არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შარკის ყურე ზღვის საოცრება

შარკის ყურე ზღვის საოცრება

შარკის ყურე ზღვის საოცრება

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ავსტრალიიდან

შარკის ყურე ავსტრალიის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ქალაქ პერთის ჩრდილოეთით დაახლოებით 650 კილომეტრში მდებარეობს. 1629 წელს ჰოლანდიელმა მოგზაურმა ფრანსუა პელსარტმა ამ ხრიოკ ადგილს „სიმწვანეს მოკლებული, უნაყოფო და დაწყევლილი ქვეყანა“ უწოდა; მოგვიანებით ჩასულებმა კი მას „უიმედო ადგილი“, „უსარგებლო უბე“ და „იმედისგამაცრუებელი ყურე“ უწოდეს.

მაგრამ დღეს შარკის ყურის დასათვალიერებლად ყოველწლიურად 120 000-ზე მეტი ტურისტი ჩადის. ეს შორეული რეგიონი იმდენად მიმზიდველია, რომ 1991 წელს ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს *.

მდელო“, სადაც სიცოცხლე ჩქეფს

პელსარტი თუ წყალში ჩაიხედავდა, მდელოს დაინახავდა; შარკის ყურეში მთელ მსოფლიოში ყველაზე უხვად იზრდება მრავალფეროვანი ზღვის ბალახი, რომელსაც 4 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი უკავია. მხოლოდ ვურამელის ზღვის ბალახის სანაპირო შარკის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში 130 კილომეტრზეა გადაჭიმული.

ზღვის ბალახები, რომლებიც ყვავილოვან მცენარეებს მიეკუთვნება, ამ რეგიონში ზღვის უთვალავი ბინადრის არსებობას უზრუნველყოფს. კრევეტების, პატარა თევზებისა და ზღვის სხვა ბინადართათვის ეს ბალახები უსაფრთხო თავშესაფარია. ზღვის „მდელო“ უხვი საკვებით უზრუნველყოფს დაახლოებით 10 000 დიუგონს, ზღვის ძროხას. ეს უწყინარი და ცნობისმოყვარე ძუძუმწოვრები, რომელთა წონაც დაახლოებით 400 კილოგრამია, სწრაფად დაცურავენ წყალქვეშა საძოვრებზე; ზოგჯერ მათი ჯოგები 100-ზე მეტი ინდივიდისგან შედგება. დღეს ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილში, დასავლეთით შარკის ყურედან აღმოსავლეთით მორეტონის ყურემდე, მსოფლიოში ყველაზე ბევრი დიუგონი ბინადრობს *.

როგორც მისი სახელწოდება გვიჩვენებს („შარკი“ ქართულად ზვიგენს ნიშნავს), ამ ყურეში უამრავი სახეობის მრავალი ზვიგენი ბინადრობს — შიშის მომგვრელი ვეფხვა ზვიგენიდან დაწყებული გიგანტური, მაგრამ უწყინარი ვეშაპისებრი ზვიგენით დამთავრებული; ეს უკანასკნელი მსოფლიოში უდიდესი თევზია. ამ ყურეში ზვიგენები დელფინებთან ერთად ცხოვრობენ, რაც თავისთავად ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ, სადაც დელფინებია, იქ ზვიგენს ვერ იპოვი. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ ყურეში დელფინთა 70 პროცენტს სწორედ ზვიგენებისგან აქვთ ჭრილობები მიყენებული. შარკის ყურის მრავალფეროვან ცხოველთა სამყაროს ამდიდრებს ათასობით კუზა ვეშაპიც, რომლებიც აქ სამხრეთისკენ მიგრირებისას ჩერდებიან, და ამდენივე კუ, რომლებიც ყოველწლიურად აქაურ სანაპიროზე კვერცხების დასადებად მოდიან.

ნამდვილად კლდეებია?

შარკის ყურის სხვა ნაწილებისგან განსხვავებით, ამ ყურის უკიდურეს სამხრეთით მდებარე ჰამელინ ჰული შავი და უსიცოცხლო ჩანს. აორთქლების მაღალი მაჩვენებლის გამო აქაური თბილი წყალი ორჯერ უფრო მარილიანია, ვიდრე ჩვეულებრივი ზღვის წყალი. სანაპირო ზოლს თითქოს ნაცრისფერი კლდეები გასდევს. მაგრამ თუ ამ „კლდეებს“ ახლოდან დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ფაქტობრივად ისინი სტრომატოლითებია; სტრომატოლითები წარმოიქმნება ერთუჯრედიან მიკროორგანიზმთა (ციანობაქტერიათა) კოლონიისა და ლურჯ-მწვანე წყალმცენარეთა ცხოველქმედების შედეგად. თითოეულ კვადრატულ მეტრზე დაახლოებით სამი მილიარდი წყალმცენარე და მიკროორგანიზმი გვხვდება!

ეს ამტანი მიკროორგანიზმები გამოყოფენ სქელ ლორწოს, რომელსაც ზღვის წყალში არსებულ ნივთიერებებთან აზავებენ, და წარმოქმნიან დოლომიტს ან კირქვას, რომლებსაც ფენა-ფენა ადებენ ერთმანეთს, და ამგვარად თავიანთ კლდისმაგვარ სახლს იგებენ. ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. 30 სანტიმეტრი სიმაღლის სტრომატოლითი შეიძლება დაახლოებით 1 000 წლის იყოს!

მსოფლიოში ყველაზე ბევრი და მრავალფეროვანი სტრომატოლითი ჰამელინ პულშია. უფრო მეტიც, აქ სტრომატოლითებით ნაგებ „ციხე-სიმაგრეთაგან“ ერთ-ერთი უკანასკნელია შემორჩენილი.

შარკის ყურის „სუპერვარსკვლავები“

შარკის ყურეს ყველაზე მეტად მანკი მიაში (დენჰამის ნახევარკუნძულზე მდებარე სანაპირო) მობინადრე ბოთლცხვირა დელფინი ამშვენებს. მანკი მია მსოფლიოში იმ უიშვიათეს ადგილებს მიეკუთვნება, სადაც დელფინები რეგულარულად მიცურავენ სანაპიროსთან და ადამიანებთან ურთიერთობაზე მიდიან. დანამდვილებით არავინ იცის, როდის დაიწყეს ამ დელფინებმა ადამიანებთან ურთიერთობა.

ზოგი ყვება, რომ XX საუკუნის 50-იან წლებში დელფინები თავთხელში აქცევდნენ თევზებს და შემდეგ მიირთმევდნენ მათ; მსგავსი რამ დღესაც ხდება. ხალხი სარგებლობს ამით; ისინი საკვებს აძლევენ დელფინებს და უმეგობრდებიან მათ. 1964 წელს ადგილობრივმა მეთევზე ქალმა თევზი გადაუგდო ერთ დელფინს, რომელიც მანკი მიაში მისი ნავის გარშემო ნახტომებს აკეთებდა. ეს დელფინი, რომელსაც სახელად ჩარლი შეარქვეს, მეორე ღამეს ისევ დაბრუნდა და მეთევზე ქალის ხელიდან მიირთვა თევზი. მალე ჩარლის მეგობრებიც შემოუერთდნენ.

მას შემდეგ დელფინების სამი თაობა ამ ადგილის მილიონობით სტუმარს უხალისებს გულს. ისინი ბიოლოგებსაც აღაფრთოვანებენ; მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ასზე მეტი ბიოლოგი აკვირდება ამ ცხოველებს, რომლებიც ყველაზე კარგად არიან შესწავლილნი.

დღესდღეობით დელფინები სისხამ დილით სტუმრობენ ხოლმე მანკი მიას, ხშირ შემთხვევაში თავის პატარებთან ერთად. იქ თავმოყრილი სტუმრები სულმოუთქმელად ელოდებიან დელფინების გამოჩენას, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მათგანს შეუძლია დელფინებს თავისი ხელიდან შესთავაზოს საკვები. რატომ? მიზეზი ის არის, რომ ამ ნაკრძალის მეთვალყურეებს არ სურთ, დელფინები ხელით ჭამას მიაჩვიონ. ამ შეზღუდვის მიუხედავად, ყველა იქ მყოფს აქვს შესაძლებლობა, გული იჯეროს დელფინების ცქერით. „რა კარგი იქნებოდა, ყველა ცხოველთან რომ შეიძლებოდეს ასეთი ახლო ურთიერთობა!“ — წამოიძახა ერთმა ქალბატონმა.

ბიბლიის თანახმად, ეს ძლიერი სურვილი შეესაბამება ღვთის თავდაპირველ განზრახვას, რომ ცხოველები ადამიანებს უნდა დამორჩილებოდნენ და მათთან ერთად მშვიდობიანად ეცხოვრათ (დაბადება 1:28). თუ გიყვართ ცხოველები, სიხარულს მოგანიჭებთ იმის გაგება, რომ ღვთის განზრახვა, რომლის შესრულებაც ცოდვამ დროებით შეაფერხა, რეალობად იქცევა მაშინ, როცა იესო ქრისტეს მეთაურობით დედამიწაზე ღვთის სამეფო დამყარდება (მათე 6:9, 10; გამოცხადება 11:15).

ღვთის სამეფოს მმართველობის დროს მთელი დედამიწა გადაიქცევა საუცხოო „ნაკრძალად“, სადაც ქმნილებები ჯანმრთელები იქნებიან და სიცოცხლით გაიხარებენ. მალე შარკის ყურის მსგავს ადგილებში მნახველები კიდევ უფრო შთამბეჭდავი სანახაობებით დატკბებიან, ვიდრე დღეს (ფსალმუნი 145:16; ესაია 11:6—9).

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა ორგანიზაციამ კულტურული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების გამო ეს რეგიონი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

^ აბზ. 7 თუმცა დიუგონები და ლამანტინისებრნი მონათესავე ძუძუმწოვრები არიან, ისინი სხვადასხვა სახეობას მიეკუთვნებიან. ლამანტინისებრებს მომრგვალებული კუდის ფარფლი აქვთ, ხოლო დიუგონებს — დელფინებივით წაწვეტებული.

[რუკები 15 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ავსტრალია

შარკის ყურე

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

მანკი მიას სანაპირო (ხედი მაღლიდან).

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

უწყინარი დიუგონი ანუ ზღვის ძროხა.

[საავტორო უფლება]

© GBRMPA

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

მილიარდობით პაწაწინა მიკროორგანიზმი სტრომატოლითებს წარმოქმნის.

[სურათი 17 გვერდზე]

ველური დელფინები ხშირად სტუმრობენ მანკი მიას სანაპიროს.

[საავტორო უფლებები დაცულია 15 გვერდზე]

©GBRMPA; satellite map: Jeff Schmaltz, MODIS Rapid Response Team, NASA/GSFC

[სურათის საავტორო უფლება 17 გვერდზე]

All images, except dugong, supplied courtesy Tourism Western Australia