არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დალტონიზმი ხომ არა გაქვთ?

დალტონიზმი ხომ არა გაქვთ?

დალტონიზმი ხომ არა გაქვთ?

„ცოლი ყოველთვის მიმოწმებს, რამდენად ვუხამებ ტანსაცმლის ფერებს ერთმანეთს, — ყვება როდნი. — საუზმისას ის მაწვდის ხილს, რადგან მე ვერ ვხედავ, რომელია მწიფე და რომელი — არა. სამსახურში ზოგჯერ ვერ ვარჩევ, კომპიუტერის ეკრანზე სად უნდა დავაწკაპუნო, რადგან ბევრი რამ სხვადასხვა ფერით არის გამოყოფილი. მანქანის მართვისას ერთმანეთისგან ვერ ვარჩევ შუქნიშნის წითელ და მწვანე ფერებს, და გამოსავალს მხოლოდ იმაში ვპოულობ, რომ ვაკვირდები შუქნიშნის პირველი ნათურაა ანთებული თუ ბოლო; გამოსავლის პოვნა მაშინ მიჭირს, თუ შუქნიშანზე ნათურები ჰორიზონტალურად არის განლაგებული“.

როდნის აქვს მხედველობის დარღვევა, რასაც დალტონიზმი ეწოდება. მან მემკვიდრეობით მიიღო გენეტიკური დეფექტი, რაც ბადურას — სინათლისადმი მგრძნობიარე თვალის შიდა გარსის — დაზიანებას იწვევს. როდნის მდგომარეობაშია დაახლოებით 12 ევროპელი მამაკაციდან 1 და 200 ქალიდან 1 *. ამ დარღვევის მქონე სხვა მრავალი ადამიანივით როდნი შავისა და თეთრის გარდა სხვა ფერებსაც ხედავს. მაგრამ ზოგ ფერს ეს ადამიანები სხვაგვარად ხედავენ და არა ისე, როგორც ნორმალური მხედველობის მქონე ადამიანები.

ადამიანის თვალის ბადურა, ჩვეულებრივ, სამი სახის კოლბებს, ფერადი სხივების მიმართ მგრძნობიარე უჯრედებს, შეიცავს. თითოეული მათგანი მგრძნობიარეა გარკვეული სიგრძის სინათლის ძირითადი ტალღის — ლურჯის, მწვანის ან წითლის — მიმართ. ამა თუ იმ სიგრძის ტალღა აღაგზნებს შესაბამის კოლბებს, საიდანაც სიგნალი ტვინს გადაეცემა და შედეგად ადამიანი აღიქვამს ფერებს *. მაგრამ დალტონიზმის მქონე ადამიანთა კოლბები სუსტად აღიქვამენ ერთ ან რამდენიმე ფერს, ან ერთი სიგრძის ტალღას აღიქვამენ მეორე სიგრძის ტალღად. ამ დარღვევის მქონე ადამიანთა უმეტესობა ერთმანეთისგან ვერ არჩევს ყვითელს, მწვანეს, ნარინჯისფერს, წითელსა და ყავისფერს. მათ უჭირთ რუხ პურზე ან ყვითელ ყველზე მწვანე ობის დანახვა, ან ლურჯთვალება ქერა ქალის ყავისფერთვალება წითურთმიანი ქალისგან გარჩევა. თუ ადამიანს წითელი ფერის აღმქმელი კოლბები ძალიან სუსტი აქვს, მას წითელი შავად ეჩვენება. დალტონიზმის მქონეთაგან ძალიან ცოტას არ შეუძლია ლურჯი ფერის დანახვა.

დალტონიზმი და ბავშვები

დალტონიზმი, ჩვეულებრივ, მემკვიდრეობითია და ბავშვს ეს პათოლოგია დაბადებიდანვე აქვს. ამიტომ ასეთი ბავშვები ხშირად გაუცნობიერებლად ახდენენ კომპენსირებას. მაგალითად, თუ მათ გარკვეულ ფერთა განსხვავება არ შეუძლიათ, მათთვის ეს ფერები ერთმანეთისგან სიმკვეთრით განსხვავდება და ასოციაციაც შესაბამისი უვითარდებათ. ასეთმა ბავშვებმა შეიძლება საგნების გარჩევა მათი ზედაპირისა და სტრუქტურის მიხედვით ისწავლონ და არა ფერების მიხედვით. მრავალი ბავშვობაში ვერც კი ხვდება, რომ მხედველობის დეფექტი აქვს.

ვინაიდან დაწყებით კლასებში გაკვეთილებზე ხშირად იყენებენ ფერად ილუსტრაციებს, მშობლებმა და მასწავლებლებმა შეიძლება არასწორად დაასკვნან, რომ ბავშვი გონებრივად შეზღუდულია მაშინ, როდესაც სინამდვილეში მას შეიძლება მხედველობის დეფექტი ჰქონდეს. ერთმა მასწავლებელმა დასაჯა კიდეც მოსწავლე, როდესაც ბავშვმა ვარდისფერი ღრუბლები, მწვანე ადამიანები და ყავისფერფოთლებიანი ხეები დახატა. დალტონიზმის მქონე ბავშვისთვის ფერების ამგვარი აღქმა აბსოლუტურად ნორმალურია. ამიტომ, არცთუ უსაფუძვლოდ, ზოგი კომპეტენტური პირი მშობლებს ურჩევს, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდანვე შეამოწმონ, ფერებს ნორმალურად აღიქვამენ თუ არა.

დღესდღეობით ეს პათოლოგია არ იკურნება, მაგრამ მდგომარეობა ასაკის მატებასთან ერთად არც უარესდება და არც მხედველობის სხვა დეფექტის განვითარებას იწვევს *. მიუხედავად ამისა, დალტონიზმი მაინც არასასიამოვნოა. მაგრამ ღვთის სამეფოს მმართველობისას იესო ქრისტე ღვთისმოშიშ ადამიანებს ყოველგვარ არასრულყოფილებას ჩამოაშორებს. ამგვარად, ადამიანები, რომლებსაც მხედველობის ამა თუ იმ სახის დეფექტი აქვთ, იეჰოვას შემოქმედებას მთელი თავისი დიდებულებით დაინახავენ (ესაია 35:5; მათე 15:30, 31; გამოცხადება 21:3, 4).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 მხედველობის ამგვარი დეფექტი ყველა რასის ადამიანს აქვს, მაგრამ ის უმეტესწილად ევროპეოიდული რასის ადამიანებს აღენიშნებათ.

^ აბზ. 4 მრავალ ცხოველს შეუძლია ფერების დანახვა, თუმცა ისინი ფერებს ჩვენგან განსხვავებით აღიქვამენ. მაგალითად, ძაღლებს მხოლოდ ორი სახის კოლბები აქვთ — ერთი, რომლითაც ლურჯს აღიქვამენ, და მეორე, რომლითაც წითელსა და მწვანეს შორის არსებულ ფერთა გამას აღიქვამენ. ზოგ ფრინველს ოთხი სახის კოლბები აქვს და ადამიანებისგან განსხვავებით, ულტრაიისფერი სხივის დანახვაც შეუძლია.

^ აბზ. 8 დალტონიზმი ზოგჯერ შეიძლება რაიმე დაავადებით იყოს გამოწვეული. თუ მოწიფულობის ასაკში შენიშნავთ, რომ ფერებს სათანადოდ ვეღარ აღიქვამთ, არ იქნებოდა ურიგო, მისულიყავით თვალის ექიმთან.

[ჩარჩო/დიაგრამები 18 გვერდზე]

გაქვთ თუ არა დალტონიზმი

იმისათვის, რომ დაადგინონ, აქვს თუ არა ადამიანს დალტონიზმი, და თუ აქვს, რა სირთულით აღენიშნება, ხშირად სხვადასხვა ფერის კოპლებით დახატულ სურათს იყენებენ. ფართოდ იყენებენ იშიჰარას ტესტს, რომელშიც 38-მდე ნიმუშია. მაგალითად, ნორმალური მხედველობის მქონე ადამიანი დღის შუქზე დაინახავს (მარცხნივ) რიცხვებს 42 და 74 მაშინ, როცა ის, რომელიც წითელსა და მწვანე ფერებს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, ზედა წრეში ვერაფერს დაინახავს, ქვედაში კი — 21-ს*.

როდესაც გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ ადამიანს მხედველობის დეფექტი აქვს, რეკომენდებულია, გაგრძელდეს გამოკვლევა, რათა დადგინდეს დეფექტი მემკვიდრებითია თუ შეძენილი.

[სქოლიო]

ეს სურათები მხოლოდ საილუსტრაციოდ არის მოყვანილი. დიაგნოსტიკური ტესტები კვალიფიციურმა პირმა უნდა გააკეთოს.

[საავტორო უფლება]

Color test plates on page 18: Reproduced with permission from the Pseudoisochromatic Plate Ishihara Compatible (PIPIC) Color Vision Test 24 Plate Edition by Dr. Terrace L. Waggoner/www.colorvisiontesting.com

[ჩარჩო 19 გვერდზე]

რატომ უჩივიან ძირითადად მამაკაცები?

ფერების დეფექტი მემკვიდრეობით X ქრომოსომით გადაეცემა. ქალებს ორი X ქრომოსომა აქვთ, მამაკაცებს კი — ერთი X და ერთი Y ქრომოსომა. ამგვარად, თუ ქალი მემკვიდრეობით ერთ ისეთ X ქრომოსომას მიიღებს, რომელიც დალტონიზმის მატარებელია, მეორე ქრომოსომის ნორმალური გენი იმძლავრებს და ქალს ნორმალური მხედველობა ექნება; მაგრამ, თუ მამაკაცი დეფექტურ X ქრომოსომას მიიღებს, მას მეორე ისეთი X ქრომოსომა არა აქვს, რომელიც პირველზე იმძლავრებდა.

[დიაგრამა/სურათები 18 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

როგორ ვხედავთ ფერებს

სინათლის სხივი გაივლის რქოვანასა და ბროლს და გადაეცემა ბადურას

რქოვანა

ბროლი

ბადურა

გამოსახულება ბადურას ამოყირავებული სახით გადაეცემა, მაგრამ ტვინი ასწორებს მას.

მხედველობის ნერვი მხვედელობით იმპულსებს ტვინს გადასცემს.

ბადურა შედგება ჩხირებისა და კოლბებისგან. მათი დახმარებით ვხედავთ ფერთა გამას.

ჩხირები

კოლბები

კოლბები მგრძნობიარენი არიან წითელი, მწვანე და ლურჯი ფერის მიმართ.

წითელი

მწვანე

ლურჯი

[სურათები]

ნორმალური მხედველობა

მხედველობის დეფექტი