არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პარფიუმერების საყვარელი ხილი

პარფიუმერების საყვარელი ხილი

პარფიუმერების საყვარელი ხილი

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის იტალიიდან

პარფიუმერიას დიდი ხნის ისტორია აქვს. ბიბლიურ დროში ის, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, ნელსაცხებელს იმისთვის იყენებდა, რომ სახლს, ტანსაცმელს, საწოლსა და სხეულს სასიამოვნო სურნელი ჰქონოდა. ნელსაცხებლის დასამზადებლად იყენებდნენ ალოეს, ბალზამს, დარიჩინსა და სხვა სურნელოვან მცენარეებს (იგავები 7:17; ქებათა ქება 4:10, 14).

დღესაც პარფიუმერიაში ძირითად ნედლეულად მცენარეულ ესენციებს იყენებენ. მე და ჩემი მეუღლე ვეწვიეთ კალაბრიას, აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილს, რომ საკუთარი თვალით გვენახა, თუ სად მზადდება პარფიუმერიისთვის ერთ-ერთი ასეთი საჭირო ნედლეული. შესაძლოა, არც კი გსმენიათ ბერგამოტის ხის შესახებ, მაგრამ როგორც ამბობენ, მისი ნაყოფის სურნელი შეიგრძნობა ქალის თითქმის ყოველ მესამე სუნამოსა და მამაკაცის ყოველ მეორე ოდეკოლონში. ნება გვიბოძეთ, ცოტა რამ მოგითხროთ ბერგამოტის შესახებ.

ბერგამოტი მარადმწვანე მცენარეა. მას ყვავილი გაზაფხულზე გამოაქვს. ბერგამოტს დაახლოებით ფორთოხლის ზომის გლუვი ოქროსფერ-ყვითელი ნაყოფი აქვს, რომელსაც გვიან შემოდგომით ან ზამთრის დასაწყისში კრეფენ. მრავალი სპეციალისტის აზრით ბერგამოტი ჰიბრიდული მცენარეა და მისი წარმოშობის შესახებ ბევრი რამ უცნობია. ბერგამოტი ველურად არსად არ იზრდება და არც თესლით მრავლდება. მათ გასამრავლებლად სელექციონერები ბერგამოტის ყლორტს ამყნობენ მსგავსი ჯიშის მცენარეებზე, მაგალითად მჟავე ლაიმზე ან ნარინჯზე.

განსაკუთრებული თავისებურებების გამო ბერგამოტის ნაყოფი პარფიუმერების დიდ ყურადღებას იპყრობს. ერთ წიგნში ნათქვამია, რომ ბერგამოტის ესენციას აქვს იშვიათი უნარი, „ერთმანეთში გააზავოს და შეინარჩუნოს სხვადასხვა სურნელი, ერთ მთლიან ბუკეტად შეკრას ისინი და განსაკუთრებული სიგრილე მიანიჭოს თითოეულ კომპოზიციას“ *.

ბერგამოტის სამშობლო — კალაბრია

ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ, რომ ბერგამოტი კალაბრიაში, სულ მცირე, მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისიდან მოჰყავთ. ზოგჯერ ადგილობრივი მაცხოვრებლები ბერგამოტის ესენციას მოგზაურებზე ყიდდნენ. მაგრამ რაც შეეხება ბერგამოტის უშუალოდ კომერციული მიზნით მოყვანას, ის პირდაპირ უკავშირდება ოდეკოლონების წარმოებას. 1704 წელს გერმანიაში მცხოვრებმა იტალიელმა ემიგრანტმა ჯოვანი პაოლო ფემინისმა შექმნა სურნელოვანი წყალი სახელწოდებით „Aqua admirabilis“, ანუ „აღმაფრთოვანებელი წყალი“. მისი მთავარი ინგრედიენტი იყო ბერგამოტის ესენცია. ეს სუნამო ცნობილი გახდა ოდეკოლონის სახელით, რაც ნიშნავს „კელნის წყალს“, იმ ქალაქის სახელწოდების მიხედვით, სადაც ის დამზადდა.

ბერგამოტის პლანტაცია პირველად 1750 წელს რეჯო-დი-კალაბრიაში გაშენდა. ბერგამოტის ესენციის გაყიდვამ დიდი მოგება მოიტანა, რამაც მწარმოებლებს უბიძგა, რომ კიდევ უფრო მეტი მოსავალი მოეყვანათ. ეს მცენარე კარგად ხარობს იქ, სადაც რბილი კლიმატია. ამიტომ სამხრეთში ის დაცულია ჩრდილოეთის ცივი ქარებისგან, თუმცა მას არ უყვარს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, ძლიერი ქარები და ნესტი. მისთვის იდეალურ კლიმატურ პირობებს ქმნის იტალიის სამხრეთ სანაპიროსთან არსებული 150 კმ სიგრძისა და 5 კმ სიგანის მიწის ვიწრო ზოლი. მიუხედავად იმისა, რომ ბერგამოტის მოყვანა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილშიც სცადეს, პროცენტულად ყველაზე დიდი რაოდენობით ის მაინც რეჯოს პროვინციაში მოჰყავთ. ამ მხრივ მეორე ადგილზე კოტ-დ’ივუარი (აფრიკა) დგას.

ბერგამოტის ეთეროვანი ზეთი, რომელიც მომწვანო-მოყვითალო ფერისაა, ნაყოფის კანისგან მიიღება. ტრადიციულად ზეთს იღებენ შემდეგნაირად: ნაყოფს შუაზე ჭრიან, რბილობს აცლიან და კანს ისე წურავენ, რომ წვენმა კანის ზედაპირიდან გამოჟონოს, თავად წვენს კი ღრუბლით აგროვებენ. სულ რაღაც 500 გრამამდე ესენციის მისაღებად დაახლოებით 90 კილოგრამი ბერგამოტია საჭირო. დღესდღეობით თითქმის ყველგან ესენციის მისაღებად იყენებენ სპეციალურ მანქანებს, რომლებზეც ნაყოფის კანის გასახეხად დამაგრებულია აბრაზიული დისკოები ან ცილინდრები.

ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ფართოდ გავრცელებული

შესაძლოა, ბერგამოტი არც ისე ცნობილია კალაბრიის გარეთ, მაგრამ როგორც ერთ წყაროშია ნათქვამი, „სპეციალისტებმა კარგად იციან მისი ფასი“. ამ ნაყოფის სურნელს შეხვდებით არა მხოლოდ პარფიუმერულ ნაწარმში, არამედ საპნებში, დეზოდორანტებში, კბილის პასტებსა და კრემებში. ბერგამოტის არომატული ესენცია აგრეთვე გვხვდება ჩაიში, ნაყინში, საკონდიტრო ნაწარმსა და სასმელში. იმის გამო, რომ ესენცია ხელს უწყობს გარუჯვას, მას მზისგან დამცავ კოსმეტიკურ საშუალებებშიც ფართოდ იყენებენ. ანტისეპტიკური და ბაქტერიციდული თვისებების გამო მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნილებაა ფარმაცევტულ წარმოებაში, რადგან მისგან დამზადებულ სადეზინფექციო საშუალებებს იყენებენ ქირურგიაში, ოფთალმოლოგიასა და დერმატოლოგიაში. ბერგამოტის პექტინი, რომელსაც აქვს უნარი ჟელედ აქციოს თხევადი ნივთიერებები, გამოიყენება სისხლდენის შემაჩერებელი და, აგრეთვე, დიარეის საწინააღმდეგო საშუალებების დასამზადებლად.

სპეციალისტები ბერგამოტის ესენციაში განარჩევენ 350 კომპონენტს, რის გამოც მას აქვს განუმეორებელი სურნელი და ის გამოირჩევა მრავალი თვისებით. ამ ყოველივეს კი მხოლოდ ერთი ხის ნაყოფი შეიცავს!

საეჭვოა, რომ ბიბლიის მწერლებისთვის ცნობილი ყოფილიყო ბერგამოტი. მაგრამ ყველა, ვინც დაფიქრდება ამ საოცარი ნაყოფის თვისებებზე და მისი შემოქმედის სიბრძნეზე, თავადაც გაიმეორებს ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „ადიდე იეჰოვა  . . . ხეხილო“ (ფსალმუნი 148:1, 9).

[სქოლიო]

^ აბზ. 6 ზოგს ისეთივე ალერგია აქვს სუნამოების მიმართ, როგორც ზოგიერთს მცენარის მტვრის ან ყვავილების მიმართ. „გამოიღვიძეთ!“-ი რეკლამას არ უკეთებს რომელიმე კონკრეტულ სუნამოს.

[სურათი 25 გვერდზე]

ბერგამოტის ესენციის მისაღებად ნაყოფის კანი იხეხება.

[საავტორო უფლება]

© Danilo Donadoni/Marka/age fotostock