არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

„ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა ამერიკაში ბოროტმოქმედებათაგან ერთ-ერთია, რასაც სასიკვდილო შედეგები მოაქვს“, — ამბობს სატრანსპორტო სამინისტროს ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შემსრულებელი მარია სინო. შეერთებულ შტატებში 2005 წელს ავტოკატასტროფაში დაღუპულთა 39 პროცენტი ნასვამ მძღოლებს ემსხვერპლა (შეერთებული შტატების სატრანსპორტო განყოფილება).

„დღეს ოკეანის თითეულ კვადრატულ კილომეტრზე 46 000-ზე მეტი პლასტმასას ნაგავი ტივტივებს“ (გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა).

„შეერთებულ შტატებში ოფისის თანამშრომელნი ყოველწლიურად სამსახურში ნახევარ მილიარდ საათს უთმობენ [კომპიუტერულ] თამაშებს, რაც 10 მილიარდი ამერიკული დოლარის ზარალია“. ამაში არ შედის ის სამუშაო დრო, რომელსაც ოფისის თანამშრომელნი „პირადი საჭიროებებისთვის ვებ-გვერდების თვალიერებას უთმობენ“ (MANAGEMENT-ISSUES WEB SITE).

ბავშვებზე ძალადობა

„ძალადობა მრავალი ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია“, — აღნიშნავს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. გაეროს გენერალური მდივნის მიერ მოწოდებული ცნობის თანახმად, „მსოფლიოში 2002 წელს ოჯახში მომხდარი ძალადობის შედეგად თითქმის 53 000 ბავშვი დაიღუპა“. გარდა ამისა, მილიონობით ბავშვს იძულებით ამუშავებენ; აიძულებენ, პროსტიტუციას ეწეოდნენ ან პორნოფილმებში მიიღონ მონაწილეობა. შეიძლება ასეთი საშინელების აღმოფხვრა? გენერალური მდივნის ცნობაში ნათქვამია: „სახლსა თუ გარეთ ბავშვები დაცული რომ იყვნენ ძალადობისგან, საჭიროა მათთვის კარგი მშობლობის გაწევა, მშობლებსა და შვილებს შორის თბილი ურთიერთობისა და მტკიცე კვანძების განვითარება და შვილების დასჯაც კი, ოღონდ არა ძალადობით“.

კარგი მეგობრები და სიცოცხლის ხანგრძლივობა

ერთ-ერთი სამედიცინო ჟურნალი (Journal of Epidemiology and Community Health) აღნიშნავს, რომ კარგი მეგობრების ყოლამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაუხანგრძლივოს ადამიანს სიცოცხლე. 70 წლის ან მათზე უფროსი ასაკის დაახლოებით 1 500 ავსტრალიელზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ახლო ურთიერთობები 10-ზე მეტი წლით ახანგრძლივებს სიცოცხლეს. იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ბევრი ახლო მეგობარი ჰყავდათ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 22 პროცენტით დაბალი იყო მათთან შედარებით, ვისაც მხოლოდ რამდენიმე მეგობარი ჰყავდა. ცნობაში აღნიშნულია, რომ მეგობრების ყოლა ხანდაზმულებს სხვაგვარადაც ეხმარება — ძალას აძლევს, გაუმკლავდნენ „დეპრესიას, ჰქონდეთ პირადი ღირსების გრძნობა, გადაჭრან პრობლემები და თავად მართონ საკუთარი ცხოვრება“.

ბრიტები ვალებში

„მოზრდილთა მესამედზე მეტი, რომელთაც ბანკში ანგარიში აქვთ გახსნილი, კრედიტის ხარჯზე ცხოვრობს“, — ნათქვამია ლონდონში გამომავალ „დეილი ტელეგრაფში“. ნაცვლად იმისა, რომ მას უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში მიმართონ, კრედიტის გადაჭარბება 3,5 მილიონი ბრიტისთვის „აბსოლუტური აუცილებლობა“ გახდა. კიტ ტონდოური, კრედიტების გამცემი საქველმოქმედო განყოფილების მთავარი ადმინისტრატორი, ამის მიზეზად „სურვილების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების ტენდენციას ასახელებს, რითაც მთელი ჩვენი საზოგადოებაა შეპყრობილი“. ტონდოური ხალხს აფრთხილებს: „მილიონობით ჩვენგანი იმაზე მეტს ვხარჯავთ, ვიდრე სინამდვილეში გვაქვს, და უმრავლესობას წარმოდგენაც კი არა გვაქვს, სინამდვილეში რა გვიჯდება ამგვარად ცხოვრება“.

ღამით ფრენა და გლობალური დათბობა

„საიენტიფიკ ამერიკენის“ თანახმად, ავიალაინერის რეაქტიული ძრავის მიერ ცაში დატოვებული კვალი გავლენას ახდენს ატმოსფეროს ტემპერატურაზე. დღის განმავლობაში ეს კვალი ირეკლავს მზის სხივებს, რაც ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურის დაცემას იწვევს; მაგრამ ღამით სითბო ამ კვალის ქვეშ ექცევა. ინგლისელმა მეცნიერებმა დაინახეს, რომ „თვითმფრინავის მიერ დატოვებული კვალით გამოწვეული დათბობის 60—80 პროცენტი საღამოს ექვსი საათიდან დილის ექვს საათამდე ფრენით არის გამოწვეული, თუმცა დროის ამ მონაკვეთში ყველა საჰაერო რეისის მხოლოდ მეოთხედი სრულდება“, — ნათქვამია ამ ცნობაში.