არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

კანადაში ერთი საშუალო ოჯახის ელექტროენერგიის გადასახადიდან ხუთი პროცენტი იმ ელექტროხელსაწყოებზე დახარჯული ენერგიის საფასურია, რომლებიც შეერთებულია დენის წყაროში, მაგრამ არააქტიურ რეჟიმშია („ნეშნლ პოსტი“, კანადა).

რუსეთში ჩატარებული ერთი გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომელიც მთავრობამ უნდა გადაჭრას, არის „კორუფციასთან ბრძოლა“ და „ფასების ზრდის გაკონტროლება“ („პრავდა“, რუსეთი).

ერთი გამოკვლევის თანახმად, ტაივანში მეხუთე და მეექვსე კლასელთა დაახლოებით 26,4 პროცენტი „თვითმკვლელობაზე ფიქრობდა“ („ჩაინა პოსტი“, ტაივანი).

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო საუკუნეში ტექნოლოგიის განვითარებამ შეერთებულ შტატებში სამუშაო დრო 38 პროცენტით შეამცირა, მუშებს მაინც ცოტა თავისუფალი დრო აქვთ, რადგან შორს მუშაობენ, უწევთ დამატებითი განათლების მიღება და მეტი საოჯახო საქმის კეთება“ („ფორბზი“, შეერთებული შტატები).

განვითარებულ ქვეყნებში სითბური აირების გამოყოფა 2003-2004 წლებში 1,6 პროცენტით გაიზარდა, რაც „უახლოეს ათ წელიწადში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“ („რეიტერი“, ოსლო, ნორვეგია).

წყლის კრიზისი ჩინეთში

ჩინეთში ბევრ ადგილას „წყალი დაბინძურებულია და ხალხი სუფთა წყლის ნაკლებობას“ განიცდის. მრავალ ქალაქს წყლის საწმენდი სადგურები აქვს, მაგრამ ბევრი მათგანი უსახსრობის გამო არ ფუნქციონირებს. „ქვეყნის მდინარეების, ტბებისა და არხების უმეტესობაში ჩაედინება საწარმოებისა და მოსახლეობის მიერ დაბინძურებული და ფერმების მიერ პესტიციდებით გაჯერებული წყლები“, — ნათქვამია „უოლ-სტრიტ ჯორნელში“. გარდა ამისა, „დაახლოებით 300 მილიონ ადამიანს არა აქვს სუფთა სასმელი წყალი“. მდგომარეობა მძიმეა და უფრო უარესდება.

„ვინა ხართ? იეჰოვას მოწმეები?“

გასულ წელს იტალიის კუნძულ ელბას სანაპიროებზე ტურისტებთან მიდიოდნენ ახალგაზრდა კათოლიკეები, რომლებიც გამოეხმაურნენ მასა მარიტიმა პიომბინოს ეპარქიის ეპისკოპოსის მოწოდებას. მან უთხრა მათ, რომ თუ სურდათ ნამდვილი ქრისტიანები ყოფილიყვნენ, აუცილებლად უნდა გაეცხადებინათ თავიანთი რწმენის შესახებ. მათმა საქციელმა გააოცა დამსვენებლები. როგორც გაზეთი „ილ ტემპო“ იუწყებოდა, ხალხის უმეტესობა ახალგაზრდებს ეკითხებოდა: „ვინა ხართ? იეჰოვას მოწმეები?“

მუსიკა და სექსი

მეტი ალბათობაა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც „უხამსი, სქესობრივი შინაარსის“ მუსიკას უსმენენ, «უფრო ადრე დაიწყებენ სქესობრივ ცხოვრებას, ვიდრე ისინი, რომლებიც სხვა სიმღერებს ანიჭებენ უპირატესობას, — ნათქვამია „ასოშიეიტიდ პრესსის“ მიერ გამოქვეყნებულ ერთ გამოკვლევაში. — სიმღერებმა, რომლებშიც მამაკაცები „სექსზე გადარეულებად“ არიან წარმოდგენილნი, ქალები კი — სექსის ობიექტებად, და მათში დაუფარავად მიდის ლაპარაკი სქესობრივ კავშირზე, შეიძლება უფრო ადრეულ ასაკში აღძრას ახალგაზრდები სექსისკენ, ვიდრე იმ სიმღერებმა, რომლებშიც პირდაპირ არ მიდის ამაზე საუბარი, და ქალი და კაცი ერთმანეთის ერთგულია. მშობლები, მასწავლებლები და მოზარდები უნდა ჩაუკვირდნენ სიმღერების ტექსტებს».

მფლანგველი მომხმარებელი

ავსტრალიის ერთი კვლევითი ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ცნობის თანახმად, 2004 წლის განმავლობაში ავსტრალიელებმა 4,1 მილიარდი ამერიკული დოლარის საფასურის საკვები გადაყარეს. ეს ცამეტჯერ აღემატება იმ თანხას, რომელიც მათ 2003 წელს ჰუმანიტარული დახმარებისთვის გაიღეს. მთლიანობაში ავსტრალიელები ყოველწლიურად 8,1 მილიარდ ამერიკულ დოლარს ხარჯავენ ისეთ ნივთებსა და მომსახურებაში, რომლებიც თითქმის არ სჭირდებათ; ეს აღემატება უნივერსიტეტებისა და გზების კეთილმოწყობაზე დახარჯულ თანხას („The Australia Institute“).