლურჯი ავტომობილით დადიოდნენ. ამას ის მოჰყვა შედეგად, რომ ხალხმა მოისურვა, გაეგო, თუ ვინ იყო ეს ორი ქალი და რატომ იყვნენ ისინი ასე საშიშნი. ცნობისმოყვარეობით აღძრულ ხალხთან ბევრი საინტერესო საუბარი შედგა. მართლაც ჭეშმარიტია ესაიას სიტყვები: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება“ (ესაია 54:17).
დროთა განმავლობაში ჩვენმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. დაინტერესებულთა პატარა ჯგუფთან ყოველკვირეულად დავიწყეთ შეხვედრების ჩატარება. თანდათანობით ჩვენი ჯგუფი გაიზარდა და 1962 წელს კრებად ჩამოყალიბდა, რომელიც 18 მოწმისგან, უმეტესწილად ქალებისგან, შედგებოდა. ორი წლის შემდეგ მე და ანია იმავე ოლქში მდებარე ქალაქ იულისტაროში გადაგვიყვანეს.
აღმაფრთოვანებელი გარემო
ვტკბებოდით იულისტაროს ლამაზი და მშვიდი გარემოთი, მაგრამ განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ადგილობრივ ხალხთან ურთიერთობა. ისინი ძალიან თბილები და ხელგაშლილები იყვნენ. ბევრი მათგანი ღრმად მორწმუნე იყო და განსაკუთრებით უყვარდა თავისი სამშობლო, რის გამოც ზოგჯერ უხეშადაც კი გვიშორებდნენ თავიდან, მაგრამ ბევრიც ბიბლიისადმი ღრმა პატივისცემას ავლენდა. ხშირად, როდესაც ბიბლიას ვიღებდით ხელში, ქალები საოჯახო საქმეების კეთებას წყვეტდნენ, მამაკაცები კი ქუდებს იხდიდნენ, რასაც, ჩვეულებრივ, იშვიათად აკეთებდნენ. ზოგჯერ, როცა ვინმესთან ერთად ბიბლიას განვიხილავდით, მთელი ოჯახი იკრიბებოდა და მეზობლებიც კი მოდიოდნენ მოსასმენად.
გულწრფელი და პატიოსანი ადამიანები, რომლებსაც მსახურებისას ვხვდებოდი, ჩემთვის შემოქმედებითი შთაგონების წყარო ხდებოდნენ. როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა, ვიღებდი თიხას და ვძერწავდი. ყოველთვის მხიბლავდა ადამიანთა მიმზიდველი ბუნება და მათი იუმორი, რის გამოც თითქმის ყველა ჩემი ფიგურა ადამიანის ხასიათს გადმოსცემდა. ვძერწავდი ქალებს, რომლებიც
საოჯახო საქმეებით იყვნენ გართულნი. ერთ-ერთ ჟურნალში ჩემს ნამუშევრებზე ნათქვამი იყო: „მათგან იუმორსა და გაწონასწორებულობასთან ერთად სითბო და სიმშვიდე გამოსჭვივის . . . ადამიანების სიყვარულმა და მდიდარმა შემოქმედებითმა უნარმა შეაქმნევინა მათ ავტორს ეს ფიგურები“. მაგრამ მე ყოველთვის ფრთხილად ვიყავი, რომ ხელოვნებას მეტისმეტად არ გავეტაცე. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, არ დამეთმო სრული დროით მსახურება.1973 წელს შემომთავაზეს სამუშაო, რაზეც უარს ვერასდროს ვიტყოდი. მთხოვეს, ვანტააში იეჰოვას მოწმეთა ფილიალის მიმღებში თიხის დიდი ქანდაკება დამედგა. ამ ნამუშევრის თემა ფსალმუნის 96:11—13-ში მოცემული სიტყვები იყო. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი ნიჭი იეჰოვას განსადიდებლად უნდა გამომეყენებინა!
პიონერად მსახურების დროს, ძირითადად, საკუთარი სიამოვნებისთვის ვძერწავდი, ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როდესაც 70-იანი წლების მიწურულს მოქანდაკის პენსია დამინიშნეს. ცხადია, მადლიერი ვიყავი ამგვარი ფინანსური დახმარებისთვის, მაგრამ ჩემთვის გავიფიქრე: „ნუთუ მხოლოდ ეს იქნებოდა ჩემი საზღაური, მთელი ცხოვრება ხელოვნებისთვის რომ მიმეძღვნა? ნუთუ სიბერეში ეს თანხა უზრუნველყოფდა ჩემს სიმშვიდესა და ბედნიერებას?“ ეს ხომ ვერასდროს შეედრებოდა მარადიული სიცოცხლის ჯილდოს! (1 ტიმოთე 6:12).
ისევ ქალაქში
1974 წელს ჩემსა და ანიას ცხოვრებაში დიდი ცვლილება მოხდა. ჩვენ ტურკუში, დიდ ქალაქში დაგვნიშნეს პიონერებად. იმ დროს ხალხი ქალაქს აწყდებოდა და ამიტომ იქ დიდი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა; შესაბამისად სამეფოს მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. თავიდან დიდად არ მოგვხიბლა ქალაქში მსახურებამ. ქალაქელებთან ჭეშმარიტებაზე საუბარი თითქოს უფრო რთული იყო ბევრი მათგანის გულგრილობის გამო. მაგრამ დროთა განმავლობაში ალღო ავუღეთ ახალ ტერიტორიაზე ქადაგებას და მრავალი ადამიანი ვიპოვეთ, რომლებიც აფასებდნენ ბიბლიური ჭეშმარიტებას.
წლების განმავლობაში მე და ანია 40-ზე მეტ ადამიანს დავეხმარეთ იეჰოვასთვის თავის მიძღვნაში. უდიდეს სიხარულს გვანიჭებენ ჩვენი სულიერი შვილები! (3 იოანე 4). ბოლო რამდენიმე წელია, რაც ჯანმრთელობა შემერყა, მაგრამ ახლა უფრო მეტად ვგრძნობ იეჰოვას მხარდაჭერას, კრების სიყვარულსა და ჩემი ძვირფასი მეგობრისგან, ანიასგან ‘დახმარებასა და გაძლიერებას’ (კოლოსელები 4:11; ფსალმუნი 55:22). ორმოცდაათი წლის წინათ, როცა მე და ანია ერთმანეთს შევხვდით, ვერც ერთი ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი თანამშრომლობა მთელი ცხოვრება გაგრძელდებოდა.
ამბობენ, ცხოვრება წარმავალია, ხელოვნება კი — უჭკნობიო. მაგრამ ეს ფრაზა ჩემი ცხოვრების დევიზად არ ამირჩევია. მე ვეთანხმები მოციქულ პავლეს სიტყვებს, რომლებიც 2 კორინთელების 4:18-შია ჩაწერილი: „ხილული დროებითია, უხილავი კი — მარადიული“. ყოველივე ანუ „ხილული“, რაც როგორც ხელოვანს სიხარულს მანიჭებდა, დროებითია. იგი ნამდვილად ვერ შეედრება იმ სიხარულს, რომელიც იეჰოვას მსახურებას მოაქვს; ის ვერც მარადიულ სიცოცხლეს მოგვიტანს. უსაზღვროდ მადლიერი ვარ იმისათვის, რომ თავი მივუძღვენი „უხილავს“, ანუ იმას, რაც „უჭკნობ ხელოვნებაზე“ აღმატებულია!
[სურათი 19 გვერდზე]
ვმუშაობ გრანიტის მონუმენტზე.
[სურათი 21 გვერდზე]
ანიასთან (მარცხნივ) ერთად, 1957 წელი.
[სურათი 22 გვერდზე]
ანიასთან (მარჯვნივ) ერთად დღეს.