არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ალკოჰოლის მონობისგან თავისუფალი

ალკოჰოლის მონობისგან თავისუფალი

ალკოჰოლის მონობისგან თავისუფალი

ალკოჰოლური სასმელების ზომიერად მიღებამ სადილობა შეიძლება უფრო სასიამოვნო, დღესასწაული კი უფრო სახალისო გახადოს. თუმცა ზოგისთვის ალკოჰოლი სერიოზული პრობლემების მიზეზია. ამ სტატიაში მოგითხრობთ ერთი მამაკაცის შესახებ, რომელმაც თავი დააღწია ალკოჰოლის მონობას.

ჩემთვის დღესაც მტკივნეულია იმის გახსენება, რაც ჩემს ოჯახში ხდებოდა. მშობლები ხშირად სვამდნენ სპირტიან სასმელებს, რაც იმით მთავრდებოდა, რომ მამა დედას სცემდა. ხშირად მამის მოქნეული მუშტები მეც მხვდებოდა. ოთხი წლის ვიყავი, როცა მშობლები გაშორდნენ; მახსოვს, ბებიასთან გადამიყვანეს საცხოვრებლად.

ვგრძნობდი, არავის ვჭირდებოდი. შვიდი წლის ასაკში სარდაფში ვიპარებოდი ხოლმე და სახლში დამზადებულ ღვინოს მალულად ვსვამდი; ეს თითქოს მწუხარებას მიქარვებდა. თორმეტი წლის როცა ვიყავი, ბებიასა და დედას ჩემ გამო ცხარე კამათი მოუვიდათ; დედა იმდენად გამწარდა, რომ სამკაპი მესროლა; მე ავიცილე ის. ასეთი საფრთხის წინაშე არაერთხელ ვყოფილვარ. მაგრამ ფიზიკური ტკივილი არაფერი იყო იმ ემოციურ ტკივილთან, რასაც განვიცდიდი.

თოთხმეტი წლის ასაკში უკვე ყოველდღე ვსვამდი. ჩვიდმეტი წლისა სახლიდან გავიქეცი. სასმელი დამაჯერებლობას მმატებდა; ძალიან აგრესიული გავხდი და ბარებში პრობლემებს ვქმნიდი. ცხოვრებაში სიხარულს მხოლოდ სასმელი მანიჭებდა. დღეში ვსვამდი 5 ლიტრამდე ღვინოს, რამდენიმე ბოთლ ლუდსა და მაგარ სასმელებს.

ოჯახის შექმნის შემდეგ სასმელის გამო ცოლთან ურთიერთობა დამეძაბა. უკმაყოფილება და მტრობა ღვივდებოდა, ამიტომ ცოლსა და ბავშვებს ვცემდი; ოჯახში ისეთივე გამანადგურებელ ატმოსფეროს ვქმნიდი, როგორშიც თავად გავიზარდე. თითქმის მთელ ხელფასს სასმელში ვხარჯავდი. სახლში ავეჯი არ გვქონდა, ამიტომ მე და ჩემს ცოლს იატაკზე გვეძინა. ცხოვრების აზრს ვერ ვხედავდი და მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფერს ვაკეთებდი.

ერთხელ იეჰოვას მოწმეს ველაპარაკე და ვკითხე, რატომ არსებობდა ამდენი ტანჯვა. იეჰოვას მოწმემ ბიბლიიდან ამომიკითხა ღვთის დანაპირები, რომელიც პრობლემებისგან თავისუფალ ქვეყნიერებას ეხებოდა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, იეჰოვას მოწმეებთან ბიბლია შემესწავლა. დავიწყე ცხოვრებაში ბიბლიის პრინციპების გამოყენება და სმასაც ვუკელი, რის გამოც ჩვენი ოჯახური მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა. თუმცა იეჰოვას მოსაწონად რომ მეცხოვრა, ჩემი პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მომეგვარებინა. სამთვიანი ბრძოლის შემდეგ სასმელს თავი დავაღწიე; ექვსი თვის შემდეგ კი თავი მივუძღვენი ღმერთს და მოვინათლე.

ალკოჰოლის მონობისგან გათავისუფლებულმა ვალების გადახდა შევძელი. ბოლოს ვიყიდე სახლი და მანქანა, რომელსაც ქრისტიანულ შეხვედრებზე და კარდაკარ მსახურებაში წასასვლელად ვიყენებთ. დროთა განმავლობაში პირადი ღირსების გრძნობა გამიჩნდა.

ზოგჯერ წვეულებებზე სასმელს მთავაზობენ. ბევრმა არ იცის, რამხელა ბრძოლას ვეწევი; ერთი ყლუპიც რომ დავლიო, ისევ ალკოჰოლის მონა გავხდები. დალევის სურვილი დღემდე მაწუხებს, ამიტომ მხურვალე ლოცვა და დიდი მონდომება მჭირდება, რომ უარი ვთქვა სასმელზე. როცა მწყურია, ალკოჰოლური სასმელების გარდა ყველაფერს ვსვამ. ათი წელია, სასმელს არ გავკარებივარ.

იეჰოვა ადამიანს შეუძლებელს შეაძლებინებს. მან ისეთი თავისუფლება მომაპოვებინა, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდი. ბავშვობაში მიღებულმა ემოციურმა ჭრილობამ ღრმა კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაზე. მუდმივად ვებრძვი უარყოფით ფიქრებს. მეორეს მხრივ, ღმერთთან კარგი ურთიერთობა მაქვს, კრებაში ნამდვილი მეგობრები შევიძინე და შესანიშნავი ოჯახი მაქვს, რომელიც ჩემს რწმენას იზიარებს. მეუღლე და შვილები ძალიან მეხმარებიან ალკოჰოლთან ბრძოლაში. ჩემი ცოლი ამბობს: „ადრე ჩემი ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. დღეს კი იეჰოვას მადლიერი ვარ, რომ ბედნიერი ოჯახი მაქვს“ (გამოგზავნილია).

[ჩანართი 21 გვერდზე]

თოთხმეტი წლის ასაკში უკვე ყოველდღე ვსვამდი.

[ჩანართი 22 გვერდზე]

იეჰოვა ადამიანს შეუძლებელს შეაძლებინებს.

[ჩარჩო/სურათები 22 გვერდზე]

ბიბლიის თვალსაზრისი ალკოჰოლზე

▪ ბიბლია ალკოჰოლის მიღებას არ კრძალავს. მასში ნათქვამია, რომ ღვინო ‘მოკვდავი ადამიანის გულს ახალისებს’ და ღვთის ძღვენია (ფსალმუნი 104:14, 15). ბიბლია ვაზს სიმდიდრესა და უსაფრთხოებას უკავშირებს (მიქა 4:4). იესოს პირველი სასწაული ქორწილში წყლის ღვინოდ გადაქცევა იყო (იოანე 2:7—9). როდესაც მოციქულმა პავლემ ტიმოთეს „ხშირი ავადმყოფობის“ შესახებ გაიგო, ურჩია, „ცოტა ღვინო“ დაელია (1 ტიმოთე 5:23).

▪ ბიბლია კრძალავს ალკოჰოლის უზომოდ მიღებას:

„ლოთები  . . . ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს“ (1 კორინთელები 6:9—11).

„ნუ დათვრებით ღვინით, რაშიც აღვირახსნილობაა“ (ეფესოელები 5:18).

„ვინ ოხრავს? ვინ არის მოუსვენრად? ვინ დავობს? ვინ წუხს? უმიზეზოდ ვის აქვს ჭრილობები? ვის აქვს ამღვრეული თვალები? მას, ვინც გვიანობამდე უზის ღვინოს, ვინც შეზავებული ღვინის საძებნელად დადის. ნუ უყურებ სიწითლეს ღვინისას, სასმისში რომ ელვარებს, ყელში რომ მირაკრაკებს. ბოლოს გველივით კბენს და გველგესლასავით გესლავს. შენს თვალებს უცნაურობები მოელანდება და შენი გული უკუღმართობას ილაპარაკებს“ (იგავები 23:29—33).

ამ სტატიიდან დავინახეთ, რომ ზოგმა, ვისაც სმის პრობლემა ჰქონდა, გონივრულად ჩათვალა, საერთოდ უარი ეთქვა ალკოჰოლის მიღებაზე (მათე 5:29).