რატომ წამოვედი ცირკიდან?
რატომ წამოვედი ცირკიდან?
მოგვითხრო მარსელო ნეიმმა
დავიბადე მონტევიდეოში (ურუგვაი). მართალია, ჩემი მშობლები ღვთისმოშიშები იყვნენ, მაგრამ ისინი არც ერთ რელიგიას არ მიეკუთვნებოდნენ. ოთხი წლის ვიყავი, როცა დედა ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. მე მივლიდნენ ნათესავები, რომლებიც ისე ცდილობდნენ ჩემს აღზრდას, რომ კარგი ადამიანი ვყოფილიყავი. ოცი წლის ასაკში გადავწყვიტე, მემოგზაურა, რათა სხვადასხვა ქვეყანასა და კულტურას გავცნობოდი.
კოლუმბიაში სხვადასხვა ცირკში დავიწყე მუშაობა. ვხედავდი, როგორი ბედნიერები იყვნენ მსახიობები, როდესაც ხალხი მათ ტაშს უკრავდა. მეც მსურდა მსახიობი გავმხდარიყავი. ამიტომ დავიწყე იმის სწავლა, თუ როგორ მეტარებინა მცირე ზომის ველოსიპედი. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო პატარა ველოსიპედს ვიყენებდი. ბოლოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა, 12-სანტიმეტრიანი ველოსიპედითაც დავდიოდი, რომელიც ხელისგულზე მეტეოდა. თანდათანობით პოპულარული ვხდებოდი სამხრეთ ამერიკაში. 25 წლის ასაკში მექსიკაში ჩავედი და რამდენიმე ცირკში დავიწყე მუშაობა.
ჩემი ცხოვრება რადიკალურად იცვლება
მიყვარდა ცირკის ცხოვრება. ბევრს ვმოგზაურობდი, ფეშენებელურ სასტუმროებში ვჩერდებოდი და მაღალი კლასის რესტორნებში დავდიოდი. მაგრამ ამავე დროს, ცხოვრებაში სიცარიელეს ვგრძნობდი და მომავლის იმედი არ მქონდა. ერთ დღესაც ჩემი ცხოვრება შეიცვალა. საცირკო პროგრამის წამყვანმა მომცა წიგნი „გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!“ *, რომელიც მისთვის უჩუქებიათ. წარმოდგენის შემდეგ მისი კითხვა დავიწყე და მეორე დილის გარიჟრაჟამდე დავამთავრე. მართალია ეს წიგნი ჩემთვის რთული გასაგები იყო, მაგრამ გამოცხადებაში აღწერილი ალისფერი მხეცისა და მეძავის მნიშვნელობის ახსნამ ძალიან იმოქმედა ჩემზე (გამოცხადება 17:3—18:8). შემდეგ, როცა ჩემს ავტომანქანაზე მისაბმელ სამგზავრო ვაგონს ვალაგებდი, ვიპოვე სხვა წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“*, რომელიც იმავე გამომცემლების მიერ იყო გამოქვეყნებული. ეს წიგნი უფრო ადვილი გასაგები იყო. წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ უნდა მექადაგა. ასე რომ, დაუყოვნებლივ დავიწყე ყველასთვის იმის გაზიარება, რაც ვისწავლე.
რაც დრო გადიოდა, ვხვდებოდი, რომ იეჰოვას მოწმეებს უნდა დავკავშირებოდი. „გამოცხადების“ წიგნში იეჰოვას მოწმე გოგონას, რომელმაც პროგრამის წამყვანს ეს წიგნი მისცა, თავისი ტელეფონის ნომერი მიუწერია. დავრეკე ამ ნომერზე და გოგონას მამამ იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესზე
დამპატიჟა ტიხუანაში (მექსიკა). ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოწმეებს შორის არსებულმა სიყვარულმა. ამან დამარწმუნა, რომ ეს ჭეშმარიტი რელიგია იყო. ყველგან, სადაც ჩვენი ცირკი გასტროლებზე მიდიოდა, ვესწრებოდი კრებებს და ვიღებდი ლიტერატურას, რომ არაფორმალურად გამევრცელებინა.ერთმა შემთხვევამ უფრო მეტად დამარწმუნა იმაში, რომ სწორი გზა ავირჩიე. მოწმეებმა ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დამპატიჟეს და ამიხსნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქრისტიანებისთვის ამ შეხვედრაზე დასწრება. მაგრამ იმ საღამოს ჩვენ პირველად უნდა გამოვსულიყავით ახალი პროგრამით მაყურებლის წინაშე. ამიტომ ვფიქრობდი, რომ ვერ შევძლებდი გახსენების საღამოზე დასწრებას. ამის შესახებ იეჰოვას მხურვალედ მივმართავდი ლოცვით და მართლაც, მოხდა ისეთი რამ, რამაც ძალიან გამაოცა. წარმოდგენის დაწყებამდე ორი საათით ადრე ელექტროენერგია გაითიშა. ამგვარად, შესაძლებლობა მომეცა გახსენების საღამოზე წავსულიყავი და მოგვიანებით წარმოდგენაშიც მიმეღო მონაწილეობა. ჩავთვალე, რომ იეჰოვამ უპასუხა ჩემს ლოცვას.
ერთხელ, ბანკთან ვიდექი, ჩემს რიგს ველოდებოდი და თან ტრაქტატებს ვავრცელებდი. ერთმა ქრისტიანმა უხუცესმა დამინახა და შემაქო გულმოდგინებისთვის. მან აღმძრა, რომ მონაწილეობა მიმეღო ორგანიზებულ ქადაგებაში, რომელსაც კრება ხელმძღვანელობს. მან გულთბილად ამიხსნა, რომ კრებასთან ერთად თუ მსურდა ქადაგება, ცხოვრებაში ცვლილებები უნდა მომეხდინა. ამაზე მე სერიოზულად დავიწყე ფიქრი. სწორედ ამ დროს შეერთებული შტატების ერთ-ერთ ცირკში შემომთავაზეს გადასვლა, სადაც მაღალი ხელფასი მექნებოდა. გაორებული ვიყავი. შეერთებულ შტატებში წასვლა მინდოდა, მაგრამ თუ წავიდოდი, არ ვიცოდი განვაგრძობდი თუ არა იმ გზით სიარულს, რომელიც ახალი არჩეული მქონდა. ეს ჩემი პირველი გამოცდა იყო. არ მინდოდა, რომ იეჰოვასთვის გული მეტკინა. ჩემი თანამშრომლების დიდი გაოცების მიუხედავად ცირკიდან წამოვედი, რეგულარულად დავიწყე კრებებზე დასწრება, გრძელი თმა შევიჭერი და კიდევ სხვა ცვლილებები მოვახდინე ცხოვრებაში, რათა იეჰოვასადმი მსახურება შემძლებოდა.
არ ვნანობ ჩემს არჩევანს
1997 წელს მონათვლამდე ცოტა ხნით ადრე კიდევ ერთი სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე დავდექი. კვლავ შემომთავაზეს შეერთებულ შტატებში წასვლა, მაგრამ ამჯერად ცნობილ სატელევიზიო პროგრამაში უნდა მიმეღო მონაწილეობა მაიამიში; მპირდებოდნენ, რომ ყველა ხარჯს ამინაზღაურებდნენ. არადა ძალიან მინდოდა, თავი მიმეძღვნა იეჰოვასთვის და მოვნათლულიყავი. ამიტომ უარი ვთქვი ამ შემოთავაზებაზე, რამაც ძალიან გააოცა ამ სატელევიზიო პროგრამის ხელმძღვანელები.
როდესაც მეკითხებიან, ვნანობ თუ არა ცირკის დატოვებას, ვპასუხობ, რომ იეჰოვას სიყვარულსა და მასთან მეგობრობას არასოდეს გავცვლიდი ადრინდელ ცხოვრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სრული დროით მსახურებას ჩემთვის არ მოაქვს ოვაციები, პოპულარობა ან სიმდიდრე, რაც მთავარია, სიცარიელეს აღარ ვგრძნობ. მიხარია, რომ მაქვს დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრებისა და დედასთან შეხვედრის შესანიშნავი იმედი (იოანე 5:28, 29).
[სქოლიო]
^ აბზ. 6 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.