არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საკმარისია, მხოლოდ „კარგი ადამიანი“ იყოთ?

საკმარისია, მხოლოდ „კარგი ადამიანი“ იყოთ?

ბიბლიის თვალსაზრისი

საკმარისია, მხოლოდ „კარგი ადამიანი“ იყოთ?

„რამდენადაც შემიძლია, სწორად ვცხოვრობ, და ვცდილობ, კარგი ადამიანი ვიყო“, — ამბობს ახალგაზრდა ქალი, ალისონი. მასავით ბევრს სწამს, რომ ღმერთი მათგან მხოლოდ ამას ითხოვს.

სხვები დარწმუნებული არიან, რომ, თუ მთლიანობაში წესიერ ცხოვრებას ეწევიან, მაშინაც კი, როდესაც დიდ ცოდვას ჩადიან, ღმერთი თვალს ხუჭავს ამაზე. მათ სწამთ, რომ ღმერთი მიმტევებელი უფროა, ვიდრე მსჯავრმდებელი.

ცხადია, სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა თვალსაზრისი აქვს იმაზე, თუ რა არის კარგი. მაგრამ, რას ამბობს ბიბლია? რას უნდა ვაკეთებდეთ, ღვთის მოწონება რომ მივიღოთ? რას ნიშნავს, იყო კარგი ადამიანი ღვთის თვალში?

მივყვეთ ჩვენი შემოქმედის ხელმძღვანელობას

როგორც შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს აქვს უფლება, ზნეობრიობის საკითხში გვიხელმძღვანელოს (გამოცხადება 4:11). ღმერთი თავისი სიტყვის საშუალებით გვაძლევს კანონებსა და პრინციპებს იმასთან დაკავშირებით, როგორ მოვიქცეთ და როგორ ვცეთ მას თაყვანი. ღმერთი თავის ხალხს ეუბნება: „დაემორჩილეთ-მეთქი ჩემს ხმას, ყველაფერი ჩემი ბრძანებისამებრ გააკეთეთ; თქვენ იქნებით ჩემი ხალხი და მეც ვიქნები თქვენი ღმერთი“ (იერემია 11:4).

ამიტომ, ღვთის თვალში რომ იყოთ კარგი ადამიანი, საჭიროა, გაიგოთ მისი ნორმები, და ცხოვრება ამ ნორმებს შეუსაბამოთ. დავუშვათ, გსურთ ვინმესთან დამეგობრება. ბუნებრივია, მოისურვებდით, გაგეგოთ, თქვენგან როგორ დამოკიდებულებას მოელის ის, და ისე მოიქცეოდით, როგორც მას ესიამოვნებოდა. ბიბლიის თანახმად, პატრიარქ აბრაამის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია გავხდეთ იეჰოვას მეგობრები, ანუ ისეთები, რომელთა მიმართაც ღმერთი კეთილგანწყობილია (იაკობი 2:23). უფრო მეტიც, ღვთის ნორმები გაცილებით მაღალია, ვიდრე ადამიანების; ამიტომ ჩვენ არ უნდა მოველოდეთ, რომ ღმერთი თავის ნორმებს შეცვლის და ჩვენსას მოარგებს (ესაია 55:8, 9).

მორჩილება მნიშვნელოვანია

ნუთუ განგვსჯის ღმერთი, თუ „უმნიშვნელო“ მითითებებს არ შევასრულებთ? ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ არ არის აუცილებელი ასეთი „უმნიშვნელო“ მითითებების გათვალისწინება. მაგრამ ღვთის კანონთაგან არც ერთი კანონი არ შეიძლება ჩაითვალოს უმნიშვნელოდ. ყურადღება მიაქციეთ, რომ 1 იოანეს 5:3-ში ჩაწერილი სიტყვები ღვთის კანონებს ერთმანეთისგან არ განასხვავებს: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს“. როდესაც ძალ-ღონეს არ ვიშურებთ ღვთის ყველა კანონის დასაცავად, ცხადვყოფთ, რომ უანგაროდ გვიყვარს ღმერთი (მათე 22:37).

იეჰოვა არ ითხოვს ჩვენგან სრულყოფილებას. თუ გულწრფელად ვნანობთ დაშვებული შეცდომების გამო და ყველანაირად ვცდილობთ, თავი ავარიდოთ ამ შეცდომების გამეორებას, ღმერთი მთელი გულით გვპატიობს (ფსალმუნი 103:12—14; საქმეები 3:19). მაგრამ მოეწონება ღმერთს, თუ განზრახ უგულებელვყოფთ მის გარკვეულ კანონებს და ვფიქრობთ, რომ სხვა საკითხებში მორჩილებით ვაბათილებთ ამგვარ საქციელს? ბიბლიაში მოცემული ერთი შემთხვევა ცხადყოფს, რომ შეუძლებელია ეს ასე იყოს.

ისრაელის მეფე საული ღვთის ზოგ მითითებას ასრულებდა, ზოგს კი — არა. როდესაც ის ამალეკელებს ებრძოდა, საულმა მითითება მიიღო, რომ არ დაენდო მათი საქონელი და დაეხოცა ისინი. საულმა სხვა მითითებები შეასრულა, მაგრამ ეს მითითება არ გაითვალისწინა და „საუკეთესო . . . ცხვარ-ძროხა“ არ დახოცა. რატომ? მიზეზი ის იყო, რომ საულმა და მისმა ხალხმა თავისთვის მოისურვა ეს საქონელი (1 სამუელი 15:2—9).

როცა წინასწარმეტყველმა სამუელმა ჰკითხა საულს, რატომ არ დაემორჩილა ღვთის ბრძანებას, საულმა უკმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, რომ მან მოუსმინა იეჰოვას ხმას; ჩამოთვალა, რამდენი კეთილი საქმე გააკეთეს მან და მისმა ხალხმა; ასევე მოიხსენია მსხვერპლი, რომელიც მათ ღმერთს შესწირეს. სამუელმა ჰკითხა: „ისევე ეამება იეჰოვას დასაწვავი შესაწირავი და მსხვერპლი, როგორც იეჰოვას მოსმენა? მოსმენა მსხვერპლზე უკეთესია და მორჩილება — ვერძის ქონზე!“ (1 სამუელი 15:17—22). ასე რომ, შეუძლებელია, მსხვერპლის შეწირვით ან სხვა კეთილი საქმეების კეთებით გარკვეულ საკითხში ღვთისადმი დაუმორჩილებლობის კომპენსირება.

ღვთის ნორმები — მისი სიყვარულის მტკიცება

იეჰოვას ვუყვარვართ, და ამიტომ გაურკვევლობაში არ გვტოვებს და გვეუბნება, როგორ ვასიამოვნოთ მას. თავისი სიტყვის მეშვეობით ის გვაძლევს ნათელ ხელმძღვანელობას ზნეობრიობის საკითხში და მოგვიწოდებს: „ეს არის გზა, იარეთ მასზე“ (ესაია 30:21). თუ მის ხელმძღვანელობას მივყვებით, თავიდან ავირიდებთ გულგატეხილობას; არც გაურკვევლობაში ვიქნებით იმის გამო, რომ ზნეობასთან დაკავშირებით ადამიანთა შორის ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები არსებობს. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღვთის ხელმძღვანელობის მიყოლა ყოველთვის ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება, ‘ის გვასწავლის ჩვენ სასიკეთოდ’ (ესაია 48:17, 18).

რატომ არის სახიფათო, როდესაც თავად ვწყვეტთ, რას ნიშნავს, იყო „კარგი ადამიანი“? ჩვენ ყველას გვაქვს მემკვიდრეობით გადმოცემული მიდრეკილება — ეგოიზმი, ჩვენი საკუთარი გულიც მაცდურია (იერემია 17:9). ადვილად შეიძლება, უმნიშვნელოდ ჩავთვალოთ ღვთის ის მოთხოვნები, რომლებიც ჩვენს თვალში რთული შესასრულებელი ან შემზღუდველია.

მაგალითად, ორმა დაუქორწინებელმა ადამიანმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ერთმანეთთან ჰქონდეთ სქესობრივი ურთიერთობა, და იფიქრონ, რომ, რადგან მათი ურთიერთობა მათ გარდა არავის ეხება, ეს მათი პირადი საქმეა. შესაძლოა მათ ესმით, რომ მათი საქციელი არ შეესაბამება ბიბლიურ ნორმებს, მაგრამ, ამავე დროს, ფიქრობენ, რომ, სანამ მათ ურთიერთობას „ზიანი არავისთვის მოაქვს“, ნაკლებად დასაშვებია, რომ ღმერთმა განსაჯოს ისინი. ძლიერმა სურვილმა შესაძლოა იმდენად დააბრმავოს წყვილი, რომ ვერ შეძლონ ბოლომდე გააანალიზონ, რამდენად სერიოზულია ეს საკითხი და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ ქმედებას. ბიბლია გვაფრთხილებს: „არის გზა, რომელიც კაცს სწორი ჰგონია, მისი ბოლო კი სიკვდილია“ (იგავები 14:12).

იეჰოვას ყველა კანონი ადამიანებისადმი მის სიყვარულს ირეკლავს და იმის მაჩვენებელია, რომ მას ძალიან უნდა, თავი ავარიდოთ ტანჯვას. ზნეობასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით ღვთის ნორმების გაუთვალისწინებლობას ადამიანებისთვის ბედნიერება და წარმატება არ მოაქვს. ხშირ შემთხვევაში უმრავლესობა უფრო რთულ მდგომარეობაში იგდებს თავს. მეორე მხრივ, ღვთის კანონების დაცვა გვეხმარება, მივყვეთ სწორ კურსს, და არც ჩვენს თავს მივაყენოთ ზიანი და არც სხვას (ფსალმუნი 19:7—11).

თუ გულწრფელად გსურთ, იყოთ ღვთის თვალში კარგი ადამიანი, ყველანაირად შეეცადეთ, მიჰყვეთ მის ხელმძღვანელობას. მაშინ საკუთარ თავზე გამოცდით, რომ „მისი [იეჰოვას] მცნებები . . . დამამძიმებელი არ არის“ (1 იოანე 5:3).

გიფიქრიათ?

▪ რატომ უნდა მივყვეთ ჩვენი შემოქმედის ხელმძღვანელობას? (გამოცხადება 4:11).

▪ ღვთის ყველა მცნება უნდა დავიცვათ? (1 იოანე 5:3).

▪ რატომ არ არის გონივრული, ზნეობრიობის საკითხში თავად განვსაზღვროთ რა არის სწორი? (იგავები 14:12; იერემია 17:9).

[სურათი 21 გვერდზე]

იზიარებთ ღვთის თვალსაზრისს ზნეობრიობის საკითხში?