არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არის ამდენი ღარიბი მდიდარ მსოფლიოში?

რატომ არის ამდენი ღარიბი მდიდარ მსოფლიოში?

რატომ არის ამდენი ღარიბი მდიდარ მსოფლიოში?

„ღარიბები ყოველთვის თქვენთან არიან“, — თქვა იესომ პირველ საუკუნეში (მათე 26:11). იესოს დროიდან მოყოლებული დღემდე უამრავი ღარიბი არსებობს. მაგრამ რატომ არის ამდენი ღარიბი ადამიანი ასეთ მდიდარ მსოფლიოში?

ზოგის აზრით, ადამიანის სიღარიბის მიზეზი მის ცხოვრებაში მიღებული არასწორი გადაწყვეტილებებია. ზოგ შემთხვევაში ეს ასეც არის. ვინც ალკოჰოლს, ნარკოტიკებს და აზარტულ თამაშებს ემონება, ადვილად ანიავებს თავის ქონებას. მაგრამ ყველა ღარიბი არასწორი გადაწყვეტილების გამო არ გაღარიბებულა.

ბევრი მრეწველობის დარგში მომხდარი ცვლილებების გამო დარჩა უმუშევარი, სხვებმა ხელფასიდან გადანახული თანხა ძვირადღირებულ სამედიცინო მომსახურებაში დახარჯეს, ხოლო განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ასობით მილიონი ღატაკი ადამიანიდან უმეტესობა სიღარიბის უდანაშაულო მსხვერპლია. როგორც ქვემოთ მოყვანილი მაგალითიდან ჩანს, ხშირად მათ არ შესწევთ ძალა, რომ სიღარიბის მიზეზები აღმოფხვრან.

წარსულის მაგალითი

1930-იანი წლების დასაწყისში მსოფლიო მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა, რომელიც „დიდი დეპრესიის“ სახელით გახდა ცნობილი. მხოლოდ ერთ ქვეყანაში მილიონობით ადამიანი უმუშევარი დარჩა და ასობით ათასმა ოჯახმა სახლი დაკარგა. იმ დროს, როცა ბევრი შიმშილობდა, ფერმერები დიდი რაოდენობით რძეს ღვრიდნენ და მთავრობისგან იძულებულნი მილიონობით პირუტყვს ხოცავდნენ.

რატომ მოიქცნენ ისინი ასე? ეკონომიკური სისტემა იმ პრინციპით მუშაობდა, რომ სამეურნეო და სხვა საქონელი მომგებიან ფასში უნდა გაყიდულიყო. რძეზე, ხორცსა და მარცვლეულზე დიდი მოთხოვნა იყო, რადგან ისინი ღარიბების ძირითად საკვებს შეადგენდა. მაგრამ იმის გამო, რომ ეს პროდუქტები მომგებიან ფასში არ გაიყიდა, ისინი გამოუსადეგარი გახდა და გადაყარეს.

საკვების უკმარისობის გამო ბევრ ქალაქში მასობრივი არეულობა დაიწყო. ოჯახისთვის ლუკმაპურის საშოვნელად ზოგმა ყაჩაღობას მიჰყო ხელი, სხვები კი შიმშილით იხოცებოდნენ. ეს ყოველივე შეერთებულ შტატებში ხდებოდა. „დიდი დეპრესიის“ დასაწყისში ამ ქვეყნის ძლიერმა ფინანსურმა სისტემამ დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები დააზარალა. ქვეყნის ეკონომიკური სისტემისთვის მოგება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მოქალაქეების საკვებით, საცხოვრებლითა და სამუშაოთი უზრუნველყოფა.

ეკონომიკური მდგომარეობა დღეს

მსოფლიო ეკონომიკურმა სისტემამ თავი დააღწია „დიდ დეპრესიას“. დღეს, როგორც არასდროს, ბევრი ადამიანი მდიდარი და ფინანსურად სტაბილურია. არსებული სიმდიდრის მიუხედავად, ღარიბებს ხშირად არ შეუძლიათ ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. განვითარებად ქვეყნებში შიმშილი და სიღატაკე იმდენად ჩვეული მოვლენაა, რომ ხალხს მობეზრდა ამის მოსმენა. ლტოლვილები ომის გამო შიმშილობენ, პოლიტიკური მაქინაციების გამო საკვების მარაგი ოხრდება, საბაზრო ეკონომიკაზე მოქმედი ფაქტორები იმდენად ზრდის პირველადი მოხმარების საგნებზე ფასებს, რომ ღარიბებს მათზე ხელი არ მიუწვდებათ. ყოველივე ეს მეტყველებს ისეთი ეკონომიკური სისტემის არსებობაზე, რომელსაც არ შეუძლია ყველაზე დაუცველ მოქალაქეებზე ზრუნვა. მსოფლიო ეკონომიკური სისტემა მილიონობით ღატაკი ადამიანის მოთხოვნილებებს უგულებელყოფს.

სინამდვილეში, ადამიანმა ვერ შეძლო ისეთი ეკონომიკური სისტემის შექმნა, რომელიც სათანადოდ უზრუნველყოფდა ყველა ადამიანის საჭიროებას. დაახლოებით 30 საუკუნის წინათ, ერთმა მამაკაცმა, რომელიც ადამიანის ცხოვრებას აკვირდებოდა, დაასკვნა: „კიდევ ერთხელ გადავხედე ყოველივეს, რომ მენახა ყოველგვარი ჩაგვრა, რომელიც მზის ქვეშ ხდება. და, აი, ჩაგრულთა ცრემლები; არავინ ჰყავდათ ნუგეშისმცემელი. ძალა მათ მჩაგვრელთა ხელში იყო, მათ კი ნუგეშისმცემელი არ ჰყავდათ“ (ეკლესიასტე 4:1). მატერიალური დოვლათის მიუხედავად, დღეს ბევრი ფინანსურად დაჩაგრულია.

მილიონობით ადამიანს თითქმის არანაირი საშუალება არ გააჩნია, რომ თავი დააღწიონ სიღარიბეს. მიუხედავად ამისა, მრავალმა ისწავლა ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება. მათ აგრეთვე უკეთესი ცხოვრების იმედი გაუჩნდათ.

[ჩარჩო 5 გვერდზე]

ბრძოლა არსებობისთვის

მწერალი და ჟურნალისტი დეივიდ შიპლერი თავის წიგნში აღწერს, თუ როგორ შეიძლება ცხოვრობდეს სიღარიბის ზღვარზე მყოფი ზოგი ადამიანი შეერთებულ შტატებში. მას შემდეგი მაგალითი მოჰყავს: „კეთილმოუწყობელი ბინის გამო ბავშვს ასთმა უმწვავდება; მას სასწრაფო დახმარება სჭირდება, მაგრამ ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურების დასაფარავად დედას ფული არა აქვს; ამიტომ მისდამი, როგორც მომხმარებლისადმი, ნდობა იკარგება; ეს იწვევს მანქანის სესხის პროცენტის მკვეთრ ზრდას; დედა იძულებულია, იყიდოს ნახმარი და არასაიმედო მანქანა, რომელიც სამსახურში დაგვიანების მიზეზი ხდება; ეს ხელს უშლის მას სამსახურში დაწინაურებასა და კარგი ხელფასის გამომუშავებაში; შედეგად ის იძულებულია, კეთილმოუწყობელ ბინაში დარჩეს“ („The Working Poor — Invisible in America“). მიუხედავად იმისა, რომ ისინი მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყანაში ცხოვრობენ, დედა-შვილი დაუცველია.

[ჩარჩო 6 გვერდზე]

საკმარისია კეთილი ნება?

1993 წლის ნოემბერში ვაშინგტონში მთავრობის სახლში შეკრებილი სახელმწიფო მოხელეები მსჯელობდნენ სერიოზული პრობლემების გადაწყვეტაზე. მათ სურდათ შეერთებულ შტატებში მცხოვრები უსახლკაროების დასახმარებლად გამოეყოთ ასობით მილიონი დოლარი. ზუსტად იმ დროს, როცა ისინი ამ საკითხს განიხილავდნენ, გზის მეორე მხარეს პოლიციელებს, მეხანძრეებსა და სასწრაფო დახმარების მუშაკებს ავტობუსის გაჩერებაზე მოეყარათ თავი. სამედიცინო პერსონალი მანქანაში დებდა უსახლკარო ქალის ცხედარს. ის აშშ-ს დასახლებისა და ურბანიზაციის განვითარების დეპარტამენტის შენობის წინ დაიღუპა. ეს სამთავრობო უწყება ვალდებულია, იზრუნოს უსახლკარო ადამიანებზე.

მოგვიანებით „ნიუ-იორკ ტაიმზის“ ჟურნალისტმა ამ სამთავრობო უწყების თანამშრომლისგან ინტერვიუ აიღო. თანამშრომელმა მოიხსენია შემთხვევის ადგილზე მისული უამრავი პერსონალი და მანქანა. მან თქვა: „უცნაურია, რომ ადამიანი იმ დახმარების მეასედსაც ვერ იღებს სიცოცხლეში, რასაც სიკვდილის შემდეგ მიიღებს“.

[სურათი 4, 5 გვერდებზე]

იმიგრანტი დედა სამ შვილთან ერთად 1930-იანი წლების „დიდი დეპრესიის“ დროს.

[საავტორო უფლება]

Dorothea Lange, FSA Collection, Library of Congress

[სურათი 6, 7 გვერდებზე]

ასეთ სამუშაოზე მუშებს თვეში საშუალოდ 14 დოლარს უხდიან; ისინი კვირაში შეიძლება 70 საათს მუშაობდნენ.

[საავტორო უფლება]

© Fernando Moleres/Panos Pictures