არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მატლები— გემრიელი ლუკმა

მატლები— გემრიელი ლუკმა

მატლები— გემრიელი ლუკმა

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ზამბიიდან

მატლების ჭამა ბევრს არ უყვარს. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ამ რბილ ნუგბარს სიამოვნებით მიირთმევენ. აფრიკის ზოგ ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს პეპლის ერთი-ერთი სახეობის „Imbrasia belina“-ს მატლი. ეს მატლები ბინადრობენ ხეში, რომელსაც „Colophospermum mopane“ ჰქვია. მრავალ სოფელში მოსახლეობა მოუთმენლად ელის ამ დაკლაკნილი და კალორიული „მოსავლის“ აღებას. „ის ძალიან მდიდარია ცილებით“, — ამბობს კალაჰარის გარემოს დაცვის საზოგადოების წარმომადგენელი კიტ ლეგეტი. მატლები აგრეთვე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გახრიოკებული, საკმაოდ უნაყოფო სავანის ეკოსისტემაში.

სამხრეთ აფრიკაში წვიმების სეზონი ნოემბრის დასაწყისში იწყება და ბუნებაც იღვიძებს. მიწაში არსებული მილიონობით ჭუპრი ლამაზ პეპლებად გადაიქცა. რამდენიმე კვირაში მათი კვერცხებიდან მატლები იჩეკება, რომლებიც მალე ჭრელ და მსუქან „სოსისებს“ ემსგავსებიან.

იმ ადგილებში, სადაც ძირითადად სახამებლით მდიდარი საკვები აქვთ, მათ შორის მანიჰოტი და სიმინდი, მატლები რაციონს ამდიდრებს. მართალია, ბევრს მატლის გაგონებაც კი ზარავს, მაგრამ იქ, სადაც ცილების შემცველი პროდუქტები ნაკლებია ან ძვირია, მატლები ძალიან ფასობს, რადგან მათში 60 პროცენტზე მეტი ცილაა. მატლის ერთი ულუფა ისეთივე კალორიულია, როგორც ხორცის ან თევზის ერთი ულუფა და 75 პროცენტით აკმაყოფილებს მოზრდილი ადამიანის ყოველდღიურ მოთხოვნას ცილებზე, ვიტამინებსა და მინერალებზე. მართლაც, ეს პატარა არსება ძალიან ნოყიერია!

მატლების მოყვარულებისთვის გაუგებარია, რატომ ხარჯავენ ზოგან ფერმერები ქიმიკატებზე დიდ თანხას ამ ცილებით მდიდარი მწერების გასანადგურებლად. მილიონობით მატლი უვარგის და ზოგ შემთხვევაში შხამიან ფოთლებს მიირთმევს და სასარგებლო საკვებად გარდაქმნის. ყველაფერი ეს ძვირადღირებული ხელსაწყოებისა და სავეტერინარო გადასახადების გარეშე ხდება! მატლების შეგროვება რთული არ არის და ძალიან მომგებიანია.

მატლები ხელს უწყობენ სავანის ნიადაგის განოყიერებას და ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას. თუმცა აფრიკული სპილოს ზომა და მისი მადა ძალიან შთამბეჭდავია, საჭმლის მონელებასა და დამუშავებაში ის ამ პატარა მატლს ვერ შეედრება. სულ რაღაც ექვს კვირაში უამრავი მატლი იმავე ტერიტორიაზე მყოფ სპილოებზე ათჯერ მეტ მცენარეულობას შთანთქავს და დაახლოებით ოთხჯერ მეტ ექსკრემენტს გამოყოფს. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მისი მასა თითქმის 4 000-ჯერ იზრდება! ბუნებრივია, დიდი რაოდენობით მატლის შეგროვება უარყოფითად მოქმედებს ნიადაგზე და მის ეკოლოგიურ ბალანსზე.

როგორ იღებენ მატლების „მოსავალს“? წვიმიან სეზონზე, წელიწადში ორჯერ მათ სოფლებში ქალები „კრეფენ“. მატლებს რამდენიმე კვირის განმავლობაში აგროვებენ, შიგნეულობას აცლიან, ხარშავენ და ბოლოს აშრობენ. საჭმელად ვარგისი ზოგი მატლის შეგროვება და დამზადება განსაკუთრებული წესით ხდება. ზოგიერთი სახეობის მატლს დამცავ ბეწვს და ხერხემალს აცლიან. აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ზოგი მატლი ადამიანისთვის საშიში ტოქსიკური მცენარეებით იკვებება. დამუშავების შემდეგ გამომშრალ მატლებს პირდაპირ ჭამენ, თუმცა უფრო ხშირად მათ წყალში ალბობენ და ხარშავენ ან პომიდორთან და ხახვთან ერთად შუშავენ.

ზოგს მატლის ხსენებაზე პირში ნერწყვი მოსდის, ზოგს კი გულისრევის შეგრძნება ეუფლება. შეგიძლიათ სულაც არ გაუსინჯოთ გემო ამ ეგზოტიკურ ნუგბარს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მატლი მდიდარია ცილებით, თანაც ის მრავალი აფრიკული ოჯახის დამატებითი შემოსავლის წყაროა.

[სურათი 26 გვერდზე]

მატლები ძვირფასი საკვებია, რადგან მათში დიდი რაოდენობით ცილაა.

[სურათი 27 გვერდზე]

სულ რაღაც ექვს კვირაში მატლის სხეულის მასა თითქმის 4 000-ჯერ იზრდება.