არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ინსტინქტურად გონიერნი

ინსტინქტურად გონიერნი

ინსტინქტურად გონიერნი

„ბუნების საოცრებათაგან მიგრაცია, ალბათ, ყველაზე მეტად იწვევს ადამიანში მოწიწებანარევ შიშს“ (COLLINS ATLAS OF BIRD MIGRATION).

ათას ცხრაას სამოცდაშვიდი წლის 9 დეკემბერს ერთ-ერთი თვითმფრინავის პილოტმა შენიშნა დაახლოებით 30 მყივანა გედი, რომლებიც ირლანდიის მიმართულებით წარმოუდგენელ სიმაღლეზე — 8 200 მეტრზე — მიფრინავდნენ. რატომ მიფრინავდნენ ისინი ასე მაღლა, სადაც ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით -40 გრადუსია? გარდა იმისა, რომ ამგვარად თავიდან აირიდებდნენ ძლიერ თოვლიან და წვიმიან ქარს, ამ სიმაღლეზე ისინი ჰაერის ნაკადის სიჩქარის გამოყენებით საათში დაახლოებით 200 კილომეტრს დაფარავდნენ. გამოთვალეს, რომ ეს ფრინველები ისლანდიიდან ირლანდიამდე მანძილს, 1 300 კილომეტრს, სულ რაღაც 7 საათში დაფარავდნენ.

მიგრაციის მსოფლიო ჩემპიონი — პოლარული თევზიყლაპია — არქტიკაში ბუდობს, ზამთარს კი ანტარქტიკაში ატარებს. ჩვეულებრივ, ეს პატარა ზღვის ჩიტი ყოველწლიურად ფრენს 40 000—50 000 კილომეტრს, რაც დედამიწის გარშემოწერილობის ტოლია.

თეთრი ყარყატი ბუდობის პერიოდს ჩრდილოეთ ევროპაში ატარებს, ზამთარს კი — სამხრეთ აფრიკაში, რისთვისაც 24 000 კილომეტრის დაფარვა უწევს. შემოდგომასა და გაზაფხულზე ათასობით თეთრი ყარყატი გადაუფრენს ხოლმე ისრაელს; ეს პერიოდული მიმოფრენა ბიბლიურ დროშიც იყო ცნობილი (იერემია 8:7).

ვინ ჩადო ფრინველებში ამგვარი ინსტინქტი? დაახლოებით 3 500 წლის წინათ ღმერთმა მართალ იობს ჰკითხა: „შენი გაგების უნარის წყალობით დაფრინავს შევარდენი და სამხრეთის ქარისკენ შლის ფრთებს? შენი ბრძანებით ფრენს ზემოთ არწივი და იშენებს მაღლა ბუდეს?“. ამ კითხვებზე პასუხით იობმა მართებულად განადიდა ღმერთი იმისათვის, რომ ფრინველები და ცხოველები ასეთი საოცარი უნარით დააჯილდოვა (იობი 39:26, 27; 42:2).

ინსტინქტზე აღმატებული

ღვთის შემოქმედების გვირგვინი — ადამიანი, როგორც წესი, ინსტინქტით არ მოქმედებს. პირიქით, ღმერთმა ჩვენ ნების თავისუფლება მოგვცა, და სინდისითა და სიყვარულის უნარით დაგვაჯილდოვა (დაბადება 1:27; 1 იოანე 4:8). ამის წყალობით შეგვიძლია სწორი და ზნეობრივად გამართლებული გადაწყვეტილებების მიღება, რაშიც დროდადრო განსაკუთრებული სიყვარული და თავგანწირვის სულისკვეთება ვლინდება.

ცხადია, ადამიანის აზროვნებასა და საქციელს ის ზნეობრივი თუ სულიერი ფასეულობები განსაზღვრავს, რომლებიც მას ბავშვობაში ჩაუნერგეს. შედეგად, ადამიანებს შეიძლება განსხვავებული შეხედულება ჰქონდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის სწორი და არასწორი, მისაღები და მიუღებელი. თავის მხრივ, ამგვარმა სხვაობამ შეიძლება გაუგებრობა, შეუწყნარებლობა და სიძულვილიც კი გამოიწვიოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანები თავიანთი კულტურის, ნაციონალიზმისა და რელიგიის ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფებიან.

რამდენად უკეთესი იქნებოდა, ადამიანებს სულიერობისა და ზნეობრივობის საკითხშიც ჰქონოდათ კანონთა ისეთი კრებული, რომელსაც ყველა ისევე დაემორჩილებოდა, როგორც ფიზიკურ კანონებს! მაგრამ აქვს ვინმეს ასეთი უნივერსალური ნორმების დასადგენად საჭირო უნარი და ცოდნა? და თუ ვინმეს აქვს ასეთი უნარი, გამოუყენებია ან გამოიყენებს მას? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატიები გაგვცემს.