არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისინი გადაურჩნენ მუმბაიში მომხდარ ტერაქტს

ისინი გადაურჩნენ მუმბაიში მომხდარ ტერაქტს

ისინი გადაურჩნენ მუმბაიში მომხდარ ტერაქტს

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ინდოეთიდან

ქალაქ მუმბაიში, რომელსაც ადრე ბომბეი ერქვა, 18 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ყოველდღიურად ჩქაროსნული მატარებლების საშუალებით 6—7 მილიონი მგზავრი გარეუბნებიდან ქალაქისკენ მიემგზავრება სამსახურში, საყიდლებზე, სკოლაში, კოლეჯსა თუ სხვა ადგილებში. თითოეულ ცხრავაგონიან მატარებელს, რომელიც 1 710 კაცისთვის არის გათვლილი, პიკის საათებში დაახლოებით 5 000 მგზავრი გადაჰყავს ერთ ჯერზე. 2006 წლის 11 ივლისს ტერორისტებმა მუმბაის მატარებლებზე ტერაქტის მოსაწყობად სწორედ ასეთი დრო შეარჩიეს. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში 7 ბომბი აფეთქდა სხვადასხვა მატარებელში, რომლებიც ქალაქიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდნენ. შედეგად 200-ზე მეტი მგზავრი დაიღუპა, 800-ზე მეტი კი დაშავდა.

მუმბაიში და მის გარეუბნებში არსებულ იეჰოვას მოწმეთა 22 კრებიდან მრავალი რეგულარულად მგზავრობს მატარებლით. ტერაქტის დროს ზოგიერთი მათგანი მატარებელში იმყოფებოდა. საბედნიეროდ არცერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა, მაგრამ ზოგი მათგანი დაშავდა. ანიტა სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. ის პირველი კლასის ვაგონში იმყოფებოდა. მატარებელი ხალხით იყო გადაჭედილი, ამიტომ ის კარებთან იდგა, რომ ჩასვლა გაადვილებოდა. მატარებელი სწრაფად მიდიოდა. უეცრად საშინელი აფეთქების ხმა გაისმა და ვაგონი, სადაც ანიტა იმყოფებოდა, კვამლით აივსო. მან კარებიდან მარჯვნივ გაიხედა და დაინახა, რომ მომდევნო ვაგონის კარები გამოგლეჯილი იყო და ნახევრად ეკიდა. ის ხედავდა, როგორ ცვიოდნენ აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ხვრელიდან ლიანდაგებზე დახოცილი ადამიანები და მათი სხეულის ნაწილები. მატარებელი რამდენიმე წამში გაჩერდა, მაგრამ ანიტას ეს დრო მთელ საუკუნედ მოეჩვენა. ის სხვა მგზავრებთან ერთად მატარებლიდან გადმოხტა და იმ ადგილს სასწრაფოდ გაშორდა. საბედნიეროდ, ანიტამ მოასწრო მობილური ტელეფონით თავის ქმართან, ჯონთან, დაკავშირება, რადგან რამდენიმე წუთში მთელი ქალაქის სატელეფონო ხაზები შეშფოთებული ხალხის ზარებით გადაიტვირთა. ის შედარებით მშვიდად იყო, სანამ ქმარს დაურეკავდა, მაგრამ ქმართან საუბრისას მან თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. ანიტა მოუყვა ქმარს, რაც მოხდა და სთხოვა, მისულიყო და წაეყვანა. ამასობაში ძლიერი წვიმა წამოვიდა და წაშალა მრავალი სახის კვალი, რაც გამოძიებას დაეხმარებოდა.

იეჰოვას კიდევ ერთი მოწმე, კლავდიუსი, ჩვეულებრივზე ადრე წამოვიდა სამსახურიდან. ის ავიდა მატარებელში, რომელიც ჩერჩგეითის სადგურიდან 17:18 სთ-ზე გადიოდა. კლავდიუსი პირველი კლასის ვაგონში შევიდა. მატარებელი ერთ საათში იქნებოდა ბაიანდარის სადგურზე. კლავდიუსი დასაჯდომ ადგილს ეძებდა. ამ დროს მან დაინახა ჯოზეფი, რომელიც მეზობელ კრებაში მსახურობდა. საუბარში დრო სწრაფად გავიდა. შემდეგ მუშაობით დაქანცულ ჯოზეფს ჩაეძინა. მატარებელი გადაჭედილი იყო, ამიტომ კლავდიუსი კარებისკენ გადავიდა და მომდევნო სადგურზე ჩასასვლელად მოემზადა. ამ დროს ჯოზეფს გამოეღვიძა და კლავდიუსთან დასამშვიდობებლად მისკენ გადაიხარა. კლავდიუსიც გადმოიწია ჯოზეფისკენ და ამ დროს სახელურს მოჰკიდა ხელი. შესაძლოა ის სწორედ ამის წყალობით გადარჩა. უეცრად დიდი ხმა გაისმა. ვაგონი ძლიერ შეირყა, კვამლით აივსო და მთლიანად დაბნელდა. კლავდიუსი იქვე ახლოს, დასაჯდომ ადგილებს შორის, ჩავარდა. წუილის გარდა მას ყურში აღარაფერი ესმოდა. იმ ადგილზე, სადაც კლავდიუსი მანამდე იდგა, დიდი ხვრელი გაჩნდა. მის ახლოს მდგომი სხვა მგზავრებიდან ზოგი ლიანდაგებზე ეგდო მკვდარი, ზოგი კი იატაკზე. კლავდიუსი გადაურჩა რიგით მეხუთე აფეთქებას იმ შვიდი აფეთქებიდან, რომლებმაც იმ საბედისწერო სამშაბათს მთელი სარკინიგზო ქსელი შეარყია.

კლავდიუსი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მთელი ტანსაცმელი სისხლში ჰქონდა ამოსვრილი. მაგრამ სხვებთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყო, რადგან ნაკლებად დაზიანდა — გაუსკდა დაფის აპკი, ცალ ხელზე დამწვრობა მიიღო და თმა შეეტრუსა. საავადმყოფოში ის შეხვდა ჯოზეფსა და მის მეუღლეს, ანჟელას, რომელიც მატარებელში მანდილოსნებისთვის განკუთვნილ გვერდითა ვაგონში იმყოფებოდა და უვნებელი გადარჩა. ჯოზეფს დალურჯებული ჰქონდა მარჯვენა თვალი; მან სმენაც დაკარგა. ეს სამი მოწმე მადლობას უხდიდა იეჰოვას გადარჩენისთვის. კლავდიუსმა გაიხსენა, პირველად რა აზრმა გაუელვა თავში, როდესაც გონს მოეგო: „რა უგუნურებაა, ამ ქვეყნიერებაში ისწრაფო ფულისა და ქონების დაგროვებისკენ, როცა სიცოცხლე შეიძლება ერთ წამში დაკარგო!“ ის უსაზღვროდ ბედნიერი იყო იმით, რომ ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის ღმერთთან, იეჰოვასთან, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ცხოვრებაში!

მოკლე პერიოდის განმავლობაში ქალაქ მუმბაიში მოხდა ძლიერი წყალდიდობა, რამდენჯერმე ატყდა არეულობა, შემდეგ კი მოხდა აფეთქებები. მიუხედავად ამისა, იქ მცხოვრები 1 700-ზე მეტი იეჰოვას მოწმე ინარჩუნებს დადებით განწყობას და გულმოდგინედ განაგრძობს მსახურებას. ისინი რეგულარულად ესაუბრებიან თავიანთ მეზობლებს შესანიშნავ იმედზე, რომ ახალ ქვეყნიერებაში ყოველგვარი ძალადობა წარსულს ჩაჰბარდება (გამოცხადება 21:1—4).

[ჩანართი 23 გვერდზე]

იმ ადგილზე, სადაც კლავდიუსი მანამდე იდგა, დიდი ხვრელი გაჩნდა.

[სურათი 23 გვერდზე]

ანიტა

[სურათი 23 გვერდზე]

კლავდიუსი

[სურათი 23 გვერდზე]

ჯოზეფი და ანჟელა

[სურათის საავტორო უფლება 22 გვერდზე]

Sebastian D’Souza/AFP/Getty Images