არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მარადიული ქალაქის“ ხმა

„მარადიული ქალაქის“ ხმა

„მარადიული ქალაქის“ ხმა

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის იტალიიდან

რომის შადრევნების სილამაზითა და ხმით მოხიბლულმა იტალიელმა კომპოზიტორმა ოტორინო რესპიგიმ შექმნა სიუიტა სახელწოდებით „რომის შადრევნები“. ჩვენ ტრევის ულამაზეს შადრევანს ვესტუმრეთ.

გავუყევით ვიწრო ქუჩას, რომელიც შადრევანთან მიდის და როგორც კი მოსახვევს მივადექით, გაოცებისგან სუნთქვა შეგვეკრა. ჩვენ წინ აღიმართა უზარმაზარი ტრევის შადრევანი, რომელიც ზემოდან გადმოჰყურებს პატარა მოედანს. შადრევნის სიგანე 20 მეტრია, სიმაღლე კი — 26 მეტრი. საოცარია, როგორ დაეტია ამხელა შადრევანი პატარა მოედანზე!

ტრევის შადრევნის აგება პაპმა კლიმენტ XII-მ იტალიელ არქიტექტორს, ნიკოლო სალვის დაავალა. შადრევნის აგება დაიწყეს 1732 წელს და დაასრულეს 1762 წელს. მას წყლით ამარაგებს ძვ. წ. პირველ საუკუნეში გაყვანილი წყალსადენი „აკვა ვირგო“, რომელიც ქალაქიდან 13 კილომეტრის დაშორებით იღებს სათავეს.

შადრევანი სასახლის ფასადზეა მიშენებული და ზღვას მოგვაგონებს. მითური პერსონაჟი ოკეანოსი, იგივე ნეპტუნი, ისე ამაყად დგას ნიჟარის ფორმის ეტლში, თითქოს წყლის სწრაფ ნაკადს აკონტროლებს. წყალი სწრაფად უვლის სხვა ქანდაკებებს, ლოდებს აწყდება და გამოსცემს ტალღების ხმას, რომლებიც ზღვის ნაპირს ეხეთქება. შადრევნის აუზს მოედნის დიდი ნაწილი უკავია და ისეთ შთაბეჭდილება ქმნის, თითქოს მთელი მოედანი შადრევანია.

ყოველდღე ასობით ტურისტი იყრის თავს ამ პატარა მოედანზე და ხურდა ფულს ყრის შადრევნის აუზში, რომელიც რომში ჩასული ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სანახაობაა. კვირაში ერთხელ შადრევანს კეტავენ და წყალს უშვებენ. აუზში ჩაყრილი ფული, რომელიც ყოველკვირა დაახლოებით 11 000 დოლარს შეადგენს, რელიგიური ქველმოქმედებისთვის იხარჯება.

თუ შადრევნები ქალაქის ხმაა, როგორც ამას რესპიგი ფიქრობდა, მაშინ ტრევის შადრევანი გუნდის სოლისტია, რადგან გამოირჩევა რომის ანუ „მარადიული ქალაქის“ შადრევნებს შორის, რომლებიც სტუმრების აღფრთოვანებას იწვევს.