მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
ახალგაზრდების შეკითხვები — კვების მოშლილობა ხომ არ მაქვს? (ოქტომბერი 2006). ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ კინაღამ დეპრესიაში ჩავვარდი. მთელი ცხოვრება კვების მოშლილობას ვებრძვი. ამ სტატიამ ისეთი აზრი დამიტოვა, რომ ეს პრობლემა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში უნდა „გადამეჭრა“. მაგრამ მე დღემდე ვებრძვი ამ საშინელ პრობლემას და მგონია, რომ ვერასოდეს დავძლევ მას. ამ სტატიიდან ისე ჩანს, თითქოს ამ დაავადების დასაძლევად საკმარისია, მხოლოდ ძლიერი რწმენა გქონდეს.
ჯ. ჯ. (შეერთებული შტატები)
„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: მართალია, ის თემები, რომლებიც განიხილება რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“, ძირითადად ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ ამ სტატიებში მოცემული ბიბლიური პრინციპები ნებისმიერი ასაკის ადამიანს ეხება. ჩვენ გვესმის, რომ კვების მოშლილობა იმ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაგან განკურნებაც ძალიან ძნელია. სტატიაში არ იყო ნათქვამი, რომ მათ, ვინც კვების მოშლილობით იტანჯება, სუსტი რწმენა აქვთ. იქ უბრალოდ აღნიშნული იყო, რომ ასეთებს შეუძლიათ ლოცვით მიმართონ იეჰოვას დახმარებისთვის. გარდა ამისა, მასში ეწერა, რომ მათ შეეძლოთ დახმარებისთვის მიემართათ „მშობლისთვის ან სხვა უფროსი ასაკის ადამიანისთვის“. ამასთანავე, სტატიაში გულახდილად იყო ნათქვამი, რომ „ასეთი მდგომარეობიდან გამოსვლა არც ისე ადვილია“ და რომ შეიძლება რეციდივებიც მოხდეს. ის ფაქტი, რომ ამდენი წლის შემდეგ თქვენ კვლავაც ებრძვით კვების მოშლილობას, იმაზე მეტყველებს, რომ იმედი არ დაგიკარგავთ.
ახალგაზრდების შეკითხვები — რა მიზნები დავისახო ცხოვრებაში? (ივლისი 2006). მალე სკოლას დავამთავრებ, ამიტომ დროა დავფიქრდე, რა გზა ავირჩიო ცხოვრებაში. ამ სტატიამ უფრო მეტად გამიძლიერა სრული დროით მსახურების სურვილი. ვერაფერი შეედრება სრული დროით მსახურებას. ესაა საქმიანობა, რომელსაც ყველაზე დიდი სიხარული მოაქვს.
ჰ. ვ. (ჰონკონგი)
მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ სტატიისთვის, რომელმაც დამანახვა, რომ ფულზე დახარბებულ მსოფლიოში ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის, ყველაზე საუკეთესო ის არის, რომ სულიერი მიზნები დავისახოთ.
ა. ს. (ბრაზილია)
ძალიან დაკავებული ვარ, ამიტომ ხშირად მხედველობიდან მრჩება ჩემი მიზნები. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავფიქრდი ჩემს გადაწყვეტილებაზე, რომ იეჰოვას მსახურებაში გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია. ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე ზრუნავთ ახალგაზრდებზე.
ე. მ. (იაპონია)
როგორ ჩავუყაროთ საფუძველი ბედნიერ ქორწინებას? (ივლისი 2006). არაჩვეულებრივი სტატიებია! იმ მაგალითის მოყვანით, თუ როგორ ექცეოდა იესო თავის მოციქულებს, საუკეთესოდ დაგვანახვეთ, როგორ უნდა ეპყრობოდეს ცოლ-ქმარი ერთმანეთს. კვლავაც განაგრძეთ ასეთი შესანიშნავი სტატიების გამოცემა. ჩვენ ყოველთვე მოუთმენლად ველით ჟურნალებს.
ს. კ. (შეერთებული შტატები)
უიმედობიდან ბედნიერებამდე (ივლისი 2006). ძმა გონსალესის მსგავსად მეც ვებრძოდი არასრულფასოვნების გრძნობას. ვფიქრობდი, რომ შეუძლებელი იყო, იეჰოვას ვყვარებოდი, განსაკუთრებით იმ ცოდვების გამო, რომლებიც წარსულში ჩავიდინე. ძალიან გამამხნევებელია იმის ცოდნა, თუ რამდენად გულმოწყალე, მიმტევებელი და მოსიყვარულე ღმერთია იეჰოვა! კრების მხარდაჭერის, პრაქტიკული რჩევებისა და იეჰოვას წმინდა სულის წყალობით შევძელი, რომ ჭეშმარიტების თანახმად მეცხოვრა. გმადლობთ ამ დროული სულიერი საზრდოსთვის.
ტ. ა. (შეერთებული შტატები)