გაიგეთ, რას გრძნობს თქვენი შვილი
რჩევა 6
გაიგეთ, რას გრძნობს თქვენი შვილი
რატომ არის მნიშვნელოვანი? ბავშვებს სურთ, და სჭირდებათ კიდეც, რომ მათთვის ყველაზე ძვირფასმა ადამიანებმა, მშობლებმა, იცოდნენ, რას გრძნობენ ისინი. თუ მშობელი გამუდმებით ეკამათება ბავშვს, როცა ის თავის გრძნობებს გამოხატავს, ბავშვმა შეიძლება თავისუფლად ვეღარ გამოთქვას აზრი და საკუთარ თავში დაეჭვდეს.
პრობლემა: ხშირად ბავშვები თავიანთ აზრებსა და გრძნობებს მძაფრად გამოხატავენ. ზოგჯერ რასაც ბავშვები ამბობენ, მშობლისთვის მძიმე მოსასმენია. მაგალითად, გულგატეხილმა ბავშვმა შეიძლება წამოიძახოს: „სიცოცხლე აღარ მინდა!“ *. მშობელმა თავისდაუნებურად შეიძლება დაუშალოს: „ასე ნუ ამბობ!“ ისინი შეიძლება შიშობენ, რომ თუ ბავშვს ბოლომდე მოუსმენენ, მისი აზრის გამზიარებლები გამოვლენ.
გამოსავალი: გამოიყენეთ ბიბლიის რჩევა და ‘სწრაფი იყავით მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში’ (იაკობი 1:19). გაიხსენეთ, რომ იეჰოვა ღმერთს ესმოდა თავისი ერთგული მსახურების, როცა მათ უარყოფითი გრძნობები ეუფლებოდათ და ამის შესახებ ბიბლიაშიც ჩაიწერა (დაბადება 27:46; ფსალმუნი 73:12, 13). ერთ-ერთი მაგალითია იობი, რომელმაც უმძიმესი განსაცდელის დროს სიკვდილი ინატრა (იობი 14:13).
რასაკვირველია, ზოგიერთ საკითხში იობს თვალსაზრისი უნდა შეეცვალა. მაგრამ იეჰოვამ გაითვალისწინა იობის გრძნობები და არ შეაწყვეტინა საუბარი. მან იობის ღირსება დააფასა და მოთმინებით მისცა საშუალება, გული გადმოეღვარა. იეჰოვამ მხოლოდ ამის შემდეგ შეუსწორა იობს თვალსაზრისი. ერთმა ქრისტიანმა მამამ თქვა: „თუკი იეჰოვა მაძლევს შესაძლებლობას, ლოცვაში გული გადმოვუღვარო, მე რატომ არ უნდა მივცე ჩემს შვილებს დადებითი და უარყოფითი გრძნობების გამოხატვის შესაძლებლობა?!“
სხვა დროს, როცა დააპირებთ, ბავშვს უთხრათ: „ეს ასე არ არის!“ ან „ასე არ უნდა იფიქრო!“, გაიხსენეთ იესოს ცნობილი წესი: „როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (ლუკა 6:31). მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ სამსახურში უხეშად მოგექცნენ ან გულგატეხილი ხართ იმის გამო, რომ რაღაც არ გამოგივიდათ. საწუხარი, ალბათ, ახლო მეგობარს გაუზიარეთ და უთხარით, რომ სამსახურში სირთულეებს ვერ უმკლავდებით. რას ელით ამ დროს მეგობრისგან? გესიამოვნებათ, მეგობარმა რომ თქვას: „თავს ასე არ უნდა გრძნობდე!“ და მაშინვე დაასკვნას, რომ ყველაფერი თქვენი ბრალია? ალბათ, გინდათ, რომ მეგობარმა ასეთი სიტყვები გითხრათ: „მართლა არ იქნებოდა ადვილი; მძიმე დღე გქონია“.
ბავშვებიც და უფროსებიც ადვილად მიიღებენ რჩევას, თუ დაინახავენ, რომ რჩევის მიმცემს ესმის მათი გრძნობები და გასაჭირი. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ბრძენის გული მის საუბარს წვდომის უნარს სძენს, მის ბაგეებს კი დამაჯერებლობას მატებს“ (იგავები 16:23).
რა უნდა გააკეთოთ, რომ ბავშვმა გაითვალისწინოს რჩევა?
[სქოლიო]
^ აბზ. 4 უყურადღებოდ არ დატოვოთ ბავშვის არც ერთი გამონათქვამი, რომელიც თვითმკვლელობას ეხება.
[ჩანართი 8 გვერდზე]
„მოსმენამდე პასუხის გაცემა უგუნურებაა“ (იგავები 18:13).