არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორია სწორი შეხედულება ფულზე?

როგორია სწორი შეხედულება ფულზე?

ბიბლიის თვალსაზრისი

როგორია სწორი შეხედულება ფულზე?

‘ფული იცავს კაცს’, — ნათქვამია ბიბლიაში (ეკლესიასტე 7:12). ფულით შესაძლებელია საკვებისა და ტანსაცმლის ყიდვა და თავშესაფრის შოვნა. ფული იცავს ადამიანს იმ პრობლემებისგან, რომელთა წინაშეც მას სიღარიბე აყენებს. მართლაც, ფულით თითქმის ყველაფერს შეიძენ, რაც იყიდება. ის „ყველაფერზე პასუხისმგებელია“, — ვკითხულობთ ეკლესიასტეს 10:19-ში.

ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, რომ მუყაითად ვიშრომოთ, რათა საკუთარი თავი და ოჯახი ვარჩინოთ (1 ტიმოთე 5:8). მას, ვინც პატიოსნად შრომობს, ღირსებისა და კმაყოფილების გრძნობა აქვს და თავსაც დაცულად გრძნობს (ეკლესიასტე 3:12, 13).

გარდა ამისა, თუ გამრჯედ ვმუშაობთ, შეგვეძლება, ხელგაშლილები ვიყოთ. „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“, — თქვა იესომ (საქმეები 20:35). ასეთ ბედნიერებას მაშინ ვგრძნობთ, როდესაც ხალისით გავცემთ ჩვენს სახსრებს გაჭირვებულების, განსაკუთრებით კი თანაქრისტიანების დასახმარებლად ან მაშინ, როცა საყვარელი ადამიანისთვის საჩუქარს ვყიდულობთ (2 კორინთელები 9:7; 1 ტიმოთე 6:17—19).

იესო მოუწოდებდა თავის მიმდევრებს, რომ ყოველთვის ყოფილიყვნენ გულუხვები, და არა გამონაკლის შემთხვევებში. „გაეცით“, — თქვა მან (ლუკა 6:38). სამეფოს ინტერესების წინ წასაწევადაც იგივე პრინციპი გამოიყენება (იგავები 3:9). ამ მხრივ გამოვლენილი გულუხვობით ჩვენ იეჰოვასა და მის ძეს ‘ვუმეგობრდებით’ (ლუკა 16:9).

მოერიდეთ „ფულის სიყვარულს“

ეგოისტი ადამიანი იშვიათად იმეტებს სხვისთვის რამეს, და მაშინაც კი, თუ გასცემს, ამას პირადი გამორჩენის მიზნით აკეთებს. ასეთი ადამიანისთვის პრობლემის სათავე ხშირად ფულის სიყვარულია, რასაც მისთვის იმედგაცრუება და დარდი მოაქვს. „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, და ზოგიერთები, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს, ჩამოშორდნენ რწმენას და მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს“, — ნათქვამია 1 ტიმოთეს 6:10-ში. რატომ არ ანიჭებს ფულის სიყვარული ადამიანს კმაყოფილებას და რატომ მოაქვს მისთვის ტკივილი?

უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ხარბი ადამიანი ვერასოდეს ძღება სიმდიდრით. „ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება“, — ნათქვამია ეკლესიასტეს 5:10-ში. ფულის მოყვარული საკუთარ თავს ტკივილს აყენებს, რადგენ ვერასოდეს კმაყოფილდება იმით, რაც აქვს. გარდა ამისა, სიხარბის გამო მას არა აქვს სხვებთან ჯანსაღი ურთიერთობა და ბედნიერი ოჯახი; ის დასვენებისთვისაც იშვიათად თუ ნახულობს დროს. „ტკბილია მსახურის ძილი, მიუხედავად იმისა, ცოტას ჭამს ის თუ ბევრს; მდიდარს კი ძილს უფრთხობს ქონების სიუხვე“ (ეკლესიასტე 5:12). და რაც ყველაზე მთავარია, ასეთ ადამიანს ღმერთი განსჯის (იობი 31:24, 28).

ბიბლია და სხვა ისტორიული წყაროები ნათლად გვიჩვენებს, რომ მრავლად იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ფულის გულისთვის ყველაფერზე მიდიოდნენ — იპარავდნენ, სამართალს ამრუდებდნენ, მეძაობდნენ, კლავდნენ, ღალატობდნენ სხვებს და იტყუებოდნენ (იესო ნავეს ძე 7:1, 20—26; მიქა 3:11; მარკოზი 14:10, 11; იოანე 12:6). თავისი მიწიერი მსახურების დროს იესომ ერთ „ძალიან მდიდარ“ ახალგაზრდა მმართველს უთხრა, რომ გაჰყოლოდა მას. სამწუხაროდ, მამაკაცმა უარი თქვა ამ შესანიშნავ წინადადებაზე, რადგან ეს მის ფინანსურ მდგომარეობაზე აისახებოდა. ამის შემდეგ იესომ თქვა: „რა ძნელი იქნება ღვთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვისაც ფული აქვს!“ (ლუკა 18:23, 24).

ამ „ბოლო დღეებში“ ქრისტიანები განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა იჩენდნენ, რადგან ადამიანები, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ძირითადად „ფულის მოყვარულები“ არიან (2 ტიმოთე 3:1, 2). ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებიც სულიერს არიან მოწყურებულნი, სხვებივით ფულის სიყვარულს არ ემონებიან, რადგან ფულზე გაცილებით ძვირფას რამეს ფლობენ.

ფულზე გაცილებით უკეთესი

როცა მეფე სოლომონმა თქვა, რომ ფული იცავს კაცს, იქვე დასძინა, რომ „სიბრძნეც იცავს“, რადგან „სიცოცხლეს უნარჩუნებს მის მქონეთ“ (ეკლესიასტე 7:12). რას გულისხმობდა ის? სოლომონი გულისხმობდა სიბრძნეს, რომელსაც ადამიანი იძენს ღვთისადმი ჯანსაღი შიშითა და წმინდა წერილების საფუძვლიანი ცოდნით. ასეთ სიბრძნეს, რომელიც ყოველგვარ ფულს აღემატება, შეუძლია ადამიანი დაიცვას უამრავი საშიშროებისგან და თვით ნაადრევი სიკვდილისგანაც. გვირგვინის მსგავსად ჭეშმარიტი სიბრძნე აამაღლებს ადამიანს და სხვების პატივისცემას მოაპოვებინებს (იგავები 2:10—22; 4:5—9). რამდენადაც სიბრძნის წყალობით ადამიანს შეუძლია ღვთის კეთილგანწყობა მოიპოვოს, სიბრძნეს „სიცოცხლის ხე“ ეწოდება (იგავები 3:18).

ვისაც გულწრფელად სურს სიბრძნის შეძენა და მზად არის, ეძებოს ის, მისი პოვნა არ გაუჭირდება. „შვილო, თუ . . . ითხოვ, რომ გაგების უნარი გქონდეს, და გამჭრიახობას მოუხმობ, თუ მას ვერცხლივით მოძებნი და დამალული განძივით მოიძიებ, მაშინ გაიგებ, რა არის იეჰოვას შიში, და შეიძენ ცოდნას ღვთის შესახებ, ვინაიდან იეჰოვა თავად იძლევა სიბრძნეს; მისი პირიდან გამოდის ცოდნა და გამჭრიახობა“ (იგავები 2:1—6).

რადგან ჭეშმარიტი ქრისტიანები სიბრძნეს ფულზე წინ აყენებენ, ისინი ხარობენ მშვიდობით, არიან ბედნიერები და თავს უსაფრთხოდ გრძნობენ — ასეთი რამ კი უცხოა ფულის მოყვარულთათვის. ებრაელების 13:5-ში ნათქვამია: «იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან მან [ღმერთმა] თქვა: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“». ფული ასე ვერ დაიცავს ადამიანს.

გიფიქრიათ?

▪ როგორ იცავს ფული ადამიანს? (ეკლესიასტე 7:12).

▪ რატომ არის ღვთიური სიბრძნე ფულზე მნიშვნელოვანი? (იგავები 2:10—22; 3:13—18).

▪ რატომ უნდა მოვერიდოთ ფულის სიყვარულს? (მარკოზი 10:23, 25; ლუკა 18:23, 24; 1 ტიმოთე 6:9, 10).