არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიყვარს მუსიკა, სიცოცხლე და ბიბლია

მიყვარს მუსიკა, სიცოცხლე და ბიბლია

მიყვარს მუსიკა, სიცოცხლე და ბიბლია

მოგვითხრო ბორის გულაშევსკიმ

წარმოიდგინეთ 60 წელს გადაცილებული უსინათლო მამაკაცი, რომელმაც ორჯერ გადაიტანა ინფარქტი. ის თვალცრემლიანი უხდის ღმერთს მადლობას, რომ მისი გაცნობის შესაძლებლობა მისცა. ასეთ მდგომარეობაში ვიყავი 11 წლის წინ.

დავიბადე 1930 წელს უკრაინაში, ჩირკასის რაიონის სოფელ ციბულევში. 1937 წელს სტალინის რეპრესიების დროს მამაჩემი დააპატიმრეს და „ქვეყნის მტრად“ გამოაცხადეს. სახლ-კარი ჩამოგვართვეს. ნაცნობების უმეტესობა ჩვენთან ურთიერთობას გაურბოდა. მალე მრავალი მათგანი დააპატიმრეს. გარშემო უნდობლობას, ღალატსა და შიშს დაესადგურებინა.

მამაჩემის დაპატიმრებიდან ორი თვის შემდეგ დაიბადა ჩემი და ლენა. მე, დედამ, ლენამ და ჩემმა ძმამ ნიკოლაიმ ის ზამთარი ერთ პატარა, უფანჯრო ოთახში გავატარეთ, რომელიც არ თბებოდა. შემდეგ პაპასთან გადავედით საცხოვრებლად. მე და ნიკოლაი სახლს ვუვლიდით, შეშას ვაპობდით და თუ რამე გაფუჭდებოდა, ვაკეთებდით. მსიამოვნებდა საკუთარი ხელით საქმის კეთება. ვკერავდი ფეხსაცმელებს და ხეზეც ვმუშაობდი. მიყვარდა მუსიკაც, ამიტომ ფანერისგან გავაკეთე ბალალაიკა და დაკვრა ვისწავლე. მოგვიანებით გიტარასა და მანდოლინაზე დაკვრას დავეუფლე.

პატარა რომ ვიყავი, კათოლიკურ ეკლესიაში მომნათლეს. ეკლესიის სწავლებები და წეს-ჩვეულებები არ მესმოდა, ამიტომ ათეისტური თვალსაზრისი უფრო მისაღები იყო ჩემთვის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომკავშირის წევრი გავხდი და, როგორც კი შესაძლებლობა გვეძლეოდა, მე და ჩემი თანამოაზრეები მორწმუნეებს ვუმტკიცებდით, რომ ღმერთი არ არსებობს.

დავკარგე მხედველობა

1941 წელს საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩვენი სოფელი არაერთხელ აღმოჩნდა ფრონტის ხაზზე. 1944 წლის 16 მარტს მომხდარი დაბომბვის შედეგად დავბრმავდი. ტკივილთან ერთად საშინელ უიმედობას ვგრძნობდი.

როცა ფრონტის ხაზმა დასავლეთით გადაინაცვლა და გერმანელებმა უკან დაიხიეს, ბაღში სასეირნოდ გამოვდიოდი ხოლმე და ჩიტების გალობას ვუსმენდი. დედას ძალიან ვეცოდებოდი და არაყს მაძლევდა; თანასოფლელები წვეულებებზე მეპატიჟებოდნენ, სადაც ვუკრავდი ხოლმე. თამბაქოს ვეწეოდი და დარდს ალკოჰოლით ვიქარვებდი. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ალკოჰოლი ვერ მიშველიდა.

დეიდაჩემმა, რომელიც მასწავლებლად მუშაობდა, გაიგო, რომ არსებობდა უსინათლოთა სკოლები და დაიყოლია დედაჩემი, რომ იქ მესწავლა. 1946 წელს ჩავედი ქალაქში, რომელსაც დღეს კამენეც-პოდოლსკი ჰქვია და დიდი მონდომებით შევუდექი სწავლას. ვისწავლე ბრაილის შრიფტის კითხვა და ბეჭდვა. განვაგრძე მუსიკალური განათლების მიღება და საათობით ვუკრავდი კონცერტინოზე. დირექტორის მოადგილემ შემამჩნია, რომ მოწადინებული ვიყავი და თავის აკორდეონზე დაკვრის უფლება მომცა. ვისწავლე პიანინოზე დაკვრაც.

ჩემი სახლი

1948 წელს დავქორწინდი ჩემს მასწავლებელზე. მეორე მსოფლიო ომის დროს მას ქმარი დაეღუპა და ორი გოგონა დარჩა. სკოლის დამთავრებისთანავე მასთან გადავედი საცხოვრებლად. ვცდილობდი კარგი ქმარი და მამა ვყოფილიყავი. ოჯახს მუსიკის დაკვრით ვარჩენდი. 1952 წელს ვაჟი შეგვეძინა.

გადავწყვიტე, სახლი ამეშენებინა. დავიქირავე მუშები საძირკვლისა და კედლების ამოსაყვანად, მაგრამ ბევრი რამ თავად გავაკეთე. ამაში ხელით შეხება და წარმოსახვის უნარი დამეხმარა. ავიღებდი ხის ნაჭერს, ხელით მოვსინჯავდი და წარმოვიდგენდი, როგორი იყო. ამის შემდეგ ფორმას ვაძლევდი; ხისგან სამუშაო იარაღებსაც ვამზადებდი. რკინის იარაღებს ქარხანაში ვუკვეთავდი. საკუთარი ხელით ავაშენე აგურის ღუმელი, დავამზადე ავეჯი და სხვადასხვა ნივთი.

სალამურების ორკესტრი

დამატებითი მუსიკალური განათლების მიღების შემდეგ პროფესიონალი მუსიკოსი გავხდი. სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტთან ერთად სალამურზე დაკვრასაც დავეუფლე. ერთხელ ბამბუკის პატარა სალამური შევაკეთე. მოგვიანებით თავადაც ვამზადებდი სალამურებს. იმ დროს სპეციალისტები ფიქრობდნენ, რომ შეუძლებელი იყო დაბალი ხმოვანების სალამურის დამზადება, რადგან დიდი ზომის გამო მას სუსტი ხმა ექნებოდა. სწორედ ამიტომ არ არსებობდა სალამურების ორკესტრი.

მე გამოვიგონე სალამური, რომელშიც ხმის გამაძლიერებელი რეზონატორი ჩავდგი. დაბალი ხმოვანების სალამურს რეზონატორის წყალობით ხმა გაუძლიერდა. დავამზადე სხვადასხვა სახეობის სალამური, რომლებზეც რთული აკორდების აღება იყო შესაძლებელი.

მანამდე ვხელმძღვანელობდი ორკესტრებს, სადაც ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ. ერთ-ერთი ორკესტრი მხოლოდ უსინათლო მუსიკოსებისგან შედგებოდა. 1960 წელს შევქმენი ორკესტრი, სადაც მხოლოდ სალამურებზე უკრავდნენ. ის ერთადერთი სალამურების ორკესტრი იყო საბჭოთა კავშირში და, შესაძლოა, მთელ მსოფლიოშიც კი.

სიახლეები და ეჭვები

1960 წელს ზოგ მუსიკალურ ინსტრუმენტს შესაკეთებლად ვაძლევდი ერთ სპეციალისტს, რომელიც რელიგიაზე მელაპარაკებოდა ხოლმე. მე, როგორც წესი, ვუმტკიცებდი, რომ ღმერთი არ არსებობდა. მან შემომთავაზა, უბრალოდ მომესმინა, რასაც ბიბლიიდან ამომიკითხავდა. ვიფიქრე, მოვუსმენ-მეთქი, რადგან ბიბლია არასდროს წამეკითხა.

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იაკობის ამბავმა, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებდა ოჯახის სარჩენად. ცრემლი მომადგა, როცა გავიგე, რომ ძმებმა იოსები მონად გაყიდეს, რა განსაცდელები გადაიტანა მან და როგორ აპატია ძმებს (დაბადება, თავები 37, 39—45). ძალიან მომეწონა ოქროს წესიც, რომლის მიხედვითაც ისე უნდა მოვექცეთ ადამიანებს, როგორც გვინდა, რომ ჩვენ მოგვექცნენ (მათე 7:12). ასე გავეცანი ბიბლიას და შემიყვარდა ის.

ამ კაცთან ერთად დავიწყე ბაპტისტების შეხვედრებზე დასწრება, სადაც მომცეს „ახალი აღთქმა“ ბრაილის შრიფტით. მე ყურადღებით ვკითხულობდი მას. მაგრამ ბიბლიის სწავლებები განსხვავდებოდა ბაპტისტების სწავლებებისგან. მაგალითად, ბიბლიიდან გავიგე, რომ ღმერთი და იესო ორი სხვადასხვა პიროვნებაა და ღმერთი იესოზე დიდია (მათე 3:16, 17; იოანე 14:28; საქმეები 2:32). მაგრამ ბაპტისტების მტკიცებით, ღმერთი და იესო თანასწორნი და სამების ნაწილი არიან. „ახალი აღთქმა“ ბევრჯერ წავიკითხე და დავრწმუნდი, რომ ეს სწავლება ბიბლიური არ იყო.

ბიბლიის ამ თარგმანში გამოიყენებოდა სიტყვა „ჯოჯოხეთი“. ვცდილობდი ჯოჯოხეთი მუდმივ ცეცხლოვან სატანჯველად წარმომედგინა, როგორც ამას ბაპტისტები ასწავლიდნენ. საშინელი გრძნობა მეუფლებოდა! ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი სიყვარულია, ამიტომ მიჭირდა იმის წარმოდგენა, რომ მას შეეძლო ასეთი ადგილის შექმნა (1 იოანე 4:8). დრო გადიოდა და ჯოჯოხეთისა და ბაპტისტების სხვა სწავლებების შესახებ ეჭვები მიძლიერდებოდა.

დიდი ცვლილებები

1968 წლისთვის ჩემი გერები უკვე გათხოვილები იყვნენ და შვილებიც ჰყავდათ. იმ პერიოდში მე და ჩემს მეუღლეს სერიოზული უთანხმოებები დაგვეწყო. როცა წარსულზე ვფიქრობ, ვნანობ, რომ საკმარის სიყვარულსა და მოთმინებას არ ვავლენდით ერთმანეთის მიმართ. ჩვენ განვქორწინდით. ჩემი მომდევნო ორი ქორწინებაც განქორწინებით დასრულდა.

1981 წელს კამიანეც-პოდოლსკიდან, სადაც 35 წელი ვიცხოვრე, საცხოვრებლად გადავედი იოშქარ-ოლაში, რომელიც მოსკოვიდან აღმოსავლეთით 600 კილომეტრითაა დაშორებული. შემოქმედებითი საქმიანობა იქაც განვაგრძე. ორკესტრში 45 მუსიკოსი მყავდა, რომლებიც სხვადასხვა სახეობის სალამურზე უკრავდნენ. ზოგი მაღალი ხმოვანების ინსტრუმენტი 20 სანტიმეტრის სიგრძისა იყო და ერთი სანტიმეტრის დიამეტრი ჰქონდა, ზოგს კი დიდი დიაპაზონი ჰქონდა და დაბალი ბგერების აღება შეეძლო; მათი სიგრძე სამი მეტრი იყო, ხოლო დიამეტრი — 20 სანტიმეტრი. კონცერტებს მთელ საბჭოთა კავშირში ვმართავდით და მათ რადიოთი და ტელევიზიით გადასცემდნენ.

1986 წელს საბჭოთა კავშირის მასშტაბით მუსიკალურ ჯგუფებს შორის ჩატარდა კონკურსი, სადაც სალამურზე დაკვრის ხელოვნების განვითარებისთვის სიგელი და მედალი მივიღე. რამდენიმე წლის შემდეგ გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „სალამურის სოლო ანუ დაუჯერებელი ამბავი ერთ მუსიკოსზე“. გაზეთ „მარიისკაია პრავდაში“ აღნიშნული იყო: „ბორის ნიკოლოზის ძე გულაშევსკიმ, რომელზეც ეს ფილმი გადაიღეს, საპატიო სიგელი მიიღო სალამურების ორკესტრის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ერთადერთია მთელ რუსეთში“.

ჭეშმარიტების ძიებაში

იოშქარ-ოლაში ჩასვლისთანავე გავწევრიანდი ბიბლიოთეკაში, რომელშიც უამრავი წიგნი იყო უსინათლოებისთვის. გავეცანი კათოლიკების, ორმოცდაათიანელებისა და მეთოდისტების სწავლებებს. დავდიოდი მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც. ჩემდა გასაკვირად, ისინიც იმავეს ასწავლიდნენ, რასაც ბაპტისტები; ეს სწავლებები კი ბიბლიური არ იყო.

ერთხელ ერთი მართლმადიდებელი მღვდლის, ალექსანდრე მენის სიტყვები წავიკითხე, რომელიც წერდა, რომ ღმერთის სახელია იაჰვე. მან ასევე დაწერა, რომ იუდეველები ერთ დროს წმინდა თაყვანისმცემლობას მისდევდნენ, რაც მოგვიანებით წარმართული სწავლებებითა და კერპთაყვანისმცემლობით წაბილწეს. მისმა ნაშრომმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ჭეშმარიტების ძიების სურვილი გამიძლიერა.

შეუპოვრობა

ჩემს ორკესტრში უკრავდა ერთი მუსიკოსი, რომელსაც ლიზა ერქვა. ის თითქმის ბრმა იყო. 1990 წელს ჩვენ დავქორწინდით. სულიერი საკითხებით ლიზაც დაინტერესდა. იმავე წელს დედაჩემის მოსანახულებლად გავემგზავრე. ის ჩემს დასთან, ლენასთან ცხოვრობდა ბარანოვიჩში (ბელორუსია). დედაჩემის თხოვნით კათოლიკურ ეკლესიაში წავედი, სადაც ზიარება მივიღე. იმ დროს საბჭოთა კავშირში „პერესტროიკა“ მიმდინარეობდა. ამიტომ მღვდელმა ქადაგების ძირითადი დრო პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობას დაუთმო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს არ იყო ის, რასაც ვეძებდი.

1994 წელს ორჯერ გადავიტანე ინფარქტი და ჯანმრთელობა სერიოზულად შემერყა. იმავე წელს დაიღუპა დედაჩემიც. მიუხედავად ამისა, ბიბლიის კითხვა არ შემიწყვეტია. „ახალი აღთქმა“ მანამდე 25-ჯერ მქონდა წაკითხული, შემდეგ კი სათვალავი ამერია. მაგრამ რაც მეტს ვკითხულობდი, მით მეტი კითხვა მიჩნდებოდა. მივხვდი, რომ ჭეშმარიტებას ჩემით ვერ მივაგნებდი.

სულიერი სინათლე

1996 წელს კარზე იეჰოვას მოწმეებმა მომიკაკუნეს. მათ ეჭვის თვალით ვუყურებდი, რადგან გაზეთებში საშიშ სექტად მოიხსენიებდნენ. მაგრამ მერე გავიფიქრე, რას დამიშავებენ-მეთქი, და ვკითხე, რას ფიქრობდნენ სამების შესახებ. მათ მიპასუხეს, რომ ეს არ იყო ბიბლიური სწავლება და ამ სიტყვას ბიბლიაში ვერც კი იპოვიდი. გამიხარდა, რადგან მეც იმავეს ვფიქრობდი.

როცა რუსულ სინოდალურ ბიბლიაში გამოსვლის 6:3-ში წავიკითხე, რომ ღვთის სახელი იეჰოვაა, გულმა გამალებით დამიწყო ძგერა. აღვშფოთდი, როგორ უმალავდნენ ხალხს რელიგიები ღვთის სახელს! გამაოცა იმან, რომ იეჰოვას მოწმეები ატარებდნენ შემოქმედის სახელს და სხვებსაც აცნობდნენ მას (ესაია 43:10).

მოწმეებს უამრავი კითხვა დავუსვი; მაგალითად, „რატომ საუბრობს ბიბლია ჯოჯოხეთზე? რატომ წერია რუსულ სინოდალურ თარგმანში, რომ დედამიწა დაიწვება?“ კითხვას კითხვაზე ვუსვამდი. ბიბლიიდან პასუხების მიღების შემდეგ მივხვდი, რომ ვიპოვე რელიგია, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე ვეძებდი. სიხარულისგან აცრემლებულმა დავიჩოქე და ღმერთს მადლობა გადავუხადე.

მალე მოწმეებმა თავიანთ შეხვედრებზე წამიყვანეს; ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აუდიტორიის ყურადღებიანობამ და ბიბლიის ფურცლების შრიალმა. როცა მომხსენებელი რომელიმე ბიბლიურ მუხლს კითხულობდა, დამსწრეები იმ მუხლს თავიანთ ბიბლიაში ადევნებდნენ თვალს. ასეთ რამეს პირველად შევესწარი. ამავე შეხვედრაზე მოწმეებმა შეასრულეს სადიდებელი სიმღერა, რომელიც ესაიას 35:5-ზეა დაფუძნებული და შემდეგი სიტყვებით იწყება: „როდესაც დაინახავს ბრმა“.

მოწმეებს ვთხოვე, რომ ბიბლიის შესწავლა კვირაში ოთხჯერ ჩაგვეტარებინა. მალე გავიგე, რატომ უშვებს ღმერთი უბედურებასა თუ ომებს, და როგორ მოუღებს მათ ბოლოს. ჩემზე განსაკუთრებით იმოქმედა ღვთის დაპირებამ, რომ ღვთის სამეფოს მეშვეობით მორჩილი ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ სამოთხეში დედამიწაზე (დაბადება 1:28; ესაია 65:17—25; გამოცხადება 21:1—5). ბიბლიის სწავლებები კარგად გავიგე და 1997 წლის 16 ნოემბერს ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად მოვინათლე.

ღმერთს გაერთიანებულად ვემსახურებით

ჩემი მონათვლის შემდეგ ლიზამაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა. მას დამბლა ჰქონდა, თუმცა სულიერად წინ წაიწია და 1998 წელს მოინათლა. მიუხედავად იმისა, რომ ლიზა მოსანათლავად აუზში ხელით ჩაიყვანეს, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, მთელი გულით ემსახურა ღვთისთვის. ავიყვანეთ მასაჟისტი და ლიზამ ვარჯიში დაიწყო. დროთა განმავლობაში მან შეძლო სიარული. დღეს ის კრების შეხვედრებს ესწრება, კარდაკარ მსახურობს და დაშორებულ ტერიტორიებზე ქადაგებს.

ყოველთვის, სანამ საქადაგებლად წავალ, ღმერთს გამბედაობას ვთხოვ. ლოცვის შემდეგ ჯოხით ხელში ვადგები ჩემთვის ნაცნობ გზას ტროლეიბუსის გაჩერებისკენ. როგორც კი ფეხის ხმას ვიგებ, ბიბლიაზე ვიწყებ ლაპარაკს. ტროლეიბუსში სადღაც შუაში ვჯდები, ადამიანებს ბიბლიაზე ველაპარაკები და ლიტერატურას ვთავაზობ. თუ ვინმე დაინტერესდება, ტელეფონის ნომრებს ვცვლით.

ამას წინათ სანატორიუმში მუსიკის მასწავლებელს ვუქადაგე. ბიბლიურმა სიბრძნემ ის გააოცა. სახლში დაბრუნების შემდეგ მან იეჰოვას მოწმეებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა. იმავე სანატორიუმში გავიცანი ფაბრიკის დირექტორი, რომელსაც უსინათლო შვილი ჰყავდა. მასაც ბიბლიიდან ველაპარაკე ჩემი იმედის შესახებ. ის დაინტერესდა და მადლიერი იყო, რომ ჭეშმარიტება გაიგო.

ნათლობის შემდეგ რვა ადამიანს დავეხმარე, სამეფოს მაუწყებელი გამხდარიყო, და ბევრს ვასწავლიდი ბიბლიას. მე და ჩემი მეუღლე ვგრძნობთ, რომ იეჰოვა კვლავაც გვეხმარება ქრისტიანი და-ძმების მეშვეობით. ისინი გვიკითხავენ და ჩვენთან ერთად განიხილავენ ბიბლიაზე დაფუძნებულ ლიტერატურას; ასევე კონგრესებსა და კრებებზე წარმოთქმული მოხსენებების აუდიო ჩანაწერებს აკეთებენ ჩვენთვის. ყოველივე ეს გვეხმარება, რომ გულში ჩავიბეჭდოთ ჭეშმარიტება და სხვებსაც გავუზიაროთ ის. ამგვარად გვაძლიერებს და მხარს გვიჭერს კრება (კოლოსელები 4:11).

მუსიკას მრავალი წელი მივუძღვენი და ახლა სიამოვნებით ვასრულებ სამეფოს მელოდიებს. წიგნიდან „უმღერეთ იეჰოვას სადიდებელი“ თითქმის ყველა სიმღერა ზეპირად ვისწავლე. დარწმუნებული ვარ, რომ იეჰოვამ მიპოვა ამ ბოროტ ქვეყნიერებაში და სულიერი სიბნელიდან გამომიყვანა. და მჯერა, რომ ერთხელაც ის თვალის სინათლესაც დამიბრუნებს.

[სურათი 19 გვერდზე]

ვუკრავ დაბალი ხმოვანების სალამურზე.

[სურათი 20 გვერდზე]

ვუკრავ აკორდეონზე, 1960 წელი.

[სურათი 20, 21 გვერდებზე]

სალამურების ორკესტრი

[სურათი 23 გვერდზე]

მე და ლიზა დღეს.