არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„იეჰოვა, გეხვეწები, მომეცი უფლება, გემსახურო!“

„იეჰოვა, გეხვეწები, მომეცი უფლება, გემსახურო!“

„იეჰოვა, გეხვეწები, მომეცი უფლება, გემსახურო!“

მოგვითხრო დანიელა ჰოლიმ

როდესაც პატარა გოგონა ვიყავი, მიყვარდა ბებოსთან ყოფნა, რომელიც ჩვენს გვერდით ცხოვრობდა. შუადღისას მას ძილი უყვარდა. თუ ამ დროს მივიდოდი მასთან, ჩამოვჯდებოდით ხოლმე საწოლზე და ის ბიბლიურ მოთხრობებს მიკითხავდა. ბებო ხშირად მეუბნებოდა: „არასდროს დაგავიწყდეს, რომ იეჰოვას უყვარხარ. თუ გეყვარება იეჰოვა, ის ყოველთვის იზრუნებს შენზე“. მისი სიტყვები ღრმად ჩამებეჭდა გულსა და გონებაში.

ბებია 1977 წელს გარდაიცვალა. მაშინ ოთხი წლის ვიყავი. ის იეჰოვას მოწმე იყო, როგორც მოეში (ავსტრალია) მცხოვრები მამის ყველა ნათესავი. ჩემი მშობლები არ იყვნენ მოწმეები, მაგრამ მამა კეთილად იყო განწყობილი მათ მიმართ. მოგვიანებით ჩვენი ოჯახი ახალი სამხრეთი უელსის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ტინტენბარში გადავიდა საცხოვრებლად. იქ მე და ჩემი უფროსი ძმა, ჯეიმი, დროდადრო მამასთან ერთად ვესწრებოდით იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებს.

რვა წლის რომ ვიყავი, მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მამა მოეში დაბრუნდა, მე და ჯეიმი კი დედასთან დავრჩით. დედა არ იყო დაინტერესებული ბიბლიით და არც ის სურდა, რომ ჩვენ მოწმეების შეხვედრებზე გვევლო. ამის გამო ძალიან ვწუხდი. ბებოს სიტყვები ყოველთვის გულში მქონდა. ვიცოდი, რომ ძალიან მიყვარდა იეჰოვა და მსურდა, მისთვის მემსახურა! ამიტომ ვლოცულობდი და იეჰოვას ვეუბნებოდი, რომ მეც მისი მოწმე ვიყავი. ჯეიმიც იმავეს გრძნობდა.

განსაცდელი სკოლაში

ერთხელაც სკოლაში მასწავლებელმა სათითაოდ გამოგვკითხა, რომელ რელიგიას მივეკუთვნებოდით; მას ეს მონაცემები კლასის ჟურნალში შეჰქონდა. როცა ჯეიმის ჯერი დადგა, მან ხმამაღლა და მკაფიოდ თქვა, რომ იეჰოვას მოწმე იყო. მასწავლებელი შეჩერდა და სთხოვა, კვლავ გაემეორებინა პასუხი, და ჯეიმმაც გაიმეორა. „არა მგონია, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ“, — უთხრა მასწავლებელმა. როცა ჩემი ჯერი დადგა, მეც ხმამაღლა ვთქვი, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი. აშკარად უკმაყოფილო მასწავლებელმა სკოლის დირექტორს მოუხმო.

„ხელთ მაქვს თქვენი საბუთები, სადაც თქვენს მშობლებს იეჰოვას მოწმეობაზე არაფერი აღუნიშნავთ“, — კატეგორიულად განაცხადა დირექტორმა. „მაგრამ სწორედ ეს არის ის რელიგია, რომელსაც მივყვებით“, — მივუგეთ თავაზიანად. მას შემდეგ აღარც დირექტორი შეხებია ამ საკითხს და აღარც მასწავლებელი.

ვცდილობდი, ჩემი მწირი ბიბლიური ცოდნა თანაკლასელებისთვის გამეზიარებინა. სკოლაში დამქონდა „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ და დროდადრო ვუკითხავდი მას ერთ გოგონას, რომელსაც სწამდა ღმერთი *. მაგრამ, რამდენადაც ბიბლიური ნორმების თანახმად ცხოვრებას ვცდილობდი, არასდროს ვყოფილვარ პოპულარული, უფრო მეტიც, დროდადრო მარტოობის ძლიერი გრძნობა მეუფლებოდა.

იმდენად ხშირად და მხურვალედ ვლოცულობდი, რომ იეჰოვა ჩემთვის უახლოესი მეგობარი გახდა. გაკვეთილების შემდეგ შინ დაბრუნებული ჩამოვჯდებოდი ხოლმე ჩემს საწოლზე და იეჰოვას დაწვრილებით ვუყვებოდი იმას, რაც მთელი დღის განმავლობაში მოხდა. ლოცვისას ხშირად მიტირია. ღაპაღუპით მომდიოდა ცრემლები და იეჰოვას ვევედრებოდი: „გეხვეწები, მომეცი უფლება, შენს ხალხთან ერთად გემსახურო!“. ლოცვის შემდეგ ყოველთვის ვგრძნობდი შვებას.

გამამხნევებელი წერილი

როცა ათი წლის ვიყავი, ჯეიმი მოეში დაბრუნდა მამასთან. ახლა სულ მარტო დავრჩი და სულიერი მხარდაჭერის აღმომჩენი აღარავინ მყავდა გვერდით. ერთხელ მეზობელთან იეჰოვას მოწმეების გამოცემული რამდენი ჟურნალი ვნახე. დავიზეპირე იქ მოცემული ადგილობრივი ფილიალის მისამართი და სახლში მისვლისთანავე ჩავიწერე. ფილიალს თბილი წერილი მივწერე, რომელშიც ჩემი მდგომარეობა ავუხსენი და სულიერი დახმარება ვთხოვე. მათ ორგვერდიანი გულისამაჩუყებელი წერილით მიპასუხეს; ეს წერილი პირადად მე მეკუთვნოდა. მისი კითხვისას ცრემლები ვერ შევიკავე. ეს იმის მტკიცება იყო, რომ იეჰოვასთვის ნამდვილად ძვირფასი ვიყავი!

წერილში მომიწოდებდნენ, რომ მიმებაძა პატარა ისრაელი გოგონასთვის, რომელიც ბიბლიურ დროში სირიის მხედართმთავრის, ნაამანის, მოსამსახურე გახდა. ის ტყვე იყო და სამშობლოდან შორს ცხოვრობდა, მაგრამ იეჰოვასთან, თავის ღმერთთან, ახლო ურთიერთობა არ დაუკარგავს. თავისი რწმენის შესახებ გაბედულად ქადაგებით ამ გოგონამ ცხადყო, რომ იეჰოვას ჭეშმარიტი მოწმე იყო (2 მეფეები 5:1—4).

ფილიალიდან მიღებულ წერილში აგრეთვე ნათქვამი იყო: „შენ ჯერ პატარა ხარ და იეჰოვასთვის შენი მსახურება ის არის, რომ დაემორჩილო მშობლებს და ბეჯითად ისწავლო სკოლაში. ასევე საჭიროა, ლოცვითა და შესწავლით იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა შეინარჩუნო“. დასასრულს წერილში ეწერა: „დანიელა, გახსოვდეს, იმისდა მიუხედავად, თუ სად ვცხოვრობთ, იეჰოვა ყოველთვის ჩვენთან არის. ჩვენ ვიცით, რომ შენ გჯერა ამის“ (რომაელები 8:35—39). ეს წერილი, უკვე გაცრეცილი, დღემდე ბიბლიაში მიდევს. წლების განმავლობაში ის არაერთხელ წამიკითხავს, მისი კითხვისას ყოველთვის ვტირი.

მალე მეორე წერილი მივიღე. როგორც ამ წერილიდან შევიტყვე, მამაჩემმა იზრუნა იმაზე, რომ ფოსტით „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ მიმეღო. სიხარულით ცას ვეწიე! ახლა რეგულარულად ვიღებდი სულიერ საზრდოს. ყველა ჟურნალს თავიდან ბოლომდე ვკითხულობდი. დღემდე ვინახავ ამ საუცხოო ჟურნალების პირველ ეგზემპლარებს. დაახლოებით იმავე პერიოდში ადგილობრივი კრების უხუცესმა დაიწყო ჩემი მონახულება. მართალია, მისი მონახულებები ხანმოკლე იყო, მაგრამ ჩემთვის ძალიან გამამხნევებელი.

ცვლილებები და წინსვლა

სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, ერთი სული მქონდა, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მემსახურა იეჰოვასთვის. ასე რომ, როცა 13 წლის გავხდი, დედას ვთხოვე, მამასთან გავეშვი საცხოვრებლად. მე და დედას ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა, იეჰოვასთვის მემსახურა. დედა დამთანხმდა. მოეში დავბრუნდი და ადგილობრივი კრების წევრებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. მამის ნებართვით მე და ჯეიმი კრების ყველა შეხვედრას ვესწრებოდით. ადგილობრივმა მოწმეებმა ყველაფერი გააკეთებს ჩვენს დასახმარებლად. მე და ჯეიმმა სულიერად სწრაფად წავიწიეთ წინ და მოგვიანებით მოვინათლეთ. შემისრულდა ის, რასაც ბავშვობაში ვთხოვდი იეჰოვას. ღმერთს მის ხალხთან ერთად ვემსახურებოდი!

ამასობაში განსაკუთრებით დავუახლოვდი ჩემს ბიძას და ბიცოლას, ფილიპსა და ლორინას, რომლებიც მოეს კრების წევრები იყვნენ. ისინი საკუთარი შვილივით მექცეოდნენ. როდესაც ბიძა და ბიცოლა ბუგენვილის კუნძულზე (პაპუა-ახალი გვინეა) გადავიდნენ, სადაც სამეფოს მაუწყებლების საჭიროება იყო, მაშინვე დავთანხმდი მათთან ერთად წასვლაზე. მაშინ სულ რაღაც 15 წლის ვიყავი, მაგრამ მშობლებმა იქ წასვლის ნება დამრთეს.

ბუგენვილის კუნძულზე ყოფნისას სკოლაში სწავლას დაუსწრებლად განვაგრძობდი. თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს კი ქადაგებას ვუთმობდი. რა სასიხარულო იყო, მისიონერებთან და პიონერებთან მსახურება! არასდროს შევხვედრივარ ისეთ თავმდაბალ ადამიანებს, როგორებიც ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ. ბევრ მათგანს ძალიან სურდა ბიბლიის შესწავლა.

წლის მიწურულს პოლიტიკური კონფლიქტი დაიწყო და ჩემთვის იქ დარჩენა განსაკუთრებით საშიში გახდა. ძალიან გულსატკენი იყო ამ პატარა კუნძულის და მასზე მცხოვრები შესანიშნავი ხალხის დატოვება. თვითმფრინავიდან ვხედავდი, როგორ მიქნევდა ხელს ბიძია ფილიპი. ვტიროდი და გულში ვთხოვდი იეჰოვას, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩემთვის უცხო ქვეყანაში მისიონერად მსახურების შესაძლებლობა მოეცა.

იეჰოვა სხვა ლოცვებზეც მპასუხობს

სკოლის დამთავრების შემდეგ ავსტრალიაში დავბრუნდი და იურიდიულ ფირმაში პრაქტიკა გავიარე. ამასობაში მამამ სხვა ცოლი მოიყვანა და თავის ახალ დიდ ოჯახზე დაიწყო ზრუნვა. ჯეიმი დედასთან ცხოვრობდა. გარკვეული დროის განმავლობაში ხან დედასთან ვიყავი და ხან — მამასთან. თითქოს ცხოვრება გამირთულდა. უნდა გამემარტივებინა ცხოვრება და ყურადღება სულიერ მიზნებზე უნდა გამემახვილებინა. ამიტომ, 1994 წელს მოეში სრული დროით მსახურება, პიონერობა, დავიწყე.

სიხარული დამიბრუნდა. კრებაში სულიერად მოწიფული მეგობრები მყავდა, რომლებიც დიდ მხარდაჭერას მიწევდნენ. 1996 წელს ერთ-ერთ მათგანს — ვილს — გავყევი ცოლად; ის წყნარი, კეთილი და თავმდაბალი მამაკაცი იყო, რომელიც ჩემთვის იეჰოვასგან დიდი საჩუქარი აღმოჩნდა.

დაქორწინების შემდეგ ყველაფერი გვქონდა, რაც ბედნიერებისთვის იყო საჭირო. ერთ დღეს ვილი სამუშაოდან მიმომსვლელ ზედამხედველთან ერთად დაბრუნდა, რომელიც იქაურ კრებებს ინახულებდა. ვილმა მთხოვა, დავმჯდარიყავი, შემდეგ კი მკითხა: „გინდა, სხვა კრებას დავეხმაროთ?“ გულში მაშინვე თანხმობა ვთქვი, მაგრამ გავეპრანჭე და ვკითხე: „სად? ვანუატუში? ფიჯიზე?“ როდესაც ვილმა მითხრა, რომ მორველში, უკმაყოფილომ წავიბურტყუნე: „ეს ხომ აქვეა!“ ორივეს გაგვეცინა და მაშინვე ვთქვით, რომ დიდი სიამოვნებით ვიმსახურებდით პიონერებად მეზობელ კრებაში.

მორველში მომდევნო სამი წელი ბედნიერად და ნაყოფიერად გავატარეთ. კიდევ ერთი სიურპრიზი გველოდა. ავსტრალიის ფილიალიდან წერილი მივიღეთ, რომ სპეციალურ პიონერებად გვნიშნავდნენ. სად? აღმოსავლეთ ტიმორში, ინდონეზიის არქიპელაგის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე პატარა ქვეყანაში. თვალი ცრემლით ამევსო. მადლობას ვუხდიდი იეჰოვას ყველა ჩემს ლოცვაზე გაცემული პასუხისთვის. მან არა მხოლოდ მისთვის მსახურების უფლება მომცა, არამედ მე და ჩემი მეუღლე უცხო ქვეყანაშიც გაგვგზავნა.

უცხოეთში მსახურება

2003 წლის ივლისში აღმოსავლეთ ტიმორის დედაქალაქში, დილიში, ჩავედით. დილიში არსებულ კრებაში, რომელიც ერთადერთი იყო იმ ქვეყანაში, 13 სპეციალური პიონერი და სულ რამდენიმე ადგილობრივი მოწმე დაგვხვდა. ტიმორელი და-ძმები ძალიან ღარიბები იყვნენ. უმრავლესობამ ქონება და ოჯახის წევრები დაკარგა 24 წლიან სამოქალაქო ომში, რომელიც 1999 წელს დამთავრდა. ბევრი ახალშეძენილი რწმენის გამო ოჯახის წევრების მხრიდან დიდ წინააღმდეგობასაც აწყდებოდა. განსაცდელებისა და სიღარიბის მიუხედავად, ისინი სულიერად მდიდრები და ბედნიერები იყვნენ (გამოცხადება 2:8, 9).

ტიმორელების უმრავლესობა ღვთისმოშიში იყო და ბიბლიას პატივს სცემდა. მალე ბიბლიის იმდენი შესწავლა გვქონდა, რომ ჩატარებას ვერ ავუდიოდით. დროთა განმავლობაში ზოგი მათგანი მოინათლა და მსახურებისას გვერდში ამოგვიდგა. ძალიან გვახარებდა მათი სულიერი წინსვლა.

2006 წელს დილიში ისევ დაიწყო არეულობა. სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის შეტაკება მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მრავალი სახლი გაძარცვეს და გადაწვეს; ადგილობრივმა მოწმეებმა კი თავი სპეციალური პიონერების სახლებს შეაფარებს. ჩვენი სახლ-კარი დროებით თავშესაფრად იქცა, სადაც ერთი პერიოდი დაახლოებით ასი კაცი ცხოვრობდა. ჩვენს დიდ ავტოფარეხს სამზარეულოდ, სასადილოდ და დროებით სამეფო დარბაზად ვიყენებდით.

გარშემო საარტილერიო ცეცხლი იყო გახსნილი და ხელყუმბარები ფეთქდებოდა, მაგრამ ჩვენს სახლში მშვიდობა სუფევდა. ყველა ვგრძნობდით იეჰოვას მხსნელ ძალას. ყოველი დღე ბიბლიური მუხლის განხილვით იწყებოდა. შეხვედრები ჩვეულებრივად ტარდებოდა. ჭეშმარიტებით დაინტერესებულ ადამიანებთან ბიბლიის შესწავლებსაც ვატარებდით.

რამდენიმე კვირაში გამოირკვა, რომ დილიში დარჩენა სახიფათო იქნებოდა იმ ძმებისთვის, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დაიბადნენ. ამიტომ, პასუხისმგებელმა ძმებმა გადაწყვიტეს, ახალი ჯგუფი ჩამოეყალიბებინათ ბაუკაუში, სიდიდით მეორე ქალაქში, რომელიც დილიდან აღმოსავლეთით სამი საათის სავალზე მდებარეობდა. ამის გამო მე და ვილმა ახალი დავალება მივიღეთ.

2006 წლის ივლისში, აღმოსავლეთ ტიმორში ჩვენი ჩასვლიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, ბაუკაუში ჩავედით. ჩვენს ჯგუფში ოთხი სპეციალური პიონერი და ექვსი ტიმორელი მოწმე იყო. დილელმა და-ძმებმა მთელი თავიანთი ქონება დაკარგეს, მაგრამ მათი სახეებიდან ღიმილი არ დაკარგულა. მოხიბლული ვიყავით მათი ერთგულებითა და თავგანწირვის სულისკვეთებით!

მე და ვილი დღემდე ბაუკაუში ვმსახურობთ. ჩვენ მოგვწონს, რასაც ვაკეთებთ, და ამას იეჰოვასგან კიდევ ერთ კურთხევად მივიჩნევთ. ვიხსენებ წარსულს და ვხედავ, რომ ბებია მართალი იყო. იეჰოვა წლების მანძილზე, ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე. გამუდმებით ვმადლობ მას იმისათვის, რომ წილად მხვდა პატივი, მის ხალხთან ერთად მემსახურა. მოუთმენლად ველი აღდგომის შემდეგ ბებიასთან შეხვედრას. მაშინ შევძლებ ჩემი მადლიერების გამოხატვას იმისათვის, რომ მან ნამდვილი ბედნიერებისა და აზრით აღსავსე ცხოვრების გასაღები მაპოვნინა.

[სქოლიოები]

^ აბზ. 9 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 26 გვერდზე]

ბებოსთან ერთად.

[სურათი 28, 29 გვერდზე]

ჩემს მეუღლესთან, ვილთან, ერთად.