გამრჯე აბიჯანელი მრეცხავები
გამრჯე აბიჯანელი მრეცხავები
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის კოტ-დ’ივუარიდან
ჩვენ აბიჯანიდან (კოტ-დ’ივუარი) დასავლეთის მიმართულებით მივემგზავრებოდით და დასავლეთ აფრიკის ამ სიცოცხლით სავსე ქალაქის ხედებითა და ჰანგებით ვტკბებოდით, როცა მოულოდნელად ჩვენი მზერა შთამბეჭდავმა სანახაობამ მიიპყრო. უზარმაზარ მდელოზე ხასხასა ფერებით აჭრელებული ათასნაირი ტანსაცმელი იყო მოფენილი. რა იყო ეს უჩვეულო სანახაობა? ჩვენი კოტ-დ’ივუარელი მეგობრები არ დაგვზარდნენ და ყოველივე სიამოვნებით აგვიხსნეს. ეს იყო „ფანიკოების“ ნახელავი.
ფანიკოებს უწოდებენ გამრჯე მრეცხავებს. გამთენიიდან დაბინდებამდე ასობით მამაკაცი და რამდენიმე ქალი მდინარე ბანკოში ხელით რეცხავს სარეცხს და ამით ირჩენს თავს. მათი სახელწოდება შედგენილია ორი დუალა სიტყვისგან „ფანი“, რაც ნიშნავს ქსოვილს ან ტანსაცმელს, და „კო“, რაც ნიშნავს რეცხვას. ამგვარად, დუალა ენაზე სიტყვა ფანიკო ნიშნავს ტანსაცმლის მრეცხავს.
მრეცხავთა შრომა
ერთხელ, დილით ადრე ჩვენ ფანიკოებს ვეწვიეთ სამუშაო ადგილზე, რათა მეტი გაგვეგო მათ საინტერესო საქმეზე, რომლითაც ისინი თავს ირჩენენ. საქმე აქ მართლაც თავზესაყრელია! ჩვენ რომ მივედით, მრეცხავებს უკვე გაჩაღებული ჰქონდათ მუშაობა. ცოტა ამღვრეული მდინარე ბანკო სავსე იყო დიდი საბურავებით, რომლებიც გვერდებში ქვებით იყო ამოვსებული. თითოეულ საბურავთან იდგა მუხლამდე ან წელამდე წყალში შესული მრეცხავი, რომელიც გამალებით უსვამდა საპონს სარეცხს და რეცხავდა.
დილაუთენია ფანიკო ერთი კარიდან მეორესთან მიდის დასარეცხი ტანსაცმლის შესაგროვებლად. მისი კლიენტებიდან ზოგიერთი „სამრეცხაოდან“ 3 კილომეტრის მოშორებითაც კი ცხოვრობს. შეგროვებული ტანსაცმელი მას ხის ურიკით გადააქვს ან დიდ ფუთად კრავს და თავზე შემოდებული მიაქვს. სარეცხის შეგროვების შემდეგ ფანიკო მდინარე ბანკოსკენ მიემართება. მდინარესთან მისულ ფანიკოს იქ მომუშავენი სხვადასხვა ენაზე ესალმებიან, რადგან ისინი აფრიკის სხვადასხვა კუთხიდან არიან ჩამოსულები. ზოგი მათგანი ათწლეულებია, რაც მრეცხავად მუშაობს; ასეთია მაგალითად ბატონი ბრამა, 65 წლის ჯანმაგარი მამაკაცი. სამუშაო მთელი წლის განმავლობაში არ წყდება. ფანიკოები წელიწადში მხოლოდ სამ დღეს ისვენებენ.
ტანსაცმლის რეცხვა საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ჩვენ თვალყურს ვადევნებდით, თუ როგორ მოამზადა გასარეცხად ერთმა მამაკაცმა თავისი წილი სარეცხი, რომლის რაოდენობა ნებისმიერ დიასახლისს თავზარს დასცემდა. მან გახსნა ფუთა და ტანსაცმელი სათითაოდ ჩააწყო წყალში. შემდეგ პალმის ზეთზე დამზადებული საპონი წაუსვა ტანსაცმელს და სათითაოდ გარეცხა. ზოგჯერ ის ჯაგრისსაც იყენებდა ლაქების მოსაშორებლად. რა ჯდება ტანსაცმლის რეცხვა? მაგალითად, პერანგის გარეცხვა ღირს 7 ამერიკული ცენტი, ხოლო ზეწრის — დაახლოებით 14 ცენტი. სწორედ ამით აიხსნება, თუ რატომ რეცხავენ ფანიკოები ამდენ სარეცხს თავის სარჩენად.
ამ აუარებელი სარეცხის შემხედვარე შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: „ნეტავ, როგორ იმახსოვრებენ ისინი, რომელი ტანსაცმელი ვის ეკუთვნის?“ გვაინტერესებდა, ისინიც ხომ არ იყენებდნენ ტანსაცმლის მონიშვნის საიდუმლო მეთოდს, რომელსაც ინდოელ მრეცხავთა ჯგუფი მიმართავდა. ის მეთოდი, რომელსაც ფანიკოები იყენებენ, სრულიად განსხვავდება მათი ინდოელი კოლეგების მეთოდისგან, მაგრამ არანაკლებ შედეგიანია.
ჩვენი მეგზური, რომელიც კარგად იყო გაცნობილი ფანიკოების საქმიანობას, შეეცადა აეხსნა, რა ხერხს მიმართავდნენ მრეცხავები. ტანსაცმლის შეგროვებისას ფანიკო იმახსოვრებს ოჯახის თითოეული წევრის აღნაგობას, რაც ეხმარება იმაში, რომ გაიხსენოს, რომელი ტანსაცმელი ვის ეკუთვნის. ის არანაირ ნიშანს არ ადებს ტანსაცმელს და არც არაფერს აკრავს მას. შემდეგ ფანიკო ერთი ოჯახის წევრთა ტანსაცმელს ერთი და იმავე ადგილზე უკეთებს კვანძს, მაგალითად, მარცხენა ან მარჯვენა სახელოზე, საყელოზე ან წელზე. ტანსაცმლის რეცხვისას ის ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რომ ერთი ოჯახის ტანსაცმელი ერთად დააწყოს. ჩვენ მაინც მოგვეჩვენა, რომ ამ ყოველივეს დამახსოვრება საკმაოდ რთულია. ამიტომ ვკითხეთ ერთ ფანიკოს, თუ დაუკარგავს ოდესმე ვინმეს ტანსაცმელი ან ხომ არ არევია ერთმანეთში. მის გაოცებულ სახეზე ამოვიკითხეთ მისი პასუხი: „რას ბრძანებთ, ფანიკო არასოდეს კარგავს ტანსაცმელს!“
შეუძლია ნებისმიერ მსურველს ამ „სამრეცხაოში“ მუშაობის დაწყება? არა! ამისათვის საკმაოდ სერიოზული მომზადებაა საჭირო. ვისაც სურს, გახდეს ფანიკო, სამი საცდელი თვის განმავლობაში უნდა გაიაროს მომზადება, რომლის დროსაც მას გამოცდილი მრეცხავი ასწავლის. ამ პერიოდში ის ტანსაცმლის დამახსოვრების მეთოდსაც ეუფლება. თუ ის ამ მეთოდს ვერ აითვისებს, სხვაგან მოუწევს
სამუშაოს ძებნა. მაგრამ თუ ახალი ფანიკო უნარიანი აღმოჩნდება, ის გადაიხდის მცირე თანხას, და მას მიუჩენენ სამუშაო ადგილს, რომელსაც სხვა ვერ გამოიყენებს.პალმის ზეთზე დამზადებული საპონი
საპონი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეცხვაში. ახალბედა ფანიკოს პალმის ზეთზე დამზადებული საპნის სათანადოდ გამოყენებას ასწავლიან. რეცხვის დროს იყენებენ სამი სახის საპონს. ერთმანეთისგან მათ ფერით განასხვავებენ. თეთრ და ყვითელ საპნებს იყენებენ ოდნავ დასვრილი ტანსაცმლის გასარეცხად, ხოლო შავ საპონს — გამჯდარი ჭუჭყის ამოსაყვანად. საპნის შეფერილობას განსაზღვრავს მასში შემავალი პალმის ზეთი. რამდენადაც თითოეული ფანიკო ათ ნაჭერ საპონს მაინც იყენებს დღეში, ადგილობრივი საპნის „მწარმოებლები“ მათ მუდმივად ამარაგებენ.
ჩვენ ვეწვიეთ იმ ადგილს, სადაც მზადდება საპონი. ის „სამრეცხაოსთან“ ახლოს, ფერდობზე მდებარეობს. საპნის დამზადებას დილის ექვს საათზე იწყებენ. აქ მომუშავე ქალებს ადგილობრივ ბაზარზე უკვე შეძენილი აქვთ საჭირო მასალა: შესქელებული პალმის ზეთი, კალიუმი, მარილი, ანონას წვენი, ქოქოსისა და კაკაოს ზეთი. ყველა ეს ინგრედიენტი ეკოლოგიურად სუფთაა. ამ ინგრედიენტებს ერთდროულად ხარშავენ ცეცხლზე შემოდგმულ ფოლადის დიდ ქვაბში. დაახლოებით ექვსსაათიანი ხარშვის შემდეგ ნახარშს ასხამენ თუნუქის ლანგრებსა და ჯამებში და ელოდებიან მის გამაგრებას. რამდენიმე საათში კი საპონს დიდ ნაჭრებად ჭრიან.
შემდეგ საპნის „მწარმოებელი“ ნაჭრებად დაჭრილ საპონს აწყობს ჭურჭელში, შემოიდგამს მას თავზე და ფერდობიდან დაბლა, ფანიკოებისკენ ეშვება. როგორ აწვდის ის საპონს მრეცხავებს, რომლებიც მდინარეში რეცხვით არიან დაკავებულნი? ის წელამდე წყალში შედის, საპონი პლასტმასის ჯამით შეაქვს მდინარეში და ჯამს იმის მიმართულებით უშვებს წყალზე, ვისაც საპონი სჭირდება.
სამუშაო დღის დასასრული
რეცხვის დამთავრების შემდეგ ფანიკო იქვე, ფერდობისკენ მიემართება და გარეცხილ ტანსაცმელს ბალახზე მწკრივებად აწყობს ან სახელდახელოდ გაკეთებულ თოკებზე ფენს. სწორედ ამ ხასხასა ფერებით აჭრელებულმა ტანსაცმელმა მიიპყრო პირველად ჩვენი ყურადღება. ტანსაცმლის გაფენის შემდეგ მრეცხავს შეუძლია ცოტა ხნით მაინც შეისვენოს. საღამო ხანს გამშრალ ტანსაცმელს ის ფრთხილად კეცავს და ზოგ მათგანს აუთოებს კიდეც ნახშირის უთოთი. დღის ბოლოს ის ფუთავს სუფთა, დაკეცილ ტანსაცმელს და ყველას თავის პატრონს უბრუნებს.
როდესაც პირველად დავინახეთ გასაშრობად ჩამწკრივებული ტანსაცმელი, მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ რამხელა შრომა იდგა ამ სანახაობის მიღმა. ძალიან გვიხარია, რომ ვეწვიეთ აბიჯანელ ფანიკოებს. ახლა გაცილებით უკეთ გვესმის, რა მძიმედ შრომობენ მრეცხავები მთელ მსოფლიოში და ვაფასებთ მათ იმ საქმისთვის, რომელსაც ისინი ეწევიან.
[რუკა 10 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
კოტ-დ’ივუარი
[სურათი 12 გვერდზე]
საპნის დამამზადებელი ყიდის საპონს.
[სურათის საავტორო უფლება 10 გვერდზე]
PhotriMicroStock™/C. Cecil