დაადგინეთ წესები და შესაბამისად იმოქმედეთ
რჩევა 4
დაადგინეთ წესები და შესაბამისად იმოქმედეთ
რატომ არის მნიშვნელოვანი? „ფაქტია, რომ ბავშვებისთვის კარგია, როცა ოჯახში ნათლად არის დადგენილი წესები და სასჯელი, რაც მათ დარღვევას მოჰყვება. ასეთი წესების გარეშე ბავშვები საკუთარ თავზე კონცენტრირებულები, ეგოისტები და უხასიათოები ხდებიან და გარშემომყოფებზეც უარყოფითად მოქმედებენ“, — ამბობს ჯორჯიის უნივერსიტეტის დოქტორი, სოციოლოგი რონალდ საიმონსი. ღვთის სიტყვაშიც ნათქვამია, რომ „შვილის მოყვარული მუდამ ჭკუას ასწავლის მას“ (იგავები 13:24).
პრობლემა: გონივრული შეზღუდვების დადგენასა და დაცვას დრო, ძალისხმევა და შეუპოვრობა სჭირდება. ჩვეულებრივ, ბავშვებს ახასიათებთ, რომ თავისი გაიტანონ. მაიკი და სონია, რომელთაც ორი შვილი ჰყავთ, ამას შემდეგნაირად ხსნიან: „ბავშვები პატარა ადამიანები არიან; მათ თავიანთი აზრები, სურვილები და ცოდვისკენ თანდაყოლილი მიდრეკილება აქვთ“. უდავოა, მაიკსა და სონიას ძალიან უყვართ თავიანთი გოგონები, მაგრამ, როგორც აღნიშნავენ, „ზოგჯერ ბავშვები ჯიუტები და ეგოისტები არიან“.
გამოსავალი: ისე მოექეცით ბავშვებს, როგორც იეჰოვა ექცეოდა ისრაელს. თავისი ხალხის მიმართ სიყვარული იეჰოვამ იმით გამოავლინა, რომ მისცა კანონები, რომლებიც უნდა დაეცვათ (გამოსვლა 20:2—17). იეჰოვამ ისიც აუხსნა ისრაელებს, თუ რა შედეგებს მოიმკიდნენ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში (გამოსვლა 22:1—9).
აქედან გამომდინარე, ურიგო არ იქნება, თუ ჩამოწერეთ იმ წესებს, რომელთაც თქვენი შვილი უნდა დაემორჩილოს. ზოგი მშობლის აზრით, ბევრი წესის დადგენა საჭირო არ არის. კარგად შერჩეული რამდენიმე წესი დასამახსოვრებლადაც ადვილია და დასაცავადაც. წესებს გვერდზე მიუწერეთ, როგორ დაისჯება ბავშვი წესის დარღვევის შემთხვევაში. სასჯელი ზომიერი უნდა იყოს და არ უნდა იყოს უგულებელყოფილი. დროდადრო წესებს მშობლებმაც უნდა გადახედონ, რათა თითოეულმა იცოდეს, რა მოეთხოვება.
თუ ბავშვმა წესები დაარღვია, ნუ დააყოვნებთ დასჯას; იყავით მშვიდი და მტკიცე, და გამონაკლისს ნუ დაუშვებთ. გაბრაზებულ გულზე ნუ დასჯით ბავშვს, ჯერ დამშვიდდით (იგავები 29:22). ნუ გადადებთ ბავშვის დასჯას. ნუ აჰყვებით ბავშვთან ვაჭრობას, რადგან მან შეიძლება იფიქროს, რომ წესების დაცვა ნაკლებად მნიშვნელოვანია. ბიბლიაში წერია: „სწრაფადვე რომ არ სრულდება განაჩენი ბოროტი საქმისთვის, ამიტომ არის ადამიანის გული მთლიანად ბოროტების ჩადენისკენ მიმართული“ (ეკლესიასტე 8:11).
კიდევ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი უფლებამოსილება შვილების სასიკეთოდ?
[ჩანართი 6 გვერდზე]
„თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა“ (მათე 5:37).