რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
▪ ერთი გამოკვლევის თანახმად ჩვეულებრივ მშობიარობასთან შედარებით საკეისრო კვეთის დროს სამზე მეტჯერ იზრდება დედების სიკვდილიანობის რისკი („მეანობა და გინეკოლოგია“, აშშ).
▪ მეცნიერმა სტივენ ჰოკინგმა ინტერნეტში შემდეგი კითხვა წამოჭრა: „მსოფლიოში, სადაც პოლიტიკური და სოციალური ქაოსია და გარემო პირობები უარესდება, როგორ იარსებებს კაცობრიობა მომავალი ასი წლის განმავლობაში? ერთი თვის შემდეგ მან აღიარა: „პირადად მე არ ვიცი ამ კითხვაზე პასუხი. ეს კითხვა იმიტომ წამოვჭერი, რომ ხალხი დაფიქრდეს, თუ რა საშიშროების წინაშე ვდგავართ“ („გარდიანი“, დიდი ბრიტანეთი).
▪ ტანზანიაში, რომლის მოსახლეობაც 37 მილიონს შეადგენს, მალარიით დაავადებულთა რიცხვი ყოველ წელს 14—19 მილიონს აღწევს. „აქედან ყოველწლიურად დაახლოებით 100 000 ადამიანი კვდება“ („გარდიანი“, ტანზანია).
თევზი-დეტექტორი
ჩრდილოეთ ამერიკის ზოგ ქალაქში სასმელი წყლის ვარგისიანობის დასადგენად იყენებენ ერთ-ერთი სახეობის თევზს (Lepomis macrochirus), რომელიც წყალში გახსნილი ქიმიური ნივთიერებებისადმი განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესსშია“ ნათქვამი, „ამ სახეობის რამდენიმე თევზი იმყოფება ავზში, რომელსაც მუდმივად ამარაგებენ ქალაქისთვის განკუთვნილი წყლით. თუ წყალში რაიმე ტოქსიკური ნივთიერებებია მოხვედრილი, თევზს ეცვლება სუნთქვის რიტმი და გულისცემა, ამასთანავე ის სხვაგვარად იწყებს ცურვას. ამიტომ, თევზებს ოცდაოთხი საათის განმავლობაში აკვირდებიან სპეციალური დანადგარების მეშვეობით, რათა დაადგინონ, ხომ არ დაბინძურდა სასმელი წყალი“. როგორც იმავე წყაროშია ნათქვამი, ერთხელ ნიუ-იორკში „თევზებმა სხვა დანადგარებზე ორი საათით ადრე . . . წყალში დიზელის საწვავი აღმოაჩინეს“, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ მოსახლეობისთვის დაბინძურებული წყალი არ მიეწოდებინათ.
ნიკოტინის რაოდენობა იზრდება
მაშინ, როცა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციები მწეველებს მოუწოდებენ, რომ თავი დაანებონ ამ მავნე ჩვევას, თამბაქოს მწარმოებელმა კომპანიებმა სიგარეტებში ნიკოტინის შემცველობა „გასული ექვსი წლის განმავლობაში 10 პროცენტით გაზარდეს და მწეველები სიგარეტზე უფრო დამოკიდებული გახადეს“, — ნათქვამია „ნიუ-იორკ ტაიმზში“. სპეციალური აპარატის საშუალებით, რომელიც ბაძავს მწეველს, დადგინდა, რომ თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ცდილობენ, „ახალბედა მწეველი მიაჩვიონ სიგარეტს, ხოლო დიდი ხნის მწეველს თავი არ დაანებებინონ“. როგორც ცდებმა გამოავლინა, „თითქმის ყველა ბრენდის სიგარეტში ნიკოტინის შემცველობა იმდენად მაღალი იყო, რომ მწეველი მასზე ბევრად უფრო დამოკიდებული ხდებოდა“.
ტვინით მართვადი ხელოვნური ხელი
ერთი მამაკაცი შეერთებულ შტატებში, რომელსაც უბედური შემთხვევის შემდეგ ორივე ხელის სრული ამპუტაცია გაუკეთეს, ამჟამად იყენებს ხელოვნურ ხელს, რომელსაც ტვინით მართავს. მამაკაცს შეუძლია მისადგმელ კიბეზე ასვლა, საღებავი ლილვაკის გამოყენება და შვილიშვილებთან ჩახუტებაც კი. „მისი მარცხენა ხელი წარმოადგენს ელექტრომექანიკურ ხელსაწყოს, რომელსაც ტვინი აკონტროლებს, — განმარტავს სატელევიზიო კომპანია სი-ენ-ენი. — საკმარისია, ამ კაცმა ხელის მოხრა მოინდომოს, რომ ამ დროს ტვინიდან სიგნალები გადის ხელოვნურ ნერვებში და ხელიც იხრება“. ელექტროდები აფიქსირებენ კუნთების აქტივობას, რომელიც გამოწვეულია თავის ტვინიდან წამოსული იმპულსებით, და ხელში ჩამონტაჟებულ კომპიუტერს გადასცემენ ამ ინფორმაციას. კომპიუტერი ამოქმედებს სპეციალურ მექანიზმებს, რომლებსაც ხელი მოძრაობაში მოჰყავთ, რის შედეგადაც ხელოვნური ხელი ბუნებრივი ხელისა და იდაყვის მსგავს ზოგ მოძრაობას ასრულებს.
ათასობით ახალი სახეობა!
როგორც ტაიტიში გამომავალი გაზეთი „ფენუა ინფო“ გვაცნობებს, ყოველ წელს ხდება დაახლოებით 17 000 ახალი სახეობის აღმოჩენა. მათგან დაახლოებით 75 პროცენტს შეადგენენ მწერები; ახალ აღმოჩენილ სახეობათა შორის არის ხერხემლიანთა დაახლოებით 450 სახეობა — მათგან 250 თევზია და 20-დან 30-მდე ძუძუმწოვარი. ახალაღმოჩენილი ძუძუმწოვრების ორ მესამედს შეადგენენ მღრღნელები და ღამურები, და როგორც გაზეთშია ნათქვამი, „ყოველ წელს, საშუალოდ, თითო ახალი პრიმატის აღმოჩენაც ხდება“, რაც მკვლევარების განცვიფრებას იწვევს. ამ აღმოჩენებს შორისაა, აგრეთვე, ხეები და სხვადასხვა ჯიშის მცენარეები.