არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა დაშავდება, თუ ვინმეს ჩუმად შევხვდები?

რა დაშავდება, თუ ვინმეს ჩუმად შევხვდები?

ახალგაზრდების შეკითხვები

რა დაშავდება, თუ ვინმეს ჩუმად შევხვდები?

ჯესიკამ * არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა კლასელმა ჯერემიმ მის მიმართ ინტერესი გამოავლინა. „ის ძალიან მიმზიდველი იყო, — ამბობს ჯესიკა, — მეგობრებიც მეუბნებოდნენ, რომ ის ყველაზე კარგი ბიჭი იყო, ვისაც კი შევხვედრივარ. ბევრი გოგო ცდილობდა მასთან ურთიერთობის წამოწყებას, მაგრამ ჯერემის არც ერთი მათგანი არ აინტერესებდა. მას მხოლოდ მე მოვწონდი“.

ერთხელაც ჯერემიმ ჯესიკას შესთავაზა, რომ შეხვედროდნენ ხოლმე ერთმანეთს. ჯესიკა გვიყვება: „მე ავუხსენი, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი და მშობლები არ დამრთავდნენ იმის ნებას, რომ შევხვედროდი მას, ვინც ჩემს რწმენას არ იზიარებდა. შემდეგ ჯერემის ერთი აზრი მოუვიდა. მან მითხრა, რომ ჩუმად შევხვედროდით ხოლმე ერთმანეთს, ისე რომ ჩემს მშობლებს არაფერი გაეგოთ“.

როგორ მოიქცეოდი, თუ ის, ვინც შენ მოგწონს, მსგავს რამეს შემოგთავაზებდა? შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ თავიდან ჯესიკა დასთანხმდა ჯერემის. „დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ მასთან შეხვედრას დავიწყებდი, იეჰოვას შევაყვარებდი“, — ამბობს ჯესიკა. როგორ განვითარდა მოვლენები? ამას მოგვიანებით გავიგებთ. თავიდან, მოდი ვნახოთ, თუ რა შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ ჯესიკასნაირმა სამაგალითო ქრისტიანმა ვინმესთან ჩუმად შეხვედრა დაიწყოს და უნებლიედ რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

რატომ იქცევიან ასე?

ზოგიერთები ადრეული ასაკიდანვე ხვდებიან ერთმანეთს. „მინახავს, როგორ დადიან 10—11 წლის ბავშვები შეყვარებულებთან ერთად“, — ამბობს ბრიტანეთში მცხოვრები სუზანი. რატომ სურთ მათ ასე ძლიერ, რომ შეყვარებულები ჰყავდეთ? ხშირად ამის მიზეზი საპირისპირო სქესის მიმართ ბუნებრივი ლტოლვა და თანატოლების ზეგავლენაა. „შენზე ის მოქმედებს, რომ შენს სხეულში ცვლილებები ხდება და ამასთანავე ხედავ, რომ სკოლაში ყველას შეყვარებული ჰყავს“, — ამბობს ავსტრალიელი ლოისი.

მაგრამ, რატომ ხვდებიან ზოგიერთები ერთმანეთს ფარულად? „შესაძლოა ზოგს აშინებს მშობლების რეაქცია“, — ამბობს ჯეფრი, რომელიც ბრიტანეთში ცხოვრობს. სამხრეთ აფრიკელი დეივიდიც იმავე აზრს იზიარებს, ის ამბობს: „მათ იციან, რომ მშობლებს ეს არ მოეწონებათ და ამიტომ არაფერს ეუბნებიან“. ავსტრალიელი გოგონა ჯეინი კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს. „მას, ვინც სხვას ფარულად ხვდება, სურს საკუთარ თავსაც და სხვებსაც დაუმტკიცოს, რომ დამოუკიდებელი პიროვნებაა, — ამბობს ის. — თუ გრძნობ, რომ ისე არ გექცევიან, როგორც ზრდასრულ ადამიანს, არადა საკუთარი თავი ასეთად მიგაჩნია, გინდა გააკეთო ის, რაც გსურს, ისე რომ მშობლებს არაფერი უთხრა. ამის დამალვა კი ძნელი არ არის“.

ბიბლია მოგიწოდებს, რომ მშობლებს დაუჯერო (ეფესოელები 6:1). და თუ მშობლები გიშლიან ვინმესთან შეხვედრას, ცხადია, მათ ამისთვის საფუძვლიანი მიზეზები ექნებათ. მაგალითად, თუ ისინი იეჰოვას მოწმეები არიან, გასაგებია, რომ მხოლოდ მაშინ არ დაგიშლიან ვინმესთან ურთიერთობას, თუ მხოლოდ თანაქრისტიანს შეხვდები და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ორივეს საქორწინო ასაკი გექნებათ *. არ გაგიკვირდეს, თუ ასეთი აზრები მოგდის:

თავს ისე ვგრძნობ, თითქოს რაღაც მაკლია, რადგან ჩემ გარდა ყველა ვიღაცას ხვდება.

ძალიან მომწონს ერთი ახალგაზრდა, მაგრამ ის ჩემს რწმენას არ იზიარებს.

სიამოვნებით შევხვდებოდი თანამორწმუნეს მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ჯერ ადრეა დაქორწინება.

ალბათ იცი, რა რეაქცია ექნებოდა შენს მშობლებს ასეთი სიტყვების მოსმენის შემდეგ. შესაძლოა, გრძნობ კიდეც გულის სიღრმეში, რომ შენი მშობლები მართლები არიან. მიუხედავად ამისა, შეიძლება იაპონელი მანამის მსგავსად გრძნობდე თავს, რომელმაც თქვა: „იმდენად მინდა, ვინმეს ვხვდებოდე, რომ ზოგჯერ ვფიქრობ, ხომ არ ვცდები, ამაზე უარს რომ ვამბობ. მოზარდებისთვის დღეს წარმოუდგენელია, რომ შეყვარებული არ ჰყავდეთ“. ამის გამო ზოგმა შეყვარებული გაიჩინა და ეს ამბავი მშობლებს დაუმალა. როგორ ახერხებენ ისინი ამას?

„გვითხრეს, რომ ეს საიდუმლოდ შეგვენახა“

ვინმესთან ჩუმად შეხვედრა, შეიძლება ითქვას, რომ ტყუილის ტოლფასია. ზოგი ფარულად აბამს ურთიერთობას ტელეფონის ან ინტერნეტის მეშვეობით. სხვების თანდასწრებით ისინი ისე იქცევიან, თითქოს მხოლოდ მეგობრები არიან, მაშინ როცა მათი ელექტრონული წერილები, SMS-ები და სატელეფონო ზარები სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

ნიგერიელი ქეილები კიდევ ერთ ეშმაკურ ხერხს გვიმჟღავნებს. ის ამბობს: „ზოგიერთები, რომლებიც ერთმანეთს ჩუმად ხვდებიან, თანატოლების თანდასწრებით ისეთ სიტყვებსა და მეტსახელებს იყენებენ, რომ სხვები ვერ ხვდებიან, რაზე საუბრობენ ისინი“. სხვა ხერხი იმაში მდგომარეობს, რომ შეყვარებული წყვილის ინიციატივით ეწყობა შეხვედრები, რათა მეგობრების წრეში ერთმანეთთან შეხვედრის საშუალება მიეცეთ. ბრიტანეთში მცხოვრები ჯეიმზი ამბობს: „ერთხელ მეგობრები ერთ ადგილას დაგვპატიჟეს. იქ გავიგეთ, რომ შეხვედრა მხოლოდ იმისთვის იყო მოწყობილი, რომ ჩვენი ორი მეგობარი ერთმანეთს შეხვედროდა. გვითხრეს, რომ ეს საიდუმლოდ შეგვენახა“.

როგორც ჯეიმზიც აღნიშნავს, ხშირად შეყვარებულები ერთმანეთს ჩუმად მეგობრების ხელშეწყობით ხვდებიან. „სულ მცირე ერთმა მეგობარმა მაინც იცის შეხვედრის მოწყობის მიზეზი, მაგრამ არაფერს ამბობს იმის გამო, რომ საიდუმლო არ გასცეს“, — ამბობს შოტლანდიელი კეროლი.

ხშირად ისინი, ვინც ერთმანეთს ფარულად ხვდებიან, აშკარად იტყუებიან ხოლმე. „ბევრი ატყუებს მშობლებს, რომ ვითომ სადღაც მიდის, სინამდვილეში კი შეყვარებულს ხვდება“, — ამბობს კანადაში მცხოვრები ბეთი. იაპონელი მისაკი აღიარებს, რომ თვითონაც ასე იქცეოდა. ის ამბობს: „ისეთ ტყუილებს ვიგონებდი, რომ მშობლებს ჩემს სიტყვებში ეჭვი არ შეეტანათ. ფრთხილად ვიყავი, რომ სხვა რამეშიც არ მომეტყუებინა ისინი, რათა მათი ნდობა არ დამეკარგა“.

რა საფრთხე ახლავს ფარულ შეხვედრებს?

თუ ფიქრობ, დაიწყო თუ არა ვინმესთან ფარულად შეხვედრა, ან უკვე ხვდები ვინმეს, კარგი იქნება, დაფიქრდე შემდეგ აზრებზე.

რა შედეგებს მოიტანს ტყუილები? აპირებ ახლო მომავალში დაქორწინდე იმ ადამიანზე, ვისაც ხვდები? „თუ ვინმეს სერიოზული განზრახვის გარეშე ხვდები, ეს იმის მსგავსია, რომ რეკლამა გაუწიო საქონელს, რომელსაც არ ყიდი“, — ამბობს შეერთებულ შტატებში მცხოვრები ევანი. იგავების 13:12-ში ნათქვამია: „ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს“. ნამდვილად გინდა, ‘გული დაუსნეულო’ მას, ვინც შენთვის ძვირფასია?

რას ფიქრობს იეჰოვა ჩემს საქციელზე? ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ“ (ებრაელები 4:13). ასე რომ, თუ მალავ, რომ ვინმეს ხვდები, ან მეგობარს ხელს აფარებ, იცოდე, იეჰოვას ვერაფერს გამოაპარებ. ტყუილის თქმაც თუ გიწევს, დროა დაფიქრდე. იეჰოვა ღმერთს სძულს ტყუილი. ბიბლიაში „მატყუარა ენა“ ღვთისთვის საძულველ ჩვევებს შორისაა მოხსენიებული (იგავები 6:16—19).

როდესაც სხვებმაც იციან თქვენი ურთიერთობის შესახებ, ეს შენთვის დამცავია, მაგრამ თუ ფარულად ხვდები ვინმეს, საშიშროების წინაშე დგახარ. არაა გასაკვირი, რომ ზოგმა, ვინც ფარულად ხვდებოდა ერთმანეთს, სექსუალური უზნეობა ჩაიდინა. ავსტრალიელი ჯეინი გვიყვება თავის მეგობარზე, რომელიც ორმაგ ცხოვრებას ეწეოდა და ფარულად ხვდებოდა ერთ ბიჭს თავისი სკოლიდან. „როცა მამამისმა გაიგო, რომ მისი ქალიშვილი შეყვარებულს ხვდებოდა, ის უკვე ფეხმძიმედ იყო“, — ამბობს ჯეინი.

რა თქმა უნდა გონივრულია, დაელაპარაკო შენს მშობლებს ან მოწიფულ ქრისტიანს, თუ ფარული ურთიერთობა გაქვს ვინმესთან. თუ მეგობარი გყავს, რომელიც ჩუმად ხვდება ვინმეს, ხელი არ შეუწყო მას საიდუმლოს დამალვაში (1 ტიმოთე 5:22). აბა დაფიქრდი, როგორ იგრძნობ თავს, თუ მათ ურთიერთობას სამწუხარო შედეგები მოჰყვება? განა შენც არ იგრძნობდი თავს დამნაშავედ?! დავუშვათ, რომ შენს მეგობარს დიაბეტი აქვს და ჩუმად ტკბილეულს შეექცევა. როგორ მოიქცევი, თუ გაიგებ ამის შესახებ, არადა მეგობარი გეხვეწება, რომ არავისთან გათქვა. რა უფრო მნიშვნელოვანი იქნება შენთვის — ის, რომ მეგობრის საიდუმლო არ გასცე, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე აარიდო?

იმავეს თქმა შეიძლება მაშინაც, თუ შენი მეგობარი ჩუმად ხვდება ვინმეს. ნუ ინერვიულებ, თუ შენი მეგობარი გაგინაწყენდება. დროთა განმავლობაში მას წყენა გაუვლის. ნამდვილი მეგობარი მიხვდება, რომ შენ მხოლოდ მის სასიკეთოდ მოიქეცი ასე (იგავები 27:6).

„მივხვდი, რაც უნდა გამეკეთებინა“

ჯესიკამ, რომელიც სტატიის დასაწყისში მოვიხსენიეთ, ფარულ შეხვედრებთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა, როდესაც გაიგო, თუ რა დაემართა მსგავს სიტუაციაში მყოფ ერთ ქრისტიან დას. „როდესაც გავიგე, როგორ დამთავრდა მათი ურთიერთობა, — ამბობს ის, — მივხვდი, რაც უნდა გამეკეთებინა“. ადვილი იყო ჯესიკასთვის ურთიერთობის გაწყვეტა? არა! „ის ერთადერთი ბიჭი იყო, რომელიც მომწონდა, — აღიარებს ჯესიკა. — რამდენიმე კვირის განმავლობაში ყოველდღე ვტიროდი“.

ჯესიკას უყვარდა იეჰოვა და, მიუხედავად იმისა, რომ შეცდომა დაუშვა, მას ნამდვილად სურდა, სწორად მოქცეულიყო. დროთა განმავლობაში მას ტკივილი გაუნელდა. ის ამბობს: „იეჰოვასთან ახლა ისეთი ურთიერთობა მაქვს, როგორიც არასდროს მქონია. ძალიან მადლიერი ვარ, რომ იეჰოვა დროულ ხელმძღვანელობას გვიწევს!“

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ შეგიძლია ნახო შემდეგ ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

დაფიქრდი

▪ კიდევ ერთხელ წაიკითხე 27-ე გვერდზე მსხვილი შრიფტით მოცემული სამი წინადადება. ზოგჯერ შენც ხომ არ მოგდის ასეთი ფიქრები?

▪ როგორ შეგიძლია თავი გაართვა ასეთ გრძნობებს ისე, რომ ფარულად არავის ხვდებოდე?

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ამ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 9 იხილე 2007 წლის იანვრის „გამოიღვიძეთ!“-ის რუბრიკა „ახალგაზრდების შეკითხვები“ სათაურით „რა ასაკიდან შეიძლება მყავდეს შეყვარებული?“

[ჩარჩო 28 გვერდზე]

რატომ ერიდება ზოგი ურთიერთობის ზედმეტ გახმაურებას?

თუ ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება და თავიანთ ურთიერთობებს არ ახმაურებს, ეს მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ ისინი იტყუებიან. დავუშვათ, ქალ-ვაჟი უკეთ გაცნობის მიზნით ერთმანეთს ხვდება, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში მათ არ სურთ თავიანთი ურთიერთობის გახმაურება. ახალგაზრდა მამაკაცი, ტომასი ამბობს, რომ შესაძლოა «მათ არ სურთ, რომ სხვებმა შეაწუხონ სხვადასხვა კითხვებით, მაგალითად: „როდის აპირებთ დაქორწინებას?“»

შეყვარებული წყვილის პირად ცხოვრებაში სხვების ზედმეტი ჩარევა შეიძლება მართლაც საზიანო იყოს (ქებათა ქება 2:7). ამიტომ, თავიანთი ურთიერთობის პირველ ეტაპზე ზოგმა წყვილმა შეიძლება მართებულად მიიჩნიოს, არ გაახმაუროს თავისი ამბავი, თუმცა ისინი მოერიდებიან განმარტოებას (იგავები 10:19). „ეს ორ ადამიანს საშუალებას აძლევს, დაინახონ, რამდენად სერიოზული გრძნობები აქვთ ერთმანეთის მიმართ, — ამბობს 20 წლის ანა. — და თუ ისინი გადაწყვეტენ დაქორწინებას, ამის შემდეგ სხვებსაც გააგებინებენ თავიანთი ურთიერთობის შესახებ“.

ამავე დროს, არ იქნებოდა სწორი, თუ თქვენს ურთიერთობას დაუმალავთ მათ, ვისაც უფლება აქვს იცოდეს ამის შესახებ, მაგალითად მშობლებს. თუ არ გინდა გაახმაურო თქვენი ურთიერთობა, ჰკითხე საკუთარ თავს: რა არის ამის მიზეზი? შენც ჯესიკას მსგავს მდგომარეობაში ხომ არ ხარ, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ? გულის სიღრმეში ხომ არ გრძნობ, რომ შენს მშობლებს საფუძვლიანი მიზეზი აქვთ, დაგიშალონ შეყვარებულთან შეხვედრა?

[ჩარჩო 29 გვერდზე]

მშობლების საყურადღებოდ

წინამდებარე სტატიის წაკითხვის შემდეგ შეიძლება დაგებადოთ კითხვა: „ჩემი შვილიც ხომ არ ხვდება ვინმეს და მიმალავს?“ ყურადღება მიაქციეთ, რა უთხრა ზოგმა ახალგაზრდამ „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტს იმის შესახებ, თუ რატომ დაიწყეს მალულად შეხვედრები, და დაფიქრდით ქვემოთ მოცემულ კითხვებზე.

„ზოგ მოზარდს ოჯახში სითბო აკლია, ამიტომ სურს, რომ შეყვარებული ჰყავდეს, რომელიც ანუგეშებს და მხარს დაუჭერს“ (უენდი).

მშობლებო, დარწმუნებულნი ხართ, რომ შვილებს ემოციურ მხარდაჭერას არ აკლებთ? რამის გაუმჯობესება ხომ არ გმართებთ? თუ დიახ, რა მხრივ?

„როდესაც 14 წლის ვიყავი, უცხოელმა სტუდენტმა შემომთავაზა, რომ მისი შეყვარებული გავმხდარიყავი. მეც დავთანხმდი. წარმოვიდგინე, რა სასიამოვნო იქნებოდა, როდესაც ბიჭი მომეხვეოდა“ (დაიანა).

დაიანა რომ თქვენი ქალიშვილი ყოფილიყო, რა რეაქცია გექნებოდათ მის სიტყვებზე?

„მობილური ტელეფონი ძალიან აადვილებს ფარულ ურთიერთობას. მშობლებს წარმოდგენაც კი არა აქვთ იმაზე, რომ შვილები რაღაცას უმალავენ“ (ანეტა).

სიფრთხილის რა ზომების მიღება გმართებთ, თუ თქვენს შვილს მობილური ტელეფონი აქვს?

„ადვილია ვინმეს ფარულად შეხვდე, თუ მშობლები დიდად არ ინტერესდებიან იმით, რას აკეთებენ მათი შვილები და ვისთან ატარებენ დროს“ (ტომასი).

რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ უფრო მეტად დაინტერესდეთ შვილების ცხოვრებით, მაგრამ, ამავე დროს, ზედმეტადაც არ შეზღუდოთ ისინი?

„ხშირად შვილები მარტო რჩებიან სახლში. ან მშობლები მეტისმეტად ენდობიან მათ და ყველგან უშვებენ“ (ნიკოლასი).

დაფიქრდით, ვისთან მეგობრობენ თქვენი შვილები. ნამდვილად იცით, რას აკეთებენ ისინი ერთად?

„შვილები ფარულ ურთიერთობას მაშინაც იწყებენ, როცა მშობლები ძალიან მკაცრები არიან“ (პაული).

როგორ შეგიძლიათ, ‘ყველასთვის ცნობილი გახადოთ თქვენი კეთილგონიერება’ ისე, რომ ბიბლიური კანონები და პრინციპები არ დაარღვიოთ? (ფილიპელები 4:5).

„მოზარდობის წლებში პირადი ღირსების გრძნობა მაკლდა და ყურადღება მჭირდებოდა. ელექტრონული ფოსტით მიმოწერა დავიწყე ერთ ბიჭთან, რომელიც მეზობელ კრებაში იყო. მე ის შემიყვარდა. მასთან თავს შესანიშნავად ვგრძნობდი“ (ლინდა).

როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა, რომ ოჯახში ლინდას მიმართ უფრო მეტი ყურადღება გამოევლინათ?

ხომ არ ღირს, ეს სტატია თქვენს შვილთან ერთად განიხილოთ? შვილი არაფერს არ დაგიმალავთ, თუ მასთან გულწრფელი და გულითადი ურთიერთობა გექნებათ. მართალია, დრო და მოთმინებაა საჭირო, რომ გაიგოთ, ყველაზე მეტად რა სჭირდება თქვენს შვილს, მაგრამ შედეგი, რომელიც ამას მოჰყვება, ღირს ძალისხმევად (იგავები 20:5).