ტოლედო შუასაუკუნოვან კულტურათა უჩვეულო შერწყმა
ტოლედო შუასაუკუნოვან კულტურათა უჩვეულო შერწყმა
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ესპანეთიდან
იბერიის ნახევარკუნძულის შუაგულში წამომართულია გრანიტის გორა, რომელსაც სამი მხრიდან მდინარე ტახო უვლის. საუკუნეების განმავლობაში მდინარემ სამივე მხრიდან ჩამოშალა გორის კლდოვანი ნაპირები. ამ სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილზე აღიმართა ტოლედო — ქალაქი, რომელიც ესპანეთისა და მისი კულტურის სიმბოლოდ იქცა.
დღეს ტოლედოს ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ ძველ ქუჩებს მნახველი შუა საუკუნეებში გადაჰყავს. ქალაქის კარიბჭეებს, ციხე-სიმაგრეებსა და ხიდებს ახლაც შემორჩენილი აქვთ თავიანთი ძველებური ხიბლი და უსიტყვოდ მოწმობენ, რომ ტოლედო ერთ დროს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო.
თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ ტოლედო არ არის ტიპიური ევროპული ქალაქი. რკინიგზის სადგურის შენობაც კი აღმოსავლური სტილითაა აგებული. ტოლედოში არსებული ხელოვნების მრავალი ნიმუში იმის მაუწყებელია, რომ ასწლეულების განმავლობაში ქალაქში ერთმანეთთან იყო შერწყმული სხვადასხვა ქვეყნის კულტურა. დაახლოებით 700 წლის წინ, როდესაც ტოლედოში ოქროს ხანის პერიოდი იყო, ქალაქში მართლაც მრავალი კულტურა იყო ერთად თავმოყრილი.
კულტურათა მრავალფეროვნება
ვიდრე რომაელები მივიდოდნენ ესპანეთში, კელტებსა და იბერიელებს ამ სახარბიელო ადგილას
უკვე გაეშენებინათ ქალაქი. რომაელებმა ქალაქს სახელი შეუცვალეს, მას ტოლეტუმი უწოდეს (სიტყვიდან „ტოლიტუმ“, რაც ნიშნავს „მაღლა აღმართულს“) და ის თავიანთი ერთ-ერთი პროვინციის დედაქალაქად აქციეს. რომაელი ისტორიკოსის, ლივიუსის სიტყვების თანახმად ტოლედო იყო „პატარა, მაგრამ თავისი ადგილმდებარეობის გამო, მტკიცე ქალაქი“. როდესაც ვესტგუთებმა რომის იმპერიის დაცემის შემდეგ დაიპყრეს ესპანეთი, ტოლედო მათ თავიანთ დედაქალაქად აირჩიეს. სწორედ აქ მეექვსე საუკუნეში მეფე რეკარედმა უარყო არიანელობა, რითაც ესპანეთს გზა გაუხსნა იმისკენ, რომ კათოლიციზმის ცენტრი გამხდარიყო; ტოლედო კი არქიეპისკოპოსის რეზიდენციად იქცა.ტოლედოში რელიგიური მდგომარეობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც იქ მუსლიმანური ხალიფატი დამკვიდრდა. ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩები სწორედ ამ პერიოდით, VIII—XI საუკუნეებით თარიღდება. მუსლიმანთა ტოლერანტობის წყალობით ტოლედოში ფეხი მოეკიდებინა როგორც მავრიტანულ, ისე ქრისტიანულ და ებრაულ კულტურას. ბოლოს, 1085 წელს მეფე ალფონსო VI-მ (კათოლიკე მეფემ) ქალაქი დაიპყრო. მიუხედავად იმისა, რომ ტოლედოში არაერთხელ შეიცვალა მმართველობა, საუკუნეების განმავლობაში აქ კვლავაც ერთმანეთის გვერდიგვერდ არსებობდა ქრისტიანული, მავრიტანული და ებრაული კულტურა.
ტოლედოს ყველაზე შთამბეჭდავი კულტურული ძეგლებიდან მრავალი სწორედ ამ პერიოდით თარიღდება. კათოლიკე მმართველებმა ქალაქი ქვეყნის დედაქალაქად აქციეს, ებრაელებმა თავიანთი ხელობითა და ვაჭრობით გაითქვეს სახელი, ხოლო მუსლიმანებმა არქიტექტურაში გამოავლინეს თავიანთი ნიჭი. სამი სხვადასხვა მრწამსის მქონე სწავლულები ერთად მუშაობდნენ მთარგმნელთა სკოლაში. XII—XIII საუკუნეებში მათ ანტიკური ხანის მრავალი ნაშრომი თარგმნეს ლათინურ და ესპანურ ენებზე. ამ მთარგმნელებმა დასავლეთს არაბული ცივილიზაცია და მეცნიერება გააცნეს.
რელიგიურ შემწყნარებლობას წერტილი დაესვა XIV საუკუნეში, როდესაც რელიგიური ფანატიზმის გამო ათასობით იუდეველი გაჟლიტეს. დაახლოებით იმ დროს, როცა კოლუმბმა ამერიკა აღმოაჩინა, ესპანელი ინკვიზიტორები ტოლედოში იუდეველებსა და მუსლიმანებს აიძულებდნენ, რწმენა შეეცვალათ; წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მათ გადასახლებით ემუქრებოდნენ.
წარსული დიდების ძეგლები
დღეს ტოლედოს ცენტრში ასზე მეტი კულტურული ძეგლია შემორჩენილი. ამ ისტორიულ ძეგლთა გამო იუნესკომ ქალაქი მსოფლიო საგანძურის სიაში შეიტანა. ყველაზე შთამბეჭდავ შუასაუკუნოვან ნაგებობებს წარმოადგენს მდინარე ტახოზე გადებული ორი ხიდი, რომელთაგანაც ერთი ქალაქის აღმოსავლეთით არის აგებული, ხოლო მეორე — დასავლეთით. შეუძლებელია, მნახველმა ვერ შეამჩნიოს მასიური კარიბჭე „პუერტა ნუევა დე ბისაგრა“, რომელიც ძველ გალავნიან ქალაქს იცავდა.
საკმაოდ შორიდან მოჩანს ტოლედოს ცისკენ აზიდული ორი ნაგებობა. პირველი არის ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე მართკუთხა ფორმის მასიური ციხესიმაგრე „ალკაზარი“. საუკუნეების განმავლობაში ის წარმოადგენდა რომის პრეტორიუმს (მმართველის რეზიდენციას), ვესტგუთ მონარქთა სასახლეს, არაბთა ციხესიმაგრესა და ესპანეთის მეფეთა რეზიდენციას. ამჟამად აქ სამხედრო მუზეუმი და დიდი ბიბლიოთეკაა განთავსებული. რამდენადაც ტოლედო, უპირველეს ყოვლისა, რელიგიური ქალაქია, მის ცენტრში უზარმაზარი გოტიკური ტაძარია აღმართული (იხილეთ ჩარჩო მე-17 გვერდზე).
ქალაქის ტაძარსა და ეკლესიებს ამშვენებს ტოლედოში მოღვაწე ერთი ცნობილი მხატვრის ფერწერული ნამუშევრები. მისი სახელია ელ გრეკო, რაც ნიშნავს „ბერძენს“. მისი სრული სახელია დომენიკო თეოტოკოპული. ებრაელთა ძველ უბანში, სადაც ის ცხოვრობდა, ახლა გახსნილია მუზეუმი, სადაც ელ გრეკოს რამდენიმე ფერწერული ტილოა გამოფენილი.
თუ ტოლედოს მის სამხრეთით მდებარე გორებიდან გადახედავთ, თქვენ თვალწინ ალბათ ყველაზე დიდებული სანახაობა გადაიშლება. და მაინც, ტოლედოს სილამაზეს ყველაზე უკეთ მაშინ შეიგრძნობთ, თუ მის ვიწრო ქუჩებს გაუყვებით. გზა კიდევაც რომ აგებნეთ, უკმაყოფილო მაინც არ დარჩებით, რადგან თვალს მოგტაცებთ უჩვეულო დერეფნები, ძველი ნაგებობები, ლამაზად მორთული აივნები და სუვენირების მიმზიდველი მაღაზიები.
მიუხედავად იმისა, რომ ტურისტებს ატყვევებთ ამ უბერებელი ქალაქის სილამაზე, ბოლოს მათ მაინც უწევთ ტოლედოსთან განშორება. თუ მნახველები მდინარე ტახოს სამხრეთ სანაპიროდან უკანასკნელად შეავლებენ თვალს ქალაქს, მათ თვალწინ ულამაზესი ხედი გადაიშლება. დღის დამლევს ჩამავალი მზე თბილ სხივებს აფრქვევს ქალაქს, რომლის ამაყად წამომართული ნაგებობები კიდევ ერთხელ ირეკლავენ თავიანთ წარსულ დიდებას.
[ჩარჩო⁄სურათები 17 გვერდზე]
ტოლედოში არსებული სამი კულტურა
შუა საუკუნეებში ტოლედო სამ ნაწილად იყო დაყოფილი, სადაც კათოლიკეები, იუდეველები და მუსლიმანები ცხოვრობდნენ. თითოეულს თავისი კანონები და წეს-ჩვეულებები ჰქონდა. იმ ადგილებიდან ზოგი, რომლებსაც ისინი თაყვანისმცემლობისთვის იყენებდნენ, დღეს ტოლედოში ჩასულ ტურისტებში ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს.
➤ მეათე საუკუნეში აგებული მეჩეთი, რომელიც ახლა „კრისტო დე ლა ლუზის“ სახელითაა ცნობილი, ბრწყინვალედ წარმოგვიდგენს მუსლიმანი ოსტატებისთვის დამახასიათებელ აგურის წყობის ხელოვნებას. ის მდებარეობს ქალაქის იმ ნაწილში, რომელსაც მედინა ეწოდება. აქ წინათ მდიდარი მუსლიმანები ცხოვრობდნენ.
➤ ქალაქში შემორჩენილია შუა საუკუნეებში აგებული ორი სინაგოგა (მოგვიანებით ისინი კათოლიკურ ეკლესიებად გადაკეთდა), რაც იმაზე მეტყველებს, რომ აქ ერთ დროს უამრავი იუდეველი ცხოვრობდა. ისინი ქალაქის მოსახლეობის მესამედს შეადგენდნენ. სინაგოგებს შორის უძველესია „სანტა-მარია ლა ბლანკა“, რომლის ინტერიერიც, ზემოთ ნაჩვენები მეჩეთის ინტერიერის მსგავსად, მდიდრულად მორთული სვეტებითაა დამშვენებული. უფრო დიდი სინაგოგაა „ელ ტრანზიტო“ (მარჯვნივ), რომელშიც ამჟამად „სეფარდების მუზეუმია“ განთავსებული. ამ მუზეუმში თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი იუდეველთა კულტურა.
➤ ესპანეთის ყველაზე დიდი გოტიკური ტაძრის აგება დაიწყო XIII საუკუნეში. ეს ტაძარი 200 წელზე მეტხანს შენდებოდა.
[ჩარჩო⁄სურათები 17 გვერდზე]
დაშნა და ტკბილი მარციპანი
ორი ათას წელზე მეტია, რაც ქალაქის მჭედლები ამზადებენ დაშნებს. ამის გამო ტოლედო საუკეთესო ხარისხის ფოლადთან ასოცირდება. ჰანიბალის ჯარისკაცები და რომაელი ლეგიონერები იყენებდნენ სწორედ ამ დაშნებს, რომლებიც მდინარე ტახოს სანაპიროზე იყო დამზადებული. ასწლეულების შემდეგ მუსლიმანმა ოსტატებმა წამოიწყეს თავიანთი ტოლედური დაშნებისა და ჯავშნების მოვარაყება დამასკური ინკრუსტაციით. ამის ერთ-ერთი მაგალითია ტოლედური დაშნა, რომელიც მარცხნივ არის ნაჩვენები (იხილეთ სტატია „ოქროთი მოვარაყებული ფოლადი“ 2005 წლის 22 იანვრის „გამოიღვიძეთ!“-ში [რუს.]). დღესდღეობით, ქალაქში არსებული სუვენირების მაღაზიათა უმეტესობა დაშნების ფართო არჩევანს სთავაზობს მყიდველს მეომრის სრულ აღჭურვილობასთან ერთად. ამ დაშნებს შეხვდებით ფილმებსა თუ მოყვარულთა კოლექციებში და არა ბრძოლის ველზე.
ტოლედო იმითაცაა ცნობილი, რომ იქ დიდი ხანია, რაც მზადდება მარციპანი. მისი თავდაპირველი დამზადება არაბების მიერ ქალაქის დაპყრობას უკავშირდება. მუსლიმანების ჩასვლამდე ესპანეთში უკვე არსებობდა ნუშის ტყეები, ხოლო შაქარი — მარციპანის დასამზადებლად აუცილებელი მეორე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი, ქვეყანაში არ იშოვებოდა. მუსლიმანთა ბატონობის 50 წლის განმავლობაში ესპანეთის სამხრეთ ნაწილში შაქრის ლერწმის მოყვანა დაიწყეს. მეთერთმეტე საუკუნისთვის ტოლედომ უკვე გაითქვა სახელი მარციპანით, რომელიც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა ტკბილეულის მოყვარულთ! ტოლედოს მაღაზიების დახლები დღეს მთლიანად არის გავსებული მარციპანით, რომელსაც ხშირად პატარა ფორმებს აძლევენ. ტოლედოში მოგზაურობით სრულ სიამოვნებას მხოლოდ მაშინ შეიგრძნობთ, თუ ამ მადის აღმძვრელ სასუსნავსაც გასინჯავთ.
[საავტორო უფლება]
Agustín Sancho
[რუკა 16 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
პორტუგალია
ესპანეთი
მადრიდი
ტოლედო
[სურათი 18 გვერდზე]
„სან-მარტინის ხიდი“