არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაეცანით აღმოსავლეთ ტიმორელებს

გაეცანით აღმოსავლეთ ტიმორელებს

გაეცანით აღმოსავლეთ ტიმორელებს

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ავსტრალიიდან

აღმოსავლეთი ტიმორი ანუ ტიმორ-ლესტე პატარა ქვეყანაა. მას კუნძულ ტიმორის აღმოსავლეთი ნაწილი უკავია. მალაიური სიტყვა, რომლიდანაც „ტიმორი“ წარმოიქმნა, და პორტუგალიური სიტყვა „ლესტე“ აღმოსავლეთს ნიშნავს. ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები, ჩვეულებრივ, ქვეყანას აღმოსავლეთ ტიმორს უწოდებენ. ეს სახელი შესაფერისია, რადგან კუნძული ინდონეზიის არქიპელაგის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარეობს.

აღმოსავლეთ ტიმორის ფართობი დაახლოებით 14 800 კმ2-ია, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედს შეადგენს. მცირე ზომის მიუხედავად, მასში შერწყმულია აზიური და ავსტრალიური ფლორა და ფაუნა. ტროპიკულ ჯუნგლებს ემიჯნება ევკალიპტის ბუჩქები და გახრიოკებული მინდვრები. აქ გვერდიგვერდ ცხოვრობენ ავსტრალიური ჩანთოსნები და ფრინველები, აზიური მაიმუნები და ტროპიკული ზღვის ნიანგები. მაგრამ რის თქმა შეიძლება აღმოსავლეთ ტიმორელებზე? გსურთ მათი გაცნობა?

მოგონებები კოლონიური წარსულიდან

1514 წელს პორტუგალიელი ზღვაოსნები შესაძლოა პირველად ჩავიდნენ აღმოსავლეთ ტიმორში. მაშინ მთის ფერდობები სანდალოზის ტყეებით იყო დაფარული. სანდალოზის ხე ძვირად ფასობდა, ამიტომ პორტუგალიელებს საბაბი მიეცათ, იქ ახალშენი დაეარსებინათ და ვაჭრობა დაეწყოთ. კათოლიკური ეკლესიაც დაინტერესდა ამ ადგილით და ადგილობრივი მოსახლეობის ქრისტეს რჯულზე მოსაქცევად იქ მისიონერების გაგზავნა მოინდომა. 1556 წელს ამ ორი მიზეზის გამო პორტუგალიელებმა კუნძულის კოლონიზაცია დაიწყეს.

მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთი ტიმორი იზოლირებულ და მიტოვებულ კოლონიად დარჩა. 1656 წელს, როცა ჰოლანდიელები კუნძულის დასავლეთ ნაწილს დაეპატრონნენ, პორტუგალიელებს მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი დარჩათ. ბოლოს, 1975 წელს, დაახლოებით 400-წლიანი კოლონიური მმართველობის შემდეგ, პორტუგალიელებმა საბოლოოდ აიღეს ხელი ამ კუნძულზე.

იმავე წელს სამოქალაქო ომი გაჩაღდა. მომდევნო 24 წლის განმავლობაში დაახლოებით 200 000 აღმოსავლეთ ტიმორელი ანუ მოსახლეობის ერთი მესამედი ომში დაიღუპა. 1999 წელს კუნძულს ძალადობის ტალღამ გადაუარა, რის შედეგადაც განადგურდა სახლების 85 პროცენტი და თითქმის მთელი ინფრასტრუქტურა. ასობით ათასი ადამიანი მთებში გაიხიზნა. ბოლოს, გაერთიანეული ერების ორგანიზაციის ჩარევით, შეწყდა ნგრევა და ქვეყანა სტაბილიზაციის გზას დაადგა.

იმ დროიდან მოყოლებული ტიმორელები ცდილობენ ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ. 2002 წლის მაისში აღმოსავლეთ ტიმორი ანუ ტიმორ-ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკა ოფიციალურად აღიარეს ახალ სახელმწიფოდ.

კულტურათა გზაჯვარედინი

საუკუნეების განმავლობაში ვაჭრობის, აზიელებისა და ავსტრალიელების მიგრაციისა და ევროპელების კოლონიზაციის გამო აღმოსავლეთ ტიმორში მრავალმა კულტურამ და ენამ მოიყარა თავი. სამთავრობო დაწესებულებებში და საქმიანი ურთიერთობების დროს იყენებენ პორტუგალიურ ენას, თუმცა მოსახლეობის 80 პროცენტი ლაპარაკობს შერეულ ენაზე, რომელსაც ტეტუმი ჰქვია; ამ ენაში ბევრი პორტუგალიური სიტყვა გვხვდება. ქვეყანაში მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფები სულ მცირე 22 ენაზე ლაპარაკობენ.

სოფლებში ჰყავთ ბელადები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სოფლის ცხოვრებაში. ისინი უძღვებიან ცერემონიებს, ანაწილებენ მიწას და სხვა ტრადიციულ ღონისძიებებში მონაწილეობენ. სამოქალაქო საქმეების წარმართვა კი ხალხის მიერ არჩეულ პირს ევალება.

აღმოსავლეთ ტიმორელთა რელიგია ტრადიციული ანიმიზმის (რწმენა, რომ ყველა საგანს აქვს სული) და შემოტანილი კათოლიციზმის ნარევია. წინაპრების თაყვანისცემა, ჯადოქრობა და სპირიტიზმი ცხოვრების ყველა სფეროზე ირეკლება. ის მორწმუნეები, რომლებიც ეკლესიაში რეგულარულად დადიან, ჩვეულებრივ, ადგილობრივ „მატან დოკსაც“ ანუ ექიმბაშსაც მიმართავენ, რათა მომავალი უწინასწარმეტყველოს, ავადმყოფობისგან განკურნოს ან ავი სულებისგან დაიცვას.

ცნობისმოყვარე და სტუმართმოყვარე ხალხი

აღმოსავლეთ ტიმორელები ბუნებით მხიარულები, ცნობისმოყვარეები და სტუმართმოყვარეები არიან. „ჩვენ ძალიან გვიყვარს სწავლა, ლაპარაკი და ურთიერთობა, თვით უცნობებთანაც კი“, — ამბობს პრეზიდენტი კეირალა შანანა გუშმაუნი.

თუ ჩამოსული სტუმარი ტიმორელთა ოჯახში ვახშმად მიიწვიეს, როგორც წესი, ის ოჯახისთავთან ვახშმობს. მეუღლე და შვილები კი, ჩვეულებრივ, სუფრას ემსახურებიან და მოგვიანებით ჭამენ. თუ სტუმარი თავიდან ცოტა საჭმელს გადაიღებს და შემდეგ დამატებას მოითხოვს, ამით მასპინძლის მიმართ პატივისცემას გამოავლენს.

ტიმორელთა კერძები ძირითადად შედგება ბრინჯის, სიმინდის ან მანიჰოტისგან, რომლებსაც მწვანილეულობასა და ბოსტნეულთან ერთად ამზადებენ. ერთ-ერთი განსაკუთრებული და უგემრიელესი კერძია „საბოკო“, რომელიც მზადდება სარდინის, თამარჰინდის სოუსისა და სანელებლებისგან და პალმის ფოთოლშია გახვეული. კუნძულის მცხოვრებთათვის ხორცი ძვირი სიამოვნებაა.

ბავშვების ჟრიამული

აღმოსავლეთი ტიმორი ახალგაზრდული ერია. მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს ბავშვები შეადგენენ და ბევრ ოჯახს ათი ან თორმეტი შვილი ჰყავს.

სკოლაში ბავშვები ხელიხელჩაკიდებულები მიდიან — ბიჭები ბიჭებთან და გოგონები გოგონებთან — თან მღერიან და იცინიან. სასკოლო საგნების გარდა ბავშვებს ეთიკასაც ასწავლიან.

ტიმორელი ბავშვი არასდროს თამაშობს მარტო ან წყნარად, რადგან მეზობლის ბავშვები ყოველთვის ერთად იკრიბებიან სათამაშოდ. მათი საყვარელი თამაშია „დუდუ კარეტა“ ანუ „მანქანობანა“. მანქანის მაგივრობას მათ ველოსიპედის სალტე უწევს. ბავშვები სიცილ-ხარხარით მიაგორებენ სალტეს ქუჩაში და ჯოხით მართავენ მას.

თუმცა ტიმორელი ბავშვების ცხოვრება მხოლოდ თამაში როდია. მშობლებმა შეიძლება მათ სიმინდის დაფქვა დაავალონ, რისთვისაც ფოლადის ძელს იყენებენ. მაგრამ ბავშვებს მუშაობის დროსაც ბედნიერი სახეები აქვთ. როგორც ჩანს, მათ სულაც არ აღელვებთ ის ფაქტი, რომ ისინი ათი უღარიბესი ქვეყნიდან ერთ-ერთში ცხოვრობენ.

ერის ჭირ-ვარამი

უკიდურესი სიღატაკე გაუსაძლისს ხდის ტიმორელთა ცხოვრებას. მოსახლეობის 40 პროცენტი დღეში 1,5 ამერიკულ დოლარზე ნაკლებით ცხოვრობს; ეს ის მინიმუმია, რაც ტიმორელებს პირველადი მოხმარების საგნებში სჭირდებათ. ქვეყნის ინფრასტრუქტურა ღარიბია. მთავრობის მიერ გამოცემულ ანგარიშში ნათქვამია: „ქვეყანაში ოთხიდან სამი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს, ხუთიდან სამი კი — საკანალიზაციო სისტემის გარეშე, ხოლო მოსახლეობის ნახევარს სუფთა სასმელი წყალი არა აქვს“.

ასეთი ცუდი პირობები ჯანმრთელობის პრობლემებს ქმნის. ცუდი კვებისა და სხვადასხვა დაავადების, მათ შორის მალარიისა და ტუბერკულოზის გამო სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 50 წელია. ათიდან ერთი ბავშვი ხუთი წლის ასაკამდე კვდება. 2004 წელს ქვეყნის მოსახლეობას, ანუ დაახლოებით 800 000 ადამიანს, მხოლოდ 50-მდე ექიმი ემსახურებოდა.

სხვა ქვეყნები გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად ცდილობენ, დაეხმარონ ტიმორელებს დანგრეული ქვეყნის აღდგენაში. ტიმორის ზღვაში არსებული დიდი რაოდენობის ნავთობი და გაზი კარგ მომავალს უქადის ტიმორის ეკონომიკას. თუმცა აღმოსავლეთი ტიმორის ყველაზე დიდი სიმდიდრე თავმდაბალი და შემგუებელი ხალხია. ერთმა ტიმორელმა ქალმა „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტს უთხრა: „ღარიბები ვართ, მაგრამ ბედნიერები!“

„უკეთესობის მახარობლები“

ბოლო რამდენიმე წელია, რაც იეჰოვას მოწმეები აღმოსავლეთი ტიმორის მოსახლეობისთვის „უკეთესობის მახარობლები“ არიან (ესაია 52:7; რომაელები 10:14, 15). 2005 წელს იეჰოვას მოწმეთა ერთადერთმა ადგილობრივმა კრებამ დაახლოებით 30 000 საათი იქადაგა ბიბლიის შესანიშნავი დანაპირების, დედამიწაზე სამოთხის აღდგენის შესახებ (ფსალმუნი 37:10, 11; 2 პეტრე 3:13).

ბიბლიის ჭეშმარიტებამ არაერთი ადამიანი გაათავისუფლა სპირიტიზმის მძიმე უღლისგან. მაგალითად, იაკობი, ხუთი შვილის მამა, ტრადიციულ სპირიტიზმს მისდევდა. ის მკვდრების სულებისთვის ცხოველებს სწირავდა, რაც ოჯახს მატერიალურად აზარალებდა. შესაწირი ქათამი დაახლოებით მისი ერთი დღის ხელფასი იყო, თხა და გოჭი კი — რამდენიმე კვირის ხელფასი.

ერთხელაც იაკობის ცოლმა, ფრანსისკამ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მან იაკობს ბიბლიიდან უჩვენა მუხლები, სადაც წერია, რომ მკვდრებმა არაფერი იციან და ცოცხლებისთვის ზიანის მიყენება არ შეუძლიათ (ეკლესიასტე 9:5, 10; ეზეკიელი 18:4). იაკობმა და ფრანსისკამ იწამეს ის, რასაც ბიბლია ასწავლიდა და გადაწყვიტეს, სულებისთვის აღარ შეეწირათ მსხვერპლი. ამას ნათესავების რისხვა მოჰყვა. ისინი განუდგნენ მათ და უთხრეს, რომ სულები შურს იძიებდნენ მათზე და მალე მოკლავდნენ. მაგრამ იაკობმა და ფრანსისკამ მტკიცედ უპასუხეს: „ჩვენ იეჰოვა დაგვიცავს“.

იაკობმა ბიბლიის შესწავლა და ოჯახთან ერთად ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. შედეგად მან თავისი ცხოვრება სხვა მხრივაც მოაწესრიგა. იაკობმა თავი დაანება სიგარეტს, თუმცა წლების მანძილზე ყოველდღე თითო კოლოფს ეწეოდა. მან წერა-კითხვაც ისწავლა. ამასობაში ფრანსისკამ ბეტელის კაკლის ღეჭვა მიატოვა. ბოლოს, 2005 წელს, იაკობი და ფრანსისკა მოინათლნენ და იეჰოვას მოწმეები გახდნენ. დღეს ისინი გონივრულად იყენებენ ფულს, რომ შვილებს განათლება მისცენ და სამედიცინო ხარჯები დაფარონ.

იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ „დედამიწის კიდით კიდემდე“ ქადაგებენ. ამას აკეთებენ პატარა აღმოსავლეთ ტიმორშიც, სადაც ცნობისმოყვარე, სტუმართმოყვარე და გულკეთილი ხალხი ცხოვრობს (საქმეები 1:8; მათე 24:14).

[ჩარჩო/სურათი 17 გვერდზე]

„ძაფი და ძაფის კოჭი მოაქვს“

ტიმორში ამ სიტყვებით ამცნობდნენ ხალხს გოგონას დაბადებას. ამ გამოთქმიდან ჩანს, რომ ტიმორელი ქალების ტრადიციული საქმე ორნამენტებით დამშვენებული ნაჭრის „ტაისის“ დამზადებაა. ამ ნაჭრისგან მზადდება საუცხოო სადღესასწაულო ტანსაცმელი, საბნები და საოჯახო რელიკვიები. ბებიები ახალგაზრდა ქალებს ასწავლიან ბამბის მოყვანას, დაკრეფას, დართვას, შეღებვას და შემდეგ მისგან ჭრელი ქსოვილის დამზადებას. თუ ორნამენტი რთულია, „ტაისის“ დამზადებას შეიძლება ერთი წელი დასჭირდეს. ამ ქსოვილს ქვეყნის ყველა მხარეში თავისი ტრადიციული ორნამენტი აქვს. სპეციალისტს ადვილად შეუძლია მიხვდეს, რომელ მხარეში იყო დამზადებული ესა თუ ის „ტაისი“.

[რუკა 14 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

პაპუა-ახალი გვინეა

ინდონეზია

აღმოსავლეთი ტიმორი

ავსტრალია

[სურათი 15 გვერდზე]

კონუსის ფორმის ტრადიციული სახლი.

[სურათი 16 გვერდზე]

„დუდუ კარეტა“ — ბავშვების საყვარელი თამაში.

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

იაკობი ოჯახთან ერთად.