არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შთამბეჭდავი მონოლითი

შთამბეჭდავი მონოლითი

შთამბეჭდავი მონოლითი

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის კანადიდან

საუკუნეების განმავლობაში მეთევზეებისა და მეზღვაურებისთვის ის სანდო ორიენტირი იყო. მხატვრებმა, პოეტებმა და მწერლებმა მისი მხატვრული სახე შექმნეს. ერთი ნაშრომი მას — მონოლითს — „იდუმალებით მოცულსა და მომაჯადოებელს“ უწოდებს. წმინდა ლავრენტის ყურეში, გასპეს ნახევარკუნძულის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის კამკამა ლურჯ წყალში ამაყად წამომართულა პერსე როკი. მისი სიგრძე დაახლოებით 430 მეტრია, სიგანე — 90 მეტრი, ხოლო სიმაღლე 88 მეტრზე მეტია.

ერთ დროს ადგილობრივი მოსახლეობიდან გაბედულები ამ კლდეზე ცოცვით ადიოდნენ, რათა ბუდეებიდან ჩიტების კვერცხები ამოეღოთ. მაგრამ 1985 წელს კვებეკის მთავრობამ ამ კლდისა და მის მწვერვალებს თავშეფარებული ჩიტების დასაცავად პერსე როკი და მახლობლად მდებარე კუნძული ბონევენტური ფრინველების ნაკრძალად გამოაცხადა. ბონევენტურის კუნძულზე არსებული ეს ნაკრძალი, სადაც ჩრდილოეთის რეგვენაა დაცული, სიდიდით მეორეა მსოფლიოში.

ზოგი მეცნიერის აზრით, დიდი ხნის წინათ პერსე როკი ხმელეთთან იყო შეერთებული და ოთხი თაღი ჰქონდა. მაგრამ დღეს მხოლოდ ერთი, 30 მეტრზე მეტი სიგანის, თაღის ნახვაა შესაძლებელი, რომელიც კლდის ზღვაში შეჭრილ ბოლოში მდებარეობს. ზღვის მიქცევის დროს ამ კლდეს ხმელეთთან ქვიშიანი თავთხელი აერთებს. გაბედულ ტურისტებს დაახლოებით ყოველ ოთხ საათში შეუძლიათ კლდის ძირის გასწვრივ გავლა; წყლის შხეფები სიარულს ურთულებს სტუმრებს და ისინი თაღამდე მისვლას დაახლოებით 15 წუთს ანდომებენ.

თავგადასავლების მაძიებლებმა ერთი რამ უნდა გაითვალისწინონ. ერთ-ერთი ტურისტი, რომელიც თაღის მაღლა კლდის წვერზე აცოცდა, ყვება: „რამდენიმე წუთის ინტერვალით ისმის კლდიდან ჩამოშლილი ნატეხების წყალში ჩავარდნის ხმა, თითქოს მინიატურული ბომბები ფეთქდებაო. ზოგი ნატეხი ერთმანეთს ეცემა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს იარაღიდან ისვრიანო“.

როგორც მრავალმა ტურისტმა შენიშნა, პერსე როკის სილამაზე დამატყვევებელია. მაგრამ ეს კლდე დედამიწაზე არსებულ მშვენიერებათაგან მხოლოდ ერთ-ერთია. რაოდენ მრავალი და მრავალფეროვანია ისინი! მათ დანახვაზე შეიძლება თქვენც მოგინდეთ, ‘გაჩერდეთ და დაუკვირდეთ ღვთის საოცარ საქმეებს’ (იობი 37:14).

[სურათის საავტორო უფლება 23 გვერდზე]

©Mike Grandmaison Photography